Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ჩავარდა ტყვედ მაიორი იური ტომოვი და რას ნიშნავს ეს უკრაინის კონტრშეტევისთვის?


ტყვედ ჩავარდნილი რუსი სამხედროები მაიორ ტუმოვის ჯგუფიდან, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ტელეარხის კოლაჟი
ტყვედ ჩავარდნილი რუსი სამხედროები მაიორ ტუმოვის ჯგუფიდან, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ტელეარხის კოლაჟი

აგვისტოს დასაწყისში უკრაინის სპეცრაზმმა მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე, სოფელ „კაზაჩი ლაგერის“ რაიონში ტყვედ აიყვანა რუსეთის სადაზვერვო ბატალიონის მეთაური, მაიორი იური ტომოვი და მისი რამდენიმე თანამებრძოლი.

მოგვიანებით უკრაინულმა საიტებმა გამოაქვეყნეს ტყვეობაში მყოფი რუსი მაიორის დაკითხვის ამსახველი ვიდეო, რომელშიც იური ტომოვი ბრძოლის დროს განცდილ დანაკარგებზე, მისი თანამებრძოლების დაბალ საბრძოლო სულისკვეთებასა და რუსეთის ხელისუფლებისადმი კრიტიკულ განწყობილებაზე საუბრობდა.

მეორე პლაცდარმი რუსეთის ზურგში

ტყვეობაში მყოფი მაიორ ტომოვისა და მის სადაზვერვო რაზმის ეპოპეამ დიდი რეზონანსი იმის გამოც გამოიწვია, რომ მათ დატყვევებას, გავრცელებული ცნობით, მოჰყვა უკრაინული პლაცდარმის შექმნა ხერსონის ოლქის იმ დასახლებულ პუნქტში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელია უკრაინის ჯარის შემდგომი წინსვლისთვის.

მაიორ იური ტომოვთან და მისი სადაზვერვო ჯგუფის რამდენიმე მებრძოლთან კავშირი 7-8 აგვისტოს, მას შემდეგ გაწყდა, რაც ომის მომხრე რუსეთის ტელეგრამის არხებმა დაიწყეს ცნობების გავრცელება დნეპრის მარცხენა სანაპიროზე, სოფელ „კაზაჩი ლაგერის“ მიდამოებში მიმდინარე ბრძოლების შესახებ.

„ბიბისის“ თანახმად, ეს დასახლებული პუნქტი ხერსონის ოლქში, დნეპრის შენაკად მდინარე კონკის მარცხენა ნაპირზე, რუსების მიერ ოკუპირებული ქალაქების, ოლეშკისა (რუსები მას „ალიოშკის“ უწოდებენ) და ნოვა კახოვკას შორის მდებარეობს.

პირველებმა უკრაინული დესანტის შესახებ რუსმა „სამხედრო კორესპონდენტმა“ ვლადიმირ რომანოვმა და ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკელმა, ყოფილმა „ბოევიკმა“ ეგორ გუზენკომ (ტელეგრამის არხის ფსევდონიმი „ტრინადცატი“) 9 აგვისტოს დაწერეს. მათი მონაცემებით, უკრაინის დესანტი იმ მომენტისთვის არა მხოლოდ გადავიდა "კაზაჩი ლაგერის" მახლობლად, არამედ უკრაინელმა მებრძოლებმა ამ ტერიტორიის დასავლეთი ნაწილი დაიკავეს და იქ პლაცდარმი შექმნეს.


ამგვარად ეს არის უკვე მეორე პლაცდარმი, რომლის შექმნაც უკრაინის არმიის მებრძოლებმა ზაფხულის დასაწყისში წამოწყებული იერიშების შედეგად მოახერხეს რუსეთის მიერ ოკუპირებული დნეპრის მარცხენა სანაპიროზე.

პირველი პლაცდარმი ხერსონსა და ოლეშკის შორის, ანტონოვის დანგრეული ხიდის მახლობლად მდებარეობს და მიუხედავად რუსეთის ხელისუფლების არაერთი განცხადებისა, მათ დღემდე ვერ შეძლეს უკრაინელი სამხედროების იქიდან უკუგდება.

რაც შეეხება „კაზაჩი ლაგერს“, როგორც ზემოთ ითქვა, ეს ადგილი ოპტიმალურია უკრაინის ჯარების შემდგომი წინსვლისთვის.

დასახლების ჩრდილოეთი ნაწილი ჭაობიანი ტერიტორიის მიმდებარედაა, სადაც ბევრი პატარა კუნძული, ტბა, მდინარე და ხშირი მცენარეულით დაფარული არეალია.

გარდა ამისა, „კაზაჩი ლაგერის“ სამხრეთით გადის T2206 მაგისტრალი, რომელიც ოლეშკისა და ნოვა კახოვკას აკავშირებს და, სავარაუდოდ, მნიშვნელოვან ლოგისტიკურ არტერიას წარმოადგენს სამხრეთში განლაგებული რუსეთის ჯარებისთვის.

ის ასევე გადის კაზაკთა ბანაკების სამხრეთ გარეუბანში, რომელიც აკავშირებს ოლეშკისა და ნოვაია კახოვკას და, ცხადია, სამხრეთით რუსული ჯარების მნიშვნელოვანი ლოგისტიკური არტერიაა.

ხოლო „კაზაჩი ლაგერის“ სამხრეთ-დასავლეთით, 15 კილომეტრის დაშორებით, გადის კიდევ ერთი მაგისტრალი, რომელიც ყირიმისკენ მიდის.

„უკრაინელთა ტრიუმფი და რუსეთის სირცხვილი“


მიუხედავად ასეთ მნიშვნელოვან პლაცდარმზე წარმატებისა, უკრაინის ხელისუფლება მთელი ამ დღეების განმავლობაში დუმილს ინარჩუნებდა. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა 12 აგვისტოს მხოლოდ ის თქვა, რომ ხერსონის რეგიონში, დნეპრის მარცხენა სანაპიროზე "გარკვეულმა დანაყოფებმა გარკვეული დავალება შეასრულეს."

ჩიკატილოს დანას ლაპარაკი რომ შეეძლოს, მას მაიორ ტომოვის ხმა და ინტონაცია ექნებოდა. და დანა იმსჯელებდა დაახლოებით ისე, როგორც ეს მაიორი“
ალექსანდრ ნევზოროვი

სამაგიეროდ, რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლებამ არ დააყოვნა, განეცხადებინა, რომ „კაზაჩი ლაგერებთან“ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. მოსკოვის მიერ დანიშნულმა ხერსონის რეგიონის გუბერნატორმა, ვლადიმერ სალდომ 8 აგვისტოს განაცხადა, რომ უკრაინის სადესანტო ჯგუფი ორ ნავზე მართლაც "ცდილობდა გადასხდომას" ამ მხარეში, მაგრამ ის, სავარაუდოდ, აღმოაჩინეს და ნაპირზე გადასვლამდე გაანადგურეს.

რუსულმა ტელეგრამის არხებმა ერთდროულად დაიწყეს ვიდეოს გავრცელება, რომელსაც უკრაინის შეიარაღებული ძალების წარუმატებლობა უნდა დაედასტურებინა.

ამ ვიდეოზე გამოსახული ადამიანი, საკუთარ თავს უწოდებს სადაზვერვო ბატალიონის მეთაურ იური ტომოვს, რომელიც მიწაზე მწოლიარე, ხელებშეკრული პატიმრების დაკითხვას აწარმოებს.


მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ ტყვეობაში თავად მაიორი ტომოვი და მისი თანამებრძოლები ჩავარდნილან, ხოლო რუსულ ტელეგრამის არხებზე გავრცელებული ვიდეო დადგმულია.

მალე ტომოვის მონაწილეობით სოციალურ ქსელში გავრცელდა სულ სხვა შინაარსის ვიდეო, რომელშიც რუსი მაიორი მუხლებზე დგას და მიწაზე გაშლილ რუკაზე უკრაინელებს სავარაუდოდ რუსეთის არმიის პოზიციებს აჩვენებს. ეს ვიდეო ტელეგრამის არხებმა, მათ შორის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერთან“ ასოცირებულმა Grey Zone-მ 13 აგვისტოს გამოაქვეყნა. თავად ვიდეო სავარაუდოდო მაიორ იური ტომოვის დაჭრისთანავე, 7 ან 8 აგვისტოს უნდა იყოს გადაღებული.

ძალიან მალე ტყვედ ჩავარდნილი რუსული სადესანტო ბატალიონის მეთაურის დაკითხვის სრული ვიდეო გამოაქვეყნა პროუკრაინულმა ტელეგრამის არხმა, „ნიკოლაევსკი ვანიოკმა“, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის სადაზვერვო ცნობებს აგროვებს.

ვიდეოზე ნაჩვენები სამხედრო ამბობს, რომ ის არის 1977 წელს დაბადებული იური ანატოლის ძე ტომოვი, რომელიც 2022 წელს იქნა მობილიზებული. უკრაინის ტერიტორიაზე იგი მოხვდა 2022 წლის ოქტომბერში და მიიღო ჯერ 1822-ე ბატალიონის შტაბის უფროსის, მოგვიანებით კი ამავე დანაყოფის მეთაურის თანამდებობა.


ამ ხნის განმავლობაში, როგორც რუსი ოფიცერი ამბობს, მისდამი რწმუნებულმა ბატალიონმა დიდი დანაკარგი განიცადა, ხოლო მისი მებრძოლები მძიმე მორალურ-ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფებიან.


„სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობას პირადი შემადგენლობა მხარს არ უჭერს. მისი მიზნები არის გაუგებარი და არაერთმნიშვნელოვანი. რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების, კერძოდ ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინის პოლიტიკა, აღიქმება კრიტიკულად და პირადი შემადგენლობის დიდი უკმაყოფილებას იწვევს“, - ამბობს უკრაინის ტყვეობაში მყოფი რუსი მაიორი.

„ბიბისის“ თანახმად, როგორც ჩანს ტომოვი ამ მომენტისთვის ყველაზე მაღალჩინოსანი რუსი ოფიცერია, რომელიც უკრაინის ტყვეობაში იმყოფება. შესაბამისად მის ნაამბობს დიდი გამოხმაურება მოჰყვა იმ რუს ჟურნალისტებსა და ბლოგერებში, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე ე.წ. სპეციალურ სამხედრო ოპერაციას "სისხლისმღვრელ და დანაშაულებრივ ომს“ უწოდებენ.


„ჩიკატილოს დანას ლაპარაკი რომ შეეძლოს, მას მაიორ ტომოვის ხმა და ინტონაცია ექნებოდა. და დანა იმსჯელებდა დაახლოებით ისე, როგორც ეს მაიორი“, - წერს ინსტაგრამში ცნობილი რუსი ჟურნალისტი, კრემლის კრიტიკოსი ალექსანდრ ნევზოროვი და რეზიუმეს უკეთებს მაიორის გამოსვლას.

  • „თვენახევრიანი ბრძოლის განმავლობაში მისმა ბატალიონმა 30% დაკარგა;
  • რუსი სამხედროების მომზადება უკიდურესად არადამაკმაყოფილებელია;
  • რუსეთის ფედერაციის მებრძოლების მორალი დაცემულია;
  • ყველა მისი მებრძოლი მასობრივად უარს ამბობს დაკისრებული ამოცანების შესრულებაზე;
  • ასეთი პირადი შემადგენლობით საბრძოლო ოპერაციების ჩატარება შეუძლებელია. ადგილობრივი მოსახლეობის დამოკიდებულება უარყოფითია, დამპყრობლებს უსაფრთხოებისთვის ტყეებში უწევთ ცხოვრება“, - წერს ნევზოროვი.


„ძნელი სათქმელია, თუ რამდენად ამბობს მაიორი ტომოვი იმას, რასაც ფიქრობს (რაც უნდა იყოს ის ტყვეობაშია და სურს თავი გადაირჩინოს), მაგრამ მისი აღიარება უდავოდ წარმოადგენს უკრაინის სამხედრო პროპაგანდის ტრიუმფს და სირცხვილს რუსეთის შეიარაღებული ძალებისა და რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური ხელმძღვანელობისას, რომელიც ფანტაზიებს ავრცელებს „რუსი სამხედროების გმირობაზე“, - წერს პუბლიცისტი და DW-ს მიმომხილველი ალექსანდრ ფრიდმანი.


ჟენევის კონვენცია კრძალავს სამხედრო ტყეების საჯარო დემონსტრირებას. შესაბამისად მაიორ ტომოვის ნათქვამის შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ მას ტყვეობაში მყოფი ადამიანი წარმოთქვამს.

რუსეთი ოფიციალურად არ ადასტურებს მაიორ ტომოვის ტყვედ ჩავარდნად. მაგრამ ამ ფაქტს არ მალავენ კრემლის მომხრე პოლიტიკოსები და ბლოგერები, მათ შორის არის პოლიტოლოგი სერგეი მარკოვი, რომელიც დარწმუნებულია, რომ ტყვედ ჩავარდნილ რუს ოფიცერს „ჯოჯოხეთური წამებითა და ტანჯვით სიკვდილით“ დაემუქრნენ და ასე აიძულეს ელაპარაკა ტელეკამერის წინ.

„კარგად არის ცნობილი, რომ კიევის რეჟიმი ძალიან ხშირად არღვევს საერთაშორისო კონვენციებს და ძალიან სასტიკად ეპყრობა რუს სამხედრო ტყვეებს. ეს იმიტომ ხდება, რომ კიევის რეჟიმი მართლაც ფაშისტურია. აქედან გამომდინარე, ეს რეჟიმი უნდა განადგურდეს სამხედრო ძალით“, - წერს სერგეი მარკოვი.

უკრაინის სამხედრო ტყვეების საკითხების საკოორდინაციო ცენტრი არც ადასტურებს და არ უარყოფს ინფორმაციას რუსი ოფიცრის ტომოვის ტყვედ აყვანის შესახებ.

"ამ მომენტისთვის კომენტარისგან თავს შევიკავებთ", - განუცხადა ცენტრის პრესატაშემ, პიოტრ იაცენკომ, „ბიბისი-უკრაინას“. ამავე დროს, უკრაინის სამართალდამცავ ორგანოებთან დაკავშირებულმა წყარომ განმარტა, რომ ტომოვს, როგორც სამხედრო ტყვეს, ჯერ არ ჰქონია გავლილი რეგისტრაციის ყველა პროცედურა.

ჯერჯერობით ასევე გაურკვეველია ვითარება დასახლებულ პუნქტ „კაზაჩი ლაგერის“ გარშემო, სადაც, რუსული ტელეგრამის არხების ცნობით, 15 აგვისტოს კვლავ ინარჩუნებდნენ პოზიციებს უკრაინელი სამხედროები, რომლებსაც ინტენსიურად უხსნიდა ცეცხლს რუსული არტილერია და ავიაცია.

თავის მხრივ. უკრაინის ხელისუფლება და სამხედროები ჯერ კიდევ არ ადასტურებენ დნეპრის მარცხენა სანაპიროზე ამ პლაცდარმის დაკავებას.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG