ადვოკატი ნიკა გვარამია ამბობს, რომ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ასე შეაფასა მან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შიმშილობის ფონზე მისი ციხეში მონახულების შემდეგ.
"მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, განსაკუთრებული ცვლილებები ვერ შევნიშნე, მე მესმის, რომ ექიმები უფრო ყურადღებიანები არიან, მაგრამ ვფიქრობ, რომ არ ღირს უტრირება ამ საკითხებით იმიტომ, რომ საზოგადოება იზაფრება გარეთ და სააკაშვილს პროტესტი აქვს შიგნით... იგი ძალიან აღშფოთებულია იმით, რომ მისი პირადი მონაცემები ქვეყნდება მისი თანხმობის გარეშე, რაც წარმოადგენს მისი უფლებების მძიმე დარღვევას... არავითარი განსაკუთრებული ცვლილებები არ შეიმჩნევა, სააკაშვილი გამოიყურება მხნედ. როგორც მან თქვა, უნდა შეწყდეს მისი წინასწარ გლოვა, ცოცხალია და სიკვდილს არ აპირებს", - თქვა გვარამიამ.
გუშინ, 10 ოქტომბერს, ტელეკომპანია "მთავარი არხის" ეთერში მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტის ჯამრთელობის მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება.
"სიტუაცია დამძიმდა. მე პირველად ვნახე მიშა ორი-სამი დღის წინ და ძალიან დიდი განსხვავებაა მის ახლანდელ მდგომარეობაში. გაუარესება გამოიწვია რასაკვირველია, შიმშილობამ. წვენის და თაფლის ამბავზე მოგახსენებთ, რომ ციხის ადმინისტრაციამ სთხოვა მიხეილს, რომ დაელია ეს წვენი და ერთი კოვზი თაფლი ჩაედო ჩაიში. რა თქმა უნდა, ეს მოეხმარა ორგანიზმს და უკეთესად იყო, მაგრამ იმის მერე, რაც მიშამ ტელევიზიიდან გაიგო, რომ თითქოს 8 კილოგრამი თაფლი მიიღო და ლამის წვენების ქარხანა გახსნა, უარი თქვა ყველაფერზე. ამან გაართულა მდგომარეობა. ახლა სიტუაცია ძალიან ახლოს არის კრიტიკულთან. მიშას აქვს სისხლის დაავადება "ტალასემია". მე არასდროს არ მითქვამს ეს, მაგრამ დღეს მომცა ამის უფლება, რომ მეთქვა. ეს არ არის სასიკვდილო, მაგრამ არის რაღაც ლიმიტები და ერთ-ერთი ლიმიტი არის შიმშილი. ამ დაავადების დროს არ შეიძლება შიმშილი. ეს იცოდა მაგან ძალიან ადრეულ ასაკში, მაგრამ პირველად ასეთი დიაგნოზი დავსვით ვაშინგტონში მისი ერთ-ერთი ვიზიტის დროს. ჩვენ ამ დაავადების შესახებ დიდი ხანია ვიცით. როგორც ექიმი გეტყვით, რაც დღეს ვნახე, რომ მისი მდგომარეობა გაუარესდა, ახლა უფრო რთულად არის საქმე. ეს გამოიხატება იმაში, რომ უფრო მძიმედ დადის, უჭირს ლაპარაკი ცოტა და ა.შ. ეს აწუხებს უკვე მას", - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ "მთავარ არხის" ეთერში.
დღეს უკვე მე-11 დღეა, რაც სააკაშვილი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია. როგორც ადვოკატები აცხადებენ, ის ამ დრომდე შიმშილობს. პენიტენციურ სამსახურში განმარტავენ, რომ პატიმრის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. 1 ოქტომბერს დილიდან, „ქართული ოცნების“ ლიდერები და შსს აცხადებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია და საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს, საღამოს კი, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ სააკაშვილი დაკავებულია. ოფიციალურად ამ დრომდე უცნობია, რა გზით დაბრუნდა მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში.