24 თებერვალს გამოჩნდა პირველი ცნობები გარესამყაროს მოწყვეტილი ათობით სოფლის შესახებ; დახმარებას ითხოვდნენ დიდთოვლობაში ჩარჩენილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი მოხუცები, ქალები და ბავშვები, რომლებთანაც მალე მობილური კავშირიც გაწყდებოდა. ამავე დღეს დადასტურდა, რომ სტიქიას მსხვერპლიც მოჰყვა. სოფელ კონჭკათში იური ჭუმბურიძე მეზობელს სახლის გადათოვლაში ეხმარებოდა, სახურავი ჩაინგრა და შუახნის კაცი ნანგრევებში მოყვა. მისი ოჯახი გარდაცვლილის დაკრძალვას ვერ ახერხებს და ადგილობრივი ხელისუფლებისგან გზის გაწმენდას ითხოვს - გარდაცვლილი სასაფლაომდე ვერ მიჰყავთ, ოჯახის ახლობლები სამძიმარზე ვერ მიდიან.
სახელმწიფო უწყებების თქმით, დიდთოვლობაში მოყოლილი მოსახლეობის დასახმარებლად მუშაობს 600-მდე მაშველი, მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და თავდაცვის ძალები. პროცესებს მართავს საკოორდინაციო შტაბი.
25 თებერვალს დიდთოვლობაში მოყოლილების დახმარებაზე ფიქრი მოხალისეებმა დაიწყეს - დღის ბოლოსთვის უკვე არსებობდა ვებსაიტი გარესამყაროს მოწყვეტილი ოჯახების რუკაზე დატანილი მონაცემებით და რამდენიმე სოფელში რიგდებოდა პირველადი საჭიროების ნივთები და საკვები.
დიდთოვლობის ერთი კვირის თავზე ამ ვებსაიტზე კვლავ ათასამდე სხვადასხვა საჭიროების მქონე ოჯახის შესახებ არის მონაცემები გაერთიანებული.
თითქმის ერთკვირიანი გადაუდებელი თოვის განმავლობაში არც საკოორდინაციო შტაბის, არც მთავრობის და არც კონკრეტული სახელმწიფო უწყებების სახელით არ გამართულა ბრიფინგი ან პრესკონფერენცია, სადაც, ერთი მხრივ, საზოგადოებას ექნებოდა საშუალება მოესმინა ხელისუფლების ანგარიში, მეორე მხრივ კი, ყველა მედიის წარმომადგენელი დასვამდა კითხვებს.
28 თებერვლისთვის დაუზუსტებელია როგორც დიდთოვლობით გამოწვეული ზიანი, ასევე დანგრეული შენობების, მათ შორის საცხოვრებელი სახლების და იმ მოქალაქეების რაოდენობა, ვისაც სახლიდან გაყვანა დასჭირდა.
არცერთ უწყებას საჯაროდ არ გამოუქვეყნებია მონაცემები თოვლში მოყოლილი მოქალაქეებისა და მათი საჭიროებების შესახებ, არც დიდთოვლობის ზონა დაუყვია საფრთხეების მიხედვით. 112-ში შესული ზარების მეშვეობით, რომლებიც ზუსტად აჩვენებს იმ ადამიანის ადგილმდებარეობას, ვინც დახმარების სათხოვნელად რეკავს, მაქსიმალური სიზუსტით შეიძლება ამგვარი ზონებისა და დასახლებების იდენტიფიცირება.
სახელმწიფოს არ უთქვამს, რომ სამაშველო სამუშაოებში ჩართეს განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტის თანამშრომლები, რომლებსაც სტიქიის დროს მოქალაქეების დახმარებას კანონი ავალდებულებს. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები დიდთოვლობის სალიკვიდაციო სამუშაოებში მხოლოდ ერთი კვირის თავზე, 28 თებერვალს ჩაერთნენ.
ამ სტატიაში ქრონოლოგიურად აღვადგენთ, როგორი იყო ხელისუფლების რეაგირება წინასწარ გამოცხადებულ დიდთოვლობაზე.
21 თებერვალს დღის მეორე ნახევარში მოქალაქეები იღებენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას მოსალოდნელი უამინდობის შესახებ. უახლესი ინფორმაციით, ყინვა და ზვავსაშიშროება 3 მარტამდე შენარჩუნდება.
21 თებერვალი, 13:43 - აჭარის მთავრობა უხვ ნალექზე საუბრობს და ავრცელებს ფოტოებს, სადაც ჩანს გზის გაწმენდის სამუშაოები. აჭარის მთავრობისვე ცნობით, ამ დროისთვის თოვლის წმენდის სამუშაოებში ჩართულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის 57 ერთეული სპეცტექნიკა.
21 თებერვალი, 14:30 - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს ინფორმაციის იმის შესახებ, რომ თოვლისგან გზის გაწმენდის სამუშაოები შუაღამით დაიწყო და უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
მერიის ცნობით, ამ დროისთვის მთავარი და შიდა გზები იწმინდება შემდეგ სოფლებში: ვაკიჯვარი, ჯუმათი, სილაური, ნაგომარი, დვაბზუ, ცხემლისხიდი, შრომა, ნატანები, გურიანთა, მერია, ასკანა, მთისპირი, მაკვანეთი, ჭანიეთი, ლიხაური, ნასაკირალი, ბახვი. თოვლის წმენდის პროცესში ჩართულია 15 ერთეული ტექნიკა.
21 თებერვალი, 17:10 - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი ავრცელებს პირველ ცნობებს დიდთოვლობის და უშუქოდ დარჩენილი სოფლების შესახებ, თუმცა კონკრეტიკის გარეშე. აქცენტი კეთდება იმაზე, რომ „შესაბამისი ტექნიკა მობილიზებულია” და „თოვლის საფარისგან გზის გაწმენდის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს”.
22 თებერვალს, დღის პირველ ნახევარშივე საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს განცხადებებს, რომ ინტენსიური თოვლის გამო დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტომობილების მოძრაობა საავტომობილო გზების რიგ მონაკვეთებზე:
- სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის მე-16 - 57-ე კილომეტრებზე
- თბილისი-სენაკი-ლესელიძის მე-40 - 120-ე კილომეტრებზე
- სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის და სენაკი-ფოთი-სარფის გზების მონაკვეთებზე.
მომდევნო დღეებში ეს სია გაიზრდება - საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე, დეპარტამენტისვე ცნობით, ტექნიკური მარილის დაყრა მხოლოდ 25 თებერვალს დაიწყება. 25 თებერვლის ღამეს ზვავი ჩამოწვება რიკოთის მონაკვეთზე, თოვლის საფარის ქვეშ აღმოჩნდება ოთხი ავტომობილი - ზვავს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
22 თებერვალი, 9:46 - ოზურგეთის მერია კვლავ წერს, რომ მუნიციპალიტეტში თოვლის საფარისგან გზის გაწმენდის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ დროისთვის სავარაუდოდ სოფლების ნაწილი უკვე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, რადგან მერია საუბრობს იმაზე, რომ პრობლემების მოგვარებაში ჩართულები არიან „ენერგო პროს“ თანამშრომლებიც. ასევე, სავარაუდოდ, მერიას აქვს პირველი ცნობები იმაზე, რომ მოსახლეობის ნაწილს გადაადგილების პრობლემა აქვს - დიალიზზე მყოფ მოქალაქეებს, მერიის განცხადების მიხედვით, ხელისუფლების დახმარება დასჭირდათ სიცოცხლის შესანარჩუნებლად საჭირო სამედიცინო სერვისის მისაღებად. კადრებში ჩანან მაშველები, რომლებიც მოქალაქეებს ეხმარებიან სასწრაფო დახმარების თუ სხვა ავტომობილებამდე მისვლაში.
23 თებერვალს ბათუმში წყალმომარაგების პრობლემები ჩნდება - დილის 7 საათიდან წყალი არ მიეწოდება 20 ათასზე მეტ აბონენტს.
23 თებერვალი, 11:10 - საქართველოს რკინიგზა აჩერებს რეისებს დასავლეთის მიმართულებით „გურიაში არსებული უამინდობისა და დიდი თოვლის გამო”.
24 თებერვალს უამინდობის გამო სკოლებში სწავლა ჩერდება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში, ზუგდიდსა და ფოთში.
24 თებერვალი, 11:04 - გურიაში ჩადის მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნიკა ტყემალაძე. ადგილობრივი ხელისუფლება ადასტურებს, რომ ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში რამდენიმე ოჯახს დიდთოვლობამ სახლები დაუზიანა - სოფლები, სადაც სახლები დაინგრა და მოქალაქეების რაოდენობა, ვისაც უსაფრთხო ადგილას დასჭირდა გადაყვანა, არ კონკრეტდება. ამ დროისთვის ცნობილია, რომ ათასობით ადამიანი დარჩენილია ელექტროენერგიის გარეშე, ასობით ოჯახს კი გაზმომარაგება აქვს შეფერხებული.
24 თებერვალი, 11:11 - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია წერს, რომ რთული მეტეოროლოგიური მდგომარეობის გამო ვერ მუშაობს „25 ერთეული ტექნიკა”, რომელიც გზების გასაწმენდად არის მობილიზებული.
„დღის ბოლომდე ცენტრალური გზები მაღალი გამავლობის მანქანებისთვის გაიწმინდება. ლანჩხუთის მერის ალექსანდრე სარიშვილის ხელმძღვანელობით შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. მოვუწოდებთ მოსახლეობას, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან და გაგებით მოეკიდონ შექმნილ სიტუაციას”, - ადგილობრივი ხელისუფლების ამ განცხადების ქვეშ ათობით ადამიანი წერს, რომ ვერც ცხელ ხაზზე დარეკავს დახმარების საჭიროების მქონე მოქალაქე, რადგან ტელეფონები მათ დიდი ხნის წინ დაუჯდათ და ვერც ვერსად გადაადგილდებიან, რადგან როგორც ცენტრალური, ისე შიდასასოფლო გზები თოვლით არის დაფარული.
24 თებერვალი, 14:00 - ჩოხატაურის მერია ავრცელებს ინფორმაციას, რომ მუნიციპალიტეტში თოვლის საფარმა მკვეთრად იმატა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ელექტროენერგიის, წყლისა და ბუნებრივი აირის მიწოდება ყველა სოფელში აღდგენილია.
24 თებერვალი, 19:00 - ბათუმის ავტოტრანსპორტი აჩერებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობას. მიზეზი - „ინტენსიური თოვა, შეზღუდული ხილვადობა და გზებზე წარმოქმნილი ლიპყინული”.
25 თებერვალი, 13:31 - ირაკლი კობახიძის ბრძანების საფუძველზე, დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში ერთვებიან თავდაცვის ძალები.
ამ დროისთვის უკვე არაერთი ადამიანი ითხოვს დახმარებას გურიაში თოვლში დარჩენილი ოჯახის წევრებისთვის, რომელთა ნაწილთან ტელეფონითაც კი ვერ ახერხებენ დაკავშირებას.
25 თებერვალი, 17:05 - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დასავლეთ საქართველოში სამაშველო სამუშაოებში ჩართულია 600-მდე მეხანძრე მაშველი და ათეულობით სპეციალური ტექნიკა, მათ შორის თოვლის ბურანები.
25 თებერვალი, 17:57 - ლანჩხუთის მერის მოადგილის, თორნიკე ტიკაძის თქმით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის 40-მდე სახლის სახურავი დაზიანდა, ოთხი სოფელი მოწყვეტილია გარესამყაროს, თუმცა მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და დაწყებულია გზის გაწმენდითი სამუშაოები. ტიკაძის თქმით, ამ დროისთვის წყალი და გაზი ყველა სოფელს მიეწოდება ლანჩხუთში, თუმცა ელექტროენერგია არ არის ორ ადმინისტრაციულ ერთეულში - ჩოჩხატსა და ღრმაღელეში.
25 თებერვალს დღის საათებში აჭარაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, საკუთარი სახლის სიახლოვეს გარდაცვლილი კაცი იპოვეს. ადგილობრივი გამოცემა „აჭარა ტაიმსის“ ცნობით, 45 წლამდე კაცი გაყინული იყო.
25 თებერვალს, დღის მეორე ნახევრისთვის გურიაში ჩადიან მოხალისეები როგორც თბილისიდან, ისე საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან - მოხალისეებს შორის არიან მთამსვლელები, ოფროუდერები და მოლაშქრეები.
25 თებერვალი, 18:50 - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმათიდან მაშველებს გამოჰყავთ ოჯახი, სადაც მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობს.
25 თებერვალი, 19:25 - საკოორდინაციო შტაბი განცხადებას ავრცელებს და მოხალისე მაშველებს მოუწოდებს, მათთან შეუთანხმებლად არ იმოქმედონ. შტაბი მოხალისეობრივ ინიციატივებს „კონტრპროდუქტიულად” მიიჩნევს და უკმაყოფილებას გამოხატავს „არასწორი ინფორმაციის” გავრცელებით გამოწვეული „უსაფუძვლო პანიკისა” და „მოსახლეობაში დაბნეულობის” გამო. ამ დრომდე შტაბს არცერთი ბრიფინგი გამართული არ აქვს, უცნობია მისი ხელმძღვანელის ან სპიკერის ვინაობა, ან მუშაობის სიხშირე და სპეციფიკა.
25 თებერვლის საღამოს ლანჩხუთში, ჟორდანიას 110-ში ბინას იდებს მოხალისე მაშველების შტაბი - იწყება პირველადი საჭიროების ნივთების შეგროვება. ამავე დღეს იქმნება ვებსაიტი, სადაც რუკაზეა ასახული დიდთოვლობაში მოყოლილი მოქალაქეები და მათი საჭიროებები.
25 თებერვალს დღის ბოლოს ირაკლი კობახიძე, "ქართული ოცნების" მთავრობის მეთაური და მიხეილ ყაველაშვილი, "ქართული ოცნების" მიერ არაპირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი, ჩადიან გურიაში.
„გეგმა არსებობს, ვითარება რთულია, გამოწვევა არის ძალიან ბევრი, თუმცა ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვიმუშაოთ ყველა პრობლემის გადაჭრაზე”, - ამბობს ირაკლი კობახიძე ტვ „იმედთან“ პირდაპირ ჩართვაში.
25 თებერვლის ღამეს ვრცელდება პირველი ცნობები იმერეთის სოფლებიდან, სადაც დიდთოვლობა ასევე ქმნის გადაადგილების პრობლემებს. ხარაგაულის, ვანის, სამტრედიის, ბაღდათისა და ზესტაფონის მაღალმთიან სოფლებში მოქალაქეები ითხოვენ გზების გაწმენდასა და სახლების გადათოვლაში სახელმწიფოს დახმარებას, საუბრობენ შეწყვეტილ კომუნიკაციებსა და საკვები მარაგების ამოწურვის საფრთხეზე.
26 თებერვალი, 13:57 - იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ლევან ზალკალიანის განცხადების თანახმად, 26 თებერვლის შუადღისთვის იმერეთის მხარეში „ჩაკეტილია“ - გარესამყაროს მოწყვეტილია - 149 სოფელი.
„ამ წუთის მდგომარეობით, ჩაკეტილია 149 სოფელი, ელექტროენერგია არ მიეწოდება 30 000-მდე აბონენტს, ასევე, შეწყვეტილია ბუნებრივი გაზის მიწოდება 237 აბონენტისთვის“, - ეუბნება ლევან ზალკალიანი „რუსთავი 2“-ს.
26 თებერვალს ვრცელდება ინფორმაცია გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ნატანების თემის სოფელ ჯაფარეულში ნანა კვაჭანტირაძის გარდაცვალების შესახებ. სოციალურ ქსელებში მასზე წერენ, რომ ის ლოგინად ჩავარდნილი დედის ერთადერთი მომვლელი იყო. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ოჯახში სხვებიც არიან, ვინც გარდაცვლილის დედაზე ზრუნავს. ადგილობრივების ცნობით, სოფელში გზა გაუკვალავია. მერიაში ამბობენ, რომ 65 წლამდე ქალის გარდაცვალება სტიქიასთან კავშირში არ არის.
26 თებერვალი, 16:45 - ირაკლი კობახიძე საკოორდინაციო სხდომის შეხვედრას მართავს და შემდეგ სოფელ შრომას სტუმრობს. სოფელი 5 დღის განმავლობაში იყო მოწყვეტილი გარესამყაროს.
26 თებერვალი, 18:11 - მერიები იწყებენ ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას სტიქიის ზონაში მცხოვრები მოსახლეობისთვის. ელექტროენერგიის გარეშე მხოლოდ გურიაში რჩება ათი ათასამდე მოქალაქე.
26 თებერვალი, 9:54 - გურიაში, ქობულეთში, ვანში, ხონში, მარტვილსა და აბაშაში სოფლების დიდი ნაწილი კვლავ ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
„სარეაბილიტაციო სამუშაოებს ხელს უშლის გადაადგილების პრობლემა, სადაც სპეციალური ტექნიკა მისვლას ვერ ახერხებს, ელექტრიკოსებს ფეხით უწევთ დაზიანების ადგილებამდე მისვლა. არის ადგილები, სადაც ჯერჯერობით ფეხითაც ვერ ხერხდება მიახლოვება. დიდთოვლობის შედეგად გადატეხილი ხეები დაეცა ელექტროგადამცემ ხაზებს. სტიქიამ მწყობრიდან გამოიყვანა სხვა ენერგოინფრასტრუქტურაც”, - წერს „ენერგო პრო ჯორჯია“, კომპანია, რომელიც რეგიონების ელექტროენერგიით უზრუნველყოფაზეა პასუხისმგებელი.
27 თებერვალი, 12:38 - აჭარის ავტონომიური მთავრობის ხელმძღვანელი თორნიკე რიჟვაძე მედიასთან ამბობს, რომ გაწმენდილია ყველა ადმინისტრაციულ ერთეულამდე მიმავალი გზა, აღდგენილია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა და კომუნალური სერვისების მიწოდება. გამოწვევები რჩება მთიან აჭარაში - კვლავ ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი რამდენიმე დასახლება.
ამ განცხადებიდან მალევე ცნობილი გახდა, რომ ორთაბათუმში სახლი დაიწვა ისე, რომ სახანძრო მანქანებმა შემთხვევის ადგილამდე მისვლა ვერ შეძლეს ჩახერგილი გზის გამო.
27 თებერვალი, 14:06 - საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 25-26 თებერვალს გურიის რეგიონში - ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში, სასწრაფო დახმარების ექიმები 81 გამოძახებაზე იმყოფებოდნენ. ადგილზე სამედიცინო დახმარება გაუწიეს 44 ადამიანს და საავადმყოფოში გადაიყვანეს 30.
27 თებერვალი, 16:05 - დიდთოვლობის არეალში მუშაობს თავდაცვის სამინისტროს დრონები - მათი ერთ-ერთი ფუნქცია ელექტროენერგიის დაზიანების კერების პოვნაა. მოსახლეობისთვის საკვებისა და მედიკამენტების მიწოდებაში ერთვებიან მოხალისეების დრონებიც.
28 თებერვალი, 11:53 - „ენერგო პრო ჯორჯია“ ავრცელებს განცხადებას, რომლის მიხედვითაც შემცირებულია იმ აბონენტების რაოდენობა, რომლებიც დიდთოვლობის გამო ელექტროენერგიის გარეშე დარჩნენ. მათივე ცნობით, სტიქიის პიკზე, გურიის მასშტაბით ენერგომომარაგება შეზღუდული ჰქონდა აბონენტების 28-30%-ს, ამ დროისთვის ელექტროენერგიის გარეშეა აბონენტების 18-20%.
28 თებერვალი, 16:22 - საქართველოში, დიდთოვლობის სალიკვიდაციო სამუშაოებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. კადრებიდან ჩანს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები არა ბოლოს ნაყიდი ახალი ფრანგული სამაშველო ვერტმფრენით, არამედ ძველი, საბჭოთა MI-8-ით დაფრინავენ გურიის სოფლების თავზე.
შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, გურიის სამივე მუნიციპალიტეტში „არსებული ვითარების მონიტორინგი ვერტმფრენიდან განახორციელეს“ შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრებმა, ასევე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
ფორუმი