15 წლის მოზარდს, რომელმაც 17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს, გამართულ აქციაზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სიტყვით გამომსვლელს, სავარაუდოდ, პატიმრობა არ ემუქრება. მიუხედავად იმისა, რომ შსს-მ 17 მაისსვე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც ძალადობას გულისხმობს, დადგინდა, რომ ინციდენტში მონაწილე პირი არასრულწლოვანია და მას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი იცავს, ანუ, მოზარდის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, თუკი არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ არასრულწლოვანმა ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული ჩაიდინა, პირველ რიგში, განიხილება განრიდების შესაძლებლობა.
განრიდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას გულისხმობს და არის სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმი, რომლის მიზანია არასრულწლოვნის სათანადო განვითარებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი 2016 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა და ის ადგენს არასრულწლოვნის ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, არასრულწლოვნის მონაწილეობით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისა და სისხლის სამართლის პროცესის თავისებურებებს, სასჯელისა და სხვა ზომების აღსრულების სპეციალურ წესებს. ამ კოდექსის ერთ-ერთი პირველი მიზანია მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვა, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია. კოდექსის მიხედვით, არასრულწლოვნის დაკავება, დაპატიმრება და მისთვის თავისუფლების აღკვეთა დასაშვებია მხოლოდ როგორც უკიდურესი ღონისძიება, რომელიც შეძლებისდაგვარად მოკლე ვადით და რეგულარული გადასინჯვის პირობით უნდა იქნეს გამოყენებული.
შსს-მ, სამწუხაროდ, არასწორად გადმოგამისამართათ. საქმეს იძიებს შსს და კომენტარიც მათ უნდა გააკეთონ.პროკურატურის პრესსამსახურის ხელმძღვანელი
რა საფეხურზეა 17 მაისს ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის აქციაზე მომხდარი ინციდენტის გამოძიების პროცესი? გადაეგზავნა თუ არა პროკურატურას საქმის დეტალები? დაიწყო თუ არა პროკურატურამ საქმის შესწავლა? ჩაერთნენ თუ არა პროცესში სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები? ამ და კიდევ სხვა კითხვებზე რადიო თავისუფლებამ ვერც შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ვერც პროკურატურისგან პასუხი ვერ მიიღო. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ არასრულწლოვნის საქმეს და იმას, თუ რა სახის პასუხისმგებლობა დაეკისრება მოზარდს და ჩაერთვება თუ არა ის განრიდების მექანიზმში, პროკურატურა გადაწყვეტს. პროკურატურის პრესსამსახურის ხელმძღვანელი კი რადიო თავისუფლებას სწერს:
„შსს-მ, სამწუხაროდ, არასწორად გადმოგამისამართათ. საქმეს იძიებს შსს და კომენტარიც მათ უნდა გააკეთონ“.
სოციალურ ქსელში ორად გაიყო აზრი 17 მაისის აქციის ინციდენტთან დაკავშირებით: ქსელების მომხმარებელთა ნაწილი 15 წლის მოზარდს საქციელს უწონებს, ნაწილი კი მის ძალადობას გმობს. ამ ფაქტს ეხმაურება სოციალური ქსელით ფსიქოლოგი მაია ცირამუაც, რომელიც არაერთი წელია მუშაობს პენიტენციურ სისტემაში არასრულწლოვანთა საკითხებზე. ის წერს:
„ვინც 15 წლის მოზარდს მარჯვენას უქებთ და ვაჟკაცად მიიჩნევთ იმის გამო, რომ განსხვავებული პოზიციისათვის ადამიანს თავს დაესხა, იცოდეთ, მარადიული პრობლემისთვის სწირავთ, ციხისთვის და კრიმინალური ცხოვრებისთვის. სხვა კი არაფერია კრიმინალური აზროვნება!..ნუ ახდენთ ამ ბავშვის გმირად ან დემონად გამოცხადებას. ვაცადოთ მართლმსაჯულების სისტემას“.
17 მაისს, გვიან ღამით, სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა დაზარალებულმა ახალგაზრდამაც. თავის ფეისბუქგვერდზე ის წერს:
„უკეთ ვარ. დიდი მადლობა ყველას, ვინც გვერდში მედგა, მწერდა, მირეკავდა. ერთი წამით არ ვნანობ აქციაზე დგომას. მშვიდ მონობას ასეთი თავისუფლება მირჩევნია. არანაირი აგრესია არ მაქვს მოძალადე არასრულწლოვანისადმი. დამნაშავეა სისტემა, სკოლა, ეკლესია, ოჯახი, სახელმწიფო. ვისურვებდი, მე და ამ ბიჭს უკეთეს საზოგადოებაში გვეცხოვროს“...
როგორც დაზარალებულმა რადიო თავისუფლებას უთხრა, მას ტვინის შერყევა აქვს.
აღსანიშნავია, რომ ამ ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე ლგბტ აქტივისტებმა რამდენიმე მცირე აქცია გამართეს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან და თითოეულ მათგანს კონკრეტული გზავნილებით მიმართეს. ერთ-ერთი უწყება, რომლის წინაც ლგბტ აქტივისტებმა მიმართვა წაიკითხეს, იყო სწორედ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. თავის გზავნილში ლგბტ აქტივისტები და უფლებადამცველები წერენ:
„როგორი სკოლა გვინდა? - სკოლა, სადაც იქნება უსაფრთხო გარემო ყველასათვის, სადაც ნებისმიერი შესაძლებლობის, იდენტობის, გარეგნობის, მრწამსის ბავშვი თავს დაცულად იგრძნობს, სადაც ბავშვებს, რომლებსაც უფროსების მხარდაჭერა სჭირდებათ, ეს უფროსები გაუგებენ, მიიღებენ... ჩვენ გვინდა, რომ სკოლა არ იყოს მხოლოდ აკადემიური უნარების სასწავლო დაწესებულება, არამედ გაამყაროს ჰუმანური ღირებულებები, ხელი შეუწყოს ბავშვების განვითარებას... ამ დროს შეძენილი სიძულვილი განაპირობებს ახალგაზრდებში ჰომოფობიური აგრესიის მომატებას. ამიტომ ჩვენ გვინდა უსაფრთხო სკოლა, სკოლა ჰომოფობიური ბულინგის გარეშე. ჩვენ გვინდა სკოლა ყველასათვის“.