Accessibility links

საზოგადოება
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
თბილისიდან და სხვა ქალაქებიდან გურიაში ხალხის დასახმარებლად მოხალისეები მიდიან

თბილისიდან და სხვა ქალაქებიდან გურიაში ხალხის დასახმარებლად მოხალისეები მიდიან


გურია, ნატანები, 24 თებერვალი
გურია, ნატანები, 24 თებერვალი

გურიაში, სადაც რამდენიმე დღეა გადაუღებლად თოვს და დიდთოვლობის გამო სოფლები გარესამყაროსაა მოწყვეტილი, თბილისიდან და სხვა ქალაქებიდან მოხალისე-მაშველები მიდიან.

მათ შორისაა გიორგი გახელაძე, მოტოსპორტსმენი, რომელიც რვაკაციან ჯგუფთან ერთად, სპეციალური აღჭურვილობითა და ოთხი თოვლმავალით უკვე დაიძრა თბილისიდან.

როგორც რადიო თავისუფლებას ეუბნება, უკვე იცის, გურიაში ჩასვლის შემდეგ, პირველ რიგში, სად უნდა მივიდეს:

„სოფელ შრომაშია ქალი, რომელსაც ოთხი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. მათ უთავდებათ საკვები. დაუყოვნებლივ უნდა მივიდეთ იქ. ასევე ერთ-ერთი მონასტრიდან გამოსაყვანია მამაო, რომელსაც საკვები გაუთავდა, არ აქვს შუქი. ზუსტი ლოკაცია ჯერ არ გვაქვს, მაგრამ გზიდან ამასაც გავარკვევთ. გარდა ამისა, წამლებია მისატანი მოხუცებთან, გამოსაყვანია რამდენიმე მოხუცი უსაფრთხო ტერიტორიაზე.

ვაპირებთ, რომ ვიმუშაოთ მთელი ღამე და ვინც გამოსაყვანია, გამოვიყვანოთ. გვაქვს სპეციალური აქსესუარები, რაც თოვლში გადასაადგილებლად დაგვჭირდება. მიგვყავს სპორტული თოვლმავლები, რადგან გაუკვალავი თოვლისთვის სპეციალური თოვლმავალია საჭირო. მოვასწარით, ჩვენი ტექნიკა გადავაწყვეთ, მოვარგეთ ამ სიტუაციას და უკვე მივდივართ“, - ამბობს გიორგი გახელაძე.

გურიაში მიდიან მოხალისეები ქუთაისიდან და გორიდან. სამოქალაქო აქტივისტი, კოკა ჯახუტაშვილი, რომელიც ახლა ოზურგეთშია, გურიაში ჩასულ მოხალისეებს გაუწევს კოორდინაციას.

რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მდგომარეობა გურიაში, განსაკუთრებით მაღალმთიან სოფლებში, წინა დღესთან შედარებით კიდევ უფრო რთულია:

„გადაუღებლად თოვს. გუშინ რომ დაგერეკათ და გეკითხათ, რომელ სოფლებშია უფრო რთული სიტუაციაო, რამდენიმე სოფელს ჩამოგითვლიდით. დღეს კი გურიის თითქმის ყველა სოფელში ასეთი რთული სიტუაციაა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას კოკა ჯახუტაშვილი.

მისი თქმით, მართალია, გარკვეულ ტერიტორიებზე სპეციალური ტექნიკა მუშაობს, თუმცა, ეს საკმარისი არ არის:

„სოფლებს არ მიეწოდება შუქი. არის ტერიტორიები, საიდანაც 3-4 დღეა აღარ გვაქვს ადამიანების შესახებ ინფორმაცია, არ ვიცით, როგორ არიან, მათთან კავშირი დაიკარგა. მაგალითად, სოფელ შრომაში წუხანდელი მონაცემებით, სამი სახლის სახურავი ჩამოინგრა. ეს ინფორმაცია გუშინ მოგვაწოდა შრომაში მცხოვრებმა, მაგრამ დღეს მასაც ვეღარ ვუკავშირდებით.

ქალაქთან ახლოს დასახლებულ დაბებშიც კი პრობლემაა, არათუ მაღალმთიან სოფლებში. გზებია ჩახერგილი, არიან მძიმე პაციენტები, საკვები ამოეწურა მოსახლეობის ნაწილს. სასმელ წყლად ხალხი თოვლს იყენებს. კრიტიკულად მნიშვნელოვანი საათები გვიდგას წინ“, - ამბობს კოკა ჯახუტაშვილი.

ის ახლა ოზურგეთში საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან ჩასულ მოხალისეებს ელოდება, თუმცა, ამბობს, რომ მხოლოდ სურვილი არ კმარა და თოვლში სამუშაოდ სპეციალური მომზადებაა საჭირო:

„აქ გავაკეთებთ მოხალისეების ბაზირებას. ვიცი, რომ უკვე მოდის ალპინისტების გუნდი. აუცილებლად გაავრცელეთ ინფორმაცია, რომ მოხალისეობა კარგია და ძალიან გჭირდება, მაგრამ ვისაც არ აქვს დასავლეთის თოვლთან გამოცდილება, მათი ჩამოსვლა შეიძლება კიდევ უფრო პრობლემური იყოს. ეს არის სველი თოვლი და ან ფიზიკური მომზადება უნდა ჰქონდეს ადამიანს შესაბამისი, ან უნდა ჰქონდეს წვრთნა გავლილი და იცოდეს თოვლში გადაადგილება“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას კოკა ჯახუტაშვილი.

20 თებერვლის შემდეგ გურიასა და აჭარაში დიდი თოვლის გამო გაჩერებულია მოძრაობა, სოფლების დიდი ნაწილი გარესამყაროს არის მოწყვეტილი.

გურიის სოფლებში ჩარჩენილი მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. სოფლების დიდ ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია, მოსახლეობას უთავდება საკვები, სახლების დატოვებას და უსაფრთხო ადგილზე გადასვლას კი ვერ ახერხებენ.

ინტენსიური თოვიდან ხუთი დღის შემდეგ, 25 თებერვალს, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, უამინდობა საქართველოში 27 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. განსაკუთრებული დიდთოვლობაა აჭარის, გურიისა და იმერეთის მაღალმთიან რაიონებში.

სოციალურ ქსელში ვრცელდება სოფლებში დარჩენილი ხალხის პოსტები, რომლებიც საკუთარი ძალებით ცდილობენ, გაუმკლავდნენ დიდთოვლობას.

გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში შუახნის მამაკაცი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ის მეზობელს ეხმარებოდა სახლის დათოვლილი სახურავის გაწმენდაში და ნგრევას ემსხვერპლა.

სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის რეგიონში გიორგი ურუშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უბედური შემთხვევის დეტალებს შესაბამისი სამსახურები სწავლობენ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში საცხოვრებელი სახლის სახურავის თოვლისგან გაწმენდისას დაშავდა ახალგაზრდა მამაკაცი, რომლის ჰოსპიტალიზაცია საათების განმავლობაში ვერ ხერხდებოდა. ბოლო ინფორმაციით, კაცი ჰოსპიტალიზებულია, როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტი კონტაქტურია და კვლევები უტარდება. ადგილობრივი მცხოვრებლები სოციალურ ქსელში წერენ, რომ დაშავებულის ტრანსპორტირების მიზნით, სოფლის გზა თავიანთი ძალებით გაწმინდეს.

მიუხედავად რეგიონული ხელისუფლების განცხადებისა, რომ სტიქიის პირველივე დღიდან შექმნილია საგანგებო შტაბი და მოქალაქეთა პრობლემების მოსაგვარებლად ყველა შესაბამისი სამსახური 24-საათიანი რეჟიმით მუშაობს, გურიაში დიდთოვლობის გამო გარესამყაროს მოწყვეტილი და რთულ მდგომარეობაში მყოფი ბევრი მოქალაქე ხელისუფლების უყურადღებობას უჩივის.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოებს, სადაც ასახულია გზების გაწმენდის სამუშაოები სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში, შემოქმედში, ლიხაურში, ბოხვაურში, დვაბზუში.

ამ ვიდეოების კომენტარებში გურიის სხვადასხვა სოფლის მოსახლეობა წერს, რომ მათაც დაუყოვნებლივ სჭირდებათ დახმარება, მათ შორის, შრომაში, ზედუბანში, კონჭკათში, სილაურში, ზომლეთში, ჯუმათში. ისინი წერენ, რომ მოსახლეობა სახლებშია ჩაკეტილი, ბევრთან ვერ ხერხდება კომუნიკაციის დამყარება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG