Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხერხეულიძის თქმით, სააკაშვილმა სპეკულაციების გამო დარჩენილი თაფლი უკან დააბრუნა 


პარლამენტის წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" ეკა ხერხეულიძე ამბობს, რომ რუსთავში საპატიმროში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა მის შიმშილობასთან დაწყებული სპეკულაციების გამო იქ ნაყიდი თაფლის დარჩენილი ნაწილი უკან დააბრუნა. დეტალებზე ხერხეულიძემ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

"საჭმელთან დაკავშირებით მთელი ანატომია ამ ამბის ყოფილა ასეთი. როდესაც დეპარტამენტის უფროსი მისულა მის მოსანახულებლად, ურჩევია, რომ ჩაიში გამოიყენოს შაქარი, რაზეც უარი განაცხადა და უთქვამთ, რომ ერთი კოვზი თაფლი შეეძლო მიეღო. მას შეუძენია ხუთი ცალი 50-გრამიანი ქილა, "დათვის ქილად" რომ აქვთ წარმოდგენილი. როგორც კი მიშამ მოისმინა, ამით სპეკულირებენ და ეს შეიძლება გამოიყენონ იმისთვის, რომ მის შიმშილობას ჩრდილი მიადგეს - ერთი უკვე გახარჯული ჰქონდა და ოთხი აქტით უკან ჩააბარა ადმინისტრაციას", - თქვა ხერხეულიძემ.

მესამე პრეზიდენტის შიმშილობის საკითხზე ისაუბრა საქართველოს მოქმედმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„ამას გარდა, როდესაც ადამიანი აცხადებს, რომ შიმშილობს, ნახევარ კილოგრამ თაფლს არ უნდა ჭამდეს, ამასაც სრული პასუხისმგებლობით გიცხადებთ“.

ჟურნალისტის შეკითხვას, საიდან იცის, რომ სააკაშვილმა ნახევარი კილოგრამი თაფლი ჭამა, ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ შესაბამისმა სამსახურმა ინფორმაცია ამის შესახებაც გაავრცელა.

„მან პირადად იყიდა, საკუთარი საკრედიტო ბარათით, ბანკის ბარათით - გეცინებათ თქვენც - 7 კოლოფი თაფლი და ნახევარი კილოგრამი მიიღო თაფლი. აქედან გამომდინარე, შეეშვით ტყუილებს და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას“, - მიმართა მედიას პრემიერმა ღარიბაშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. 1 ოქტომბერს დილიდან, "ქართული ოცნების" ლიდერები და შსს აცხადებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია და საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს, საღამოს კი, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ სააკაშვილი დაკავებულია. მოგვიანებით, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ შსს საგანგებოდ არ ავრცელებდა რეალურ ინფორმაციას, რათა ხელი არ შეშლოდა მიხეილ სააკაშვილის დაკავების ოპერაციას.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ იძებნებოდა. მას ქართული სასამართლოს მიერ დაუსწრებლად აქვს მისჯილი პატიმრობა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. 2018 წელს, ორივე საქმეზე სააკაშვილი დამნაშავედ ცნეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე მიესაჯა 6 წლით, ხოლო სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე - 3 წლით. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე. სააკაშვილი ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და საპატიმროში შიმშილობა აქვს გამოცხადებული.

XS
SM
MD
LG