„ჭიჭინაძის ქუჩაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე ალექსანდრე ქეშელაშვილი არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, იგინებოდა და ილანძღებოდა უმისამართოდ, არღვევდა პოლიციის კორდონს და არ ემორჩილებოდა პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას შეეწყვიტა აღნიშნული ქმედება, რის გამოც დაკავდა ადმინისტრაციული წესით“, - დაკავების ოქმის ეს შაბლონური ტექსტი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ენუქიძემ სასამართლო სხდომის დაწყებისას ჩაიკითხა.
„პუბლიკის“ ჟურნალისტს ალექსანდრე ქეშელაშვილს შს სამინისტრო პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავება. დაკავების ოქმი 29 ნოემბრის 01:55 საათზეა შედგენილი.
საუბარია 28 ნოემბრის ღამეს განვითარებულ მოვლენებზე, პროტესტზე, რომელზეც ხალხი სპონტანურად შეიკრიბა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების საპასუხოდ. იმ დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა:„მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი“.
რეპორტიორი სანდრო ქეშელაშვილი საპროტესტო აქციას აშუქებდა, რა დროსაც ის ნიღბიანებმა დააკავეს და სასტიკად სცემეს. პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ მას უთხრეს, რომ დაკავებულია სამართალდარღვევისთვის.
ჟურნალისტი იმ დღეს საბოლოოდ საავადმყოფოში მოხვდა - გატეხილი ცხვირით, რომელზეც ოპერაცია გაუკეთეს. ჟურნალისტზე ძალადობის საქმეზე გამოძიება დაიწყო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა. დამნაშავე ნაპოვნი არაა. ჟურნალისტს დაზარალებულის სტატუსი აქვს. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაასკვნა, რომ მას ჟურნალისტურ საქმიანობაში შეუშალეს ხელი.
ბრალდებამ სასამართლო პროცესზე ორი მოწმე გამოიძახა. ორივე პოლიციელია - 27 წლის თამაზ თავაძე და 23 წლის გიგი ბობოხიძე. ისინი ჰყვებიან, რომ ჭიჭინაძის ქუჩაზე პოლიციელების რამდენიმემწკრივიანი კორდონის უკან იდგნენ. მათ გაიგონეს და დაინახეს, როგორ იგინებოდა ჟურნალისტი სხვებთან ერთად და ცდილობდა სპეცრაზმელთა რიგის გარღვევას.
როგორც წესი, მოსამართლე ნინო ენუქიძე ჯერ ვიდეომტკიცებულებებს ეცნობა, შემდეგ კი მოწმეებს უსმენს. „ეს ჩემი მუშაობის სტილია, ასე უკეთ ვახერხებ ფაქტების გადამოწმებას, თუმცა დავაკმაყოფილებ თქვენს მოთხოვნას, ჯერ მოწმეებს მოვუსმინოთ და შემდეგ ვიდეომტკიცებულებები შევისწავლოთ“, - თქვა მოსამართლემ, მას შემდეგ, რაც ალექსანდრე ქეშელაშვილის ადვოკატებმა მას ამ თანმიმდევრობის დარღვევა სთხოვეს. მიზეზად დაცვამ მოწმე პოლიციელების „მომზადების“ მავნე პრაქტიკაზე მიუთითა.
„გვინახავს, რომ მხარე [შსს - რ.თ.] ტელეფონით სარგებლობს ხოლმე. მოწმეების დაკითხვამდე მათთან ინფორმაციას აგზავნის, კონკრეტულ ფაქტებზე [წარდგენილ ვიდეომტკიცებულებებზე - რ.თ.], რაც შეიძლება ვიდეოში გამოჩნდეს. ეს ძალიან მძიმე პრაქტიკაა, ამიტომ ვაყენებთ შუამდგომლობას, ან მოწმეების გამოკითხვის შემდეგ ვნახოთ ჩანაწერი, ან ავკრძალოთ ტელეფონით სარგებლობა“, - მიმართა ადვოკატმა ჯანო ჭკადუამ მოსამართლეს.
ნინო ენუქიძემ შსს-ს იურისტები დაიცვა და თქვა: „ქალბატონ მარიამზე და ქალბატონ თეონაზე [შსს-ს იურისტები - რ.თ.] ამას მე კატეგორიულად ვერ დავეთანხმები. ტელეფონის შეზღუდვაზე საუბარი ზედმეტია. მე მირჩევნია, ჯერ მოწმეს მოვუსმინო და მერე ვიდეო ვნახო, ეს ჩემი სტილია, მაგრამ არაა პრობლემა, ჯერ მოწმეები დავკითხოთ და შემდეგ ვიდეო ვნახოთ“.
შსს-ს იურისტმა მარიამ დოლიძემ თქვა, რომ პოლიციელი თამაზ თავაძე ჟურნალისტის დამკავებელია, გიგი ბობოხიძე კი - მოწმე. მალევე ადვოკატების კითხვის პასუხად, როგორ ესმის სიტყვათშეთანხმება „დამკავებელი პოლიციელი“, დააზუსტა:
„თამაზ თავაძემ მიიღო დაკავების გადაწყვეტილება, ქმედებას ვინ ახორციელებს, უშუალოდ „შებოჭვას“, ჩვენთვის საინტერესო აღარ არის!“.
პოლიციელის დაკითხვამ საპირისპირო აჩვენა. თამაზ თავაძემ თქვა: „მე არ დამიკავებია, სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლები იყვნენ... მე ხელი მისთვის არ წამივლია. გადავიბარე ის, გავიფორმე დაკავებული... არ მიმიღია დაკავების გადაწყვეტილება”.
პოლიციელებმა სასამართლოზე კიდევ რამდენიმე ურთიერთგამომრიცხავი რამ თქვეს:
- პირველი - მათ დაინახეს, როგორ იგინებოდა ჟურნალისტი და ცდილობდა სპეცრაზმელთა რიგის გარღვევას. თამაზ თავაძის თქმით, ახსოვს, როგორ გამოიყურებოდა დაკავებული - „წვერი ჰქონდაო“. გიგი ბობოხიძემ კი ტუჩების მოძრაობით დაასკვნა, რომ ჟურნალისტი იგინებოდა.
სინამდვილეში, ალექსანდრე ქეშელაშვილს დაკავების მომენტში თავზე ჩაფხუტი ეხურა და აირწინაღი ეკეთა, ანუ სახე არ უჩანდა. ეს გამოჩნდა დაცვის მხარის მიერ წარდგენილ ვიდეო- და ფოტომასალებშიც.
- მეორე - შსს-ს სასამართლოსთვის ვიდეოები არ წარუდგენია, უწყების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ სამხრე კამერები ალექსანდრე ქეშელაშვილის დაკავებისას დამჯდარი იყო. პოლიციელებმა კი მოსამართლეს უთხრეს, იმ მომენტში სამხრე კამერები საერთოდ არ გვქონიაო: „აქციების დროს გვიტყდება და გვეკარგებაო“.
- მესამე - პოლიციელმა, გიგი ბობოხიძემ თავდაპირველად თქვა, რომ იცოდა ალექსანდრე ქეშელაშვილის პროფესიის შესახებ. „ვინაიდან ჟურნალისტია, წინა მხარეს ცდილობდა ყოფილიყო“. მოსამართლის დამაზუსტებელ კითხვაზე, იცოდა თუ არა, რომ ჟურნალისტი იყო, უპასუხა - „აქციებზე ხშირად ვარ და ჟურნალისტებს ვცნობ სახეზე... თუმცა აქციაზე არ გამიგია, მერე გავიგე მისი ჟურნალისტობა, დაკავების შემდეგ გეუბნები“. თამაზ თევზაძემ კი თქვა, რომ მას არაფერმა არ მიანიშნა, რომ ალექსანდრე ქეშელაშვილი ჟურნალისტი იყო და აქციას აშუქებდა.
ვიდეოკადრებიდან გაირკვა, რომ ჟურნალისტს ეკეთა პრესის წარმომადგენლის აღმნიშვნელი დიდი ზომის წარწერა, თან ჰქონდა ორი კამერა, რომელიც დაკავების დროს გასტაცეს და ამ დრომდე არ დაუბრუნებიათ. ბეიჯი, აირწინაღი და ჩაფხუტი ცემისას მოაგლიჯეს.
იმის დასადასტურებლად, რომ პოლიციელები ტყუიან, ანუ შეუძლებელი იყო მისი ხმის გაგება, ჟურნალისტმა სასამართლო პროცესზე აირწინაღი გაიკეთა და ასე დაიწყო საუბარი. მისი ხმა თითქმის ჰერმეტულად მომდგარმა აირწინაღმა შთანთქა და სიტყვების შინაარსიც ვერავინ გაიგო, მათ შორის ვერც მოსამართლემ.
ჟურნალისტმა აირწინაღი მოიხსნა და ისე გააგრძელა:
„იქ ხმაური იყო და ის, რომ ვინმე გაიგონებდა ან აირწინაღის ქვეშ დაინახავდა რაიმეს, არ შეესაბამება სიმართლეს. მე მართლაც შევხვდი ბატონ თამაზს [მოწმე პოლიციელი - რ.თ.] და შევხვდი მას შემდეგ, რაც ნიღბიანმა პირებმა გამიტაცეს, მცემეს და გადამიყვანეს სხვა მხარეს, პარლამენტის მიმდებარედ, ცხრა აპრილის ქუჩაზე. იქ შევხვდი და მან გადაიბარა ჩემი საქმე, როგორც თავად თქვა. ის ვერ იტყოდა, რომ მე მეკეთა აირწინაღი, რადგან აღარ მეკეთა, არც პრესკარტა მეკეთა - მომაგლიჯეს. მე ვეუბნებოდი დამკავებლებს, რომ ვარ ჟურნალისტი და ეს [მისი დაკავება - რ.თ.] იყო შეცდომა. მაშინ ასე მეგონა.
მე ვიყავი მსხვერპლი, მე არა მარტო ხელი შემიშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში, არამედ მცემეს, რის გამოც დამჭირდა ცხვირის ოპერაცია. მაქვს სუნთქვის პრობლემები და კიდევ მჭირდება ერთი ოპერაცია. გამძარცვეს, კამერები დღემდე გამქრალია და შსს უარს ამბობს მათ მოძიებაზე.
მხოლოდ მეორე დღეს აღმოვაჩინე, რომ მხოლოდ იმ ღამეს 25-მდე ჟურნალისტს დაესხნენ თავს, მათ შორის იყო გურამ როგავა, ბევრ ჟურნალისტს წაართვეს ტექნიკა, ბევრის დაზარალდა. მე მივხვდი, რომ ეს არ იყო ერთეული შემთხვევა, არამედ ეს იყო სისტემური დავალება.
მე ვიყავი პირველი ჟურნალისტი, ვისაც თავს დაესხნენ და ხელი შეუშალეს, მაგრამ ჩემი საქმე არ არის მძიმე, როცა უსაფუძვლო მუხლებით დაკავებულია მზია ამაღლობელი”.
ლექსო ქეშელაშვილის ადვოკატი მარიამ პატარიძე ამბობს, რომ ორი პოლიციელის მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებები შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. ცრუ ჩვენების მიცემა სისხლის სამართლის დანაშაულია და ისჯება სამ წლამდე პატიმრობით. იგივე, ჩადენილი ანგარებით ან პირადი მოტივით, ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობით.
„რუსული კანონის ინიციირებიდან დღემდე ათობით პროცესში ვმონაწილეობთ და კარგად ვიცით შაბლონი, რასაც შსს-ს მოყვანილი პოლიციელები ამბობენ ხოლმე, რომ ისინი 20-30 მეტრი დაშორებით დგანან, ხედავენ სამართალდარღვევას და თვითონ ვერ დააკავეს იმიტომ, რომ აქცია იყო ძალადობრივი და უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე ჯობდა დაკავება განეხორციელებინა გდდ-ს.
შსს-მ ამ ვერსიის განვითარება სცადა, მაგრამ მივიღეთ განვითარება, რომ დამკავებელი ჯერ აღმოჩნდა გადაწყვეტილების მიმღები, რომელმაც სხვებს მიუთითა, დაეკავებინათ, შემდეგ კი გაირკვა, რომ ფაქტის შემსწრეები არიან და არ მიუღიათ პირის დაკავების გადაწყვეტილება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას მარიამ პატარიძემ.
ადვოკატ ჯანო ჭკადუასთვის ეს აღმოჩნდა პირველი პროცესი, სადაც მოწმე პოლიციელების დაკითხვის შემდეგ, სასამართლოზე აღიარეს, რომ დაკავების გადაწყვეტილება მათ არ მიუღიათ:
„ამ პირებმა არ იციან და ვერ გვითხრეს, რატომ დააკავეს ქეშელაშვილი, რა იყო სამართლებრივი საფუძველი მისი დაკავების, ამაზე გადაწყვეტილება არ მიუღიათ. ვინ არის ბატონი თამაზი? - ეს პირი არის დაკავების ოქმის შემდგენი და არა პირი, რომელსაც შეუძლია თქვას, რატომ დააკავეს ალექსანდრე ქეშელაშვილი“.
მოსამართლე ნინო ენუქიძემ გადაწყვეტილების გამოცხადება 17 მარტამდე გადადო. დასკვნით სიტყვაში შსს-ს იურისტმა მარიამ დოლიძემ სასამართლოს მიმართა, რომ მინიმალური სასჯელი - გაფრთხილება გამოიყენოს, რაც აქციებზე დაკავებულების საქმეების განხილვისას დადგენილი „მავნე პრაქტიკით, გამამართლებელ გადაწყვეტილებას ნიშნავს”, - ამბობენ ადვოკატები.
ფორუმი