Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

GNCC გიორგი გაბუნიაზე: დაუშვებელია სახელმწიფოს ინტერესების დამაზიანებელი განცხადებები


საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია მიიჩნევს, რომ გიორგი გაბუნიას მონოლოგი - რომელშიც რუსეთის პრეზიდენტს რუსულად აგინა - უხამსი და სახელმწიფოს ინტერესების დამაზიანებელია.

"მიგვაჩნია, რომ იმას, რაც 7 ივლისს “რუსთავი 2” ის ეთერით ვიხილეთ, არაფერი აქვს საერთო სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან. ასეთი ფორმით და შინაარსით აზრის გამოხატვა არაეთიკური და უხამსია. სიძულვილის ენის შემცველი, ანტისახელმწიფოებრივი და ძალადობის მაპროვოცირებელი განცხადებები სერიოზული საფრთხის შემცველია ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეებისთვის."

კომისიის განცხადებით, გაბუნიას მიერ შეურაცხმყოფელი და პროვოკაციული განცხადებების გაკეთება ცდება საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებულ პროფესიულ ჩარჩოებს.

კომუნიკაციების კომისია დარწმუნებულია, რომ მედია, ჟურნალისტები და მთლიანად საზოგადოება, ვისაც სწორედ ეთიკური, პროფესიული და პასუხისმგებლიანი ჟურნალისტიკა მიაჩნია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მაღალ სტანდარტად, აქტიურად დააფიქსირებენ საკუთარ პოზიციას და ადეკვატურ შეფასებას მისცემენ “რუსთავი 2”-ის ეთერში მომხდარ ფაქტს.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ 7 ივლისის გადაცემაში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს რუსულად აგინა.

გაბუნიას ქმედებას მყისიერად გამოეხმაურნენ ხელისუფლების ლიდერები - პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე თუ თბილისის მერი. ზოგი მათგანი "მკაცრ რეაგირებაზეც" საუბრობდა.

გაბუნიას ქმედების გამო რუსთავი 2-მა ბოდიში მოიხადა.

XS
SM
MD
LG