Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ძალა და ფასი აქვს პუტინის გინებას საქართველოში?


მას შემდეგ, რაც რუსთავი 2-ის წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ ვლადიმირ პუტინს პირდაპირ ეთერში რუსულად აგინა, საქართველოში უკეთესად გამოიკვეთა რუსეთის მიმართ დამოკიდებულების ახალი და ძველი კონტურები - შიში, ანგარიშვალდებულება თუ ურთიერთობების დალაგების იმედი. ჟურნალისტის საქციელს, რომელიც ქვეყანაში თითქმის არავის მოეწონა, ხელისუფლებისა და გარკვეული ჯგუფების მხრიდან ძლიერი შეტევა მოჰყვა.

რა უნდოდა გაბუნიას და რა უნდა ხელისუფლებას? რა დადგა საფრთხის ქვეშ დემოკრატიულ სახელმწიფოში?

გინება და განგაში

გიორგი გაბუნიას გინება მრავალსართულიანი იყო, ხანგრძლივი და უკიდეგანო.ზოგმა ყურებს არ დაუჯერა, ზოგს გაუკვირდა, ზოგი შეშინდა, ზოგი გაბრაზდა - ჟურნალისტის საქციელი ძალიან ცოტამ თუ მოიწონა და გაამართლა საქართველოში.

გაბუნიას არაეთიკური საქციელი მალევე დაგმო ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ. საგანგებო განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის პრეზიდენტის მიმართ გაკეთებული არაეთიკური განცხადებები დამაზიანებელია მთლიანად მედიისთვის და დემოკრატიული პროცესისთვის.

ჟურნალისტის საქციელი არაეთიკურობის გამო მწვავედ გააკრიტიკა თავად „რუსთავი 2“-მაც, არხმა ბოდიში მოიხადა და ითქვა ისიც, რომ - გაბუნიას პასუხისმგებლობის საკითხი განიხილება. შედეგი 8 ივლისს დადგა - “რუსთავი 2”-ის თვითრეგულირების ორგანომ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას უფლებამოსილება 2 თვით შეუჩერა.

7 ივლისს სათქმელი სხვადასხვანაირად, მაგრამ - ყველამ თქვა. ფეისბუკმომხმარებლების დიდმა ნაწილმა ლანძღა, აგინა, მიწასთან გაასწორა ჟურნალისტი. აგორდა რუსეთის მიმართ შიშიც:

  • გიორგი გაბუნიას გინების გამო პუტინის რუსეთი დაბომბავს საქართველოს;
  • რუსი ტურისტები საერთოდ აღარ ჩამოვლენ საქართველოში - ისედაც ფრენები აკრძალა პუტინმა;
  • შეშინდებიან ევროპელი ტურისტებიც;
  • დაიხურება რუსეთის ბაზარი ქართული პროდუქციისთვის.

თუმცა დისკუსიებითა და კამათით არაფერი დასრულებულა, მხოლოდ დაიწყო. საკითხი გასცდა ჟურნალისტის პროფესიის საზღვრებს. სწრაფად, ერთმანეთის მიყოლებით გაკეთებულ განცხადებებში ხელისუფლების უმაღლესი და მაღალი რანგის თანამდებობის პირებმა „რუსთავი 2"-სა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შეთანხმებულ მოქმედებასა და სახელმწიფოს ინტერესების მტრობაში დასდეს ბრალი.

  • პრეზიდენტი ზურაბიშვილი: „ეს ან ახალი ომის პროვოცირებას ემსახურება, ან რევანშია დაუსრულებელ გადატრიალებაზე?“
  • პრემიერი ბახტაძე: „ამ მიმართვას ერთმნიშვნელოვნად ვაფასებ, როგორც პროვოკაციას, როგორც უდიდესი საფრთხის შემცველ გზავნილს, მიმართულს საქართველოს მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ“.
  • პარლამენტის სპიკერი თალაკვაძე: „რაც დღეს „რუსთავი 2“-ის ეთერში მოვისმინეთ, არის პირდაპირი პროვოკაცია საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ“;
  • თბილისის მერი კალაძე: „ამას მარტივი სახელი ჰქვია - საკუთარი ქვეყნის მტრობა".

საერთაშორისო განგაში ატეხა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ. უწყებამ მიმართა საერთაშორისო საზოგადოებასა და პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, „სათანადო შეფასება მისცეს ტელეკომპანიის და კონკრეტულად ამ ჟურნალისტის საქციელს, რომელმაც უხეშად უგულებელყო საერთაშორისო პროფესიული ნორმები და სტანდარტები“.

პოლიტიკური ოპოზიციისთვის ცხადია, რომ სწორედ ხელისუფლების განცხადებებმა წაახალისა ის ჯგუფები, რომლებიც ითხოვენ:

  • „რუსთავი 2“-ის დახურვას;
  • ტელეკომპანიიდან ჟურნალისტ გიორგი გაბუნიასა და არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გაგდებას;
  • გაბუნიასა და გვარამიას საქართველოდან გაძევებას;
  • გიორგი გაბუნიას დაჭერასა და მკაცრად გასამართლებას.

საზოგადოების ამ ნაწილის სიძულვილის ენით დატვირთული საპროტესტო აქცია „რუსთავი 2“-ის ოფისთან გათენებამდე გაგრძელდა. შემდეგ დაიშალნენ, ხელახლა შეიკრიბნენ 8 ივლისს საღამოს.

"ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხელისუფლება ასეთი ტიპის ძალადობრივ ჯგუფებს იყენებს „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, თინა ბოკუჩავამ.

ხელისუფლების უმაღლესი და მაღალი რანგის პირებისა და მათი მხარდამჭერი ჯგუფების რეაქციებმა ბევრი რამ გადაფარა და ბევრს ისიც დაავიწყა, გიორგი გაბუნიაზე რომ იყო გაბრაზებული.

„ხელისუფლების რეაქციები ასეთ ეფექტს ბოლო პერიოდში უკვე მეორედ იძლევა: 20 ივნისს, საღამოს, რუსთაველის გამზირზე ბევრი გაბრაზდა ოპოზიციის ნაწილზე იმის გამო, რომ მათ სურდათ მშვიდობიანი აქციის გადაზრდა პარლამენტში შეჭრის მცდელობაში... მაგრამ ისე უპასუხა ხელისუფლებამ, რომ ეს მცდელობა დაავიწყდა ბევრს და ხალხს ახლა მარტო დათხრილი თვალები და რეზინის ტყვიები ახსოვს... ახლაც, ხელისუფლებისა და ულტრამემარჯვენე ჯგუფების პასუხი ისეთი არაადეკვატურია, რომ გაბუნიას მიერ ჟურნალისტური ეთიკის ძალიან უხეში დარღვევა რაღაცნაირად მეორეხარისხოვანი გახდა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ანალიტიკოსმა გია ნოდიამ.

ბოდიშის მთხოვნელი რუსეთი და საქართველოს ხელისუფლება

„არც გავრილოვის ღამემდე და არც მას შემდეგ, ხელისუფლება ასეთი ერთსულოვანი არ ყოფილა თავის განცხადებებში... ეს ასე რომ ყოფილიყო, შესაძლოა, ამ კრიზისამდეც არ მივსულიყავით“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ანალიტიკოსი გიორგი გობრონიძე. ის რამდენიმე სავარაუდო მიზეზს ასახელებს:

  • ხელისუფლებას ან მართლა სჯერა, ანდა ის ეხმიანება ხალხში დამკვიდრებულ განწყობას, რომ - რუსეთმა შესაძლოა, ერთი ჟურნალისტის გინების გამო, მართლაც დაიწყოს ომი საქართველოსთან;
  • ხელისუფლებას საქართველოს ეკონომიკური კეთილდღეობა არ წარმოუდგენია რუსეთთან კარგი დამოკიდებულების გარეშე (რაც ფუნდამენტური შეცდომა და სახიფათო გათვლაა);
  • ხელისუფლება ცდილობს, რომ, სერგეი გავრილოვის ვიზიტის შემდეგ განვითარებული მოვლენები მთლიანად ოპოზიციას (განსაკუთრებით - „ნაციონალურ მოძრაობას“) დააბრალოს.

„გავრილოვის "ინციდენტის" შემდგომ, ყველას გვახსოვს როგორ დაჟინებით მოითხოვდა რუსეთი საქართველოს ხელისუფლებისგან ოფიციალური ბოდიშის მოხდას, სახელისუფლებო სტრუქტურების მხრიდან გუშინდელ ამბებზე რეაქციას თუ გადავხედავთ, ბოდიში ფაქტიურად მოგვიხდია (თან ყველა დონეზე)..იმედია პუტინიც არ იქნება გულღრძო და გადახედავს საკუთარ გადაწვეტილებას ...“, - ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია 7 ივლისის ღამით განვითარებულ მოვლენებსა და ხელისუფლების რეაქციას.

ანალიტიკოს გია ნოდიას შეფასებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ გახსნილი ერთიანი ფრონტი ქვეყნის შიდა მოხმარებისთვისაც არის გამიზნული და სიგნალია რუსეთის ხელისუფლებისთვისაც:

  • „გავრილოვის ღამის“ შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწიათ ბევრჯერ გაემეორებინათ, რომ რუსეთი ოკუპანტი და მტერია... ახლა მათ ჩათვალეს, რომ ამ შეფასებებს აუცილებლად სჭირდებოდა გამოსწორება რუსეთის თვალში;
  • ხელისუფლებამ რუსეთის დასანახად ხელი გაიშვირა „ნაციონალური მოძრაობისკენ“ და "რუსთავი 2"-სკენ - აი, საიდან მოდისო რუსოფობია (რაზეც მოსკოვი სულ მიუთითებს);
  • შიდა პოლიტიკის ასპარეზზე კი, ხალხს უთხრა - აი, რაც გვემართება და რუსეთისგან აწი რაც დაგვემართება, ყველაფერი ოპოზიციასა და ოპოზიციურ არხს მოკითხეთო.

სწრაფი და ერთიანი რეაქციები მოსკოვში მართლაც მოუწონეს საქართველოს ხელისუფლებას და ეს კარგად ჩანს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში:

"აღსანიშნავია, რომ ამჯერად - 20 ივნისს რუსეთის საპარლამენტო დელეგაციაზე თავდასხმისგან განსხვავებით - საქართველოს ხელისუფლებამ რადიკალები არ გაამართლა და იპოვა ძალა გამიჯვნოდა პროვოკატორებს და შეეფასებინა მათი ქცევა. ვხედავთ იმ სამართლიან აღშფოთებასაც, რომელიც გამოხატა ქართულმა საზოგადოებამ".

თუმცა რუსეთმა ეს ყველაფერი, როგორც ჩანს, მაინც არასაკმარისად მიიჩნია და უპრობლემოდ განაგრძო ფიქრი - საქართველოსთვის დასაწესებელ მომდევნო სადამსჯელო სანქციებზე.

8 ივლისს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ფრაქცია „ედინაია როსიას“ ხელმძღვანელობის წინადადებას - შეიზღუდოს საქართველოდან ღვინისა და წყლის იმპორტირება.

რა საფრთხეა სახელმწიფოში?

მიმდინარე მოვლენების ფონზე აშკარა საფრთხე ექმნება დემოკრატიის ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას მონაპოვარს - გამოხატვის თავისუფლებას, - უთხრა რადიო თავისუფლებას მედიაექსპერტმა,ზვიად ქორიძემ.

ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ გაკეთებულ განცხადებებში ის სახიფათო სიმპტომებს ხედავს:

  • ხელისუფლებამ რუსეთს უთხრა, არ გაბრაზდე და ჩვენ ჟურნალისტის, მედიასაშუალების საქმიანობასაც შევეხებით - გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისთვისაც მზად ვართო;
  • ხელისუფლებამ 7 ივლისს საფუძველი ჩაუყარა კამპანიას გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ;
  • ეს არ მართლდება იმით, რომ ერთმა ჟურნალისტმა პროფესიული ეთიკური ნორმების დაცვით არ ილაპარაკა - ამ ფაქტს "უფრო მნიშვნელოვანი არ უნდა შევწიროთ“.

„ეს თემა არ არის საჯილდაო ქვა - ამას არ უნდა შეეჭიდოს არცერთი ხელისუფალი, რადგან ეს რისკის ქვეშ აყენებს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას... საქართველო დემოკრატიული რესპუბლიკაა და დემოკრატიის ღირებულებითი საყრდენებისგან დაშორება ნიშნავს კონსტიტუციური წყობის დამხობას... ჩვენ თუ არ გვინდა გამოხატვის თავისუფლება, აზრის თავისუფლება, გადაადგილების თავისუფლება და ჩვენ თუ არ ვცემთ პატივს სიცოცხლის უფლებას, მაშინ ჩვენ გამოვდივართ კლასიკური ავტორიტარული სახელმწიფო“, - ამბობს ზვიად ქორიძე.

მართალია, გიორგი გაბუნიას "არაეთიკური და უპასუხისმგებლო განცხადება" მიუღებელია გიორგი გობრონიძისთვის, მაგრამ ანალიტიკოსი ხელისუფლების განცხადებებში სახიფათო სიმპტომს - საბჭოთა დროის ხელწერას - ხედავს:

„სახელმწიფოსა და ხალხის მტრად იმ ადამიანის გამოცხადება, რომელიც მიუღებელ აზრს აფიქსირებს, ახასიათებდა იმ სახელმწიფოს, საიდან გამოსვლასაც ჩვენ ამდენი ხანია ვცდილობთ. ეს არის საბჭოთა კავშირი“.

გიორგი გობრონიძე ფიქრობს, რომ უპასუხისმგებლობა საქართველოში არც ხელისუფლებას აკლია და არც ოპოზიციას, მაგრამ - ხელისუფლებას გაცილებით მეტი მოეთხოვება და მისი განცხადებები ხელს არ უნდა უწყობდეს ისედაც პოლარიზებული საზოგადოების კიდევ უფრო გათიშვას.

ანალიტიკოს გია ნოდიას შეფასებით, გასაფრთხილებელია ეროვნულ ღირსებასთან და პატრიოტიზმთან დაკავშირებული ფასეულობებიც - ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთი ოკუპანტია და მასთან ქედის მოხრა ანდა მის მიმართ ზედმეტი შიში კარგს არაფერს მოიტანს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG