Accessibility links

საზოგადოება
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
დახმარება საკმარისი არ არის - რა ხდება იმერეთის დათოვლილ სოფლებში

დახმარება საკმარისი არ არის - რა ხდება იმერეთის დათოვლილ სოფლებში


დიდთოვლობა იმერეთში
დიდთოვლობა იმერეთში

„დედას ინფარქტი აქვს, უგონო მდგომარეობაშია, ორი დღე დასახმარებლად ვერ მოვიდნენ” ... „სახურავი ჩამოინგრა, მეუღლე ვერ დადის, ვერ ვტოვებთ სახლს”... „4 ძაღლი მყავს, ჩემს საკვებს ვაჭმევ, არ ვიცი კიდევ რამდენ ხანს გვეყოფა”... „მეუღლე სახურავს წმენდდა, ჩამოვარდა, ფეხი მოიტეხა, ვერ მიმყავს ექიმთან”.

ეს მხოლოდ რამდენიმე ამბავია იმერეთში დიდთოვლობის გამო გარესამყაროს მოწყვეტილ სოფლებში მცხოვრებთა მძიმე ყოფიდან. ხალხი დახმარებას ისევ ითხოვს და ისევ ელოდება.

გურიის მსგავსად, რამდენიმედღიანმა გადაუღებელმა თოვამ იმერეთის ათობით სოფელშიც შექმნა პრობლემები - ჩამოინგრა სახლების სახურავები, ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა ვერ ახერხებს ახლობლებთან დაკავშირებას, დაიხურა სკოლები და ბაღები, ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებთან ვერ მიდის სასწრაფო სამედიცინო დახმარება, ნაწილს არ აქვს საკვების საკმარისი მარაგი და მედიკამენტები. ამ დრომდე ეძებენ ერთ-ერთი ადგილობრივის ადგილსამყოფელს.

იმ ადამიანების დიდი ნაწილი, ვისთან დაკავშირებაც რადიო თავისუფლებამ შეძლო, შუა ხნისაა ან ხანდაზმული და ჯანმრთელობის ქრონიკულ პრობლემებს უჩივის. მათთვის ორ მეტრამდე თოვლში მოძრაობა შეუძლებელია და პრობლემებისგან თავის დაღწევის ერთადერთი გამოსავალი სხვების დახმარებაა.

სოფლებში, სადაც შედარებით მეტი ახალგაზრდა ცხოვრობს, მოსახლეობამ ერთმანეთთან დამაკავშირებელი „გვირაბების” გაკეთება შეძლო - ასე უწოდებენ ბილიკებს, რომლებიც ორ მეტრამდე თოვლში გაჭრეს, რომ ერთმანეთისთვის ხმა მიეწვდინათ.

ამ დრომდე 40-მდე სოფლის გზაა ჩაკეტილი. დასახლებებთან დაკავშირება მხოლოდ ტელეფონით თუ შეიძლება, მაგრამ ესეც იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგია აქვთ.

ამ დროისთვის ელექტროენერგია 2 470 აბონენტს არ მიეწოდება.

რა ხდება სოფლებში, სადაც დაკავშირება ხერხდება

სოფელი კვალითი

სოფელი კვალითი ზესტაფონიდან რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული, თუმცა დიდთოვლობის გამო გარესამყაროსაა მოწყვეტილი. 63 წლის ია მუმლაძე მეუღლესთან ერთად რამდენიმე დღეა სახლს ვერ ტოვებს.

მათი სახლის სახურავის საყრდენმა ბოძებმა თოვლის სიმძიმეს ვეღარ გაუძლო:

„3 დღის წინ, ღამე, 11-ის ნახევარი იქნებოდა, შუქი ახალი ჩამქრალი იყო. ხმა გავიგე. ვერ ავედი ზემოთ, მივხვდი, რაღაც სჭირდა ჩემს სახლს, მაგრამ შემეშინდა ასვლა.

დილას მეზობლის ბიჭს დავურეკე, სანამ იმან გათოვლა [გაწმინდა] გზა, რომ ავედით, უკვე წვებოდა ცალ მხარეს სახურავი. ამან მეზობლის ბიჭებს დაუძახა, იმათ 2 საათი დასჭირდათ, ჩემამდე რომ მოსულიყვნენ.

ფიცრები შეუყუდეს, რაც კი ნახეს, ვითომ გაამაგრეს, მაგრამ სახლი დიდია და ვერ ამაგრებს ეს ხეები. შიგნით არ შევუშვი, რომ ჩავარდეს და მოკვდეს სხვისი შვილი, მეც ხომ უნდა მოვიკლა თავი”, - ჰყვება ია.

ია ცერცვაძის სახლის სახურავი
ია ცერცვაძის სახლის სახურავი

ის და მისი 68 წლის მეუღლე სახლის პირველ სართულზე ცხოვრობენ. სახლის ჩამონგრევის საფრთხე ახლა არ დგას, თუმცა ასეც რომ იყოს, მის დატოვებას ვერ შეძლებდა, რადგან მის მეუღლეს სიარული არ შეუძლია.

„სამი დღეა ვეხვეწები გამგებელს, გზა გაწმინდე, მეზობელი მოვიდეს, მომეხმაროს-მეთქი. მანდ პატარა ტრაქტორი ვერ ამოვა, დიდ ტრაქტორს ველოდებიო, მეუბნება. ინსულტიანი ქმარი მიწევს სახლში. რომ დავტოვო სახლი, სად წავიდე. შვილები კი მყავს, მაგრამ როგორ წაგვიყვანენ, ეს ავადმყოფი კაცი სად დავტოვო”, - ამბობს ის.

ია შუა კვალითში ცხოვრობს. მის გარშემო სულ ოთხი ოჯახია. იქვე ცხოვრობს ქალი, რომელსაც ორივე ფეხზე ოპერაცია აქვს გაკეთებული და ვერც ის დადის. მეზობლები ვერ იგებენ, როგორ არის ახლა.

სოფელ კვალითში, თუმცა მოშორებით, ცხოვრობს 64 წლის მარინა გეწაძე. ის ონკოპაციენტია. მარინა შიშობს, რომ თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა დაუმძიმდება, სასწრაფო სამედიცინო დახმარება მის სახლამდე ვერ მიაღწევს.

„ძალიან დიდი თოვლია, საერთოდ არ მოჩანს გზა. არც ცენტრალური და არც საუბნო გზა არ გაწმენდილა. თითქმის ორ მეტრამდეა თოვლი. მეექვსე დღეა ტრაქტორს არ გაუვლია. საფეხმავლო ბილიკიც არ არის”, - გვიყვება ის.

სოფელი პატარა სამება

ზესტაფონიდან 18 კილომეტრში, სოფელ პატარა სამებაში თითქმის ორი დღის განმავლობაში ელოდა უგონოდ მყოფი 82 წლის ციალა ცქიტიშვილი სასწრაფო დახმარებას.

მისი შვილი, გელა ცქიტიშვილი რადიო თავისუფლებასთან ჰყვება, რომ დედას, ინფარქტი გუშინ, 27 თებერვალს გამთენიისას ჰქონდა, რის შემდეგაც უგონო მდგომარეობაშია. გელა დედას საკუთარი ძალებით, სახლში უვლიდა:

„რაც დრო გადის, უარესდება [ქალის მდგომარეობა] თავისთავად. სუნთქვა შეუნელდა, კონტაქტზე ვერ გამოდის და სუნთქვით კი სუნთქავს. თითქოს ძინავს, ასეა.

წნევას ვუზომავ, თუ რაღაცაა, წნევის წამალს ვფშხვნი და ვაყრი პირში. ტუჩებს ვუსველებ, რომ არ გამოუშრეს”, - გვიყვებოდა გელა მანამდე, სანამ ადგილზე მესამე მცდელობის შემდეგ, შესაბამისი ტექნიკა მივიდოდა.

გელა ამბობს, რომ პირველ დღეს მათი მიმართულებით ორი ტრაქტორი დაიძრა, თუმცა ორივე გაფუჭდა გზაში. მეორე დღეს კი სხვა ტრაქტორი გაგზავნეს.

ციალა ცქიტიშვილის კლინიკაში გადაყვანა საბოლოოდ წუხელ, 12 საათისთვის მოხერხდა. ის ახლაც უგონო მდგომარეობაშია. ექიმებმა მის შვილს უთხრეს, რომ

„აპარატზე არ შეუერთებიათ, მაგრამ ახლაც არ არის კონტაქტური. თუ დაგვიანებული არ არის, შეიძლება გამოვიდეს მდგომარეობიდან, მაგრამ 48 საათი რომ ვერ მოხერხდა გადაყვანა, შეშუპება შეიძლება ამის გამო დაწყებულიყოო“, - უთხრეს ექიმებმა ქალის შვილს.

სოფელი ბზვანი

სახლში ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ოჯახის წევრებთან ერთად დიდთოვლობაში ჩარჩენილია ლანა ნიკოლეიშვილიც.

მრავალშვილიან ოჯახს ბავშვებისთვის საკვები და მედიკამენტები ეწურებოდა, თუმცა მოხალისეებმა გუშინ მასთან მისვლა შეძლეს. ლანას მეუღლე, ოთარ პაიჭიძე, ოთხი დღის წინ სახურავს წმენდდა, როდესაც ჩამოვარდა და, სავარუადოდ, ფეხი მოიტეხა. როგორც ლანა ამბობს, ძლიერ ტკივილებთან გამკლავებას ოთარი მსუბუქი ტკივილგამაყუჩებლებით ცდილობს.

ავად არის მათი 6 წლის შვილიც, რომელიც კლინიკიდან დიდთოვლობამდე რამდენიმე დღით ადრე გამოწერეს.

„მეუღლეს ფეხი გადავუხვიეთ სახლში, მაგრამ მოსვლით ვინ მოვა, იმხელა თოვლია, ვერავინ მოდის. კარგი მანქანა თუ ჰყავს ვინმეს, შეიძლება ქვევით მოვიდეს, მაგრამ ჩვენ ჩიხში მაინც ვერ შემოვა.

სანამ თოვა დაიწყებოდა, რამდენიმე დღით ადრე ვირუსი ჰქონდა ჩემ შვილს. საავადმყოფოში მყავდა, ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც აქვს. ახლაც მეორე დღეა, სიცხეები აქვს, მაგრამ ვერ მიმყავს, ექიმს დავურეკე წუხელ, მითხრა რა წამლებიც უნდა მივცე, მაგრამ არ მაქვს არაფერი”, - ამბობს ლანა.

მისი თქმით, თავად არ დაურეკავს სასწრაფო სამედიცინო დახმარების მისაღებად, რადგან ფიქრობს, რომ მის სახლამდე მისვლას მაინც ვერ შეძლებენ.

სოფელი ობჩა

გზის გაწმენდას ელოდება ბაღდათის რაიონ სოფელ ობჩაში მცხოვრები 62 წლის ნინო ვაშაყმაძეც. თოვა რომ დაიწყო, მან და მისმა მეუღლემ შესაბამისი მედიკამენტების მომარაგება ვერ მოასწრეს.

„გარეთ ვერ გავდივართ, იმხელა თოვლია. სადაც საქონელი გვყავდა, იქ მისვლაც გაგვიჭირდა, ვერ გადავთოვლეთ ბოსელი და ჩამოინგრა. საქონლის გამოყვანა მოვასწარით მაგრამ ერთი ხბო გვყავს დარჩენილი, ბოძი დაეცა ზურგზე, იმის გამოყვანაც მინდა, თუ გადავარჩინე ცოცხალი.

ახლოს ისეთი არავინაა, რომ მომეხმაროს. საკვები კი გვქონდა ჩვენთვის, მაგრამ 4 სული ძაღლი მყავს, რომელთაც კვება სჭირდება, მათი საჭმელი რომ გამოგველია, ახლა ჩვენსას ვაჭმევ და მალე ამოიწურება ალბათ, თუ ვერ გავედი”, - გვითხრა ნინომ შუადღეს, როდესაც დავურეკეთ.

მას მოგვიანებით, გუშინ საღამოს რვა საათისთვისაც დავუკავშირდით. სწორედ ამ დროისთვის ახალი მისულები იყვნენ მასთან მოხალისეები, რომლებმაც საკვები და დიაბეტიანი მეუღლისთვის საჭირო მედიკამენტები მიუტანეს.

სოფელი ობჩა
სოფელი ობჩა

„იყო შემთხვევები, ისეთ დროს მივუსწარით, საჭმელი უკვე გამოლეული ჰქონდათ” - მოხალისეები

გზისა და საკომუნიკაციო საშუალებების გარეშე დარჩენილი მოსახლეობის შესახებ ინფორმაციას ძირითადად მათი ახლობლები, ოჯახის წევრები, მეზობლები ან ნათესავები ავრცელებენ სოციალურ ქსელებში შექმნილ ჯგუფებში. ეს ჯგუფები სწორედ მოხალისეებმა შექმნეს. შეტყობინებებს ოპერატორი მოხალისეები აგროვებენ, შემდეგ კი აწვდიან სხვა, ველზე მომუშავე ჯგუფებს.

ერთ-ერთ ასეთ ჯგუფშია ქუთაისში მცხოვრები ზაალ კუხიანიძე. მან ორი დღის წინ, რამდენიმე მეგობართან ერთად გადაწყვიტა, ბაღდათის რაიონის სოფლებში ჩარჩენილებს დახმარებოდა:

„ერთ-ერთ ჯგუფში დაიწერა, რომ ბაღდათის რაიონში იყო მძიმე მდგომარეობა. მოვიძიეთ ინფორმაცია და გუშინვე დავიძარით სამი ჯიპით. ოფროუდერები გვეხმარებიან.

პირველ ოთხ ოჯახში მოვახერხეთ მისვლა. ერთ-ერთ ოჯახში, სადაც სამი მცირეწლოვანი ბავშვი იყო, ჩავიტანეთ საჭირო რაღაცები. სრულიად გაუკვალავი გზა იყო, ორი დღე მოწყვეტილები იყვნენ ყველაფერს. მუშაობა შევწყვიტეთ ღამე, რადგან არ გვქონდა შესაბამისი აღჭურვილობა”, - გვიყვება კუხიანიძე.

ზაალ კუხიანიძე მოხალისეებთან ერთად
ზაალ კუხიანიძე მოხალისეებთან ერთად

მისი თქმით, მეორე დღესვე მის ჯგუფში მოხალისეების რაოდენობა 20-მდე გაიზარდა.

„ძირითადად მედიკამენტები სჭირდებათ. ელევათ საკვებიც. მაგალითად, პირველ დღეს ვისთანაც ვიყავით, ამ ოთხ ოჯახში საკვების დეფიციტი ჰქონდათ”, - ამბობს ის.

მისი თქმით, დღის პირველ ნახევარში მხოლოდ ბაღდათისა და ვანის რაიონების მიმართულებით 30-მდე ზარი იყო შესული.

ბაღდათის რაიონში სამ მოხალისესთან ერთად მოძრაობს გივი არიშვილიც. მან გუშინ ერთ სოფელში 6 ოჯახთან მისვლა მოასწრო:

„ძირითადად გაუკვალავია გზა. ცენტრალურ გზას წმენდენ ადგილობრივები და კერძო ტრაქტორის მფლობელები. რამდენიმე ადამიანი იყო, ვისთანაც ფეხით ასვლა დაგვჭირდა. იყო შემთხვევები, ისეთ დროს მივუსწარით, საჭმელი უკვე გამოლეული ჰქონდათ.

კარგია მოხალისეების აქტიურობა, მაგრამ სახელმწიფოს დახმარებაც არ იქნებოდა ცუდი. მაგალითად, გზაზე გადაწოლილი ხეები რომ მოაშორონ და ხალხს მისცენ საშუალება, რამენაირად გაკვალონ გზა”, - ამბობს ის.

გივი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო საკმარისად მომზადებულად ვერ შეხვდა დიდთოვლობას.

იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის სამსახურის ინფორმაციით, წუხელ მთელი ღამის განმავლობაში 93 ერთეული ტექნიკა მუშაობდა. სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია სამხედრო ძალები, როგორც ცოცხალი ძალა, ასევე 21 ერთეული ტექნიკაც. მათივე ცნობით, 70-მდე სოფელი უკვე გაიხსნა, თუმცა კვლავ ჩაკეტილი რჩება 40-მდე სოფელი.

საკოორდინაციო შტაბის გადაწყვეტილებით, იმერეთში 40 ტონაზე მეტი სურსათი და პირველადი მოხმარების პროდუქტი ჩავიდა. მის დარიგებას საჭიროების შესაბამისად სოფლებში გეგმავენ.

დიდთოვლობის შედეგად რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ უკავშირდებოდნენ ტარიელ ხეცაძეს, გრიგოლ ბერაძესა და მერაბ კოჩაძეს. მწყემსები მთაში თოვის დაწყებამდე წავიდნენ და ახლა თან წაღებული საკვების მარაგი უკვე გამოლეული უნდა ჰქონდეთ.

სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის მიერ რადიო თავისუფლებისთვის მიწოდებული ბოლო ინფორმაციით, ტარიელ ხეცაძის და გრიგოლ ბერაძის კოორდინატები დადგენილია სოფელ ხიდარში, საკრაულას ხეობაში. შედგა მათთან კომუნიკაციაც. მათი ადგილსამყოფელი ერთმანეთისგან დაახლოებით 3 კილომეტრითაა დაშორებული. თოვლის საფარი 3 მეტრზე მეტია.

გუშინ, 28 თებერვლის საღამოს მონაცემებით, დაუდგენელი იყო მერაბ კოჩაძის ადგილსამყოფელი. მას თავდაცვის სამინისტროსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები დრონებით ეძებდნენ.

რადიო თავისუფლება დილიდან ცდილობს დაადგინოს, შეძლეს თუ არა ხეცაძესთან და ბერაძესთან მისვლა, ასევე, მიაკვლიეს თუ არა კოჩაძის ადგილსამყოფელს. ინფორმაციის მიღებისთანავე სტატია განახლდება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG