Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა შეიძლება მოხდეს - თაფლისა და წვენების ამბის ფონზე?


ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს, სისხლის ქრონიკული დაავადების ფონზე და ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრად დამძიმების რისკის მიუხედავად.

მსჯავრდებულის პირადმა ექიმმა 10 ოქტომბერს თქვა, რომ მისი პაციენტის მდგომარეობა გაუარესდა, თუმცა 11 ოქტომბერს ციხიდან ადვოკატებმა გამოიტანეს ამბავი, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. იმავეს ამბობს სპეციალური პენიტენციური სამსახურიც, იუსტიციის მინისტრი კი აცხადებს, რომ ცრუ ინფორმაციის გავრცელების უფლებას არავის მისცემს.

ჰემატოლოგებმა განუმარტეს რადიო თავისუფლებას, რომ თალასემიის (სისხლის ქრონიკული დაავადება) ფონზე შიმშილობამ შესაძლოა სავალალო შედეგები გამოიწვიოს და მდგომარეობა სწრაფად დამძიმდეს. თავად სააკაშვილი მანამდე აცხადებდა, რომ უარს ამბობს სამედიცინო დახმარებაზე იმ შემთხვევაშიც, თუკი გონებას დაკარგავს.

  • რა ახასიათებს თალასემიას და რამდენად ამძიმებს ვითარებას შიმშილობა?
  • აქვს თუ არა უფლება და რა ეტაპზე შეუძლია ჩარევა ჯანდაცვის სისტემას, პაციენტის უარის მიუხედავად?
  • რომელ სამედიცინო დაწესებულებაში შეიძლება გაგრძელდეს სააკაშვილის მკურნალობა, ვითარების დამძიმების შემთხვევაში?

რა მდგომარეობაა?

მარტივად რომ ავხსნათ, თალასემია სისხლის ქრონიკული, გენეტიკური დაავადებაა, რომელსაც სისხლის წითელი უჯრედების - ერითროციტების სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირება ახასიათებს და განვითარებული ანემიის შედეგად შესაძლოა, ორგანოები ვეღარ მომარაგდეს საკმარისი ჟანგბადით.

ჰემატოლოგები ამბობენ, რომ ეს დაავადება მთელ რიგ შემთხვევებში სამედიცინო ჩარევას არ საჭიროებს და პაციენტმა შესაძლოა დიდხანს, მედიკამენტების გარეშეც იცხოვროს. თუმცა ასევე მთელ რიგ შემთხვევებში, პაციენტს სჭირდება მედიკამენტების მუდმივი მიღება და სისხლის რეგულარულად გადასხმაც.

მედიკამენტების საჭიროებაზე ლაპარაკობს მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი, აშშ-ში მოღვაწე ნიკოლოზ ყიფშიძე, რომელმაც ამ დაავადების არსებობის შესახებ, პაციენტის თანხმობით, პირველად საჯაროდ 10 ოქტომბერს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში ისაუბრა.

მან იქვე ისიც თქვა, რომ შიმშილობის ფონზე, მსჯავრდებულის მდგომარეობა თანდათან უარესდება; რომ მას გადაადგილებისა და მეტყველების პრობლემებს ატყობს; შიშობს, რომ შესაძლოა, ვითარება მკვეთრად დამძიმდეს და ექსპრეზიდენტმა 30 ოქტომბრამდე (არჩევნების მეორე ტურამდე) ვერ მიაღწიოს.

შიმშილობის შეწყვეტა ამ დღეებში მიხეილ სააკაშვილს არაერთმა თანაგუნდელმა თუ მხარდამჭერმა სთხოვა და მათ შორის - 10 ოქტომბერს, რუსთავის ციხესთან შეკრებილებმაც; თუმცა უშედეგოდ.

მორიგ წერილში, რომელიც 11 ოქტომბერს ციხიდან მისმა ადვოკატმა, „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გამოიტანა, მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ახლა მის ჯანმრთელობაზე მეტად, მხარდამჭერებმა არჩევნების მეორე ტურზე უნდა იფიქრონ;

„ყველაფერს ვიზამ, რომ შიმშილობის გაგრძელების პირობებშიც კი ცოცხალმა მივაღწიო 30 ოქტომბრამდე და ჩემს წინასწარ გლოვას აშკარად სჯობს ხელები დავიკაპიწოთ და 30-ში ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება“, - წერს სააკაშვილი.

ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ სააკაშვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, „არავითარი განსაკუთრებული ცვლილებები არ შეიმჩნევა“, „გამოიყურება მხნედ“ და „არ ღირს უტრირება ამ საკითხით“.

მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა 1 ოქტომბერს გამოაცხადა, თუმცა ოჯახის წევრებისა და ექიმის ინფორმაციით, მას საკვები არც დაკავებამდე მიუღია და, შესაბამისად, მათი გამოთვლით, 11 ოქტომბერი შიმშილობის არა მე-10, არამედ მე-15 დღეა.

რა შეიძლება მოხდეს?

საზღვარგარეთ მუშაობის გამოცდილების მქონე ჰემატოლოგი, ლევან მახალდიანი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ თალასემიის მქონე პაციენტები შიმშილობის დროს შესაძლებელია სწრაფად გახდნენ ცუდად.

„ყველაზე დიდი საშიშროება ასეთი მოშიმშილე პაციენტის შემთხვევაში, შესაძლოა იყოს ჰემოლიზური კრიზი, ანუ - შესაძლოა სწრაფად დაიშალოს სისხლის წითელი ბურთულაკები (ერითროციტები) და მკვეთრი ანემია განვითარდეს, ანუ სისხლნაკლებობა. კვებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ნებისმიერი სტრესული სიტუაცია - იქნება ეს შიმშილი თუ ფსიქოემოციური სტრესი - იწვევს ერითროციტების დაშლის გაძლიერებას...

შეიძლება ერთ დღეში დაიშალოს, შეიძლება დღეები დასჭირდეს. ვიტამინოთერაპიაა ძალიან მნიშვნელოვანი და როდესაც საკვებს არ იღებს ადამიანი, მოკლებულია ვიტამინების მიღებას. ასეთი პაციენტისთვის კატეგორიულად მიუღებელია შიმშილობა“, - გვეუბნება ექიმი.

ასევე, მისი თქმით:

  • არ არსებობს კლინიკური კვლევა და დადასტურებული წყარო, რომელიც ზუსტად იტყოდა, რა შეიძლება დაემართოს თალასემიის მქონე პაციენტს შიმშილის შედეგად. თუმცა ცხადია, რომ შედეგი არ იქნება კარგი.
  • როცა წითელი ბურთულაკები სწრაფად იშლება, ჰემოგლობინი დაბალია და ორგანოებს ჟანგბადი სათანადოდ არ მიეწოდებათ, შესაძლოა ნებისმიერ ორგანოს შეექმნას პრობლემა და მათ შორის - გულსაც.
  • სატურაციით (სისხლში ჟანგბადის შემცველობის მაჩვენებელი) დაავადების სტატუსს ვერ შეაფასებ - შესაძლოა სატურაცია იყოს ნორმაში და ერითროციტები სწრაფად იშლებოდეს.
  • სისხლის წნევა მნიშვნელოვანი მაჩვენებელია - როცა წითელი ბურთულაკების დაშლა ხდება, წნევა ქვეითდება. თუმცა რომ თქვა, წნევა ნორმაშია და ესე იგი არაფერი ხდებაო - ამის იმედად არ შეიძლება ყოფნა.
  • ზოგადად, მთავარია, სისხლის საერთო ანალიზი გაკეთდეს და ჰემოგლობინი განისაზღვროს, რაც რეალურად შეაფასებს სიტუაციას.

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე 10 აგვისტოს აცხადებდა, რომ პაციენტს საავადმყოფოში გადაყვანა შესაძლოა უახლოეს დღეებში დასჭირვებოდა.

თუმცა 11 ოქტომბერს მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ „საავადმყოფოში გადაყვანაზე დღეს, სავარაუდოდ, ლაპარაკი არ იქნება“ და ყველაფერი სისხლის ანალიზის შედეგებზე იქნება გამოკიდებული. თუმცა, წინასწარვე თქვა, რომ ანალიზების პასუხებზე ის აღარ აპირებს საუბარს.

ნიკოლოზ ყიფშიძემ 11 ოქტომბერს ვეღარ მოახერხა მიხეილ სააკაშვილთან შესვლა.

იმის დასტურად, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 10 ოქტომბერს მისი პირადი მონაცემები გამოაქვეყნა და მათ შორის - ინფორმაცია სისხლის წნევისა და სატურაციის შესახებ.

რას აპირებს სახელმწიფო?

11 ოქტომბერს განცხადება გამოაქვეყნა იუსტიციის სამინისტრომაც.

მინისტრი რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ არავის მიცემს უფლებას, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცრუ ინფორმაცია გაავრცელოს მაშინ, როცა - პატიმრის მდგომარეობა სტაბილურია, იღებს მედიკამენტებს და 24 საათის განმავლობაში იმყოფება „მუდმივი სამედიცინო დაკვირვების პროცესში“.

სამომავლო სამედიცინო ჩარევაზე კი მინისტრი ამბობს:

„თუკი დადგება ამის საჭიროება, ჩვენი სამედიცინო, ძალიან კვალიფიციური პერსონალის მიერ გატარდება აბსოლუტურად ყველა ღონისძიება, რაც ესაჭიროება პატიმრის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას“.

მიხეილ სააკაშვილს უარი აქვს ნათქვამი სამედიცინო ჩარევაზე და მათ შორის - უგონო მდგომარეობის შემთხვევაშიც.

რა ხდება ასეთ შემთხვევაში?

სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებაში პასუხები ვერ მივიღეთ.

ჯანდაცვის სამინისტროში გვითხრეს, რომ ამ საკითხს საქართველოს კანონმდებლობა არეგულირებს.

"პაციენტის უფლებების შესახებ" კანონში ვხვდებით შემდეგ ჩანაწერს:

  • ქმედუნარიან და გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარიან პაციენტს უფლება აქვს მკურნალობის ნებისმიერ ეტაპზე უარი განაცხადოს სამედიცინო მომსახურებაზე, აგრეთვე შეწყვიტოს უკვე დაწყებული სამედიცინო მომსახურება.
  • სამედიცინო მომსახურებაზე უარის თქმის ან მისი შეწყვეტის მოსალოდნელი შედეგების შესახებ პაციენტი ამომწურავად უნდა იყოს ინფორმირებული.
  • საქართველოს მოქალაქეს მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს უფლება წინასწარ წერილობით გამოხატოს ნება (თანხმობა ან უარი) უგონო მდგომარეობაში აღმოჩენისას მისთვის შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევაზე, თუკი მითითებული გარემოება გამოწვეულია: ა) განუკურნებელი დაავადების ტერმინალური სტადიით; ბ) დაავადებით, რომელიც აუცილებლად გამოიწვევს მძიმე ინვალიდობას.
  • პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირი სარგებლობს ამ კანონით გათვალისწინებული ყველა უფლებით.

უშუალოდ მოშიმშილე პატიმრების შესახებ ჩანაწერებს ვხვდებით კანონში "საექიმო საქმიანობის შესახებ". აქაც ირკვევა, რომ გონების დაკარგვამდე, პატიმრის ნების საწინააღმდეგოდ წასვლის უფლება არავის აქვს.

  • ექიმს ეკრძალება მოშიმშილე პატიმრის ან დაკავებულის ხელოვნური კვება, თუ იგი უარს ამბობს საკვების ბუნებრივი გზით მიღებაზე;
  • ექიმს უფლება აქვს გაუწიოს სამედიცინო მომსახურება პაციენტს, თუ ეს უკანასკნელი ამის წინააღმდეგი არ არის.
  • თუ პატიმარი ან დაკავებული ნებაყოფლობითი შიმშილობის შედეგად უგონო მდგომარეობაში აღმოჩნდა, ექიმს უფლება აქვს იმოქმედოს პაციენტის ჯანმრთელობის ან/და სიცოცხლის ინტერესების შესაბამისად, მიუხედავად პაციენტის მიერ მანამდე განცხადებული ნებისა.

ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ჯანდაცვის სპეციალისტი, „ლელოს“ წარმომადგენელი, ვატო სურგულაძე ჩვენთან საუბრისას ტოკიოსა და მალტის დეკლარაციებს ახსენებს და განმარტავს, რომ - „მსჯავრდებულთა შემთხვევაში, თუკი ის უგონო მდგომარეობაში არ არის - ექიმებს ძალით მკურნალობა ეკრძალებათ... დაუშვებელია ძალით მკურნალობა და ძალით კვება“. ხოლო გონების დაკარგვის შემთხვევაში, „ექიმები ვალდებულები არიან, იბრძოლონ მის გადასარჩენად“.

თუკი მაინც საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდება, სად შეიძლება გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი? პენიტენციურ სამსახურში პასუხი ვერც ამ შეკითხვაზე მივიღეთ.

ჯანდაცვის სამინისტროში კი განგვიმარტეს, რომ მსჯავრდებული შეიძლება მოხვდეს როგორც ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ასევე სხვა პაციენტებისთვის განკუთვნილ კლინიკებში - სამკურნალო პროფილის შესაბამისად. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ასეთ კლინიკებს განეკუთვნება, მაგალითად - „ვივამედი“.

თაფლი და წვენები

ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ 10 ოქტომბერს რუსთავის ციხიდან გამოიტანა ინფორმაცია, რომ სააკაშვილმა უარი თქვა თაფლისა და წვენების მცირე რაოდენობის მიღებაზეც - მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცრუ ინფორმაცია „8 კილო თაფლის“ მიღებასა და ლამის „წვენების ქარხნის“ გახსნასთან დაკავშირებით.

8 კილოზე არა, მაგრამ ნახევარ კილო თაფლზე ლაპარაკობდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 11 ოქტომბერსაც.

მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ სააკაშვილმა „პირადად იყიდა, საკუთარი საკრედიტო ბარათით, ბანკის ბარათით 7 კოლოფი თაფლი და ნახევარი კილოგრამი მიიღო“ და რომ ეს მან შესაბამისი სამსახურების მიერ გავრცელებული ცნობებიდან იცის.

„ეს ცირკი და შოუ, რაც ვიხილეთ და რაც მიმდინარეობს ამ დღეების განმავლობაში, რა თქმა უნდა, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზანს - ეს არის პირადად პატიმარი სააკაშვილის დავალება, რომ მეორე ტურამდე - იციან რა, რომ, რა თქმა უნდა, მეორე ტურებშიც ყველგან დამარცხდებიან - რაიმენაირად გარკვეული ტემპერატურა აწიონ და საზოგადოებას მოაჩვენონ ისე, თითქოს პატიმარი სააკაშვილი არის მძიმედ ავად“, - უთხრა ჟურნალისტებს ღარიბაშვილმა.

მანამდე, 8 ოქტომბერს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა, ნიკა ცხვარაშვილმა თქვა, რომ სააკაშვილმა ბარათით შეიძინა „რამდენიმე ქილა თაფლი“ და „რამდენიმე ლიტრი ნატურალური წვენი“.

ორშაბათს რუსთავის ციხეში სააკაშვილის სანახავად შევიდა ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე. მან დაადასტურა, რომ მსჯავრდებულმა თაფლისა და წვენების მიღება შეწყვიტა და პროდუქტი უკან დაუბრუნა ციხის ადმინისტრაციას.

„როდესაც ექიმი შესულა, დეპარტამენტის უფროსი მისულა მის მოსანახულებლად, ურჩევია, რომ ჩაიში გამოიყენოს შაქარი, რაზეც უარი განაცხადა და უთქვამთ, რომ ერთი კოვზი თაფლი შეეძლო მიეღო. მას შეუძენია ხუთი ცალი 50-გრამიანი ქილა, 7 ქილად რომ ასაღებენ და "დათვის ქილად" რომ აქვთ წარმოდგენილი...

როგორც კი მიშამ მოისმინა ინფორმაცია, რომ ამით სპეკულირებენ და ეს შეიძლება გამოიყენონ იმისთვის, რომ მის შიმშილობას ჩრდილი მიადგეს, გვთხოვა გადავცეთ ყველა დაინტერესებულ პირს, რომ - ერთი უკვე გახარჯული ჰქონდა და ოთხი აქტით, ხელის მოწერით ჩააბარა ადმინისტრაციას", - თქვა ხერხეულიძემ.

პატიმრის პირადი ექიმის განმარტებით, თაფლისა და წვენების მიღებაზე მიხეილ სააკაშვილს უარიც რომ არ ეთქვა, იმ ფონზე, რომ ის არ იღებს სხვა საკვებს, ვერაფერს შეცვლიდა მისი პაციენტისთვის, რომელსაც სისხლის ქრონიკული დაავადება აქვს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG