საგარეო პოლიტიკა (უკრაინა, რუსეთი, ახლო აღმოსავლეთი), გამოძიება ტრამპის წინააღმდეგ, ეკონომიკა, ინფლაცია, „შავი ლაქები“ პირად ცხოვრებაში - ამ და სხვა საკითხებზე დასმულ კითხვებსა და რეპლიკებზე მოუწიათ პრეზიდენტობის კანდიდატებს CNN-ის მიერ ორგანიზებულ დებატებში პასუხების გაცემა.
პირველი დებატები 2024-ში
დებატები, რომელიც ატლანტაში, ჯორჯიის შტატში გაიმართა, ადგილობრივი დროით 27 ივნისს, საღამოს 9 საათზე დაიწყო (თბილისის დროით კი 28 ივნისს, დილის 5 საათზე).
ეს ბაიდენის და ტრამპის პირველი - და საკმაოდ ნაადრევი - საჯარო დაპირისპირებაა 2024 წლის საარჩევნო სამზადისში.
არჩევნები 2024 წლის 5 ნოემბერსაა დანიშნული.
პირველ შერკინებას CNN-მა უმასპინძლა.
კანდიდატები - 81 წლის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და 78 წლის ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი - 90 წუთის განმავლობაში ეკამათებოდნენ ერთმანეთს აუდიტორიის გარეშე.
როცა ერთი საუბრობდა, მეორის მიკროფონი გამორთული იყო.
ამიტომ ვერ აწყვეტინებდნენ ერთმანეთს სიტყვას.
საარჩევნო წლის პირველი დებატები განსაკუთრებით რთულია ხოლმე მოქმედი პრეზიდენტებისთვის, - წერს NBC News-ი.
დებატები კიდევ უფრო რთული აღმოჩნდა 81 წლის ჯო ბაიდენისთვის, რომლის ასაკიც ამერიკელი დემოკრატი ამომრჩევლების არცთუ მცირე ნაწილისათვის შეშფოთების საფუძველია.
ამომრჩევლის საწუხარი: პრეზიდენტის ასაკი
„ბაიდენის უდიდესი სისუსტე - მისი ასაკი - სრულიად ცხადად გამოჩნდა დებატებზე“, - წერს ამერიკული ABC.
ბაიდენმა, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა, რომ ტრამპი მასზე მხოლოდ ოთხი წლითაა უმცროსი და „გაცილებით არაკომპეტენტურია“.
ამერიკული მედიის როგორც კონსერვატიული, ისე პროგრესული ფლანგები აღნიშნავენ, რომ დებატების დასაწყისში ჯო ბაიდენს გაუჭირდა პასუხების გაცემა და, ისე ჩანდა, თითქოს, ხშირი ხველის ფონზე, ხმა ეკარგებოდა - როგორც მოგვიანებით ბაიდენის საარჩევნო შტაბმა განაცხადა, ჯანმრთელობის მდგომარეობს გაუარესების - გაციების - გამო.
და, მართალია, მოგვიანებით გაბზარული ხმა დაიმორჩილა, თუმცა, საბოლოო ანგარიშში, ბაიდენის გამოსვლა დებატებში იდეალურისგან შორს იყო.
„პირველმა დებატებმა უფრო მეტად გაუსვა ხაზი ბაიდენის უდიდეს სისუსტეს“, - წერს Washington Post-ი.
CNN-ის თანახმად, ბაიდენი ხშირად ვერ ახერხებდა, ნათლად გამოეხატა განსხვავებები დონალდ ტრამპისაგან, რაც კარგად გამოიყენა ოპონენტმა.
მაგალითად, როდესაც იმიგრაციაზე საუბრისას, უფრო მკაცრი სასაზღვრო კონტროლის საჭიროებაზე საუბრობდა, ტრამპმა თქვა: „მართლა არ ვიცი ამ წინადადების ბოლოს რა თქვა. და მგონი თვითონაც აზრზე არაა“.
დებატებს ბაიდენისთვის იდეალურად რომ არ ჩაუვლია, მისი მოკავშირეები სინანულით ამბობენ.
„ჯო ბაიდენი მართლაც დასანანად გამოვიდა ამ დებატებში“, - უთხრა CNN-ს ბაიდენის კომუნიკაციების ყოფილმა დირექტორმა, კეიტ ბედინგფილდმა.
„ერთი ცუდი გამოსვლის გამო ზურგი არ უნდა შეაქციო“, - თქვა კალიფორნიის დემოკრატმა გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა, როდესაც ჰკითხეს, გადაიფიქრებს თუ არა ბაიდენი კენჭისყრას.
„კი, ეს იყო ნელი დასაწყისი, მაგრამ იქნება ძლიერი დასასრული“, - თქვა ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა CNN-თან ინტერვიუში
ბაიდენმა, როდესაც CNN-ის წამყვანებმა ასაკის გამო ამომრჩევლის წუხილებზე დაუსვეს კითხვა, თქვა:
„მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში იმის გამო მაკრიტიკებდნენ, რომ პოლიტიკაში ყველაზე ახალგაზრდა ვიყავი... და ახლა ყველაზე უფროსი ვარ! ეს ტიპი ჩემზე სამი წლით უმცროსია და გაცილებით არაკომპეტენტური... უბრალოდ, ნახეთ, რა მიკეთებია“.
შემდეგ ტრამპმა ბაიდენი „კოგნიტური ტესტის“ გასაკეთებლად გამოიწვია.
ამის შემდეგ უკვე იმაზე იკამათეს, რომელი უკეთ თამაშობს გოლფს.
კანდიდატების სტრატეგიები
NBC-ის და CNN-ის თანახმად, ჯო ბაიდენის ყველაზე გამორჩეული ეპიზოდები იყო, როდესაც იგი, სავარაუდოდ, წინასწარ მომზადებულ მოკლე ფრაზებს იყენებდა.
მაგალითად, ხშირად ეძახდა ტრამპს „მატყუარას“ და „დამნაშავეს“. ასევე, მეტოქეს დამცინავი სახით უსმენდა.
როდესაც ტრამპმა ბაიდენის იმიგრაციის პოლიტიკა მორიგ ჯერზე გააკრიტიკა, ბაიდენმა განაცხადა: „კიდევ ერთხელ, აჭარბებს. იტყუება“.
ასეთ ფრაზებს შორის იყო: „ყველაფერი, რაც თქვა, ტყუილია. ყველაფერი“; „ამდენი სისულელე მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში არ მომისმენია“.
ბაიდენმა გაიხსენა გამოცემა Atlantic-ის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ტრამპმა ამერიკელი დაღუპული ჯარისკაცები „ლუზერებად“ მოიხსენია, იქვე გაიხსენა თავისი გარდაცვლილი შვილი, ბო ბაიდენი, რომელიც არმიაში მსახურობდა, და განაცხადა:
„ჩემი ვაჟი „ლუზერი“ არ ყოფილა... შენ ხარ ლუზერი“.
ტრამპმა ამას გამოცემა Atlantic-ის სანდოობის ეჭვქვეშ დაყენებით უპასუხა.
ბაიდენი ბოლო კვირის განმავლობაში კემპ-დევიდის საპრეზიდენტო რეზიდენციაში დახურულ კარს მიღმა ემზადებოდა დებატებისათვის - „იმიტირებულ დებატებს“ მართავდა.
დონალდ ტრამპი, თავის მხრივ, ბოლო პერიოდში ხშირად აძლევდა ინტერვიუებს სხვადასხვა გამოცემას. გასულ კვირაში, Newsmax-ის კითხვაზე, რითი ემზადება დებატებისათვის, ტრამპმა უპასუხა:
„მგონი, ამისთვის მთელი ჩემი ცხოვრება ვემზადებოდი, თუ სიმართლე გაინტერესებთ“.
კამპანიის მიმდინარეობისას ხშირად ახსენებდა დებატებს. აი, რას ეუბნებოდა გასულ შაბათს პენსილვანიაში ამომრჩეველს:
„თქვენი აზრით, [ბაიდენთან] ძალიან უხეში და მკაცრი უნდა ვიყო? ვუთხრა, ისტორიაში ყველაზე უარესი პრეზიდენტი ხარ-მეთქი? თუ მსუბუქად და კეთილად მოვეპყრო და, უბრალოდ, ვალაპარაკო“?
28 ივნისის დებატებში ტრამპმა ბაიდენს მართლაც რამდენჯერმე უწოდა „ყველაზე უარესი პრეზიდენტი აშშ-ის ისტორიაში“.
რუსეთი და საგარეო პოლიტიკა
დონალდ ტრამპს ჰკითხეს, მისაღებია თუ არა ვლადიმერ პუტინის მოთხოვნები - როდესაც ამბობს, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში დაასრულებს უკრაინასთან ომს, თუკი უკვე ოკუპირებულ ტერიტორიებს შეინარჩუნებს და უკრაინა უარს იტყვის ნატოში გაწევრების ამბიციაზე.
ამ კითხვაზე ტრამპმა ჯერ განაცხადა, რომ ამერიკელ ჯარისკაცებსა და ვეტერანებს „ეზიზღებათ ეს ტიპი“ - და ჯო ბაიდენზე თითით მიანიშნა.
„ვერ იტანენ. ფიქრობენ, რომ ყველაზე უარესი მთავარსარდალია, - თუ ასე შეიძლება ეწოდოს. მე გაცილებით მეტად მოვწონვართ“. მხოლოდ ამის შემდეგ გადავიდა რუსეთსა და უკრაინაზე:
„რომ გვყოლოდა ნამდვილი პრეზიდენტი, რომელსაც პუტინი პატივს სცემს, იგი უკრაინაში არასოდეს შეიჭრებოდა“.
ტრამპის თქმით, ომის შედეგად გაცილებით მეტი - „ოჯერ, სამჯერ მეტი“ - ადამიანია დაღუპული, ვიდრე ეს ოფიციალურ სტატისტიკაში ჩანს. „მას კი ამის შესაჩერებლად არაფერი გაუკეთებია“.
„მეტიც, რუსეთი წაახალისა კიდეც. ისე საშინლად მოიქცა ავღანეთში, იმდენად სამარცხვინოდ, რომ პუტინი ბედნიერად უყურებდა ამ არაკომპეტენტურობას… და ამის [ავღანეთში მომხდარის] გამო არცერთი გენერალი არ გადაუყენებია“, - თქვა ტრამპმა.
იქვე გადასწვდა ახლო აღმოსავლეთს და განაცხადა, რომ პუტინი, ტრამპის პრეზიდენტობის შემთხვევაში, არ შეიჭრებოდა უკრაინაში და „მილიონი წელი, არც ისრაელში შეიჭრებოდა ჰამასი“.
„იმიტომ, რომ ირანი წელში გადავტეხე. არავის ვაძლევდი მათთან საქმის დაჭერის საშუალებას. გაკოტრებულები იყვნენ. ჰამასისთვის ფული არ ჰქონდათ. ტერორისთვის ფული არ ჰქონდათ. [ბაიდენის] ხელში კი მსოფლიო აფეთქების ზღვარზეა“, - თქვა ტრამპმა.
ჯო ბაიდენმა საპასუხო კრიტიკით უპასუხა ტრამპს და თქვა, რომ როდესაც ირანი ამერიკელ ჯარისკაცებს დაესხა თავს [2020 წელს ერაყში], ტრამპს „არაფერი მოუმოქმედებია“. ასევე, განაცხადა, „ავღანეთიდან გამოსვლისას, 100 000-ზე მეტი ამერიკელი და სხვა ქვეყნების მოქალაქე გამოვიყვანეთო“.
ყველაზე დამაჯერებელი ჯო ბაიდენი აშშ-ის საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას იყო, როდესაც ნატოს მნიშვნელობაზე, უკრაინის მხარდაჭერისა და რუსეთის წინააღმდეგ მოქმედების აუცილებლობაზე საუბრობდა.
„ფაქტი ისაა, რომ პუტინი ომის დამნაშავეა! მას ასიათასობით ხალხი ჰყავს მოკლული. და ერთადერთი, რასაც არ მალავს, არის ის, რომ საბჭოთა იმპერიის აღდგენა სურს. მთელი უკრაინა უნდა. შენ რა გგონია, მანდ გაჩერდება“?! - მიმართა ტრამპს.
ნატო-სთან დაკავშირებით ტრამპის პოზიციას, - რომ - ბაიდენმა „სისულელე“ უწოდა. მანამდე ტრამპმა ასეთი რამ თქვა:
„უკრაინასთან ოკეანე გვაშორებს. ევროპულმა ქვეყნებმა ჯამში 100 მილიარდი თუ ოდნავ მეტი - ჩვენზე გაცილებით ნაკლები, - დახარჯეს უკრაინის დასახმარებლად. რატომ არ ურეკავს [ბაიდენი ევროპის ქვეყნებს], ფული დადეთო? როგორც მე ვეუბნებოდი ნატოს. მე ვაიძულე, ასობით მილიარდი ჩაედოთ ნატოში. მკითხეს, რუსეთისგან თუ დავიცავდი… ვთქვი, არ დავუჭერ მხარს ნატოს, თუ ფულს არ გადაიხდით-მეთქი“.
„ამდენი სისულელე არასოდეს გამიგია. ეს არის კაცი, რომელსაც ნატოდან გამოსვლა უნდა. გესმის საერთოდ ნატო არა არის?.. [ეს არის] იდეა, რომ ჩვენი ძლიერება ჩვენს ალიანსებშია. შეიძლება, დიდი ოკეანე [გვაშორებს], მაგრამ მოვახერხეთ, რომ ევროპაში დიდი ომი თავიდან აგვერიდებინა“.
„ატომური ომის საფრთხეზე როცა საუბრობს - მიდი, აბა, მიეცი საშუალება პუტინს, უკრაინა აკონტროლოს. და შემდეგ პოლონეთში და სხვა ადგილებში შეიჭრას. მაშინ რა მოხდება? აზრზე არ არის, საერთოდ რაზე ლაპარაკობს“, - კიდევ ერთხელ გაიმეორა ბაიდენმა.
ტრამპს, მას შემდეგ, რაც პირველ ჯერზე პირდაპირ პასუხს თავი აარიდა, კვლავ ჰკითხეს, მისაღებია თუ არა პუტინის მოთხოვნა უკრაინაში ომის შესაჩერებლად. მეორე ჯერზე ექსპრეზიდენტმა განაცხადა: „არა. არ არის მისაღები“.
ამის შემდეგ მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ როგორც კი პრეზიდენტი გახდება, უკრაინაში ომს დაასრულებს - თუმცა არც ამჯერად დაუზუსტებია, როგორ.
ტრამპი არჩევნების შედეგებზე
კითხვაზე, აღიარებს თუ არა 2024 წლის არჩევნების შედეგებს, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ აღიარებს იმ შემთხვევაში, თუ არჩევნები „სამართლიანი და კანონიერი“ იქნება.
მან არაერთხელ გაიმეორა ცრუ ინფორმაცია 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების „გაყალბების“ შესახებ, - რაზეც მისი საარჩევნო კამპანია ხშირად ფოკუსირდება.
ტრამპმა დებატების დაწყებიდან მალევე დაადანაშაულა ბაიდენი ამერიკის სასამართლო სისტემის პოლიტიზებასა და მის წინაღმდეგ გამოყენებაში; აშშ-ის სასამართლოს სისტემას უწოდა „გაყალბებული და ბინძური“.
ტრამპის თქმით, „მან [ბაიდენმა] დამნაშავედ იმიტომ მცნო, რომ მისი ოპონენტი ვარ“.
ტრამპი ნიუ-იორკის სასამართლომ 2024 წლის მაისში დამნაშავედ ცნო საქმიანი მონაცემების გაყალბების 34-ვე შემთხვევაში, რაც 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე პერიოდში პორნოგრაფიული ჟანრის ფილმების მსახიობისთვის გადახდილი თანხის დამალვას უკავშირდება.
ბაიდენმა ხაზი გაუსვა ტრამპის წინააღმდეგ გამოძიებას და მას არაერთხელ უწოდა „დამნაშავე“.
პასუხად ტრამპმა ბაიდენის შვილი, ჰანტერ ბაიდენი გაიხსენა, რომელიც 11 ივნისს ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს იარაღის უკანონო შეძენაში.
შემდეგ ბაიდენმა ტრამპი დაადანაშაულა პორნოვარსკვლავთან სქესობრივ კავშირში „იმ დროს, როცა მისი ცოლი ფეხმძიმედ იყო“.
„არცერთ პორნოვარსკვლავთან სექსი არ მქონია“ - თქვა ტრამპმა.
აბორტის უფლება
ტრამპმა დაიკვეხნა, რომ მან დანიშნა უზენაეს სასამართლოში ის სამი მოსამართლე, რომელთა ხმების დამსახურებითაც სასამართლომ 2022 წელს მიიღო გადაწყვეტილება და აბორტის კონსტიტუციური უფლება გააუქმა.
ექსპრეზიდენტმა, რომელიც ამ საკითხზე პოპულისტურ გზავნილებს აჟღერებდა, ისიც კი თქვა, თითქოს „ყველას“ უნდოდა, რომ აბორტების საკითხი შტატების დონეზე გადაწყვეტილიყო.
ტრამპის თქმით, „ეს გადაწყვეტილება ხმის უფლებას უბრუნებს ხალხს“, რაც ასევე ყველას უნდოდა, „მათ შორის დამფუძნებელ მამებს“.
ბაიდენმა ამაზე პასუხად თქვა, რომ „სასაცილოა იდეა, თითქოს დამფუძნებელ მამებს სურდათ, რომ პოლიტიკოსებს მიეღოთ გადაწყვეტილებები ქალთა ჯანმრთელობაზე“.
ტრამპმა „რადიკალები“ უწოდა დემოკრატებს აბორტის უფლების გამო და არასწორად დაადანაშაულა პრეზიდენტი ბაიდენი, რომ ის „ფაქტობრივად, გაჩენილი ბავშვების აბორტს ემხრობა“.
ბაიდენმა აქ ნათლად განმარტა, რომ უჭერს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე არსებულ კონსენსუსს, - „რო ვეიდის წინააღმდეგ (Roe vs Wade).
აწ უკვე გაუქმებული „რო ვეიდის წინააღმდეგ“ იყო ისტორიული გადაწყვეტილება, რომლის ძალითაც შტატებში აბორტზე ხელმისაწვდომობა მანამ, სანამ ნაყოფი დამოუკიდებლად სიცოცხლისუნარიანი გახდება, კონსტიტუციური უფლება იყო.
ბაიდენის თქმით, აბორტზე გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით ტრიმესტრების მიხედვით არსებობს განსხვავებები:
„პირველ ტრიმესტრში გადაწყვეტილებას იღებენ ქალი და ექიმი. მეორე ტრიმესტრში გადაწყვეტილება დამოკიდებულია ექიმსა და ექსტრემალურ სიტუაციაზე. მესამე ტრიმერსტრში კი აბორტის საკითხი დგას ქალსა და სახელმწიფოს შორის“.
ბაიდენის განცხადებით, მანამდე არსებული წესით, ერთადერთი შემთხვევა, როდესაც გვიანი აბორტია დაშვებული, არის როდესაც ქალის სიცოცხლეა რისკის ქვეშ.
„ჩვენ არ ვემხრობით გვიანდელ აბორტს. წერტილი, წერტილი, წერტილი“.
ბაიდენსა და ტრამპს შორის მომდევნო დებატები 2024 წლის 10 სექტემბერს, ABC News-ის ეთერში შედგება.
ფორუმი