ვინაიდან ეს არის ქვეყნის ტერიტორიაზე ბოლო კვირაში რუსული დრონების აღმოჩენის მესამე შემთხვევა, მომხდარის შესახებ ნატოელ მოკავშირეებს სრული ინფორმაცია მიაწოდა ალიანსის შტაბბინაში ბუქარესტის ელჩმა. რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ კი ტულჩის მახლობლად მდებარე პლაურუს დასახლებულ პუნქტში მოსახლეობისათვის საზენიტო თავშესაფრის მოწყობა დაიწყო.
გარდა ამისა, სამხედრო უწყებამ რუმინეთის საგანგებო სიტუაციების ნაციონალური კომიტეტისგან მიიღო დავალება, რომ უკრაინის რემისა და იზმაილის პორტებზე რუსეთის მხრიდან საჰაერო იერიშების განმეორების შემთხვევაში საჰაერო განგაშის შეტყობინება ტულჩის მოსაზღვრე არეალში გაავრცელოს.
"ნატო სოლიდარულია მოკავშირე რუმინეთის მიმართ“
რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო-საჰაერო ძალების შვეულმფრენის ეკიპაჟმა ათი მეტრის რადიუსში მიმოფანტული დრონის ნამსხვრევები, ნატოს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე მას შემდეგ აღმოაჩინა, რაც რუსეთი 13 სექტემბრის გამთენიისას დრონებით დაესხა თავს ოდესის ოლქის იზმაილის რაიონს.
ნამსხვრევების აღმოჩენის შემდეგ, შემთხვევის ადგილზე გაიგზავნა გამომძიებელთა ჯგუფი ყველა ნიმუშის შესაგროვებლად და იმის დასადგენად, თუ რა ტიპის დრონი ჩამოვარდა რუმინეთის ტერიტორიაზე.
13 სექტემბერს რუსეთის მორიგი მასირებული საჰაერო იერიშის შემდეგ, ოდესის ოლქის იზმაილის რაიონის თავზე უკრაინის საჰაერო თავდაცვითმა ძალებმა "შაჰედის" კლასის 32 დრონი ჩამოაგდეს. მაგრამ ზოგიერთმა, როგორც ჩანს შეძლო სამიზნემდე მიღწევა. ან, როგორც უკრაინის მხარე ვარაუდობს, რამდენიმე კურსს ასცდა და მეზობელი რუმინეთის ტერიტორიაზე ჩავარდა.
უფრო ადრე, 4 სექტემბრის საავიაციო იერიშის დროს, უკრაინის მხარე ამტკიცებდა, რომ რუსული „შაჰედები“ უკრაინის მეზობელი რუმინეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა და აფეთქდა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ოლეგ ნიკოლენკომ მაშინ განაცხადა, რომ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „რუსული ტერორი“ უდიდესი საფრთხეა არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მეზობელი, მათ შორის ნატოს წევრი სახელმწიფოებისთვისაც.
რუმინეთის თავდაცვის სამინისტროში მაშინ უარყვეს გავრცელებულ ცნობები, თითქოს, მდინარე დუნაიზე მდებარე უკრაინულ საპორტო ინფრასტრუქტურაზე შეტევისას რუსული დრონები რუმინეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა და აფეთქდა.
რუმინეთის დამოკიდებულება შეიცვალა მას შემდეგ, რაც 9 სექტემბერს რუმინეთის ტერიტორიაზე ისეთი დრონის ფრაგმენტები იპოვეს, რომლის მსგავსსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულ ფართომასშტაბიან ომში იყენებს.
რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა „რუმინეთის საჰაერო სივრცის დაუშვებელი დარღვევა უწოდა“ და აღნიშნა, რომ დრონის ფრაგმენტების აღმოჩენის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს.
ჯერ კიდევ წინა კვირაში ნატოში განაცხადეს, რომ არ ფლობენ ინფორმაციას იმაზე, რომ ეს რუსეთის წინასწარ განზრახული თავდასხმის შედეგი ყოფილიყოს.
მაგრამ მას შემდეგ, რაც რუსეთის მიერ იზმაილის რაიონზე 13 სექტემბერს განხორციელებული საავიაციო იერიშის შემდეგ დრონების ნამსხვრევები კვლავ აღმოაჩინეს უკრაინის მოსაზღვრე რუმინულ ტერიტორიაზე, ბუქარესტმა მტკიცე პროტესტი გადასცა რუსეთის ელჩს, ხოლო ნატოში რუმინეთის ელჩმა ოთხშაბათს გამართული ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) სხდომაზე მოკავშირეებს მიაწოდა „ინფორმაცია რუსეთის მიერ რუმინეთის მეზობლად, უკრაინის სანავსადგურე ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული გამუდმებული იერიშების თაობაზე.“
„ნატო სოლიდარულია ჩვენი მოკავშირე რუმინეთის მიმართ“, - ნათქვამია ნატოს პრესმდივნის დილან უაიტის მიერ ოთხშაბათს გავრცელებულ პრესრელიზში, რომელშიც წერია, რომ ალიანსი რუმინეთის ხელისუფლებასთან მჭიდრო კონტაქტში აკვირდება სიტუაციის განვითარებას.
ნატოს აქვს კოლექტიური თავდაცვის ვალდებულებები, რომლის მიხედვითაც სამხედრო ალიანსი ერთ მოკავშირეზე თავდასხმას ყველა მოკავშირეზე თავდასხმად მიიჩნევს. ალიანსის წევრები უკრაინას რუსეთის აგრესიისგან თავის დასაცავად და ოკუპირებული მიწების გასათავისუფლებლად აწვდიან სამხედრო ტექნიკას და შეიარაღებას, მაგრამ მოკავშირეები ეწინააღმდეგებიან ნებისმიერ ისეთი ნაბიჯს, რამაც შეიძლება რუსეთთან პირდაპირი კონფლიქტი გამოიწვიოს.
რუსეთი უკრაინის პორტებისკენ მცურავ ყველა გემს ემუქრება
რუსეთმა უკრაინის ოდესის ოლქში მდებარე საპორტო ინფრასტრუქტურაზე შეტევები წამოიწყო მას შემდეგ, რაც 18 ივლისს ამოიწურა „მარცვლეულის შესახებ შეთანხმება“. რუსეთის ერთ-ერთი სამიზნეა იზმაილის საპორტო ინფრასტრუქტურა, რომელიც უკრაინული ხორბლის და სხვა პროდუქტების ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება.
შეთანხმება უსაფრთხო დერეფანს უქმნიდა შავი ზღვის პორტებიდან უკრაინული მარცვლეულისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ექსპორტს.
ქალაქ იზმაილთან ერთად უკრაინული პროდუქციის ტრანსპორტირების პრობლემის მოგვარებაში მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს ასევე რუმინეთ-უკრაინის საზღვარზე, მდინარე დუნაიზე მდებარე რენის პორტი, რომელსაც დრონებით თავს დაესხა რუსეთი 24 ივლისს.
ვიდრე უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალები ჩამოაგდებდნენ, რუსეთის დრონებმა მოასწრეს და გაანადგურეს მარცვლეულის საწყობი. ამ იერიშს მაშინ პირველად მოჰყვა ბუქარესტის მწვავე რეაქცია.
რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსული დრონების იერიშის შედეგად მცირედ დაზიანდა რუმინეთის კუთვნილი კომერციული ხომალდი, მაგრამ ეკიპაჟის წევრთაგან არავინ დაშავებულა.
რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა ტვიტერზე დაგმო დუნაის პორტზე მიტანილი იერიში.
„გადაჭრით ვგმობ, რუსეთის მიერ რუმინეთიდან ძალიან ახლოს, დუნაიზე მდებარე სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ახლახან განხორციელებულ იერიშებს. ეს გავლენას ახდენს ასევე უკრაინული მარცვლეულის ტრანზიტსა და, შესაბამისად, სურსათის გლობალურ უსაფრთხოებაზე“, - წერდა მაშინ რუმინეთის პრეზიდენტი.
„მარცვლეულის შეთანხმების“ დატოვების შემდეგ, რუსეთმა გაახშირა თავდასხმები ოდესასა და მის სანავსადგურო ინფრასტრუქტურაზე, რადგან, ბრიტანეთის დაზვერვის თანახმად, კრემლი ფიქრობს, რომ უკრაინა იქ სამხედრო აღჭურვილობას ინახავს.
აღსანიშნავია, რომ 20 ივლისიდან, რუსეთმა „სამხედრო დანიშნულების ტვირთების პოტენციურ გადამტანებად“ გამოაცხადა ყველა გემი, რომლებიც შავი ზღვის აკვატორიაში უკრაინის პორტებისკენ გაემართებიან. შესაბამისად, რუსეთი „კონფლიქტში კიევის რეჟიმის მხარეს ჩართულად“ ჩათვლის ქვეყნებს, რომელთა დროშებითაც ეს გემები დაცურავენ.
- უკრაინამ და რუსეთმა, თურქეთის და გაეროს შუამავლობით, 2022 წლის 22 ივლისს სტამბოლში მიაღწიეს შავი ზღვით უკრაინული ხორბლისა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის ექსპორტის 120 დღით განახლების შეთანხმებას.
- გემების კონტროლისა და უსაფრთხო ნაოსნობისთვის სტამბოლში გაიხსნა უკრაინის, რუსეთის, თურქეთისა და გაეროს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სპეციალური საკოორდინაციო ცენტრი.
- შეთანხმების მოქმედების ვადა სამჯერ გაგრძელდა და ბოლოს 2023 წლის 17 ივლისს ამოიწურა.
- ივლისის ბოლოს The Wall Street Journal-ის წყაროებმა შეთანხმებიდან მოსკოვის გასვლის მიზეზად დაასახელეს თურქეთის მიერ პოლკ „აზოვის“ მეთაურების უკრაინაში ექსტრადიციით პუტინის უკმაყოფილება.
- მარიუპოლში მდებარე „აზოვსტალის“ ქარხნის დამცველები 2022 წლის გაზაფხულზე დანებდნენ და გაცვლის შედეგად ისინი სტამბოლში გადაიყვანეს. გაცვლის პირობების თანახმად, ისინი ომის დასრულებამდე თურქეთში უნდა დარჩენილიყვნენ.
- 4 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა განაცხადა, რომ მარცვლეულის გარიგებიდან რუსეთის გამორიცხვა დიდხანს ვერ გასტანს.