ხიდისთავში, ორ შვილთან და ბებიასთან ერთად არის დარჩენილი ლიკა მამალაძე. სოციალურ ქსელში პოსტი ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა და დახმარება ითხოვა.
რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ დილიდან სოფელში ელექტროენერგიაც გაითიშა. სახლმა კი თოვლის მძიმე საფარის გამო დეფორმაცია მიიღო:
„ძალიან შეშინებული ვარ. ჩემი მეუღლე არ არის სახლში, სამაშველო სამსახურში მუშაობს და თბილისში იყო წასული გადამზადების კურსებზე. დავრჩი ორ ბავშვთან და ბებიასთან ერთად მარტო. სახლის ნახევარმა მიიღო დეფორმაცია. იმდენად აწვება სახლს თოვლის სიმძიმე, რომ მეორე სართულზე რომ ავდივარ, კარი აღარ იკეტება. თუ სასწრაფოდ არ გადაითოვლა სახლები, არ ვიცი, რა იქნება. ყველაზე მეტად რაც გვაშინებს ისაა, რომ კიდევ თოვს და ამაღამაც მთელი ღამე უნდა ითოვოს“.
ლიკა ამბობს, რომ მის მეზობლად ცხოვრობს მოხუცი ცოლ-ქმარი, რომლებსაც ასევე სჭირდებათ დახმარება. მეზობლად მდგარი კიდევ ერთი სახლი კი ნაწილობრივ ჩამოინგრა:
„თოვლი იმდენად დიდია, რომ ვერ გადავაადგილდებით. ტექნიკამაც როგორ უნდა გაიაროს, არ ვიცი. დღეს, ამ წუთას, სოფლებში ტექნიკა და მოძრაობა არ ჩანს. ისევ თოვს და ქარბუქია.
შუქი დღეს დილიდან აღარ გვაქვს. ტელეფონი არ მაქვს დატენილი და ამიტომ ვცდილობ, რომ ინტერნეტიც გათიშული მქონდეს“, - ეუბნება ლიკა მამალაძე რადიო თავისუფლებას.
ლიკას მსგავსად სოციალურ ქსელში ითხოვენ დახმარებას გურიის სოფლების სხვა მცხოვრებლებიც. სოფლებში მისასვლელი გზები ჩახერგილია, სოფლების ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია და მოსახლეობასთან კონტაქტიც გართულებულია.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გურიაში არსებული აბონენტების 28%-ს, 16 ათას აბონენტს, ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება:
„დიდთოვლობის გამო გზებზე ტექნიკის გადაადგილება გართულებულია. შედეგად, დაზიანების ადგილებამდე მისვლა ჭირს. ელექტრიკოსებს უწევთ ფეხით მიუახლოვდნენ დაზიანებულ ენერგოინფრასტრუქტურას და აწარმოონ აღდგენითი სამუშაოები, ზოგ შემთხვევაში კი ფეხით გადაადგილებაც გართულებულია“, - აცხადებენ „ენერგო-პრო ჯორჯიაში“.
20 თებერვლის შემდეგ გურიასა და აჭარაში დიდი თოვლის გამო გაჩერებულია მოძრაობა, სოფლების დიდი ნაწილი გარესამყაროს არის მოწყვეტილი.
ინტენსიური თოვიდან ხუთი დღის შემდეგ, 25 თებერვალს, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დასავლეთ საქართველოში ყველა შესაბამისი დანაყოფი მესამე დღეა საგანგებო რეჟიმში მუშაობს და სამაშველო სამუშაოებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 600-მდე მეხანძრე-მაშველი და ათეულობით სპეციალური ტექნიკაა ჩართული, მათ შორის, თოვლის ბურანები.
„მეხანძრე-მაშველებმა ამ დროისთვის, ურთულეს რელიეფურ პირობებში ათეულობით ადამიანს გაუწიეს დახმარება და აჭარისა და გურიის სხვადასხვა სოფლიდან, უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს მოხუცები, ბავშვები და ის პირები, რომლებიც
სამედიცინო დახმარებას საჭიროებდნენ.
ასევე, უსაფრთხო ადგილას გამოიყვანეს, თოვლსა და ნამქერში ჩარჩენილი სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც დიდთოვლობისა და ამინდის გაუარესების
გამო გადაადგილებას ვეღარ ახერხებდნენ“, - წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, უამინდობა საქართველოში 27 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. განსაკუთრებული დიდთოვლობაა აჭარის, გურიისა და იმერეთის მაღალმთიან რაიონებში.
გურიაში, სადაც რამდენიმე დღეა გადაუღებლად თოვს, თბილისიდან და სხვა ქალაქებიდან მოხალისე-მაშველები მიდიან.
სოციალურ ქსელში ვრცელდება სოფლებში დარჩენილი ხალხის პოსტები, რომლებიც საკუთარი ძალებით ცდილობენ, გაუმკლავდნენ დიდთოვლობას.
გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში შუახნის მამაკაცი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ის მეზობელს ეხმარებოდა სახლის დათოვლილი სახურავის გაწმენდაში და ნგრევას ემსხვერპლა.
სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის რეგიონში გიორგი ურუშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უბედური შემთხვევის დეტალებს შესაბამისი სამსახურები სწავლობენ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში საცხოვრებელი სახლის სახურავის თოვლისგან გაწმენდისას დაშავდა ახალგაზრდა მამაკაცი, რომლის ჰოსპიტალიზაცია საათების განმავლობაში ვერ ხერხდებოდა. ბოლო ინფორმაციით, კაცი ჰოსპიტალიზებულია, როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტი კონტაქტურია და კვლევები უტარდება. ადგილობრივი მცხოვრებლები სოციალურ ქსელში წერენ, რომ დაშავებულის ტრანსპორტირების მიზნით, სოფლის გზა თავიანთი ძალებით გაწმინდეს.
მიუხედავად რეგიონული ხელისუფლების განცხადებისა, რომ სტიქიის პირველივე დღიდან შექმნილია საგანგებო შტაბი და მოქალაქეთა პრობლემების მოსაგვარებლად ყველა შესაბამისი სამსახური 24-საათიანი რეჟიმით მუშაობს, გურიაში დიდთოვლობის გამო გარესამყაროს მოწყვეტილი და რთულ მდგომარეობაში მყოფი ბევრი მოქალაქე ხელისუფლების უყურადღებობას უჩივის.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოებს, სადაც ასახულია გზების გაწმენდის სამუშაოები სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში, შემოქმედში, ლიხაურში, ბოხვაურში, დვაბზუში.
ამ ვიდეოების კომენტარებში გურიის სხვადასხვა სოფლის მოსახლეობა წერს, რომ მათაც დაუყოვნებლივ სჭირდებათ დახმარება, მათ შორის, შრომაში, ზედუბანში, კონჭკათში, სილაურში, ზომლეთში, ჯუმათში. ისინი წერენ, რომ მოსახლეობა სახლებშია ჩაკეტილი, ბევრთან ვერ ხერხდება კომუნიკაციის დამყარება.
ფორუმი