Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ აღმოჩნდნენ ეუთოს აპარატში კრემლთან დაახლოებული რუსები?


სულ რაღაც ორი დღით ადრე, ვიდრე რუსეთი 2022 წლის თებერვალში უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ინტერვენციას დაიწყებდა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრ რუდენკომ პარლამენტის ქვედა პალატას მიმართა სიტყვით, რაც კრემლის მიერ უკრაინის აღმოსავლეთ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ანექსიისკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯად იქცა.

რუდენკოს განმარტებითი სიტყვა შეიცავდა ბრალდებებს უკრაინის მისამართით, რომელიც, რუსი დიპლომატის თქმით, საბოტაჟს უწევდა სამმხრივი საკონტაქტო (რუსეთი, უკრაინა და ეუთო) ჯგუფის მიერ გამართულ სამშვიდობო მოლაპარაკებებს.

რუდენკო, კარგად, რომ იტყვიან, შიგნიდან იცნობს ეუთოს, რომლის ამჟამინდელი, 30 ნოემბრის მინისტერიალი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა სწორედ რუსეთის მხრიდან ვეტოს გამო.

რუდენკოს თავად ეკავა რუსეთის საგანგებო წარგზავნილის თანამდებობა ვენაში მდებარე 57 ქვეყნისგან შემდგარი რეგიონული უსაფრთხოების ორგანიზაციაში, რომელმაც უმალვე დაგმო რუსეთის უკრაინაში შეჭრა.

რუდენკოს პირად გამოცდილებას ემატება ისიც, რომ უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის ფონზე, ეუთოს გენერალური მდივნის აპარატში უფროსი პოლიტიკური და ადმინისტრაციული მრჩევლის პოსტზე მუშაობდა მისი ცოლი, სალტანატ საკემბაევა, რომელიც, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთმა დიპლომატმა უთხრა რადიო თავისუფლებას, მას აძლევდა შესაძლებლობას დასწრებოდა შეხვედრებსა და ღონისძიებებს და მიეღო ცნობები ეუთოს მაღალი ეშელონებიდან.

საკემბაევა ერთ-ერთია რუსეთის იმ რამდენიმე მოქალაქეს შორის, რომელთა მუშაობა ეუთოში შეშფოთებას იწვევს. არსებობს ვარაუდი, რომ ამით კრემლს აქვს წვდომა იმ ორგანიზაციის აღმასრულებელ ორგანოში, რომელსაც წამყვანი როლი უკავია უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის აგრესიის მონიტორინგში და ცდილობს შუამავლის როლის შესრულებას მოსკოვსა და კიევს შორის.

დიპლომატის ცოლი

2022 წლის ივნისში, უკრაინასთან რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ოთხი თვის შემდეგ, საკემბაევა ვენაში რუსეთის საელჩოში რუსეთის მიერ საბჭოთა კავშირიდან დამოუკიდებლობის გამოცხადებისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო მიღებას დაესწრო.

იქ საკემბაევამ სამახსოვრო ფოტო გადაიღო ეუთოში რუსეთის მუდმივ წარმომადგენელთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილ სპიკერთან, ალექსანდრ ლუკაშევიჩთან, რომელიც ორგანიზაციის კედლებში იცავდა რუსეთის აგრესიულ ომს, ხოლო ვაშინგტონსა და მის მოკავშირეებს ეუთოს სამდივნოს ფუნქციების „უზურპაციაში“ ადანაშაულებდა.

რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი ეუთოში, ალექსანდრ ლუკაშევიჩი და სალტანატ საკემბაევა
რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი ეუთოში, ალექსანდრ ლუკაშევიჩი და სალტანატ საკემბაევა


იმ მომენტისათვის საკემბაევას, ჯერ ყირგიზეთის, შემდეგ კი რუსეთის მოქალაქეს, ვენაში, ეუთოს გენერალური მდივნის ოფისში მუშაობის 14-წლიანი გამოცდილება ჰქონდა. რადიო თავისუფლებასთან საუბარში, ერთ-ერთმა ყოფილმა კოლეგამ საკემბაევას უწოდა ძალიან „კომუნიკაბელური და მეგობრულად განწყობილი პიროვნება“, რომელიც თავის მხრივ ყველა თანამდებობაზე მომუშავე და ყველა დონის ადამიანთან ინარჩუნებდა ურთიერთობას.

„მას ჰქონდა ბრწყინვალე შესაძლებლობა ჩაეხედა სრულიად განსხვავებულ პრობლემებსა და სიტუაციებში და შეეგროვებინა ნებისმიერი ინფორმაცია“, - აღნიშნა ანონიმურობის დაცვით სალტანატ საკამბაევას ყოფილმა კოლეგამ.

საკემბაევას მომავალი მეუღლე ალექსანდრ რუდენკო ავსტრიის დედაქალაქში 2011 წელს ჩავიდა, რათა ეუთოში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილის პოსტი დაეკავებინა. მიუხედავად იმისა, რომ მომავალ მეუღლეზე 14 წლით უფროსი იყო, რუდენკომ და საკემბაევამ საერთო ენა მალევე გამონახეს.

როგორც რადიო თავისუფლების მიერ მოპოვებული სხვა ჩანაწერები მეტყველებს, საკემბაევამ რუსეთის მოქალაქეობა მიიღო 2014 წლის აგვისტოში, ხოლო ერთი თვის შემდეგ ის და რუდენკო ვენაში რუსეთის საელჩოში დაქორწინდნენ. მომდევნო წლის ივლისში, საკემბაევამ უარი თქვა ყირგიზეთის მოქალაქეობაზე. მაგრამ ბევრი ადამიანი, ვინც საკემბაევასთან მუშაობდა, ამბობს, რომ ის არაფერს ამბობდა დაქორწინებისა და მოქალაქეობის შეცვლის შესახებ.

სალტანატ საკემბაევა და ალექსანდრ რუდენკო
სალტანატ საკემბაევა და ალექსანდრ რუდენკო

2016 წელს რუდენკო რუსეთში დაბრუნდა, რათა საგარეო საქმეთა სამინისტროში მაღალი თანამდებობა დაეკავებინა. მან ახალი ცოლი ვენის ბინაში დატოვა. მოსკოვში რუდენკო პირველად ბელარუსზე, მოლდოვასა და უკრაინაზე - ეუთოს ყურადღების ცენტრში მყოფ ქვეყნებზე - პასუხისმგებელი დეპარტამენტის დირექტორის პოსტზე დაინიშნა.

ასეთი რანგის რუსი მოხელის ცოლის მუშაობა ეუთოს სამდივნოში, აშკარად წარმოადგენდა ინტერესთა კონფლიქტს. მაგრამ სალტანატ საკემბაევა ამ თანამდებობაზე რჩებოდა და დაკავებული იყო ეუთოს შიგნით მაღალი დონის შეხვედრების ორგანიზებით მაშინაც კი, როდესაც ურთიერთობა რუსეთსა და უკრაინას შორის უკიდურესად დაიძაბა.

სალტანატ საკემბაევას კოლეგა ვარაუდობს, რომ ოჯახური მდგომარეობის ცვლილების შესახებ მას საქმის კურსში უნდა ჩაეყენებინა დამსაქმებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა ეუთოს წესების დარღვევა იქნებოდა. „საკითხავი ისაა, თუ რატომ არ გადაიყვანეს იგი (საკემბაევა) გაცილებით უფრო ნაკლებად მგრძნობიარე ოფისში“, - გაკვირვებით კითხულობს საკემბაევას ყოფილი კოლეგა.

გამომძიებელმა რუსმა ჟურნალისტმა და რუსეთის სპეცსამსახურების ექსპერტმა, ანდრეი სოლდატოვმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ რუსეთის ეფესბეს კონტრდაზვერვის დეპარტამენტი ოპერატიულად იქნებოდა ინფორმირებული საკემბაევას შესანიშნავი კარიერის შესახებ და ხელიდან არ გაუშვებდნენ შანსს, რომ ამით არ ესარგებლათ.

„მაშინაც კი, თუ მას არ გადაიბირებდნენ ნამდვილ აგენტად, ის (საკემბაევა) აუცილებლად იქნებოდა ისეთი ვინმე, ვისაც გარკვეულ მომენტში რამის გაკეთებას - მაგალითად, კონფიდენციალურ ინფორმაციაზე წვდომის მოპოვებას მოსთხოვდნენ. და მას არ ექნებოდა შესაძლებლობა, რომ უარი ეთქვა ამ თხოვნაზე“, - ამბობს სოლდატოვი.

რადიო თავისუფლების თხოვნა კომენტარის შესახებ საკემბაევამ და რუდენკომ უპასუხოდ დატოვეს, ასევე მოიქცა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც და რუსეთის მუდმივი მისიაც ეუთოში.

"პოლკოვნიკი"

სალტანატ საკემბაევას გარდა, კრემლთან დაახლოებულ პირთა სიაში შედის ეუთოს კიდევ ერთი თანამშრომელი, რუსი კარიერის დიპლომატი ანტონ ვიშკარნიკი. იგი ცნობილია იმით, რომ ვაშინგტონში მდებარე რუსეთის საელჩოში მუშაობის დროს კაპიტოლიუმში ბრიფინგი გამართა და მიესალმა მოსკოვის მიერ სირიელი დიქტატორის ბაშარ ალ-ასადის მხარდაჭერას.

რადიო თავისუფლებამ მოიპოვა ელექტრონული წერილები, რომლითაც ირკვევა, რომ ვიშკარნიკმა, რომელიც ამჟამად ეუთოს სამდივნოში უფროს სტრატეგიულ მრჩევლად მუშაობას, აშშ-ის კონგრესის თანამშრომელს სკანდალური ვიდეო და წერილობითი შეტყობინება გაუგზავნა. ვიდეოში ვიშკარნიკი უკრაინელ პოლიტიკოსებს ნაცისტებთან აიგივებს, შეტყობინებაში კი ჰომოფობიურ შეურაცხმყოფელ გამოთქმებს ხმარობს და ამტკიცებს, აშშ-ს „ჰომოსექსუალური ავტორიტარიზმი“ ემუქრებაო.

ანტონ ვიშკარნიკი
ანტონ ვიშკარნიკი

რამდენიმე წელია ყოფილი რუსი დიპლომატი ანტონ ვიშკარნიკი ეუთოს სამდივნოში უფროსი ექსპერტისა და კონსულტანტის თანამდებობაზე მუშაობს.

ამა წლის სექტემბერში გამოქვეყნებულ Der Spiegel-ის, გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ZDF-ისა და ავსტრიის Der Standard-ის ერთობლივ გამოძიებაში, არაერთი სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენელი და დიპლომატი ვარაუდობს, რომ ვიშკარნიკი, რომლის სახელიც ერთობლივ ანგარიშში არ არის ნახსენები, მუშაობს რუსულ დაზვერვაზე. მაგრამ რადიო თავისუფლებამ ვერ მოიპოვა ამის მკაფიოდ დამადასტურებელი მტკიცებულება.

ვენის ორსაუკუნოვანი ისტორიის მქონე სასახლეში, სადაც ეუთოს სამდივნო მდებარეობს, ვიშკარნიკს კოლეგები უწოდებენ „პოლკოვნიკს“, რითაც რუსეთის უშიშროებასთან დიპლომატის კავშირს უსვამენ ხაზს.

აშშ-ის მთავრობის ანონიმმა წყარომ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ვიშკარნიკი ამერიკის დაზვერვისათვის წარმოადგენდა უფრო დიდ ინტერესს, ვიდრე რუსეთის საელჩოს რომელიმე რიგითი თანამშრომელი.

2017 წელს ეუთოს მაშინდელმა გენერალურმა მდივანმა, თომას გრემინგერმა გადაწყვიტა თავის ოფისში შეექმნა „სტრატეგიული პოლიტიკის მხარდამჭერი ჯგუფი (Strategic Policy Support Unit - SPSU). შვეიცარიის მოქალაქე გრემინგერს სურდა, რომ SPSU რუსეთისა და აშშ-ის, ასევე ევროკავშირისა და შვეიცარიის ექსპერტთა შეხვედრის ადგილი გამხდარიყო. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 52 წლის ვიშკარნიკის კანდიდატურა დაასახელა რუსეთის წარმომადგენლის პოსტზე, რასაც ეუთოს გენმდივანი დაეთანხმა.

ეუთოს ბევრ წევრ სახელმწიფოს არ ესმოდა SPSU-ს მიზნები და ამოცანები, რაც, ორგანიზაციაში მომუშავე ევროპელი დიპლომატების ცნობით, ეწინააღმდეგებოდა ეუთოს, როგორც ინკლუზიური ორგანიზაციის სულისკვეთებას.

ამასთან, ეუთოს უფროსი მრჩევლის პოსტზე ვიშკარნიკის როლს მხარს უჭერდა და აფინანსებდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. კრიტიკოსები უკმაყოფილოები იყვნენ იმის გამო, რომ ამ ჯგუფში საერთოდ მიიწვიეს რუსეთი, რომელიც ჯერ შეიჭრა და დაიპყრო საქართველოს ტერიტორიები, მოახდინა უკრაინის ტერიტორიების (ყირიმის) ოკუპაცია და უარს ამბობდა გაეყვანა სამხედრო ბაზა მოლდოვის სეპარატისტული დნესტრისპირეთიდან. ისინი შეშფოთებული იყვნენ იმითაც, რომ SPSU-ს წარმომადგენელთა შერჩევის პროცესი გამჭვირვალედ არ წარიმართა.

როდესაც 2020 წლის დეკემბერში ეუთოს გენერალური მდივანი ჰელგა შმიდი გახდა, მან გააუქმა „სტრატეგიული პოლიტიკის მხარდამჭერი ჯგუფი“. მაგრამ ანტონ ვიშკარნიკი დარჩა თავის კაბინეტში, ძველებურად მივლინებული და დაფინანსებული რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.

იგი, როგორც ეუთოს თანამშრომელი, სარგებლობს გარკვეული პრივილეგიებით, რასაც ბოროტად იყენებს. მიმდინარე წლის ივლისში ავსტრიის ევროპისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამინისტრომ ოფიციალური წერილი გაუგზავნა ეუთოს სამდივნოს ოფისს, რომელშიც ნათქვამია, რომ ავსტრიის პოლიციას ვიშკარნიკის მიერ საგზაო მოძრაობის წესების მრავალი დარღვევა აქვს დაფიქსირებული.

ანტონ ვიშკარნიკმა, რომელიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან 21 თვის შემდეგაც ეუთოში თავის პოსტზე რჩება, კომენტარის შესახებ რადიო თავისუფლების თხოვნას არ უპასუხა.

"პუტინის თარჯიმანი"

აღმოჩნდა, რომ ეუთოს ვენის ოფისში საპარლამენტო ასამბლეასთან ურთიერთობის მიმართულებით მუშაობს ქალი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის "თარჯიმნად" არის ცნობილი.

კალინინგრადელ დარია ბოიარსკაიას თარჯიმნის როლი დაეკისრა 2019 წლის ივნისში, როდესაც იაპონიის ქალაქ ოსაკაში G20-ის სამიტის ფარგლებში ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა გაიმართა.

დარია ბოიარსკაიას თარჯიმნის როლი დაეკისრა 2019 წლის ივნისში, როდესაც იაპონიის ქალაქ ოსაკაში ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა გაიმართა.
დარია ბოიარსკაიას თარჯიმნის როლი დაეკისრა 2019 წლის ივნისში, როდესაც იაპონიის ქალაქ ოსაკაში ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა გაიმართა.


როგორც თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ყოფილი მრჩეველი, ფიონა ჰილი ფიქრობს, დარია ბოიარსკაიმ ეს დავალება კრემლისგან იმიტომ მიიღო, რომ დონალდ ტრამპის ყურადღება მიეპყრო.

„ჩვენ ვიცით, რომ ეს ასეა, რადგან სიაში სხვაც იყო, მამაკაცი, რომელსაც ამ შეხვედრის თარჯიმნობა უნდა ეკისრა. და ბოლო მომენტში რუსებმა ის სხვა თარჯიმნით შეცვალეს“, - აღნიშნა ფიონა ჰილმა 2021 წლის ოქტომბერში Good Morning America-სთან ინტერვიუში და დასძინა, რომ ბოიარსკაია „შესანიშნავი თარჯიმანი“ გამოდგა.

ბოიარსკაია ადრე მუშაობდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში და ხშირად ახლდა პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს საერთაშორისო ვიზიტებში, მათ შორის თარჯიმნობდა 2018 წელს, ვლადიმირ პუტინისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის, ჯონ ბოლტონის შეხვედრის დროს.

ვლადიმირ პუტინმა ასევე დაიქირავა ბოიარსკაია 2016 წელს ჩინეთში, ამერიკის მაშინდელ პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან შეხვედრის დროს. ამავე დროს, 2010 წლის ივნისიდან, ის დროდადრო მუშაობდა რუსულიდან ინგლისურად მთარგმნელად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში ყოველწლიურად გამართული სესიების დროს.

ტრამპისა და პუტინის შეხვედრიდან ერთ წელზე მეტი ხნის შემდეგ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საიტზე გამოჩნდა განცხადება ვენის მოკავშირეთა ოფისში მრჩევლის ვაკანსიის შესახებ. განცხადების ტექსტის თანახმად, კანდიდატს უნდა დაეკმაყოფილებინა შემდეგი მოთხოვნები: სრულყოფილად უნდა შესძლებოდა რუსულად საუბარი, უნდა ჰქონოდა თარჯიმნად მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება და ასევე ეუთოს ქვეყნების პარლამენტებთან მუშაობის სულ მცირე ხუთწლიანი გამოცდილება.

განცხადება შეესაბამებოდა დარია ბოიარსკაიას პროფილს და საბოლოოდ ამ სამუშაოზე „პუტინის თარჯიმანი“ აიყვანეს.

მაგრამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგატებმა, რომლებსაც რადიო თავისუფლება ესაუბრა, დაიჩივლეს, რომ ბოიარსკაიას დაქირავება და შემდგომი დაწინაურება არ იყო გამჭვირვალე და მსგავსი ბიოგრაფია არ იძლევა არანაირ უპირატესობას.

2014 წლის ზაფხულში, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, რომელიც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთმნიშვნელოვნად დაგმო, დარია ბოიარსკაიას მუშაობას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, მათ შორის ვლადიმირ პუტინის პირადი თარჯიმნის რანგში, - ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზოგიერთი დეპუტატი უკეთეს შემთხვევაში უსულგულობად, უარეს შემთხვევაში კი უსაფრთხოების რისკად მიიჩნევს.

დარია ბოიარსკაიამ ეუთოში ეს პოსტი 2021 წლის თებერვალში, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში გაჩაღებული სეპარატისტული შეიარაღებული კონფლიქტიდან თითქმის 7 წლის შემდეგ დაიკავა.

პასუხად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში ერთ-ერთი ლატვიელი დეპუტატის წერილისა, რომელშიც ბოიარსკაიას დანიშვნა ღიად იყო გაკრიტიკებული, - ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურმა მდივანმა, რობერტო მონტელამ დაიცვა ბოიარსკაია: „ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ დავიქირავეთ იგი. მეტადრე რუსეთის სამხედრო აგრესიამდე და უკრაინაში შეჭრამდე“, - აღნიშნავდა თავის წერილში მონტელა.

2021 წლის სექტემბერში ბოიარსკაია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასთან ურთიერთობების ვენის ოფისის ხელმძღვანელად დაინიშნა. მასვე დაეკისრა „სპეციალური წარმომადგენლის მოადგილის“ მოვალეობის შესრულება. ამ პოსტზე დარია ბოიარსკაიას ევალება „ეუთოს წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებთან დიპლომატიური და ასევე ოპერატიული კონტაქტების შენარჩუნება, თანამშრომლობა და კოორდინაცია“.

მაგრამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების წარმომადგენელი ზოგიერთი დეპუტატი აგრძელებს პროტესტის გამოხატვას დარია ბოიარსკაიას ეუთოში საქმიანობის გამო.

მიმდინარე წლის დასაწყისში ეუთოში ლიეტუვის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ვილია ალეკნაიტე-აბრამიკენემ ბოიარსკაიას უწოდა „პუტინის უახლოესი გარემოცვის ძალიან წინააღმდეგობრივი პიროვნება“ და საჯაროდ იკითხა, თუ რა საფუძველზე შეარჩია მონტელამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვენის სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელად ადამიანი, რომელსაც „სავარაუდოდ, კავშირი აქვს რუსეთის სპეცსამსახურებთან“.

2022 წლის შემოდგომაზე პოლონეთის ქალაქ ლოძში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე, ბოიარსკაია და ეუთოს კიდევ ერთი თანამშრომელი ანჟელიკა ივანიშევა პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ორივე ქალი „ვლადიმირ პუტინის რეჟიმის მხარდამჭერია“ და მათი ყოფნა პოლონეთში „საფრთხეს უქმნიდა სახელმწიფო უსაფრთხოებას“.

ამა წლის დასაწყისში ლატვიის დელეგაციის ხელმძღვანელმა, რიჰარდს კოლსმა დარია ბოიარსკაია შეადარა ანა ჩაპმანს, აშშ-ში მოქმედ რუს აგენტ ქალს, რომელიც გამოძიების ფედერალურმა ბიურომ 2010 წელს დააპატიმრა რუსეთის საიდუმლო ჯაშუშობის ბრალდებით. ბალტიის ქვეყნების სხვა დეპუტატებმა კი შეხვედრაზე რობერტო მონტელას შეკითხვები დაუსვეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დაფინანსების შესახებ და შემოწმების ჩატარება მოითხოვეს.

შეხვედრის შემდეგ მონტელამ საყვედურიანი წერილი მისწერა კოლსს, რომელიც ლატვიელმა დეპუტატმა ინტერნეტში გამოაქვეყნა.

„ასეთი ქმედება შეფასდება, როგორც ცილისწამება, რომელიც ბევრ ქვეყანაში სისხლისსამართლებრივ დევნას ექვემდებარება“, - ნათქვამი იყო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივნის, რობერტო მონტელას წერილში.

ეპისტოლეში მონტელა არწმუნებდა რიჰარდს კოლსს, რომ ბოიარსკაიმ „პირობა დადო და ვალდებულია დაიცვას ეუთოს პერსონალის წესები და ქცევის კოდექსი, რომელიც თანამშრომლებს უკრძალავს თავიანთი ქვეყნებიდან ნებისმიერი სახის ინსტრუქციისა და მსგავსი რამის მიღებას“.


მაგრამ ასეთი განცხადება ბოლომდე ნდობას არ იწვევს ცალკეულ ევროპელ პოლიტიკოსებში, რადგან, როგორც ეუთოს ერთ-ერთ მუდმივმოქმედ მისიაში მყოფმა ევროპელმა დიპლომატმა უთხრა რადიო თავისუფლებას, „ბოიარსკაია არ არის რუსეთის რიგითი მოქალაქე“ და როგორც „პუტინის თარჯიმანი“, იგი რუსეთში აუცილებლად „დაექვემდებარებოდა უსაფრთხოების პროცედურებს, რაც კარგად არის ცნობილი კაგებეს სტილის მიდგომით. კითხვებს ვსვამთ და სათანადო პასუხებს ვერ ვიღებთ“, - განაცხადა ინკოგნიტო დიპლომატმა.

ზემოხსნებული Der Spiegel-ის, გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ZDF-ისა და ავსტრიის Der Standard-ის ერთობლივი გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ, რომელშიც დარია ბოიარსკაიასა და ეუთოში მის საქმიანობაზეც იყო საუბარი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საიტზე „პუტინის თარჯიმნად“ წოდებული ქალის სტატუსი შეუმჩნევლად შეიცვალა „უფროს მრჩევლად“ და იგი აღარ ირიცხება ვენის ოფისის ხელმძღვანელად.

ხოლო ბოიარსკაიას კიდევ ერთ, სპეციალური წარმომადგენლის მოადგილის ფუნქციას, ამჟამად მთავარი პოლიტიკური მრჩეველი, იტალიელი ფრენჩესკო პაგანი ასრულებს.

თავად დარია ბოიარსკაიამ კომენტარის თაობაზე რადიო თავისუფლების თხოვნა უპასუხოდ დატოვა.

XS
SM
MD
LG