Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი: ჩემს წინასწარ გლოვას, სჯობს ხელები დავიკაპიწოთ; უმთავრესია, არჩევნებზე გამარჯვება


საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არჩევნების მეორე ტურამდე კიდევ ერთხელ მიმართავს ოპოზიციურ ამომრჩეველს. მისი თქმით, ახლა უმთავრესია გამარჯვება. "ნაციონალური მოძრობის" ლიდერის მიმართვა მედიას მისმა ადვოკატმა და, ამავდროულად, "მთავარი არხის" დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გააცნო.

"მეგობრებო, მინდა მოგმართოთ ყველას თხოვნით, ახლა არჩევნებია და მთელი ყურადღება უნდა დაეთმოს ამას. ახლა ნიჰილიზმის დათესვა არჩევნების მეორე ტურებთან დაკავშირებით, მათ შორის, ჩემზე ზრუნვის მოტივაციით, საქართველოს მტრის პირდაპირი ინტერესია. ქვეყანა ჩვენ უნდა შევცვალოთ ბევრი მეთოდით და მათ შორის უმთავრესია, არჩევნებზე გამარჯვების გამოგლეჯა. მე ჩემი მხრივ, ყველაფერს ვიზამ, რომ შიმშილობის გაგრძელების პირობებშიც კი ცოცხალმა მივაღწიო 30 ოქტომბრამდე და ჩემს წინასწარ გლოვას აშკარად სჯობს ხელები დავიკაპიწოთ და 30-ში ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება", - თქვა ადვოკატმა.

ადვოკატი ნიკა გვარამია ამბობს, რომ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"განსაკუთრებული ცვლილებები ვერ შევნიშნე, მე მესმის, რომ ექიმები უფრო ყურადღებიანები არიან, მაგრამ ვფიქრობ, რომ არ ღირს უტრირება ამ საკითხებით იმიტომ, რომ საზოგადოება იზაფრება გარეთ და სააკაშვილს პროტესტი აქვს შიგნით... იგი ძალიან აღშფოთებულია იმით, რომ მისი პირადი მონაცემები ქვეყნდება მისი თანხმობის გარეშე, რაც წარმოადგენს მისი უფლებების მძიმე დარღვევას... არავითარი განსაკუთრებული ცვლილებები არ შეიმჩნევა, სააკაშვილი გამოიყურება მხნედ. როგორც მან თქვა, უნდა შეწყდეს მისი წინასწარ გლოვა, ცოცხალია და სიკვდილს არ აპირებს", - თქვა გვარამიამ.

გუშინ, 10 ოქტომბერს, ტელეკომპანია "მთავარი არხის" ეთერში მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტის ჯამრთელობის მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება.

"სიტუაცია დამძიმდა. მე პირველად ვნახე მიშა ორი-სამი დღის წინ და ძალიან დიდი განსხვავებაა მის ახლანდელ მდგომარეობაში. გაუარესება გამოიწვია რასაკვირველია, შიმშილობამ... როგორც ექიმი გეტყვით, რაც დღეს ვნახე, რომ მისი მდგომარეობა გაუარესდა, ახლა უფრო რთულად არის საქმე. ეს გამოიხატება იმაში, რომ უფრო მძიმედ დადის, უჭირს ლაპარაკი ცოტა და ა.შ. ეს აწუხებს უკვე მას", - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ "მთავარ არხის" ეთერში.

დღეს უკვე მე-11 დღეა, რაც სააკაშვილი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია. როგორც ადვოკატები აცხადებენ, ის ამ დრომდე შიმშილობს. პენიტენციურ სამსახურში განმარტავენ, რომ პატიმრის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. 1 ოქტომბერს დილიდან, „ქართული ოცნების“ ლიდერები და შსს აცხადებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია და საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს, საღამოს კი, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ სააკაშვილი დაკავებულია. ოფიციალურად ამ დრომდე უცნობია, რა გზით დაბრუნდა მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში.

XS
SM
MD
LG