Accessibility links

პოლიტიკა
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
„მიცვალებულს ვერ მარხავენ” - გურიაში ჭირისუფლებს დიდთოვლობამ საფიქრალი დაუმატა

„მიცვალებულს ვერ მარხავენ” - გურიაში ჭირისუფლებს დიდთოვლობამ საფიქრალი დაუმატა


დიდთოვლობამ ათობით სოფელი გარე სამყაროს მოწყვიტა
დიდთოვლობამ ათობით სოფელი გარე სამყაროს მოწყვიტა

გურიაში, სადაც ერთი კვირაა დიდთოვლობამ ათობით სოფელი გარესამყაროს მოწყვიტა და ადგილობრივები ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და სატელეფონო კავშირის გარეშე დატოვა, მოსახლეობა სხვა პრობლემებთან ერთად წუხს იმაზე, რომ გაუწმენდავი გზები გარდაცვლილი ოჯახის წევრების დაკრძალვის საშუალებას არ აძლევს. 

24 თებერვალს სოფელ კონჭკათში დიდთოვლობას ემსხვერპლა იური ჭუმბურიძე, რომელიც მეზობელს სახლის გადათოვლაში ეხმარებოდა. სახურავი ჩაინგრა და 65 წლის კაცი ნანგრევებში მოყვა. მისი ოჯახის ახლობლები ხან მოხალისეებს და ხან ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვდნენ დახმარებას, ერთი მხრივ, სოფელში მისასვლელი გზის და, მეორე მხრივ, სასაფლაომდე მიმავალი გზის გაწმენდაში, გარდაცვლილი რომ დაეკრძალათ.

იურის ქალიშვილი, ნანა რადიო თავისუფლებას 28 თებერვალს ეუბნება, რომ მამის დაკრძალვა კვირას, 2 მარტს დაგეგმეს და იმედი აქვთ, რომ მანამდე სასაფლაომდე მიმავალ გზას გაწმენდენ - გარდაცვლილის დაკრძალვაზე კი მხოლოდ ოჯახის წევრები იქნებიან. მთავარი გზიდან სოფლის გზამდე 4 კილომეტრია, ეს მონაკვეთი ისევ დათოვლილია.

„მეზობელს მიცვალებული ჰყავს, ადგილობრივ ხელისუფლებასთან რომ დარეკა, იმან უთხრა ხვალ გაწვიმდება და დადნება თოვლი, მოიცადეო. ერთი ტრაქტორიც არ შემოსულა სოფელში, რომ ფეხით მაინც ვიაროთ. ასეთი თოვლი 1985 წლის მერე არ ყოფილა აქ”, - ეს ნათია მუჯირმა სოფელ ნატანებიდან რადიო თავისუფლებას ჯერ კიდევ 24 თებერვალს უთხრა.

78 წლის გულნარა ტყეშელაშვილი, რომელზეც ის საუბრობდა, დიდთოვლობის დაწყებამდე, 21 თებერვალს გარდაიცვალა. ოჯახს იმედი ჰქონდა, რომ მას ერთი კვირის თავზე, 27 თებერვალს დაკრძალავდნენ, მაგრამ გასვენება 1 მარტისთვის, შაბათისთვის გადადეს. პარასკევს ნათხოვარი ტრაქტორით დაიწყეს ადგილობრივებმა სასაფლაომდე მისასვლელი დაახლოებით ერთკილომეტრიანი გზის წმენდა, თუმცა ბოლომდე ჯერაც ვერ გაწმინდეს თოვლისგან. ამ გზის პირას მდებარე სახლებში რამდენიმე მოსახლე ცხოვრობს - ისინი ერთი კვირაა ელექტროენერგიისა და სასმელი წყლის გარეშე არიან დარჩენილები.

გურია, სოფელი ნატანები
გურია, სოფელი ნატანები

გურიის დასახმარებლად მოხალისეების მიერ შექმნილ ჯგუფში ამ დრომდე წერენ, რომ დიდთოვლობისას ან მანამდე გარდაცვლილების დაკრძალვაში ოჯახის წევრებს დახმარება სჭირდებათ. სოფლებში, სადაც ძირითადად ხანშიშესული ადამიანები ცხოვრობენ, დათოვლილი გზების გამო ვერ ხერხდება მიცვალებულებისთვის ჩასასვენებლების მიტანა. ვისაც დიდთოვლობამდე ჰქონდა მიტანილი, ახლა გენერატორებს ითხოვს, რადგან სოფლების ნაწილი კვლავ დენის გარეშეა დარჩენილი.

„ბებია გარდამეცვალა ორი დღის წინ, მაცივარში გვისვენია და დროდადრო შუქი მიდის. “ენერგო პროში“ დავრეკე, პრობლემა გადაცემულია და მიმდინარეობს “მოკვლევა”, მაგრამ ალბათ ხვდებით, რომ ლოდინის დრო არ მაქვს. სასწრაფოდ მჭირდება “დვიჟოკი” 2,5 იანი, ძალიან გთხოვთ, ვინც ოზურგეთში ხართ, იქნებ ვინმეს ჰქონდეს სახლში და მათხოვოს, მაღაზიები, სადაც მსგავსი რამ იყიდება, ზოგადად ძალიან ცოტაა ოზურგეთში და ახლა საერთოდ ყველაფერი დაკეტილია”, - დახმარებას ითხოვდა ლევან ნემსაძე 25 თებერვალს. ის ოზურგეთში ცხოვრობს, ბებიაც ოზურგეთში ჰყავდა, თუმცა მისი დაკრძალვა სოფელ ქვემო ბახვშია დაგეგმილი.

28 თებერვალს ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ბებიას დაკრძალვა სოფელ კვირას აქვთ დაგეგმილი, თუმცა გზა სასაფლაომდე ჯერ კიდევ ბოლომდე გაწმენდილი არ არის და არც სოფლამდე მისასვლელი გზაა მანქანებისთვის უსაფრთხო. გენერატორი “კეთილმა ნაცნობებმა” მალევე ათხოვეს და გარდაცვლილი ჯერაც ოზურგეთში ჰყავთ.

“სოფელში რომ ავედი, ყველა უკმაყოფილო იყო, დღეს რასაც ლაპარაკობდნენ, შუკების და გზების გაწმენდას ითხოვს ხალხი, მოხუცებიც ცხოვრობენ იქ, მარტოხელა დედებიც. ამბობდნენ, რომ სათანადოდ არ უმუშავიათ მათ, ვისაც ეს ევალებოდა. ტრაქტორი რაც ჰყავდათ გამოყოფილი გზის გასაწმენდად, რამდენჯერმე დავურეკეთ, მერე ფეხით ავყევით”, - ამბობს ის და იმედს იტოვებს, რომ ბებიის დაკრძალვის დღისთვის გზა უკვე გაწმენდილი იქნება.

მათთვის, ვისი ოჯახის წევრიც დიდთოვლობის დაწყების შემდეგ გარდაიცვალა, გაუწმენდავი გზები, გარდა იმისა, რომ ოჯახის წევრებს გარდაცვლილამდე მისვლას ურთულებს, პრობლემების ჯაჭვის მხოლოდ ერთი რგოლია: ჩასასვენებლის მიტანა ისეთ სოფელში, სადაც ფეხით სავალ გზას ძლივს კვალავენ სოფლის მცხოვრებლები, მიწის გათხრა, რომელსაც რიგ სოფლებში თოვლის ორმეტრიანი საფარი ადევს, დაუკრძალავი მიცვალებულის გვამის გაჩერება სახლში მაცივრის გარეშე განუსაზღვრელი ვადით და დაცლილი სოფლები, სადაც რთულია როგორც მძიმე ტექნიკის ქირაობა, ასევე შრომისუნარიანი დამხმარეს პოვნა სამეზობლოში.

„სოფელ ომფარეთში, ლანჩხუთის რაიონში, დღეს დილით გარდაიცვალა ჩვენი ბებია. ვერ ჩავდივართ ბათუმიდან, ძალიან დიდი თოვლია. გზის გაწმენდა გვჭირდება სასწრაფოდ, რომ ჩავიდეთ და დავასაფლავოთ”, - დახმარება ანა სლიუსარევამაც პირველად 25 თებერვალს ითხოვა. მან ბებიას სამძიმარზე ასვლა მხოლოდ 27 თებერვალს შეძლო. ანა რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ 28 თებერვლისთვის სოფლისკენ მიმავალი გზა უკვე გაწმენდილია.

„ოზურგეთის რაიონ სოფელ ძიმითში არის ძალიან რთული მდგომარეობა, არ აქვთ არც გზა და არც შუქი, კოხის უბანში არის გარდაცვლილი და უგზოობის გამო ვერ ასაფლავებენ…” - ამ შეტყობინების მოხალისეების ჯგუფში გამოქვეყნებიდან მეორე დღეს დიანა აბაშიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სოფლისკენ მიმავალი გზის გაწმენდა დაწყებულია.

კიდევ ერთი გარდაცვლილის ოჯახისთვის დახმარებას ითხოვდა აქტივისტი, ჯგუფ „დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ილია ღლონტი, რომელიც გურიაში მოხალისედ არის წასული.

მან 27 თებერვალს ფეისბუკზე დაწერა, რომ 14 წლის გურამ ბარამიძეს გარდაეცვალა დედა და საჭირო იყო ტრანსპორტი, რომელიც გაუკვალავ გზაზე გავლას შეძლებდა იმისათვის, რომ ბავშვი დედის სამძიმარზე მისულიყო ნაგომარიდან სოფელ ჭანჭათში. დღის ბოლოს ილიამ ეს ინფორმაცია განაახლა ცნობით, რომ მოზარდი მამასთან ერთად ფეხით მიდიოდა გარდაცვლილ დედასთან, რადგან იმ დღეს გზის გასაწმენდად საჭირო მძიმე ტექნიკა ვერ იშოვეს.

„მეგობრებო,

ჭანჭათის გზა იწმინდება გამგეობის მიერ!

გუშინდელი დღიდან ვცდილობდით გამგეობისგან რესურსის გამოყოფისთვის მიგვეღწია. გუშინ საღამოს ვერ მოხერხდა, მაგრამ დაპირება მივიღეთ, რომ დღეს დილიდან იპოვიდნენ რესურსს. დღეს დილიდან ვიყავით კონტაქტზე და ახლა მოხერხდა გზის გაწმენდის დაწყება! იმედი გვაქვს უახლოეს საათებში მოხდება გარდაცვლილის გამოსვენება და ოჯახი შეძლებს ბოლო გზაზე გააცილოს გარდაცვლილი ქალბატონი!” - ეს არის ბოლო ცნობა ილია ღლონტისგან ჭანჭათში გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის შესახებ.

გურიაში დიდთოვლობა ერთი კვირის წინ, 21 თებერვალს დაიწყო, 25 თებერვლიდან ვრცელდება დიდთოვლობით შექმნილი პრობლემების შესახებ ცნობები იმერეთის სხვადასხვა რეგიონებიდანაც. ხელისუფლებას, რომელიც ამბობს რომ გარე სამყაროს მოწყვეტილი ადამიანების დასახმარებლად თავდაცვის ძალები და 600-მდე მაშველი მუშაობს გურიაში, ამ დრომდე არ გაუვრცელებია ცნობები უამინდობის გამო მიყენებული ზიანისა და მსხვერპლის შესახებ.

გურიაში დიდთოვლობის დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ კვლავ ათობით სოფლიდან ითხოვენ მოქალაქეები დახმარებას გზის გაწმენდასა და კომუნიკაციების, მათ შორის, ელექტროენერგიის აღდგენაში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG