„გინდათ გაიგოთ, პუტინი ვინაა? ურჩხული, ბნელეთის მოციქული“, - ვალერია ნოვოდვორსკაიას ეს სიტყვები მასზე გადაღებულ დოკუმენტურ ფილში გაისმის. ფილმს „თეთრი პალტო“ ჰქვია.
რეჟისორმა იგორ სადრეევმა ნებართვა მიიღო, ნოვოდვორსკაიას წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები შეესწავლა. გაესაუბრა დისიდენტის უახლოეს მეგობრებს: იგორ ცარკოვსა და კონსტანტინ ბოროვიჩს. რეჟისორი ჰყვება იმ ადამიანის ამბავს, რომელმაც ჯერ საბჭოთა კავშირს გამოუცხადა ბრძოლა, შემდეგ - რუსულ რეჟიმს. იუტუბზე ფილმი მილიონამდე ადამიანმა ნახა, ბევრმა დაწერა, რომ ნოვოდვორსკაიას ბედის შესახებ არაფერი იცოდნენ, არც კი წარმოედგინათ რა გამოიარა.
1969 წელს, 19 წლის სტუდენტმა უცხო ენების ინსტიტუტიდან, კრემლში ხელნაწერი ლექსები მიმოფანტა. ლექსები ანტისაბჭოთა შინაარსისა იყო, მისივე შეთხზული. დააპატიმრეს და იძულებით სამკურნალოდ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დააწვინეს. ეს მისი პირველი დაპატიმრებაა. შემდეგ კიდევ სამჯერ მოხვდება ციხეში, მათ შორის პუტჩის დროსაც, 1991 წელს.
მაყურებელი იგებს, თუ როგორ იყენებდა სსრკ ფსიქიატრიას განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების წინააღმდეგ. როგორ დევნიდნენ დამოუკიდებელი პროფკავშირის წევრებს. ამ პროფკავშირის ერთ-ერთი დამაარსებელი ნოვოდვორსკაია იყო. როგორ გრძელდებოდა წინააღმდეგობა გორბაჩოვის პერიოდშიც. შემდეგ კი სისტემა ჩამოიშალა, როგორც გაირკვა - საბოლოოდ არა.
რადიო თავისუფლება ფილმის რეჟისორს, იგორ სადრეევს ესაუბრა:
- ნოვოდვორსკაია კინოზე წერდა. ჟურნალ „კინოხელოვნების“ ავტორი იყო. გადაღებულიც კი არის უგემოვნო კომედიაში „პრიმადონა მერი“. მოდით, საუბარი დავიწყოთ იმ ფილმებით, რომლებიც ნოვოდვორსკაიას მოსწონდა.
- ვალერიას ინტერესების მრავალფეროვნება მართლაც შთამბეჭდავია. ის ლიტერატურაზეც წერდა, კინოზეც, ისტორიაზეც. ახალგაზრდობაში 15-ჯერ ნახა ფილმი „სპარტაკი“, ამ რომანტიკულმა სახემ მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მაგრამ ავტობიოგრაფიის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ვალერიასთან უფრო თეატრი იყო ახლოს. მოგონებებში სპექტაკლებზე უფრო წერს, ვიდრე ფილმებზე.
- თქვენ საინტერესო ვიდეოქრონიკას და დოკუმენტებს მიაგენით. არქივში ნოვოდვორსკაიას საქმეზე როგორ მიგიწვდათ ხელი?
- წყაროებს ვერ გავამხელ, გვთხოვეს არ დაგვესახელებინა. ეს არის სისხლის სამართლის ორი საქმის ასლები, რომლებიც მანამდე არავის ენახა. ერთი 1969 წლისაა, იმდროინდელი, როდესაც ვალერია ნოვოდვორსკაიამ პირველი აქცია გამართა - კრემლში ფურცლები დაყარა. მეორე საქმე 1986 წლისაა, ესეც ანტისაბჭოთა პროკლამაციების გავრცელებას ეხება, ოღონდ უკვე სადარბაზოებში. ნოვოდვორსკაია სხვა დროსაც იყო დაპატიმრებული, მაგრამ სისხლის სამართლის სხვა საქმეები ვერ ვიპოვეთ. გამიკვირდა, იმდენად დეტალურად იყო საქმე შედგენილი, იმდენი დრო იყო დახარჯული იმაზე, რომ ნოვოდვორსკაიასთვის ბრალი წაეყენებინათ და ციხეში ჩაესვათ.
- ეს ექსტრაორდინარული საქმე იყო. კიდევ ვინ ყრიდა პროკლამაციებს შუაგულ მოსკოვში.
- მართალია. იგორ ცარკოვმა კარგად თქვა: 1987 წელს, როდესაც ისინი ქუჩებში გამოვიდნენ და აქციების მოწყობა დაიწყეს, თავიდან მილიციამ არც იცოდა, რა ექნა. მათ აკავებდნენ, განყოფილებაში მიჰყავდათ და უშვებდნენ, რადგან მანამდე სსრკ-ში ქუჩაში გამოსვლა არავის მოფიქრებია: რისთვის დაეჭირათ? რა ბრალი წაეყენებინათ? გარდაქმნის დროს ეს კანონმდებლობა სასწრაფოდ შეიმუშავეს. გაჩნდა ცნება „უკანონო აქცია“, 15-დღიანი პატიმრობა, 1988 წელს კი „ომონი“ გამოჩნდა, აქციების დასარბევად.
- იმ ვიდეომასალებს შორის, რომლებსაც ფილმში იყენებთ, იშვიათი მასალებიც არის?
- 1991 წლის სასამართლო, როდესაც ნოვოდვორსკაიას გორბაჩოვის შეურაცხყოფის გამო ასამართლებდნენ. დარბაზში უამრავი ხალხი იყო, ჟურნალისტები... კამერებმა დააფიქსირეს, როგორი დაბნეულები არიან მოსამართლეები. მოხუცი მოსამართლე ამბობს: „თუ ბრალდებული ნოვოდვორსკაია დარბაზშია, ბრალდებულის სკამზე დაბრძანდეს“. ვალერია დარბაზში შემოდის, მას ტაშს უკრავენ. ადვოკატზე უარს ამბობს. მოსამართლე უმტკიცებს, რომ კანონით ვალდებულია ადვოკატი აიყვანოს. ჩანს, როგორ უხერხულადაა მოსამართლე, გრძნობს, რომ ხელისუფლება, რომელსაც ახლა იცავს, იშლება. ვალერია მკვეთრ წითელ კოფთაში გმირივით ზის, მის ფონზე კი მოსამართლეთა სამეული, რუხ, უსახურ კოსტიუმებში, ჩაჟამებული სახეებით, წაგებულ მხარედ მოჩანს. თან ეს 1991 წლის გაზაფხულია, ამის შემდეგ საბჭოთა კავშირმა კიდევ წელიწად-ნახევარი იარსება. ეს ვიდეო ცოტას თუ უნახავს, ჩემზე ძალიან იმოქმედა.
- თქვენ საუბრობთ თუ რა გარდატეხა მოახდინა 13 წლის ნოვოდვორსკაიას ცხოვრებაში სოლჟენიცინის წიგნმა „ივან დენისოვიჩის ერთი დღე“. საინტერესო იქნება, ნოვოდვორსკაიას და სოლჟენიცინის ხასიათები რომ შევადაროთ. ისინი ერთნაირად შეუდრეკლები იყვნენ. თუმცა, მათი პოლიტიკური შეხედულებები ბევრ რამეში განსხვავდებოდა. მგონია, ნოვოდვორსკაიამ შეინარჩუნა სოლჟენიცინის მიმართ სიყვარული, მიუხედავად შეხედულებათა სხვადასხვაობისა.
- სოლჟენიცინთან ურთიერთობის მაგალითზე შეიძლება აჩვენო, თუ რამდენად ფრთხილად უნდა ვიყოთ ვალერიას მიჯაჭვულობებთან, შეხედულებებთან, სიმპათიებთან. 1967 წელს მისთვის სოლჟენიცინი კერპი იყო. „ივან დენისოვიჩის ერთმა დღემ“ მას თვალები აუხილა. დაწერა, ჩემთვის მაშინ ქვეყანა დაიქცაო. შემდეგ, 70-იანებში თვითგამოცემაში „არქიპელაგ გულაგს“ ბეჭდავდა. 90-იანებსა და 2000-იანებში სოლჟენიცინის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა.
საბჭოთა კავშირი დაიშალა. ამან მისი ცხოვრების 20 წელი შეიწირა, მან ვერ მოახერხა ოჯახი შეექმნა. ოთხჯერ ფსიქიატრიულში იწვა, მაგრამ თავისუფლება მაინც მოიპოვა
ინტერვიუებში, რბილად რომ ვთქვათ, უდიერად მოიხსენიებდა. ამიტომ, თუ ვკითხულობთ, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა სოლჟენიცინის მიმართ, ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ, კერძოდ როდის. ასევე იყო გორბაჩოვისა და ელცინის შემთხვევებშიც. ამით არის მისი შეხედულებები საინტერესოც და რთულიც. ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბებული დამოკიდებულებები არ ჰქონდა. ის სოლჟენიცინს ყოველთვის მოიხსენიებდა ავტორად, რომელმაც 60-70-იან წლებში ძალიან დიდი როლი ითამაშა. ინტერვიუში ამბობს: „ჩვენ გვეგონა, რომ თუ თითოეულ საბჭოთა ადამიანს მაგიდაზე „არქიპელაგ გულაგს“ დავუდებდით, რეჟიმი დაემხობოდა და საბჭოთა მთავრობის რწმენა აღარავის შერჩებოდა“. 90-იანებში სოლჟენიცინის მიმართ დამოკიდებულება უკვე სულ სხვა იყო.
- აქ ძალიან მნიშვნელოვან თემას უნდა შევეხოთ, ნოვოდვორსკაიას დამოკიდებულებას რუსეთის მიმართ. ფილმში თქვენ ამბობთ, რომ მას რუსოფობის იარლიყი მიეწება. ნოვოდვორსკაია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც კი იძახდა, რომ რუსეთი ბოროტებაა - „დინოზავრებით დასახლებული ტერიტორია, ისინი შეჭამენ გადარჩენილ ადამიანებს, შემდეგ კი იმავეს გულუბრყვილო ევროპელებს დამართებენ“. ამაში დარწმუნებული იყო.
- რთული საკითხია. უამრავი რამე თქვა საწყენი. მის სიტყვებში მართლაც ბევრი სიმწარეა. შეიძლება ბლომად ციტატები ამოვიღოთ, რომლებიც აჩვენებენ, რომ ის მართლა რუსოფობია. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, გავიგოთ, ასე რატომ ლაპარაკობდა. მოტივაცია რა იყო? რუსი ხალხის შეურაცხყოფა თუ რამე სხვა შინაგანი გრძნობა. მგონია, ეს იმედგაცრუების გამო დაემართა. წარმოიდგინეთ, მთელი ცხოვრება საბჭოეთის წინააღმდეგ იბრძოდა და, ბოლოს და ბოლოს, 1991 წელს გაიმარჯვა. საბჭოთა კავშირი დაიშალა. ამან მისი ცხოვრების 20 წელი შეიწირა, მან ვერ მოახერხა ოჯახი შეექმნა. ოთხჯერ ფსიქიატრიულში იწვა, მაგრამ თავისუფლება მაინც მოიპოვა, თავისთვისაც და სხვებისთვისაც. შემდეგ ნახა, თუ როგორ გამოიყენა ეს თავისუფლება ხალხმა. მგონია, რომ მას ეს კატეგორიულად არ მოსწონდა, ის რაც 90-იანებში ხდებოდა ან 2000-იანებში.
- შეგიძლაით წარმოიდგინოთ ნოვოდვორსკაიას ძეგლი მოსკოვში? სად უნდა იდგეს?
- კარგი კითხვაა. ძალიან მინდა ეს ძეგლი არსებობდეს. მგონია, ძეგლიც დაიმსახურა და ისიც, რომ მისი სახელობის ქუჩა იყოს. გაივლის წლები და იქნება ასეთი ქუჩა, შესაძლოა - ძეგლიც. იქნებ, მის სახლთან. ეს უსახური ხუთსართულიანი კორპუსია, მუდამ იქ ცხოვრობდა. ამბობენ, 90-იანებში ელცინმა უფრო დიდი ბინა შესთავაზა, მაგრამ იუარაო, არ უნდოდა მთავრობისგან რამე მიეღო. ასე ცხოვრობდა ოროთახიან ბინაში, დედასა და ბებიასთან ერთად. ან იქნებ, როგორც ახმატოვას „რეკვიემშია“, იქ, „სადაც ვიდექი სამასი საათი, მაგრამ არ გამიღეს“.
ნოვოდვორსკაიასთვის ასეთი ადგილები ალბათ ლეფორტოვოს ციხე იქნება ან სერბსკის სახელობის ინსტიტუტი კროპოტკინის შესახვევში, სადაც 1969 წელს პირველად დაუსვეს დიაგნოზი: „დუნე შიზოფრენია“, რის შემდეგაც ყაზანში წავიდა იძულებითი მკურნალობისთვის. ეს ადგილი მისთვისაც და ბევრი სხვა რუსი დისიდენტისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. უფრო აუხდენელ ვარიანტებს აღარ შემოგთავაზებთ, მაგალითად, იმას, რომ ნოვოდვორსკაიას ძეგლი ლუბიანკის მოედანზე „რკინის ფელიქსის“ ნაცვლად დაიდგას. ვფიქრობ, მოსკოვში ამის გარეშეც მოიძებნება კარგი ადგილები.