Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის ინსპექცია აფხაზეთში


რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი მორიგი სამუშაო ვიზიტით ესტუმრა ოკუპირებულ აფხაზეთს, სადაც სეპარატისტების პრემიერ-მინისტრ ვალერი ბგანბასთან ერთად დაათვალიერა გაგრისა და გუდაუთის რაიონში რუსეთის ფინანსური დახმარებით მშენებარე ობიექტები.

გავრცელებული ცნობებით, სურკოვი კრემლში უკრაინის საკითხებს კურირებს. მის დაქვემდებარებაში შედის ე.წ. „მოსაზღვრე რეგიონების სამმართველო“, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის, ოკუპირებული აფხაზეთისა და დონბასის საკითხებს სწავლობს.

თვითგამოცხადებული აფხაზეთის მთავრობის ვებგვერდის ცნობით, სურკოვმა მასპინძლებთან ერთად დაათვალიერა ჰიდროელექტროქვესადგური „გაგრა1“, რომელიც „აფხაზეთის რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამის“ ფარგლებში გამოყოფილი სახსრებით აშენდა.

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ კომპანია „ჩერნომორენერგოს“ხელმძღვანელ ასლან ბასარიასგან მოისმინა მოხსენება შესრულებული სამუშაოების შესახებ ქვესადგურზე, რომელსაც, მასპინძლების თქმით, სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს გაგრის რაიონის ენერგომომარაგების თვალსაზრისით.

იუწყებიან, რომ თუ ქვესადგურის სიმძლავრე რეკონსტრუქციამდე 20 მეგავატს შეადგენდა, დღეისათვის მისი სიმძლავრე 50 მეგავატს აღწევს.

რეკონსტრუირებული ობიექტი167 მილიონი რუბლის (დაახლოებით, 2,6 მილიონი დოლარი) ელექტროენერგიით ასაზრდოებს ქალაქ გაგრის მთელ ცენტრალურ ნაწილს, ქვესადგურის აბონენტების რაოდენობა კი 8 ათასს აღწევს.

მთლინობაში, „კავკაზსკი უზელის“ ინფორმაციით, 2018-2019 წლებისთვის რუსეთმა აფხაზეთს სამ მილიარდ რუბლზე მეტი გამოუყო.

ამ თანხის ფარგლებში შენდება გუდაუთის სოფელ ლიხნის საშუალო სკოლა, რომელიც ასევე დაათვალიერა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ. ვლადისლავ სურკოვი დაინტერესებულა, თუ რამდენი მოწაფე სწავლობს სკოლაში და როგორი საგანმანათლებლო პროგრამებით მზადდებიან ისინი.

ვლადისლავ სურკოვი ხელმძღვანელობდა მუშაობას რუსეთსა და აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებაზე, რომელსაც ხელი მოეწერა 2014 წლის შემოდგომაზე. მოგვიანებით ანალოგიური შეთანხმება გაფორმდა ასევე მოსკოვსა და სეპარატისტულ ცხინვალს შორის.

მანამდე პუტინის თანაშემწე პირადად მონაწილეობდა ოკუპირებულ აფხაზეთში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაში, რასაც შედეგად მოჰყვა პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბის გადადგომა და ახალი არჩევნების დანიშვნა.

2016 წლის შემოდგომაზე ვლადისლავ სურკოვი საერთაშორისო მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა მას შემდეგ, რაც უკრაინელ ჰაკერთა ჯგუფმა, „კიბერალიანსმა“, გამოაქვეყნა დიდი რაოდენობით წერილები, მოპოვებული რუსეთის „რუხ კარდინალად“ მონათლული ვლადისლავ სურკოვის თანაშემწე მარია ვინოგრადოვის ელექტრონულ ფოსტაში შეღწევის გზით.

როგორც ჰაკერული გზით მოპოვებული მიმოწერიდან ირკვევა, რუსეთის მთავრობის აპარატის ყოფილი უფროსი და მოგვიანებით პრეზიდენტ პუტინის უფროსი თანაშემწე, თვითგამოცხადებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქმეების გარდა, უკრაინის მიმართულებასაც კურირებდა და უშუალოდ იყო ჩაბმული იმ სახელმწიფო გეგმაში, რომელიც სეპარატისტების მხარდაჭერასა და უკრაინის დესტაბილიზაციას გულისხმობდა

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG