მოხალისე-მაშველები მაღალი გამავლობის მანქანებითა და თოვლმავლებით ცდილობენ მოსახლეობისთვის საკვების, მედიკამენტების, პირველადი მოხმარების ნივთების მიწოდებას.
მოხალისეებს დათოვლილი სახლებიდან გამოჰყავთ ის ადამიანებიც, რომლებსაც უსაფრთხო ტერიტორიაზე გადასვლა დაუყოვნებლივ ესაჭიროებათ.
"ის ოჯახიც ვნახეთ, სადაც 106 წლის მიცვალებული ჰყავთ დასვენებული, დახმარება სჭირდებათ"
მოტოსპორტსმენი გიორგი გახელაძე მეგობრებთან ერთად, სპეციალური აღჭურვილობითა და ოთხი თოვლმავლით, თბილისიდან გურიაში 25 თებერვალს, ღამით ჩავიდა.
რადიო თავისუფლებას უყვება, რომ ხუთი საათი დასჭირდათ იმისთვის, რომ სოფელ ნინოშვილიდან, მონასტერში ჩარჩენილი ბერი გამოეყვანათ და ამავე სოფელში, კიდევ ერთი ოჯახისთვის საკვები და მედიკამენტები მიეწოდებინათ.
ამბობს, რომ გზის ნაწილი მაღალი გამავლობის მანქანით გაიარეს, დაახლოებით ხუთი კილომეტრის გავლა კი მხოლოდ თოვლმავლებით შეძლეს.
„ღამის 12-ზე გავეშურეთ პირველი მისიისკენ. საკმაოდ რთული პირობები იყო, გადაუღებლად თოვდა, იყო ცუდი ხილვადობა.
მამა დავითი, ბერი იყო გამოსაყვანი დავით აღმაშენებლის სახელობის მონასტრიდან. ცუდ მდგომარეობაში იყო, ფიზიკურად ვეღარ გადიოდა ეზოდან. იმხელა თოვლი იყო, რომ კარსაც ვეღარ აღებდა. ფეხითაც კი ვერ წამოვიდოდა. ხუთი დღე ელოდა ტრაქტორს, ჰპირდებოდნენ, ამოვაო ტრაქტორიო, მაგრამ უშედეგოდ. თოვლმავალზე მოვისვით უკან და ასე წამოვიყვანეთ.
იქიდან წავედით ოჯახში, სადაც მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავდათ. მივუტანეთ წამლები, პროდუქტი, პირველადი მოხმარების ნივთები“.
როგორც გიორგი გახელაძე ჰყვება, სოფელ ნინოშვილში, შემთხვევით მიადგნენ იმ სახლსაც, სადაც რამდენიმე დღის წინ, 106 წლის ქალი გარდაიცვალა:
„გუშინ უკვე მეხუთე დღე იყო მისი გარდაცვალებიდან. ოჯახი გამოუვალ მდგომარეობაში იყო. ვერც ფეხით გადაადგილდებიან, ვერც მიცვალებულს კრძალავენ. დახმარება სჭირდებათ, მიცვალებულის გაყვანა უნდათ, მაგრამ ჩვენ ფიზიკურად ვერ დავეხმარებოდით, არ ვიცი, ალბათ ვერტმფრენია საჭირო“.
გიორგი გახელაძე ამბობს, რომ მოხალისე მაშველები ცდილობენ კომუნიკაცია ჰქონდეთ საკოორდინაციო შტაბთანაც, რომელიც „ქართული ოცნების“ მთავრობამ სტიქიიდან ხუთი დღის თავზე შექმნა:
„როცა ადამიანი გირეკავს და გეუბნება, რომ ერთი საათის მარაგი აქვს დარჩენილი, შტაბის დავალებას ვერ დაელოდები, თუკი გაქვს ამის რესურსი, რომ ადამიანთან მიხვიდე და დაეხმარო, უნდა წახვიდე და დაეხმარო. ამის პარალელურად, ინფორმაციას ვაწვდით შტაბსაც. თუკი შტაბი ამბობს, რომ ამ მიმართულებით არავინ მიდის, ჩვენ ვიღებთ ამ მისიას და მივდივართ.
რასაც ვუყურებ, ისეთი ადგილებია და ისეა დათოვლილი, რომ ბევრს არ შეუძლია იმ ადგილებში მისვლა. სულ თითზე ჩამოსათვლელი რაოდენობაა ადამიანების, ვისაც ამ ტერიტორიებზე მისვლა შეუძლია. იმიტომ რომ ძალიან დიდი თოვლია, ჩვენც გაგვიჭირდა. რთული პირობებია ძალიან“.
„წუხელ 30-მდე ოჯახში ვიყავით, მივუტანეთ საკვები, წამლები“
25 თებერვალს, საღამოს, ხელისუფლების მიერ შექმნილმა საკოორდინაციო შტაბმა განცხადება გაავრცელა და მოხალისე მაშველებს მოუწოდა თავი შეეკავებინათ ინიციატივებისგან და მათ მუშაობას „კონტრპროდუქტიული“ უწოდა.
მოხალისე-მაშველი, კოკა ჯახუტაშვილი, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში, სხვა მოხალისეებთან ერთად დადის და თოვლში დარჩენილ მოსახლეობას ეხმარება, რადიო თავისუფლებას ეუბნება:
„რომ არა მოხალისე მაშველები, სტიქიური უბედურების ზონაში იმაზე მძიმე სიტუაცია იქნებოდა, ვიდრე დღეს არის. რომ არა ეს ადამიანები, რომლებიც შიშველი ხელებით უპირისპირდებიან ამ სტიქიას, ფეხით გადაადგილდებიან გაუკვალავ თოვლში, გაცილებით რთული სიტუაცია იქნებოდა.
რასაც მოხალისეები აკეთებენ, იმის ნახევარი რომ გაეკეთებინა ხელისუფლებას ჯერ კიდევ სამი დღის წინ, ამ სიტუაციაში არ იქნებოდა დღეს გურიის რეგიონი“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას კოკა ჯახუტაშვილი.
მისი თქმით, წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში, ფოთიდან ჩასულ მოხალისე-მაშველებთან ერთად რამდენიმე სოფელში, 30-მდე ოჯახში მივიდნენ და სხვადასხვა სახის დახმარება გაუწიეს:
„მაღალი გამავლობის მანქანებით, დილის რვა საათამდე დავდიოდით. სიტუაცია საკმაოდ კრიტიკულია. ვიყავით ბახვში, ქვედა ბახვში, ნატანებში, ქვედა ნატანებში, ზემო ნატანებში, სადამდეც მანქანა მივიდა, ყველგან მივედით. ორი მანქანა იყო ჩარჩენილი ნასაკირალის გზაზე, ისინიც გამოვიყვანეთ.
ყველას სჭირდება საჭმელი, მედიკამენტი, განსაკუთრებული მოთხოვნაა ინსულინის ნემსებზე. მივიტანეთ საკვები და მედიკამენტები, სიცხის დამწევი, წნევის მარეგულირებელი. მაგრამ, რა თქმა უნდა, არასაკმარისია“, - ამბობს კოკა ჯახუტაშვილი.
დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობა უკვე ერთი კვირაა გრძელდება. განსაკუთრებით რთულია მდგომარეობა გურიის რეგიონში, სადაც, სავარაუდოდ, ათეულობით სოფელი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი, დანგრეული და დაზიანებულია შენობები, შეწყვეტილია ენერგომომარაგება და მოსახლეობის ნაწილს საკვების მარაგი ამოეწურა.
სამაშველო სამუშაოებში შინაგან საქმეთა სამინისტროს 600 თანამშრომელსა და მოხალისეების ჯგუფებს დიდთოვლობის დაწყებიდან მეექვსე დღეს შეუერთდა თავდაცვის ჯარები.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რომელსაც უწყება 26 თებერვალს ავრცელებს, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები ექვს მიმართულებაზე მუშაობენ, თუმცა, ამ მიმართულებების შესახებ დეტალებს აღარ აზუსტებენ:
„დილიდან სამხედრო მოსამსახურეები შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით გავიდნენ ყველა იმ კრიტიკულ ობიექტზე, სადაც მოსახლეობა დახმარებას საჭიროებს“, - წერია განცხადებაში.
ამის პარალელურად, სოციალურ ქსელში ისევ ვრცელდება ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც სოფლებში, თოვლში არიან დარჩენილები, ეწურებათ საკვები, სახლების დატოვებას კი ვერ ახერხებენ, რადგან სოფლებამდე მისასვლელი გზების გაწმენდა, ამ დრომდე ვერ ხერხდება.
„კონჭკათში ვერ ვუკავშირდებით ელგუჯა კოსტავას ოჯახს, რაც თოვლი დაიწყო… იქნებ როგორმე მიხვიდეთ, თუ შეძლებთ და გაგვაგებინოთ როგორ არიან…. მადლობა წინასწარ!“
„ცოლ ქმარს ესაჭიროება დახმარება აქვთ ძველი სახლი დაა არის რისკი რომ დაინგრეს კაცი არის ლოგინში მწოლიარე და ჭირდება ექიმი აქვს ძლიერი ტკივილები“.
„სოფელი ზედა ბახვი, მოხუცები და პატარა ბავშვებით ვართ ჩარჩენილი და გზა არ გვაქვს ხალხნო!! არაფერს ვითხოვთ მეტს, სხვებს ჩვენზე მეტად უჭირთ, მაგრამ უკვე პროდუქტებიც გვიმთავრდება და მხოლოდ გზის გაწმენდა გვინდა“...
„ელექედურში, ძველი ბაღის შენობის მოპირდაპირედ მარტოხელა ქალი ცხოვრობს, ცაცა დოლიძე. არ აქვს ელ. ენერგია, სახლის სახურავიც ცუდ მდგომარეობაშია, ტელეფონზე აღარ მპასუხობს, ალბათ დაუჯდა. როგორ შეიძლება დავეხმაროთ? მარტოა სახლში“...
ეს უმცირესი ნაწილია იმ პოსტებისა, რომლებიც სოციალურ ქსელში 26 თებერვალს, დღის 3 საათისთვის იწერება.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცხელი ხაზის ნომერზე რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ 26 თებერვლის დილიდან, დაახლოებით 100 ზარია უკვე შესული. მოსახლეობა ძირითადად გზის გაწმენდას ითხოვს. ცხელ ხაზზე, 25 თებერვალს 400-მდე ზარი შევიდა.
დიდთოვლობას უკვე მოჰყვა მსხვერპლი გურიაში. 24 თებერვალს შუახნის კაცი დაიღუპა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში. ის მეზობელს ეხმარებოდა სახლის დათოვლილი სახურავის გაწმენდაში და ნგრევას ემსხვერპლა.
ეს ამ დრომდე არის რადიო თავისუფლებისთვის ცნობილი ერთადერთი დადასტურებული შემთხვევა, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული დიდთოვლობასთან.
საქართველოს უმეტეს რაიონებში ისევ თოვს. 26 თებერვალს ქალაქებში დაბალი ტემპერატურა ნარჩუნდება, ყველგან გამოცხადებულია თოვა. სინოპტიკოსების ვარაუდით, თოვა 27 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.
ფორუმი