Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ მოიქცეოდი შენ - ანა აბაშიძე აფასებს ბავშვზე თავდასხმის ფაქტს 


პეკინის გამზირზე გამვლელი ქალის მიერ 3 წლის ბავშვის დაჭრას საზოგადოება აქტიურად ეხმაურება, განხილვის მთავარი თემა თავდამსხმელის შესაძლო ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობაა. ასევე, ფეისბუკის მომხმარებლები ბავშვის მშობლების და განსაკუთრებით, მამის რეაქციასაც აფასებენ. რადიო თავისუფლებას იურისტი, ბავშვთა უფლებადამცველი ანა აბაშიძე ესაუბრება მომხდარზე და საზოგადოების მიერ გამოკვეთილ აქცენტებზე.

ანა აბაშიძე: ის აქცენტი რაც საზოგადოებამ სწრაფად გამოკვეთა, რომ აპრიორი ამ ადამიანს ჰქონდა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა მიუთითებს საზოგადოების მოლოდინზე, თუ როგორ უნდა იქცეოდნენ ფსიქიკური გამოწვევების მქონე ადამიანები. თითქოს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანისგან შეიძლება მომდინარეობდეს მსგავსი ტიპის სასტიკი დანაშაულები, რაც არასწორია.

საზოგადოებას კარგად არ აქვს გაცნობიერებული, რას ნიშნავს ფსიქიკური ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა, მით უმეტეს ქვეყანაში სადაც არის ფრაგმენტული სერვისები, რომელიც მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ “პატრონიან”, სოციალური კაპიტალის მქონე ადამიანებზე და არა მათზე, ვისაც სჭირდებათ თემზე ორიენტირებული მხარდაჭერა. ეს არის მთავარი აქცენტი რაზეც ახლა არაჯანსაღი მსჯელობა მიდის საზოგადოებაში.

საზოგადოება დღეს გამოსავლად ხედავს იმას, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ადამიანები არ დადიოდნენ ქუჩაში და იყვნენ გამოკეტილები სახლში რაც არის აბსოლუტურად არასწორი. კარგი სერვისების პირობებში ადამიანები არ მიდიან იმ მდგომარეობამდე, როცა შეიძლება დანაშაული ჩაიდინონ.

რადიო თავისუფლებას ბავშვის მამამ უთხრა, რომ მის შვილს ხშირად ეფერებიან ქუჩაში უცხოები და ამიტომ უცხო ადამიანის მოახლოება საფრთხედ არ აღუქვამს. საზოგადოებაში თითქოს ნორმირებულია, რომ მცირეწლოვან ბავშვს ქუჩაში უცხო ადამიანები შეიძლება მოეფერონ, შეეხონ და ა. შ. მშობლები არ ვართ ამ საკითხისადმი განსაკუთრებულად მგრძნობიარენი. ეს ბავშვების უსაფრთხოებას რისკს უქმნის? რა დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ ამ შემთხვევიდან?

ჩვენ ვიცით, რომ ეს პრაქტიკულად ნორმადაა მიღებული ჩვენს საზოგადოებაში, არადა ნდობაში შესვლის შემდეგ ხდება ხოლმე დანაშაული. ქუჩაში ბავშვთან ნებართვის გარეშე ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, განსაკუთრებით ახლოს მისვლა, რაც ბავშვის პირად სივრცეს არღვევს დაუშვებელია და ეს შეიცავს რისკებს. შეიძლება სითბოს გამოსახატად მიდიოდნენ ადამიანები ბავშვთან, მაგრამ უნდა ვიფიქროთ ბავშვის უფლებების პრეზუმფციაზე და ვთქვათ, რომ უბრალოდ დაუშვებელია ბავშვის პირად სივრცეში შესვლა და ეს სტანდარტი უნდა ვრცელდებოდეს როგორც უცნობ ასევე ნაცნობ ადამიანებზე.

სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ბავშვების კომუნიკაცია ნებისმიერ მესამე პირთან უნდა იყოს ნებადართული მშობლის მხრიდან. მშობლებს აქვთ აბსოლუტური უფლება განსაზღვრონ ვის ჰქონდეს ურთერთობა ბავშვთან, განსაკუთრებით მაშინ თუ მშობელს თუნდაც თეორიულად აქვს საფრთხის ეჭვი. თუ ასეთ ეჭვი არსებობს მშობლებმა უნდა აკრძალონ კომუნიკაცია და პირდაპირი კავშირი ბავშვთან განსაკუთრებით ქუჩაში და უცხო პირების მხრიდან. თუ ან ნორმას შევცვლით ბავშვები იქნებიან მეტად დაცული.

საზოგადოებამ, სოციალურ ქსელში ბავშვის მამის მიმართ გამოიჩინა განსაკუთრებულად კრიტიკული განწყობა, თუ რატომ არ გაუწია მან წინააღმდეგობა თავდამსხმელს, ან რატომ არ დასაჯა იქვე თავდამსხმელი, როგორ გგონიათ რა აჩენს ასეთ დამოკიდებულებს?

არსებობს ასეთი სექსისტური წარმოდგენა, რომ მამა უნდა იყოს კუნთმაგარი ჰერკულესი, რომელმაც ფიზიკურად უნდა იძალადოს, მათ შორის დამნაშავეზე. საერთოდ რატომ ვითხოვთ „კბილი კბილის წილ“ მოქმედებას ცივილურ საზოგადოებაში?

ეს ადამიანი მოიქცა ყველაზე სწორად როდესაც ბავშვი არ მიატოვა, მიუხედავად იმისა თუ ვინ სჩადის დანაშაულს, პირველი რეაქცია მიმართული უნდა იყოს ბავშვის უსაფრთხოებაზე და ბავშვი იყო დაჭრილი. მამის და დედის რეაქცია, რომლებიც ბავშვზე იყვნენ ორიენტირებული და იცავდნენ მათ უსაფრთხოებას იყო სწორი. წარმოვიდგინოთ სცენარი, რომ ორივე მშობელი დადევნებოდა დამნაშავეს და ბავშვები მიეტოვებინათ უყურადღებოდ, ეს დაკარგული დრო ბავშვისთვის შეიძლება ფატალური აღმოჩენილიყო, მაშინ საზოგადოება იტყოდა რომ - სად გარბოდნენ მშობლები?! რაში აინტერესებდათ დამნაშავე, როცა ბავშვი სისხლისგან იცლებოდა? გამკიცხავი საზოგადოება ვართ, ვიდრე თანამგრძნობი. ყველამ გადაწყვიტა, რომ ზუსტად იცის როგორ მოიქცევა ამგვარ სიტუაციაში, აბსოლუტურად თანაგრძნობას მოკლებულია ის კრიტიკა, რომელიც მშობლების მიმართ ისმის.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG