- მართალია, სოფლებსა და ქალაქებში გზები ბევრგან ჩახერგილია და მოსახლეობის დიდ ნაწილს სწორედ ეს უქმნის პრობლემას, მაგრამ თუ თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ მანქანა მართოთ, გზაზე კი თოვლია, აჯობებს თავი შეიკავოთ. საჭესთან მხოლოდ უკიდურესად გადაუდებელ შემთხვევაში დაჯექი. იმოძრავეთ მხოლოდ დიდ გზებსა და გზატკეცილებზე.
- დიდი თოვლი სახურავებს აზიანებს. თოვლის სიმძიმე სახიფათოა და თუ შეძლებთ, მოაშორეთ ის ისეთ შენობებს, რომლებიც შეიძლება ჩამოინგრეს.
- მოერიდეთ თოვლისგან გადახრილ ელექტროგადამცემ ბოძებსა და დაზიანებულ მავთულებს, ხეებს.
- თუ სახლს ღია ცეცხლით ათბობთ, მაგალითად, გაზქურით, ხშირად გაანიავეთ ოთახი, რომ ნახშირჟანგით არ მოიწამლოთ. თუ გათბობის სისტემა გაზზე მუშაობს, დარწმუნდით, რომ გამწოვი მილები თოვლით არ არის გადაკეტილი.
- ერიდეთ მოლიპულ გზებს, რომლებიც შესაძლოა თოვლის დნობის შემდეგ წარმოიქმნას. თუ ამას ვერ ახერხებთ, ისეთი ფეხსაცმელი ჩაიცვით, რომელიც არ სრიალებს, მშრალ ძირებზე დააკარით პლასტირი ან საიზოლაციო ლენტი. შეგიძლიათ ძირები ზუმფარის ქაღალდითაც დაამუშაოთ.
- იარეთ ფრთხილად, აუჩქარებლად, ფეხსაცმლის მთელ ძირზე ფეხის დადგმით. ფეხები ოდნავ მოდუნებული, ხელები კი თავისუფალი უნდა გქონდეთ.
- თუ ნამქერი ამოვარდა, მჭიდროდ დახურეთ ფანჯრები, კარები, სხვენი და სავენტილაციო მილები. მოიმარაგეთ წყალი, საკვები, მედიკამენტები, ავტონომიური განათების საშუალებები (ფარნები, ნავთის ლამპები, სანთლები), სამგზავრო ქურა, ბატარეებზე მომუშავე რადიომიმღები.
- თუ მანქანა გზაზე გაგიჩერდათ, მიეცით განგაშის სიგნალი ავტომობილის წყვეტილი საყვირით. ჩამოკიდეთ ანტენაზე კაშკაშა ფერის ქსოვილი, დახმარებას დაელოდეთ მანქანაში, ჩართული ძრავით და ოდნავ ჩამოწეული მინით.
- თავი აარიდეთ ადგილებს, სადაც ზვავის საშიშროებაა, კერძოდ, დახრილ ფერდობებს.
- თუ ზვავი წამოვიდა, გაიქეცით, ან მოეფარეთ კლდის შვერილს, არ დადგეთ ნორჩი ხეების უკან.
- თუ ზვავს ვერ გაექეცით, გათავისუფლდით ბარგისგან, მიიღეთ ჰორიზონტალური მდგომარეობა, ზვავის მოძრაობის მიმართულებაზე ორიენტაციითა და მუხლების მუცელზე მიჭერით. ზვავში მოყოლის დროს დაიფარეთ პირი და ცხვირი ხელთათმანით, შარფით, საყელოთი. ეცადეთ, დარჩეთ ზვავის ზედაპირზე.
- როცა ზვავი შეჩერდება, შეეცადეთ სახისა და მკერდის ირგვლივ თავისუფალი სივრცე შექმნათ. ეს სუნთქვას გაგიადვილებთ. თუ საშუალება გექნებათ, იმოძრავეთ ზემოთ (ამას პირიდან გამოდენილი ნერწყვის მიმართულებით გაარკვევთ). თოვლი მთლიანად ახშობს ხმას, ამიტომ ყვირილს აზრი არა აქვს. ეცადეთ, არ დაიძინოთ. გახსოვდეთ, რომ თქვენ გეძებენ. ცნობილია შემთხვევები, როდესაც ზვავში მოყოლილი ადამიანები მეცამეტე დღის შემდეგაც გადაარჩინეს.
- თოვლი რომ გადაიღებს და გზები გაიწმინდება, არ იფიქროთ, რომ ყველაფერი დამთავრდა. თოვლის დნობის შემდეგ შესაძლოა უფრო დიდი საფრთხეები გააქტიურდეს (მაგალითად, მეწყერი), განსაკუთრებით გურიაში, სადაც გეოლოგიური საფრთხეები მაღალი და მასშტაბურია.
- გაწმინდეთ სადრენაჟო არხები, ასე დამდნარი წყალი თავისუფლად გავა.
- გაამაგრეთ სახლის მიმდებარე ტერიტორია, რომ წყალი არ შემოგივარდეთ.
ასევე ნახეთ
ფორუმი