როგორც რადიო თავისუფლებას ბავშვის მამა უყვება, პეკინის გამზირზე, როდესაც ის მეუღლესთან და 3 წლის ტყუპ შვილებთან იმყოფებოდა, მის ერთ-ერთ შვილს მოულოდნელად ოჯახისთვის აბსოლუტურად უცნობი ქალი დაესხა თავს.
„სასეირნოდ ვიყავით გამოსული ქუჩაში, შევამჩნიე, რომ გამვლელი ქალი მოგვიახლოვდა და ბავშვისკენ გადაიხარა, მეგონა რომ მოფერებას აპირებდა, ასე გამვლელები ხშირად ეფერებიან ხოლმე ბავშვს და ბუნებრივ საქციელად ჩავთვალე. შემდეგ უკვე მეორე ბავშვისკენ გამოიწია, დანა რომ ეჭირა ხელში ეგეც კი გვიან შევამჩნიე, ჩემი მეუღლის და ბავშვის ტირილზე გავაცნობიერე, რომ რაღაცა მოხდა, მერე დავინახე რომ ბავშვს სისხლი მოსდიოდა“,- უყვება რადიო თავისუფლებას ბავშვის მამა.
როგორც მამა ყვება, მოულოდნელობისგან იმდენად დაიბნა, რომ სასწრაფოს გამოძახებაც კი გამვლელებმა დაასწრეს. მისივე სიტყვებით, მანამდე მას თავდამსხმელი უბანში არასოდეს შეუმჩნევია.
„ასე გამვლელებს ხომ არ ვაკვირდებით, არა? წარმოდგენა არ მაქვს ვინ იყო და რა ამოძრავებდა“,- ამბობს ბავშვის მამა.
მამის თქმით, დაჭრილი ბავშვი თავს ნორმალურად გრძნობს, თუმცა ემოციური სტრესი აქვს მის ტყუპისცალს.
მას შემდეგ რაც პოლიციამ თავდამსხმელი დააკავა, პოლიციის განყოფილებაში ბავშვის მამა მის ამოსაცნობად იყო მისული. ის ამბობს, რომ ქალი მარტივად ამოიცნო.
„როგორც პოლიციისგან გავიგე, თუ არ ვცდები, ქალი შემთხვევის ადგილიდან ახლოს, სახლში დააკავეს. თუმცა, ზუსტად დეტალები არ ვიცი“, - ჰყვება მამა.
პოლიციამ დააკავა ქალი, რომელმაც 27 აგვისტოს საღამოს, თბილისში, პეკინის გამზირზე ცივი იარაღით დაჭრა მცირეწლოვანი ბავშვი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1968 წელს დაბადებული თ.ს. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 აგვისტოს, თბილისში პეკინის გამზირზე, 2015 წელს დაბადებულ მცირეწლოვანს, ცივი იარაღით დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.“
გამოძიება მიმდინარეობს წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე. სისხლის სამართლის კოდექსით, მსგავსი დანაშაული 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
ამ ზოგადი ინფორმაციის გარდა, შსს ჯერჯერობით არაფერს ამბობს.
პეკინის გამზირზე ქალის მიერ დაჭრილ ბავშვს 27 აგვისტოს ღამით, ქირურგიული ოპერაცია გაუკეთეს ჟვანიას სახელობის კლინიკაში.
ყბა-სახის ქირურგმა, ნათია ვასაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ „პაციენტს ჰქონდა ღრმა, ნაკვეთი ჭრილობები ცხვირის და მარჯვენა ლოყის მიდამოში." ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია ბავშვს დაზიანებული არ აქვს თვალი. ბავშვი კლინიკაში, სავარაუდოდ, ხვალამდე დარჩება.