Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საგარეო უწყება: ამჯერად, საქართველოს ხელისუფლებამ რადიკალები არ გაამართლა


"უპრეცედენტოდ მდაბიო გამოხტომას" უწოდებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გიორგი გაბუნიას მონოლოგს - რომლითაც მან რუსეთის პრეზიდენტს რუსულ ენაზე აგინა. სამინისტროს შეფასებით, ეს ღია პროვოკაციაა ქართული რადიკალური ძალების მხრიდან, რაც ძირს უთხრის რუსულ-ქართულ ურთიერთობებს.

"აღსანიშნავია, რომ ამჯერად - 20 ივნისს რუსეთის საპარლამენტო დელეგაციაზე თავდასხმისგან განსხვავებით - საქართველოს ხელისუფლებამ რადიკალები არ გაამართლა და იპოვა ძალა გამიჯვნოდა პროვოკატორებს და შეეფასებინა მათი ქცევა. ვხედავთ იმ სამართლიან აღშფოთებასაც, რომელიც გამოხატა ქართულმა საზოგადოებამ", - წერია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შემდეგ, საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს რუსეთის საგარეო უწყებაც და მათგან გიორგი გაბუნიას მონოლოგზე "ადეკვატურ რეაქციას" ელის.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ 7 ივლისის გადაცემაში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს რუსულად აგინა.

გაბუნიას ქმედებას მყისიერად გამოეხმაურნენ ხელისუფლების ლიდერები - პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე თუ თბილისის მერი. ზოგი მათგანი "მკაცრ რეაგირებაზეც" საუბრობდა.

გაბუნიას მონოლოგზე რუსთავი 2-მა ბოდიში მოიხადა.

XS
SM
MD
LG