Accessibility links

საზოგადოება
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
მსხვერპლი, მოწყვეტილი სოფლები, დანგრეული სახლები - ბოლო ამბები სტიქიაზე

მსხვერპლი, მოწყვეტილი სოფლები, დანგრეული სახლები - ბოლო ამბები სტიქიაზე


სტიქიას მოჰყვა მსხვერპლი, სოფლები გარესამყაროს მოწყდა, შენობები დაინგრა - ცნობები მოკლედ, თუ რა ხდება სტიქიის ერთი კვირის თავზე
სტიქიას მოჰყვა მსხვერპლი, სოფლები გარესამყაროს მოწყდა, შენობები დაინგრა - ცნობები მოკლედ, თუ რა ხდება სტიქიის ერთი კვირის თავზე

დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობა უკვე ერთი კვირაა, გრძელდება. დროის გასვლასთან ერთად ვითარება მძიმდება: არის ცნობები მსხვერპლის შესახებ, არაერთი სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი, დანგრეული და დაზიანებულია შენობები, შეწყვეტილია ენერგომომარაგება და მოსახლეობის ნაწილს საკვების მარაგი ამოეწურა.

სამაშველო სამუშაოებში შინაგან საქმეთა სამინისტროს 600 თანამშრომელსა და მოხალისეების ჯგუფებს მეექვსე დღეს შეუერთდა თავდაცვის ჯარები. მოხალისეების ნაწილი დღეს დილიდან გაემგზავრა დრონებით დაზარალებულების დასახმარებლად და პროდუქტების მისაწოდებლად.

ინტენსიურად თოვს აჭარის, გურიის, რაჭის, იმერეთისა და სამეგრელოს ტერიტორიაზე. რიკოთის უღელტეხილზე წუხელ გვიან ღამით ზვავი ჩამოწვა. დილიდან მოძრაობა აღდგა, თუმცა შეზღუდვებით. თბილისიდან დასავლეთისკენ მატარებლების მოძრაობაც შეწყდა.

უფლებადამცველები ამბობენ, რომ მორიგმა კრიზისმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა: ხელისუფლება „ვერ უზრუნველყოფს სტიქიური უბედურებების ადეკვატურ პრევენციასა და ადმინისტრირებას“.

გურია, სოფელი ნატანები, 24 თებერვალი
გურია, სოფელი ნატანები, 24 თებერვალი

მსხვერპლი

დიდთოვლობას მსხვერპლი მოჰყვა.

24 თებერვალს შუახნის კაცი დაიღუპა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში. ის მეზობელს ეხმარებოდა სახლის დათოვლილი სახურავის გაწმენდაში და ნგრევას ემსხვერპლა.

ეს ამ დრომდე არის რადიო თავისუფლებისთვის ცნობილი ერთადერთი დადასტურებული შემთხვევა, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული დიდთოვლობასთან.

არსებობს გარდაცვალების კიდევ ორი შემთხვევა, რომელთა პირდაპირი კავშირი სტიქიასთან ჯერ დადასტურებული არ არის.

25 თებერვალს აჭარაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში საკუთარი სახლის სიახლოვეს გარდაცვლილი კაცი იპოვეს. ადგილობრივი გამოცემა „აჭარა ტაიმსის“ ცნობით, ის გაყინული იყო.

რადიო თავისუფლებას ქობულეთის მერის მოადგილემ, მინდია რომანაძემ დაუდასტურა გარდაცვლილის პოვნა, თუმცა გარემოებებთან დაკავშირებით თქვა, რომ ჯერაც არკვევენ.

სოფელ ხუცუბანში მერის ყოფილმა წარმომადგენელმა, ზვიად თამაზაშვილმა, რომელიც პოზიციაზე 10 წელი მუშაობდა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ, მისი ინფორმაციით, გარდაცვლილი დაახლოებით 45 წლის კაცია. გვითხრა, რომ მანაც გაიგო, გარდაცვლილი გაყინული იპოვეს, თუმცა გარდაცვალების უამინდობასთან დაკავშირება უჭირს.

რადიო თავისუფლება ცდილობს ინფორმაციის გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, თუმცა მეორე დღეა, უშედეგოდ.

გურია, ოზურგეთი
გურია, ოზურგეთი

26 თებერვალს გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ნატანების თემის სოფელ ჯაფარეულში გარდაიცვალა ნონა კვაჭანტირაძე. ამასთან, ადგილობრივების ცნობით, სოფელში გზა გაუკვალავია, რასაც მერიაში არ ადასტურებენ და ამბობენ, რომ გარდაცვალება სტიქიასთან კავშირში არ არის.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში სახლის სახურავის თოვლისგან გაწმენდისას დაშავდა ახალგაზრდა მამაკაცი.

გარესამყაროს მოწყვეტილი სოფლები

ჯერჯერობით ოფიციალურ წყაროებს არ გამოუცხადებიათ, თუ რამდენი დასახლებაა მოწყვეტილი გარესამყაროს.

ირაკლი კობახიძემ 25 თებერვალს დაადასტურა, რომ:

  • „სოფლების ძალიან დიდი ნაწილი მოწყვეტილია გარესამყაროს“;
  • „ვერ მყარდება კომუნიკაცია სოფლების მნიშვნელოვან ნაწილთან“;
  • „ამ კუთხით არის ძალიან ბევრი სამუშაო“.

მას შემდეგ დეტალები არც სხვა უწყებებს დაუზუსტებიათ.

ამასთან, არაერთ სოფელსა თუ ქალაქში ჩამოინგრა შენობების სახურავები, მაგალითად:

  • ოზურგეთში, სოფელ ორმეთში;
  • ლანჩხუთში, სოფელ მამათში;
  • ოზურგეთში, სოფელ შრომაში.
  • ბათუმში, გამსახურდიას ქუჩაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში მდებარე ორსართულიანი შენობა, - რომელიც მანამდე ხანძარმა დააზიანა;
  • 26 თებერვალს ბათუმში, იროდიონ მეტაქსის ქუჩაზე ჩამოინგრა ორსართულიანი სახლი, - როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უწოდებს, „ბარაკული ტიპის საცხოვრებელი სახლი“, სადაც მოყოლილი იყო ორი მოქალაქე, რომლებიც ნანგრევებიდან გამოიყვანეს;
  • ოზურგეთის სოფელ დვაბზუში ცემენტის ქარხნის შენობა.

ეს არ არის სრული ინფორმაცია ნგრევის შესახებ - ცნობები თანდათანობით განახლდება.

„საკოორდინაციო შტაბი“

„ქართული ოცნების“ მთავრობამ სტიქიის მხოლოდ მეექვსე დღეს შექმნა საკოორდინაციო შტაბი. მეექვსე დღეს ჩაერთნენ საქმეში თავდაცვის ძალებიც, თუმცა მათი რაოდენობა უცნობია.

ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ „შემუშავდა გეგმა“ და მოქალაქეთა ყველა საჭიროება დაკმაყოფილდება. „ეს არ არის მარტივი ამოცანა, ამისთვის ყელა რესურსი მობილიზებულია ყველა მიმართულებით“, - თქვა მან.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 25 თებერვლის საღამოს განაცხადა, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 600-მდე მეხანძრე-მაშველი და „ათეულობით“ სპეციალური ტექნიკაა ჩართული, მათ შორის, თოვლის ბურანები.

მეხანძრე-მაშველები, შსს-ს განცხადებით, „ურთულეს რელიეფურ პირობებში ათეულობით ადამიანს“ დაეხმარნენ.

ასევე, „აჭარისა და გურიის სხვადასხვა სოფლიდან უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს მოხუცები, ბავშვები და ის პირები, რომლებიც სამედიცინო დახმარებას საჭიროებდნენ“.

ირაკლი კობახიძემ, რომელიც გურიაში, ოზურგეთში ჩავიდა, გვიან ღამით განაცხადა, რომ ხელისუფლება „მდგომარეობიდან გამომდინარე სათანადოდ“ რეაგირებს, თუმცა მოხალისეები და ადგილობრივების ნაწილი უყურადღებობას უჩივის.

კობახიძემ მოხალისეებს ასევე „კოორდინაციისკენ“ მოუწოდა და თქვა, რომ იყო შემთხვევები, როცა „მოხალისეები ჩაერთნენ საქმეში და შემდეგ დამატებითი რესურსის მობილიზება დასჭირდა სამაშველო სამსახურს იმისათვის, რომ მოეხდინა ამ ადამიანების გამოყვანა კონკრეტული ლოკაციებიდან“.

ენერგოპრობლემები

„ენერგო-პრო ჯორჯია“, რომელიც რეგიონებში ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიაა, აცხადებს, რომ განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა გურიაში, ქობულეთში, ვანში, ხონში, მარტვილსა და აბაშაში.

კომპანიის განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუშაოებს ხელს უშლის გადაადგილების პრობლემა, სადაც სპეციალური ტექნიკა მისვლას ვერ ახერხებს, ელექტრიკოსებს ფეხით უწევთ დაზიანების ადგილებამდე მისვლა.

„არის ადგილები, სადაც ჯერჯერობით ფეხითაც ვერ ხერხდება მიახლოება. დიდთოვლობის შედეგად გადატეხილი ხეები დაეცა ელექტროგადამცემ ხაზებს“, - აცხადებს კომპანია.

მათივე ცნობით, სტიქიამ მწყობრიდან გამოიყვანა „სხვა ენერგოინფრასტრუქტურაც“, - არ დაუზუსტებიათ, რამდენი ხანი დასჭირდება სრულად აღდგენას.

პასუხგაუცემელი კითხვები

ჯერჯერობით არაერთი დეტალი უცნობია.

პირველ რიგში, ზარალის ოდენობა - გურია, სამეგრელო და აჭარა მნიშვნელოვანი რეგიონებია სოფლის მეურნეობის პროდუქტების გამოშვების კუთხით. სტიქია კვლავ გრძელდება და ზარალის დათვლა არ დაწყებულა.

ასევე, უცნობია ევაკუირებული ადამიანების რაოდენობა, დასახლებული პუნქტების დასახელებების მითითებით.

უცნობია თავდაცვის ძალების პერსონალის რაოდენობაც – სამინისტრომ მხოლოდ ის განაცხადა, რომ მოსახლეობას სპეციალური ტექნიკით დასავლეთის სარდლობის ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეები ეხმარებიან.

უცნობია, რამდენი სოფელი თუ დასახლება არის მოწყვეტილი გარესამყაროს, რამდენს არ მიეწოდება ელექტროენერგია თუ ბუნებრივი აირი.

„ოცნება“ კრიზისს თავს ვერ ართმევს - საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ გურიასა და აჭარაში მიმდინარე მოვლენები ცხადყოფს: „ქართული ოცნება“ კვლავ ვერ/არ ასრულებს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, დაიცვას მოქალაქეების ჯანმრთელობა, სიცოცხლე და უსაფრთხოება.

„მოსახლეობას საკუთარი ძალებით უწევს დიდთოვლობასთან გამკლავება, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ძალისხმევა და გატარებული ღონისძიებები, სტიქიის მასშტაბების გათვალისწინებით არ არის ეფექტიანი“, - წერს ორგანიზაცია.

„მიუხედავად ეროვნული კანონმდებლობის და საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებებისა, სახელმწიფო წლებია ვერ უზრუნველყოფს სტიქიური უბედურებების ადეკვატურ პრევენციასა და ადმინსტრირებას, რის შედეგადაც ადამიანებს ტოვებს დაუცველს ისეთი საფრთხეების მიმართ, რომელთა თავიდან აცილება ან/და რომლებზეც ეფექტიანი რეაგირება სახელმწიფოს მოვალეობაა“, - აცხადებს საია.

მოხალისეები

24 თებერვალს ფეისბუკზე შეიქმნა ჯგუფი „მოხალისეები გურიისთვის“.

ჯგუფის მიზანია მოხალისეების კოორდინაცია, დახმარების შეგროვება და მიწოდება, ინფორმაციის გაზიარება დიდთოვლობით დაზარალებულებზე და დამხმარე რესურსების მობილიზება.

არასრულ ორ დღეში იქ 1100-ზე მეტი პოსტი დაიწერა.

მოხალისეებმა შექმნეს სტიქიის ზონაში დახმარების საჭიროების მქონე მოსახლეობის რუკაც, - 26 თებერვლისთვის მასზე 250-მდე წერტილია დატანილი.

მოხალისეების შექმნილი რუკა
მოხალისეების შექმნილი რუკა

რუკაზე მითითებულია:

  • ზუსტი ადგილმდებარეობა, თუ სად ითხოვენ დახმარებას,
  • ტელეფონის ნომრები,
  • მოსახლეობის საჭიროებები (საკვები, მედიკამენტები, ევაკუაცია, საწვავი, გადათოვლა თუ სხვა).

მოხალისეების შექმნილი რუკა
მოხალისეების შექმნილი რუკა

რკინიგზა, გზები, აეროპორტები

საქართველოს რკინიგზამ 26 თებერვალსაც გააუქმა დაგეგმილი რეისები.

საუბარია თბილისიდან ბათუმში, ფოთში, ბათუმსა და ზუგდიდში, ასევე, უკუმიმართულებით დაგეგმილ რეისებზე.

გუშინ, 25 თებერვალს, ერთ-ერთი მატარებელი ორი საათის განმავლობაში იყო ლიანდაგზე ზესტაფონში გაჩერებული.

ბათუმის აეროპორტი
ბათუმის აეროპორტი

ბათუმის აეროპორტში, რომელიც დროებით შეჩერებული იყო, - და სადაც აეროპორტის შესასვლელის გადახურვა ჩამოვარდა, - ავიამიმოსვლა დღეს, 26 თებერვალს განახლდა.

TAV Georgia-ში აცხადებენ, რომ „ავიაკომპანიებმა მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება გასულ ღამეს მიიღეს“. 26 თებერვალს 12 რეისია დაგეგმილი.

ამ დროისთვის ფრენები არ შეჩერებულა ქუთაისის აეროპორტში.

გზებზე არსებული მდგომარეობის გამო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე ქალაქიდან ავტობუსების მოძრაობა შეჩერებული იყო, თუმცა 26 თებერვალს შუადღისთვის აღდგა.

ყველაზე რთული ვითარება საავტომობილო გზებზეა, - მათ შორის, საერთაშორისო მნიშვნელობისა და საქალაქთაშორისო გზებზე.

26 თებერვალს, ნაშუაღამევს, რიკოთის უღელტეხილზე ზვავი ჩამოწვა და რამდენიმე მანქანა მოიყოლა. ზვავს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, 26 თებერვლის დილისათვის რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მოძრაობა, რაც ზვავის გამო შეჩერებული იყო, აღდგა.

რიკოთის უღელტეხილზე აღდგენილი მოძრაობა
რიკოთის უღელტეხილზე აღდგენილი მოძრაობა

თოვის, ზვავსაშიშროებისა და, ზოგადად, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების არაერთ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული.

მაგალითად, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია:

  • ზესტაფონის მისადგომებში,
  • სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზაზე
  • სენაკი-ფოთი-სარფის გზაზე
  • ხაშური-ახალციხე-ვალეს გზაზე
  • საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე
  • ჯვარი-უშგულის მონაკვეთზე

ზოგან დაშვებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ზვავი რიკოთზე
ზვავი რიკოთზე

ზოგან კი ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია. კერძოდ:

  • აღმოსავლეთ საქართველოში - გუდაური-კობის მონაკვეთზე
  • ფარავნის უღელტეხილზე
  • ნაქერალას უღელტეხილზე
  • ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზის 26 კმ-იან მონაკვეთზე
  • უშგული-ლასდილის მონაკვეთზე
  • იმერეთში მელე-ლასდილის მონაკვეთზე.

ამინდის პროგნოზი - თოვა ხვალაც გაგრძელდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დასავლეთ საქართველოში რთული მეტეოროლოგიური პირობები 27 თებერვლამდე შენარჩუნდება:

„ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, გორაკ-ბორცვიან ზონებში შესაძლებელია მეწყრული პროცესების განვითარება“.

მაღალმთიან რაიონებში ნარჩუნდება ზვავსაშიშროება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG