Accessibility links

საზოგადოება
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
„ჩვენც გვითხრან, როდის და სად ჩაერთვება სამაშველო ოპერაციაში ჯარი“ - გურია დიდთოვლობას ებრძვის

„ჩვენც გვითხრან, როდის და სად ჩაერთვება სამაშველო ოპერაციაში ჯარი“ - გურია დიდთოვლობას ებრძვის


გურიის სოფლებში ჩარჩენილი მოქალაქეების ნაწილს ტელეფონი გათიშული აქვს. ნაწილთან საუბრისას კი ტელეფონი შუა ლაპარაკისას ითიშება, რადგან უშუქობის გამო მათ დატენას ვეღარ ახერხებენ.
გურიის სოფლებში ჩარჩენილი მოქალაქეების ნაწილს ტელეფონი გათიშული აქვს. ნაწილთან საუბრისას კი ტელეფონი შუა ლაპარაკისას ითიშება, რადგან უშუქობის გამო მათ დატენას ვეღარ ახერხებენ.

დიდთოვლობას ებრძვის გურიის სოფლების მოსახლეობა. სოციალურ ქსელში ახლაც ვრცელდება იმ ადამიანების პოსტები, რომლებიც საკუთარი ძალებით ცდილობენ, გაუმკლავდნენ დასავლეთ საქართველოში მოსულ ნალექს. გურიაში ამ წუთებშიც გადაუღებლად თოვს.

მამათი, შუხუთი, აკეთი, ჩოჩხათი, გულიანი, მოედანი, ხორეთი, შრომა, ოდილაური, აცანა, არჩეული, ლესა, კოხნარი, ზომლეთი, ზენობანი, ნაგომარი, ხიდისთავი, ნატანები, ამაღლება, ორმეთი, ჯუმათი, შემოქმედი, კონჭკათი - ეს იმ სოფლების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც გარესამყაროსაა მოწყვეტილი და მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიისა და საკვების გარეშეა დარჩენილი.

ნინო შავაძე ნასაკირალში 68 წლის მამამთილთან და 16 წლის შვილთან ერთად ცხოვრობს. ბოლო ხუთი დღეა, არც ელექტროენერგია აქვთ და არც წყალი.

რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ბიჭს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და სასწრაფოს გამოძახება რომ დასჭირდეთ, ვერავინ დაეხმარებათ.

„ბრონქიალური ასთმა აქვს. მეშინია, რაიმე პრობლემა რომ შეექმნას, სასწრაფოც კი ვერ მოვა. გამგებელს დავურეკე და მითხრა, ჯანმრთელობის პრობლემები თუ შეგექმნებათ, დაგეხმარებითო. არც შუქი გვაქვს, არც წყალი, გამწარებულები ვართ. ეზოში ალბათ ორ მეტრზე დიდი თოვლი დევს. ხეები ტყდება უკვე.

ჩემი მამამთილი ავიდა დღეს სახლის სახურავზე, ნაწილი გადმოვთოვლეთ, მაგრამ დიაბეტი აქვს. მძიმე შრომა არ შეუძლია. გარშემოც, ირგვლივ, მთელი სამეზობლო ასეა. ჩვენს სოფელში არანაირი ტექნიკა არ მუშაობს ამ დროისთვის“, - ეუბნება ნინო შავაძე რადიო თავისუფლებას.

„ვეღარ ვუკავშირდებით“, „ბოლოს გუშინ ველაპარაკეთ“, „ვიცით, რომ ტელეფონი უჯდებოდათ“, „მოხუცები არიან, სჭირდებათ წამლები“, „სახლის სახურავი ჩამოინგრა“, „ჩვილითაა, სჭირდება ბავშვის საკვები“, „ორ მცირეწლოვან შვილთან ერთადაა, ტელეფონი გათიშულია“, - სოციალურ ქსელში შექმნილი ჯგუფში „მოხალისეები გურიისთვის“, ათობით მსგავსი შინაარსის პოსტი იწერება.

ამ ჯგუფშია ატვირთული იმ ადამიანების საკონტაქტო ინფორმაციაც, რომლებიც 25 თებერვლის საღამოს მონაცემებით დიდთოვლობის გამო გარესამყაროს არიან მოწყვეტილები და დახმარება სჭირდებათ. ამ ბაზაში მათი რაოდენობა 150-მდეა. თუმცა, მათ უკან დგანან ოჯახებიც. რეალურად, ზუსტად რამდენია გურიაში დიდთოვლობის გამო დაზარალებული მოსახლეობის რაოდენობა, ამ დრომდე, უცნობია.

გურიის სოფლებში ჩარჩენილი მოქალაქეების ნაწილს ტელეფონი გათიშული აქვს. ნაწილთან საუბრისას კი ტელეფონი შუა ლაპარაკისას ითიშება, რადგან უშუქობის გამო მათ დატენას ვეღარ ახერხებენ.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გურიაში არსებული აბონენტების 28%-ს, 16 ათას აბონენტს, ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება:

„დიდთოვლობის გამო გზებზე ტექნიკის გადაადგილება გართულებულია. შედეგად, დაზიანების ადგილებამდე მისვლა ჭირს. ელექტრიკოსებს უწევთ ფეხით მიუახლოვდნენ დაზიანებულ ენერგოინფრასტრუქტურას და აწარმოონ აღდგენითი სამუშაოები, ზოგ შემთხვევაში კი ფეხით გადაადგილებაც გართულებულია“, - აცხადებენ „ენერგო-პრო ჯორჯიაში“.

რადიო თავისუფლება მთელი დღის განმავლობაში, დიდთოვლობის გამო გარესამყაროს მოწყვეტილ სოფლებში დარჩენილ არაერთ ადამიანს ელაპარაკა.

ყველა მათგანი დახმარებას ითხოვს, ამბობენ, რომ გურიაში ისევ გადაუღებლად თოვს, სამაშველო ტექნიკა კი, რომელიც გზებს გაწმენდს, მათ შორიახლოს ჯერ არ დაუნახავთ. ამბობენ, რომ ელევათ საკვები, სახლებს კი თოვლის სიმძიმის გამო უკვე დეფორმაცია აქვთ მიღებული.

20 თებერვლის შემდეგ გურიასა და აჭარაში დიდი თოვლის გამო გაჩერებულია მოძრაობა, სოფლების დიდი ნაწილი გარესამყაროს არის მოწყვეტილი.

რას ამბობს და აკეთებს ხელისუფლება?

ინტენსიური თოვიდან ხუთი დღის შემდეგ, 25 თებერვალს, დღის პირველ ნახევარში, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან.

ამ განცხადების შემდეგ საქართველოს მთავრობას სხვა ინფორმაცია, მაგალითად, სად, რა ტექნიკითა და რამდენი ადამიანია ჩართული სამაშველო ღონისძიებაში, აღარ გაუვრცელებია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში კი ამბობენ, რომ დასავლეთ საქართველოში ყველა შესაბამისი დანაყოფი მესამე დღეა საგანგებო რეჟიმში მუშაობს და სამაშველო სამუშაოებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 600-მდე მეხანძრე-მაშველი და ათეულობით სპეციალური ტექნიკაა ჩართული, მათ შორის, თოვლის ბურანები.

„მეხანძრე-მაშველებმა ამ დროისთვის, ურთულეს რელიეფურ პირობებში ათეულობით ადამიანს გაუწიეს დახმარება და აჭარისა და გურიის სხვადასხვა სოფლიდან, უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს მოხუცები, ბავშვები და ის პირები, რომლებიც სამედიცინო დახმარებას საჭიროებდნენ.

ასევე, უსაფრთხო ადგილას გამოიყვანეს, თოვლსა და ნამქერში ჩარჩენილი სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც დიდთოვლობისა და ამინდის გაუარესების გამო გადაადგილებას ვეღარ ახერხებდნენ“, - წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, უამინდობა საქართველოში 27 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. განსაკუთრებული დიდთოვლობაა აჭარის, გურიისა და იმერეთის მაღალმთიან რაიონებში.

გურიაში, სადაც რამდენიმე დღეა გადაუღებლად თოვს, თბილისიდან და სხვა ქალაქებიდან მოხალისე-მაშველები წავიდნენ.

მათი ნაწილი უკვე ჩავიდა გურიაში. როგორც ერთ-ერთი მოხალისე და სამოქალაქო აქტივისტი, კოკა ჯახუტაშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას, მოხალისეთა ნაწილი ლანჩხუთში, ნაწილი კი ნატანებში იმყოფება:

„ახლა ვითხოვთ, რომ იქნებ, ბორანი ან ყველგანმავალი გამოიყოს, რადგან, მაგალითად, ოზურგეთის რაიონში არის ზოგიერთი სოფელი, სადაც ვერ ვიგებთ ადამიანები როგორ არიან, რადგან იქ გზა არ მიდის. ტრაქტორები ვერ მუშაობენ, რადგან დღეს, ერთ-ერთ ტერიტორიაზე პირადად მე ჩავრჩი ტრაქტორით, რადგან იმხელა თოვლია, რომ გაუკვალავ თოვლში ტრაქტორები ვეღარ დადიან.

ასევე შრომაში არიან ახალგაზრდები ჩამოსულები. ჩამოტანილია მედიკამენტები, ხვალ ჩამოდის მეორე ჯგუფი. დიდი იმედი მაქვს, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტისკენაც მოახერხებს რაღაც ნაწილი წამოსვლას, რადგან დღეს ვერც ჩვეულებრივი მანქანებით და ვერც ე.წ. ოფ როუდ მანქანებით აქეთ გადმოსვლა ვერ ხერხდება.

ახლა სახელდახელოდ მოწყობილ შტაბში არიან მოხალისეები და იქ ხდება პრიორიტეტების განსაზღვრა. პირადად მე ოზურგეთში ვარ და ოზურგეთის გარშემო სოფლებში დავდივარ. თავად მე ტექნიკის გარეშე ვარ და რისი დაფარვაც შემიძლია ფეხით, ისე დავდივარ. ასევე იქნებ მოგვაწოდონ ინფორმაცია, სად ჩაერთვებიან სამუშაოებში თავდაცვის ჯარები, რომ ჩვენც ვიცოდეთ“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას კოკა ჯახუტაშვილი.

25 თებერვალს, საღამოს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა საკოორდინაციო შტაბის განცხადება, სადაც წერია, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს მოსახლეობის დასახმარებლად, მათ შორის მობილიზებულია მაქსიმალური ადამიანური რესურსი, მძიმე ტექნიკა, ხდება პრიორიტეტების განსაზღვრა და დავალებების გადანაწილება შესაბამისი მიმართულებით“

ამავე განცხადებაში საკოორდინაციო საბჭო წერს, რომ „პრობლემებს ქმნის არასწორი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც ძირითადად სოციალური ქსელის მეშვეობით ხდება. არასწორი ინფორმაცია კი იწვევს უსაფუძვლო პანიკას, დაბნეულობას მოსახლეობაში, ასევე მნიშვნელოვნად აფერხებს საკოორდინაციო შტაბის მუშაობას“.

საკოორდინაციო შტაბი ასევე მოუწოდებს მოხალისეებს, თავი შეიკავონ ინიციატივებისგან:

„უაღრესად კონტრპროდუქტიულია ეგრეთწოდებული მოხალისეობრივი ინიციატივების გამოჩენა შტაბთან კოორდინაციის გარეშე, რადგან უკვე დღეს, გვქონდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც თავად მოხალისეების დასახმარებლად გახდა საჭირო მძიმე ტექნიკის გამოყენება და სამაშველო სამუშაოები“, - წერია განცხადებაში.

საკოორდინაციო შტაბის ამ განცხადებას მოსახლეობის ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა. განცხადების კომენტარებში ვკითხულობთ:

„ვინ ვარდება უსაფუძვლო პანიკაში? ადამიანები, რომლებთაც თავზე ჭერი ენგრევათ? თუ 9 თვის ორსული, რომელიც შველას ითხოვს? იქნებ ადამიანები, რომლებთაც შუქი და წყალი არ აქვთ?“

„ჩოხატაურის სოფელ ქვემო ერკეთს სჭირდება დახმარება, არ არის გზა, შუქი, წყალი. მოწყვეტილია რაიონს. ჩოხატაურის გამგეობას ძინავს, ორი დღეა ვურეკავთ და რეაგირება ნული“.

„უსაფუძვლო პანიკა? რას ლაპარაკობთ? პროგნოზირებადი ნალექი რომ ე.წ მთავრობისთვის რთული გადასალახი არ უნდა იყოს ეგ ახალი ამბავია?“..

გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში შუახნის მამაკაცი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ის მეზობელს ეხმარებოდა სახლის დათოვლილი სახურავის გაწმენდაში და ნგრევას ემსხვერპლა.

სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის რეგიონში გიორგი ურუშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უბედური შემთხვევის დეტალებს შესაბამისი სამსახურები სწავლობენ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში საცხოვრებელი სახლის სახურავის თოვლისგან გაწმენდისას დაშავდა ახალგაზრდა მამაკაცი, რომლის ჰოსპიტალიზაცია საათების განმავლობაში ვერ ხერხდებოდა. ბოლო ინფორმაციით, კაცი ჰოსპიტალიზებულია, როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტი კონტაქტურია და კვლევები უტარდება. ადგილობრივი მცხოვრებლები სოციალურ ქსელში წერენ, რომ დაშავებულის ტრანსპორტირების მიზნით, სოფლის გზა თავიანთი ძალებით გაწმინდეს.

მიუხედავად რეგიონული ხელისუფლების განცხადებისა, რომ სტიქიის პირველივე დღიდან შექმნილია საგანგებო შტაბი და მოქალაქეთა პრობლემების მოსაგვარებლად ყველა შესაბამისი სამსახური 24-საათიანი რეჟიმით მუშაობს, გურიაში დიდთოვლობის გამო გარესამყაროს მოწყვეტილი და რთულ მდგომარეობაში მყოფი ბევრი მოქალაქე ხელისუფლების უყურადღებობას უჩივის.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოებს, სადაც ასახულია გზების გაწმენდის სამუშაოები სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში, შემოქმედში, ლიხაურში, ბოხვაურში, დვაბზუში.

ამ ვიდეოების კომენტარებში გურიის სხვადასხვა სოფლის მოსახლეობა წერს, რომ მათაც დაუყოვნებლივ სჭირდებათ დახმარება, მათ შორის, შრომაში, ზედუბანში, კონჭკათში, სილაურში, ზომლეთში, ჯუმათში. ისინი წერენ, რომ მოსახლეობა სახლებშია ჩაკეტილი, ბევრთან ვერ ხერხდება კომუნიკაციის დამყარება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG