მედეა კორძახია სოფელში 8 შვილთან და მეუღლესთან ერთად ებრძვის დიდთოვლობას. რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ჭიშკარი, რომელიც სამი დღის წინ გააღო, მთლიანად დაფარა თოვლმა:
„იქნებ როგორმე გავიდეთ აქედან. ჩემს გარდა კიდევ 8 თვის ორსულია, სამი მცირეწლოვანი ჰყავს მასაც.
თოვლი ალბათ ორ მეტრამდეა. ჭიშკარი ჩემთან არ ჩანს. სამი დღის წინ გავხსენი ჭიშკარი, მაგრამ დაფარულია, არ ჩანს, მარტო წვერი ჩანს.
ამ წუთას ჩვენთან არაფერია [ტექნიკა] მოსული. დავრეკე ხიდისთავის გამგებელთან, სხვა სოფლებიც იწმინდება და თქვენთანაც მოვაო და ველოდებით.
გაზი გვაქვს, შუქი არ გვაქვს. პატარა ტელეფონი რომ არის, ფანრიან „ნოკიას“ რომ ეძახიან, იქ მიდევს ბარათი, ერთი-ორი დღე გაძლებს ალბათ.
ახლაც თოვს. ჩემი მეუღლე ვერ ავიდა სახურავზე, ქარი იყო. შეგვეშინდა, არ გადმოვარდნილიყო“.
მედეა კორძახია ამბობს, რომ სოფელში დაახლოებით 10-15 ოჯახი ცხოვრობს. მათ შორის არიან მოხუცები. ასევე ქალი, რომელიც ქიმიოთერაპიით მკურნალობს:
„ეს ქალი 28 თებერვალს ქუთაისშია წასასვლელი. მეზობელთან რომ მიხვიდე, იმხელა გზა უნდა გაიარო და რას გავკვალავთ, ჭიშკრამდე ვერ მივდივართ.
როგორმე იქნებ გავიდეთ სოფლიდან ბავშვებთან ერთად. კიდევ 3-4 დღე თოვლია გამოცხადებული. ჩოხატაურში იქნებ ჩავიდეთ, იქ მცირე სასტუმროა, იქ გავჩერდებით. ორსული ქალიც გასვლას ითხოვს სოფლიდან. 8 თვის ორსულს, რა იცი, რა დასჭირდება. თოვს, არ გაჩერებულა თოვლი".
გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, უამინდობა საქართველოში 27 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. განსაკუთრებული დიდთოვლობაა აჭარის, გურიისა და იმერეთის მაღალმთიან რაიონებში.
20 თებერვლის შემდეგ გურიასა და აჭარაში დიდი თოვლის გამო გაჩერებულია მოძრაობა, სოფლების დიდი ნაწილი გარე სამყაროს არის მოწყვეტილი. პარასკევს უამინდობის შესახებ ხელისუფლებამ შეტყობინებები დააგზავნა, თუმცა, გარე სამყაროს მოწყვეტილი ხალხი დახმარებას დღესაც ითხოვს.
სოციალურ ქსელში ვრცელდება სოფლებში დარჩენილი ხალხის პოსტები, რომლებიც საკუთარი ძალებით ცდილობენ, გაუმკლავდნენ დიდთოვლობას.
გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში შუახნის მამაკაცი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ის მეზობელს ეხმარებოდა სახლის დათოვლილი სახურავის გაწმენდაში და ნგრევას ემსხვერპლა.
სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის რეგიონში გიორგი ურუშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უბედური შემთხვევის დეტალებს შესაბამისი სამსახურები სწავლობენ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში საცხოვრებელი სახლის სახურავის თოვლისგან გაწმენდისას დაშავდა ახალგაზრდა მამაკაცი, რომლის ჰოსპიტალიზაცია საათების განმავლობაში ვერ ხერხდებოდა. ბოლო ინფორმაციით, კაცი ჰოსპიტალიზებულია, როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტი კონტაქტურია და კვლევები უტარდება. ადგილობრივი მცხოვრებლები სოციალურ ქსელში წერენ, რომ დაშავებულის ტრანსპორტირების მიზნით, სოფლის გზა თავიანთი ძალებით გაწმინდეს.
მიუხედავად რეგიონული ხელისუფლების განცხადებისა, რომ სტიქიის პირველივე დღიდან შექმნილია საგანგებო შტაბი და მოქალაქეთა პრობლემების მოსაგვარებლად ყველა შესაბამისი სამსახური 24-საათიანი რეჟიმით მუშაობს, გურიაში დიდთოვლობის გამო გარე სამყაროს მოწყვეტილი და რთულ მდგომარეობაში მყოფი ბევრი მოქალაქე ხელისუფლების უყურადღებობას უჩივის.
სოციალურ ქსელში შეიქმნა ჯგუფი „მოხალისეები გურიისთვის“. ამ ჯგუფის მიზანია მოხალისეების კოორდინაცია, დახმარების შეგროვება და მიწოდება, ინფორმაციის გაზიარება დიდთოვლობით დაზარალებულთა შესახებ და დამხმარე რესურსების მობილიზება.
გურიის მიმართულებით მოხალისეთა ჯგუფები გადიან თბილისიდან, გორიდან, ქუთაისიდან.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოებს, სადაც ასახულია გზების გაწმენდის სამუშაოები სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში, შემოქმედში, ლიხაურში, ბოხვაურში, დვაბზუში.
ამ ვიდეოების კომენტარებში გურიის სხვადასხვა სოფლის მოსახლეობა წერს, რომ მათაც დაუყოვნებლივ სჭირდებათ დახმარება, მათ შორის, შრომაში, ზედუბანში, კონჭკათში, სილაურში, ზომლეთში, ჯუმათში. ისინი წერენ, რომ მოსახლეობა სახლებშია ჩაკეტილი, ბევრთან ვერ ხერხდება კომუნიკაციის დამყარება.
25 თებერვალს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან.
ფორუმი