Accessibility links

საზოგადოება
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
"ამ ჭიშკარს შიგნით ცხოვრობს 89 წლის ქალბატონი" - გურიის სოფლებში შველას ითხოვენ დიდთოვლობაში მოყოლილები

"ამ ჭიშკარს შიგნით ცხოვრობს 89 წლის ქალბატონი" - გურიის სოფლებში შველას ითხოვენ დიდთოვლობაში მოყოლილები


დიდთოვლობა სოფელ შრომაში, ზემოუბანში -თოვლში ჩანს მესრის ზედა დეტალები
დიდთოვლობა სოფელ შრომაში, ზემოუბანში -თოვლში ჩანს მესრის ზედა დეტალები

საქართველოს რამდენიმე რეგიონში, მათ შორის გურიაში, დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა - მოქალაქეები ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვენ დროულად გაწმინდონ გზები და აღადგინონ ელექტროენერგიის მიწოდება იმ სოფლებში, რომლებიც გარესამყაროს რამდენიმე დღეა მოწყვეტილია.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ათზე მეტი სოფელია კომუნიკაციების გარეშე დარჩენილი. სოფელ შრომის ერთ-ერთ უბანში გადაღებული ფოტო, სადაც მხოლოდ რკინის მესრის ზედა ნაწილი ჩანს თოვლის მასაში, ვირუსულად გავრცელდა სოციალურ ქსელებში.

"ამ ჭიშკარს შიგნით ცხოვრობს 89 წლის ქალბატონი, ამ უბანში არის ჩვილბავშვიანი ოჯახები, ხანდაზმულები, ადამიანები ჯანმრთელობის პრობლემებით. უკვე რამდენი დღეა არა აქვთ შუქი, იქმნება პრობლემები საკვებზეც, კერძოდ, პურზე, ღმერთის იმედზეა დატოვებული ხალხი, ტექნიკა არ არის, რომ ამ თოვლს მოერიოს", - ასე აღწერს ამ ადგილას მცხოვრებლების მდგომარეობას ლალი ხომერიკი, რომელიც თავადაც ოზურგეთში ცხოვრობს. 89 წლის ქალი, რომელსაც ის ახსენებს, მისი დედაა, რომელთანაც კომუნიკაცია ტელეფონით აქვს და ცდილობს რაც შეიძლება მოკლედ ელაპარაკოს, რათა შუქის მოსვლამდე ტელეფონის ელემენტმა გაძლოს.

"შრომა დიდი სოფელია, ამ უბანში, ზედაუბანში დაახლოებით 30 ოჯახი ცხოვრობს, სრულიად მოწყვეტილები არიან გარესამყაროს. მედიკამენტებიც გამოელიათ, საკვებიც, გიჟს ვგავარ, ვერანაირად ვერ ვეხმარები აქედან. ნახევარი საათი უნდა დაახლოებით, აქედან მანქანით რომ წახვიდე, მაგრამ გზა არ არის გაწმენდილი და როგორ უნდა წავიდე, ფეხით ხომ ვერ წავალ. ორ მეტრამდე თოვლიაო. სასწრაფოც კი ვერ მიდის, ძალიან ბევრი ვრეკე ყველა ინსტანციაში, მაგრამ ტექნიკა არ აქვთ. ამ ტექნიკაზე ადრე უნდა ეზრუნათ, გურია მთაგორიანია და ეგ ტექნიკა სულ საჭიროა. ხომ შეიძლება ადრე დაეწყოთ ამ გზების გაწმენდა, სანამ 50 სანტიმეტრი იყო თოვლი, ახლა რანაირად მივლენ იქ, წარმოდგენა არ მაქვს. სოფელში შესასვლელიც კი არ არის გაწმენდილი, სახლების წინ გაწმენდაზე კი არ არის ლაპარაკი.

ტელეფონებს მანქანის აკუმულატორებზე ტენიდნენ და ახლა ეგეც დაუჯდათ. სამი დღის წინ უჩვეულოდ მაღალი წნევა ქონდა, გავგიჟდი, ავაწრიალე ყველა, ბოლოს რაღაც სპეციალური მანქანა ავიდა, მადლობელი ვარ ნამდვილად მაგისი, აუტანეს წამალი და გაუწიეს დახმარება, მაგრამ ვერ წამოიყვანეს და დატოვეს ისევ იქ.

ტექნიკა ვერ მიდის, დაგვიბრუნდა, გაგვიფუჭდაო, მეუბნებიან მერიაში - როცა საახალწლო ნაძვის ხეზე, მის ატრიბუტებზე, კონცერტებზე და ასაფეთქებლებზე იხარჯება ნახევარ მილიონზე მეტი, ტექნიკა არ უნდა ქონდეთ ასეთი ლანდშაფტის მქონე რეგიონში?" - ეუბნება რადიო თავისუფლებას ლალი ხომერიკი. მისი თქმით, შრომის მსგავსი პრობლემები გურიაში ათობით სხვა სოფელს აქვს - ტექნიკა, რომელსაც მუნიციპალიტეტი გზების გასაწმენდად ამუშავებს, ოზურგეთის ცენტრს და მის სიახლოვეს არსებულ სოფლებსაც კი ვერ ყოფნის.

სოფელ შრომაში, ზემოუბანში გადაღებული ფოტო 23 თებერვალს
სოფელ შრომაში, ზემოუბანში გადაღებული ფოტო 23 თებერვალს

"რაღაცას გაწმენდენ, ეგრევე დადებენ მუნიციპალიტეტის ფეისბუკის გვერდზე, ფაქტიურად სოფლები არის ჩაკარგული თოვლში. ასეა თხინვალა, კოჭკათი, ორმეთი, ნატანებში გაზიც კი შეწყდა, ვერც კი ჩამოთვლი, იმდენი სოფელი ითხოვს შველას. ლანჩხუთში, მაგალითად, ეგეც გურიაა, დეიდაჩემის დედამთილი გარდაიცვალა, 105 წლის ადამიანი, არც კი იციან, როგორ დაკრძალონ, ნინოშვილია ეგეთი სოფელი და სამძიმარზეც კი ვერ მიდიან მეზობლები. სად დაკრძალონ, სად უნდა წაიყვანონ, არაფერი არ იციან. ასევე ნატანებშიც ჩვენი მეზობლის ახლობელი გარდაიცვალა, იქაც პრობლემაა დაკრძალვაზე", - გვეუბნება ლალი ხომერიკი. ფოტოები, რომლებიც მას აქვს საკუთარი სოფლიდან მეზობლების გამოგზავნილი, 23 თებერვალს არის გადაღებული, 24 თებერვალს, ინტერნეტკავშირი გაწყდა და მათთან მხოლოდ ტელეფონით შეუძლია საუბარი. ერთ-ერთ ბოლო დარეკვაზე უთხრეს, რომ თოვლმა დაშალა მათი მეზობლის სახლი, სადაც საბედნიეროდ არავინ ცხოვრობდა და ნგრევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

სოფელი შრომა, ზემოუბანი
სოფელი შრომა, ზემოუბანი

გურიის სოფლებში დიდთოვლობა სამი დღის წინ დაიწყო - ამინდის პროგნოზის მიხედვით, თოვლი მოსალოდნელია მთელი კვირის განმავლობაში.

ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების სკოლებსა და ბაღებში დიდთოვლობის გამო შეწყვეტილია სასწავლო პროცესი - დასახლებების უმეტესობა ელექტროენერგიისა და გაზის გარეშეა დარჩენილი.

მოსახლეობა მუნიციპალიტეტების ოფიციალურ გვერდებზე ფეისბუკზე, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლები გზების წმენდის ამსახველ ვიდეოებს ათავსებენ, დახმარებას ითხოვენ არაერთი სოფლიდან: პრობლემებია ჯუმათში, ორმეთში, ზემო ნატანებში, იანეთში, კაპროვანში, მელექედურში, ნასაკირალში, ვაკიჯვარში.

რადიო თავისუფლება ცდილობდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიასთან დაკავშირებას იმის გასარკვევად, რამდენ სოფელს ჰყოფნის მათი ტექნიკა დღის განმავლობაში გზების გასაწმენდად და რამდენი სოფლიდან აქვთ შეტყობინება გადაუდებელი დახმარების საჭიროების შესახებ - ოფიციალურ გვერდებზე მითითებულ ნომრებზე დაკავშირება მასალის გამოქვეყნებამდე შეუძლებელი აღმოჩნდა.

დიდთოვლობასა და მისით შექმნილ პრობლემებს გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. მთავრობის სხდომაზე მან კონკრეტულ რეგიონებში არსებული სირთულეების განხილვის ნაცვლად, ეს ზოგადი კომენტარი გააკეთა: "არის დიდთოვლობა რამდენიმე რეგიონში, საჭიროა ყველა უწყების სრული მობილიზება, რათა ვებრძოლოთ სტიქიის შედეგებს და ვიზრუნოთ მოსახლეობის ინტერესების მაქსიმალურად დაცვაზე. დღესაც, არის მაქსიმალური მობილიზება და მომდევნო დღეების განმავლობაშიც ყველა ზომა იქნება მიღებული იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ მოსახლეობაზე დიდთოვლობიდან გამომდინარე".

ფორუმი

XS
SM
MD
LG