დაკავების ოქმები და პოლიციელთა ჩვენებები კი ზედაპირულის, ზოგადისა და ერთ თარგზე მორგებულის შთაბეჭდილებას ტოვებს.
არცთუ იშვიათად, მოქალაქეებს, რომელთაც ბრალდება სამართლის დარღვევას ედავებოდა, სასამართლოში უწევდათ იმის მტკიცება, რომ მოწმედ წარმოდგენილი პოლიციელები, რომლებიც თავს “დამკავებლად” წარმოაჩენდნენ, სინამდვილეში საერთოდ არ ყოფილან შემთხვევის ადგილზე.
2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ აქციაზე დაკავებულთა ნაწილი, ვინც სასამართლო დარბაზებში სასტიკად ნაცემი, სისხლიანი ტანსაცმლითა და დამტვრეული ძვლებით მიჰყავდათ, ამაოდ ცდილობდა იმის ახსნას, რომ ისინი ქუჩაში პოლიციელებმა კი არა, ნიღბიანმა სპეცრაზმელებმა დააკავეს. არადა, დაკავებისა და ცემის სცენები სისტემატურად ჩანდა ჟურნალისტების პირდაპირ სატელევიზიო ეთერებსა და ვიდეოსიუჟეტებში.
ეს ნიღბიანი ადამიანები სამართალწარმოებაში აღარ ჩანან. დაკავების ოქმებში პატრულის თანამშრომლები ფიგურირებენ, ისინი დადიან შემდეგ სასამართლოებშიც და ამტკიცებენ, რომ ბრალდებულები დააკავეს აქციაზე პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და გინებისთვის. არა მტკიცებულებებზე, არამედ პოლიციელების სიტყვებზე დაყრდნობით მხოლოდ ბოლო სამ თვეში 500-ზე მეტი დემონსტრანტი დააჯარიმეს, ჯარიმების ოდენობა თითქმის მილიონი ლარია.
სასამართლოს ეს პრაქტიკა, პარალელურად ხისტად და სწრაფად გამკაცრებული შემზღუდავი კანონები, სულ უფრო და უფრო ავიწროებს პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობებს. რადიო თავისუფლება ცდილობს იმ პოლიციელების იდენტიფიცირებას, ვისი მიცემული ჩვენების საფუძველზეც ათეულობით მოქალაქე ცნეს დამნაშავედ.
ცრუ ჩვენების მიცემა სისხლის სამართლის დანაშაულია და ისჯება სამ წლამდე პატიმრობით. იგივე, ჩადენილი ანგარებით ან პირადი მოტივით, ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობით.
ადვოკატები იმ პოლიციელთა ვინაობას, რომლებიც სასამართლოებზე ცრუ ჩვენებებს იძლეოდნენ, მტკიცებულებებსა და საქმის მასალებთან ერთად პერიოდულად გადასცემენ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საელჩოებს მათთვის სანქციების დაწესების მოთხოვნით. 7 თებერვლის შემდეგ, შეცვლილი კანონმდებლობით, შეკრებისა და მანიფესტაციის წესების რიგი დარღვევებისთვის, მაგალითად, გზის გადაკეტვის გამო პოლიციას პირდაპირ შეუძლია მოქალაქის 5000 ლარით დაჯარიმება, საქმის სასამართლოში განხილვის გარეშე. ეს პოლიციელებს სასამართლოში ჩვენების მიცემის ტვირთისგან ათავისუფლებს.
ამ ნაწილში თქვენ შეხვდებით იმ ადამიანების ისტორიებს, ვინც პროევროპული ხალხმრავალი აქციების პირველ დღეებში, 28 ნოემბრიდან დააკავეს.
პოლიციელები ლაშა ცერცვაძე და ილია კენჭიაშვილი მიხეილ ზაქარეიშვილის წინააღმდეგ
“თავისუფალი სასამართლო როცა გვექნება, ვაპირებ, სისხლის სამართლის მიმართულებით შევიტანო მათ წინააღმდეგ განცხადება”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას 2024 წლის 30 დეკემბერს აქციაზე დაკავებული და დაკავებისას ნაცემი მიხეილ ზაქარეიშვილი. გულისხმობს იმ პოლიციელებს, ვისი ჩვენების საფუძველზეც 7 დეკემბერს სასამართლომ ის 2100 ლარით დააჯარიმა, როგორც ხულიგანი, რომელიც პოლიციას არ ემორჩილებოდა.
მიხეილ ზაქარეიშვილის სასამართლო პროცესზე მის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს პოლიციელებმა, ლაშა ცერცვაძემ და ილია კენჭიაშვილმა. ზაქარეიშვილი ამტკიცებს, რომ ილია კენჭიაშვილი პირველად სასამართლოში ნახა, ლაშა ცერცვაძეს კი, ვინც მისი დაკავების ოქმზე აწერს ხელს, როგორც დამკავებელი პოლიციელი, საპატრულო პოლიციის სამმართველოში შეხვდა, სადაც დაკავებიდან რამდენიმე საათის შემდეგ მიიყვანეს. მიხეილ ზაქარეიშვილი რუსთაველის თეატრთან გამთენიისას “რობოკოპებმა” დააკავეს - ვინ იყო ის ორი ადამიანი, ამ დრომდე არ იცის.
“არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, კერძოდ იგინებოდა და ილანძღებოდა უმისამართოდ. ასევე კეტავდა გზას და არ ემორჩილებოდა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, შეეწყვიტა აღნიშნული ქმედებები”, - წერს დაკავების ოქმში ლაშა ცერცვაძე და მოწმედ ასახელებს ილია კენჭიაშვილს.
მიხეილ ზაქარეიშვილის დაკავების კადრები ტვ პირველის პირდაპირ ეთერში მოხვდა, აქციის ტრანსლაციისას - ამ კადრებში მკაფიოდ ჩანს რომ დაკავებულ მიხეილს სახე სისხლიანი აქვს და მის გარშემო მხოლოდ ნიღბიანი პოლიციელები დგანან.
“კენჭიაშვილმა [სასამართლოზე] ჩემი შეკითხვებიდან მხოლოდ ორს გასცა სწორი პასუხი. ერთი ეხებოდა მის ჩაცმულობას, მეორე - მეწყვილის ჩაცმულობას. სხვა კითხვებზე კი პასუხი იმის გამო ვერ გამცა, რომ მას არათუ არ დავუკავებივარ, იმ ღამით რუსთაველის გამზირზე საერთოდ არ იმყოფებოდა, წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ რა ხდებოდა და ჩემგან გაიგო, რომ ბარიკადები იყო აღმართული. ის, თუ რას ნიშნავს სიტყვა "ბარიკადი", მოსამართლემ აუხსნა”, - ამბობს მიხეილ ზაქარეიშვილი, რომელიც თვლის, რომ მნიშვნელოვანია ცრუ მოწმეებად გამოყენებული პოლიციელების მხილება.
“მათი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები მაქვს და ნებისმიერი ობიექტური სასამართლო ცრუ ჩვენების მიცემაში გაამტყუნებს. 2 წელი აქვს მათ მუხლს ხანდაზმულობის ვადა და მეეჭვება, 2 წელიწადში ვერ მოესწროს თუნდაც დაბალკვალიფიციური, მაგრამ სამართლიანი სასამართლო”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას მიხეილი. მისი საქმე მოსამართლე ნინო ენუქიძემ 7 დეკემბერს განიხილა და ის დამნაშავედ ცნო.
პოლიციელები ნინო მელაძე და გიორგი კალანდაძე ნუცა მახარაძის წინააღმდეგ
“დამაკავეს 12 იანვარს, რესტორან "ბაბილოსთან", ძალადობრივად, მათრიეს თმით, გულწასულს მიმათრევდნენ "მარშუტკისკენ", სასამართლო მქონდა 13 იანვარს, სადაც მოწმეებად ჰყავდათ ორი პატრული პოლიციელი - ნინო მელაძე და გიორგი კალანდაძე.
მოწმეები ამტკიცებდნენ, რომ მთელი დემონსტრაციის განმავლობაში იდგნენ ჩემს სიახლოვეს და მხედავდნენ, როგორ ვკეტავდი გზას, როგორ ვაგინებდი პოლიციას და ხელს ვუშლიდი სხვა პირების დაკავებაში, რაც, რა თქმა უნდა, არის სრული სიცრუე! ერთ-ერთი ცრუ მოწმე, ნინო მელაძე, პირველად დაკავების შემდეგ, კახეთის გზატკეცილზე, შსს-ს შენობაში ვნახე!” - უყვება რადიო თავისუფლებას ნუცა მახარაძე.
იმ დღეს, როდესაც ის დააკავეს, რესტორან “ბაბილოში“ მოსამართლეების კორპორაციული წვეულება იმართებოდა, აქციებისას დაკავებულების ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა და გულშემატკივრებმა კი რესტორანთან საპროტესტო აქცია მოაწყვეს. ამ დღეს რესტორანთან ადმინისტრაციული წესით ნუცას გარდა კიდევ 6 ადამიანი დააკავეს.
პოლიციელები თამაზ შამათავა და ალბერტ ონიკაშვილი ერეკლე ლოლაძის წინააღმდეგ
“თამაზ შამათავა ისე ცუდად იყო, ამ ყველაფერს [ნაცემ, დაკავებულ ადამიანს] რო უყურებდა, სასწრაფოში ხო მთელი გზა თავზე ელაგა ხელები, კი არ ვამართლებ, მაგრამ ნამდვილად ეტყობოდა, რო არ მოწონდა ეს ყველაფერი. პროცესზეც ისიც კი ვერ თქვა სრულფასოვნად, რასაც მაბრალებდნენ, თქვა - შეგინება არ გამიგონია, ერთ მომენტში ჟესტიკულაცია იყო და იმით თუ ვიმსჯელებდიო.
მაგრამ ალბერტ ონიკაშვილი რომ შემოვიდა, ერთი თვალები რომ დახუჭა და გაიწყვიტა შუბლის ძარღვი, არ გაჩუმებულა. ხან რომელ ქუჩაზე დამინახა, რომ დავრბოდი და ვიგინებოდი, ხან რომელზე. ეს ბევრად ახალგაზრდა იყო, ვიდრე თამაზი. მაქსიმუმ 30 წლამდე იქნებოდა, თამაზი 45-მდე”, - ასე აღწერს ერეკლე ლოლაძე პოლიციელებს, ვინც მის წინააღმდეგ მისცეს ჩვენებები სასამართლოში.
ერეკლე ლოლაძეს 30 ნოემბრის ღამეს ძმასთან ერთად სასტიკად სცემა ათობით ნიღბიანმა სპეცრაზმელმა პარლამენტის უკან. კადრებში, რომელიც ცემის ერთ ეპიზოდს ასახავს, მკაფიოდ ჩანს ასფალტზე დაგდებული კაცი, რომელსაც ნიღბიანები ურტყამენ თავსა და ტანზე.
ამის შემდეგ ერეკლე კიდევ გაივლის “სპეცრაზმის კორდონს”. სანამ სპეცრაზმი მას საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს გადასცემდეს, კიდევ დაახტებიან რამდენჯერმე მთელი ძალით სხეულზე და პარალელურად ესმის, როგორ ყვირის ერთ-ერთი მათგანი “თავში ურტყით, მოკალით”.
ამ ძალადობის გამოვლის შემდეგ აბარებენ მას საპატრულო პოლიციას. ერეკლე იმდენად სასტიკად იყო ნაცემი, რომ დაკავების იზოლატორში ვერ მიიღეს და იმავე ღამეს კლინიკაში გადაიყვანეს მოტეხილი ყბით, ტვინის შერყევით და დალურჯებული სხეულით.
კლინიკაში მან თითქმის ერთი კვირა გაატარა და კიდევ ერთ კვირაში, 13 დეკემბერს სასამართლოზე დაიბარეს. მოსამართლემ ის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა ჯარიმა არ დააკისრა და სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა.
პოლიციელები ზვიად მარგველანი და გიორგი გულბანი გიორგი ლოლაძის წინააღმდეგ
ერეკლესგან განსხვავებით, დაკავების შემდეგ ორი დღით დააპატიმრეს მისი ძმა გიორგი ლოლაძე, რომელიც მოსამართლემ 2300 ლარით დააჯარიმა. მის სასამართლო პროცესზეც ორი მოწმე პოლიციელი გამოცხადდა - ზვიად მარგველანი და გიორგი გულბანი.
„ემოციურად, უსამართლობა იყო ყველაზე რთულად გადასატანი - გიორგისთვის სასამართლო პროცესი შოკი იყო, არ ელოდა ცრუ მოწმეებს და მერე კიდევ ეგეთ გადაწყვეტილებას. სასამართლო პროცესის დროს რომ ხვდები, რომ მოსამართლემაც იცის რას აკეთებს და მაინც გგონია, რომ ბოლოს მაინც სიმართლისკენ გადაიხრება და მანდაც გიმტყუნებს, არ არის ადვილი”, - უთხრა რადიო თავისუფლებას 25 დეკემბერს ერეკლე ლოლაძემ.
პოლიციელები გივი ხეჩიაშვილი და გიორგი შავიძე გიორგი ბაგრატიონის წინააღმდეგ
გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილი აქციაზე მეგობართან, ნიკა დანელიასთან ერთად დააკავეს 29 ნოემბრის ადრიან დილას. მეგობრები რუსთაველის გამზირზე, სასტუმრო „მარიოტის“ წინ საქართველოს დროშებით იდგნენ. რამდენიმე ტელეარხის პირდაპირ ეთერში ნათლად ჩანს, როგორ აგდებენ მას ქუჩაში დაკავების შემდეგ, ასხამენ წიწაკის სპრეის და მიათრევენ სპეცრაზმის კორდონში, საიდანაც დასისხლიანებული სახით გამოდის, თავზე ქუდი აღარ ახურავს და კოჭლობს.
“ჩვენს დაკავებამდე მარტო ე.წ. მორბენალი დანაყოფი ჩნდებოდა ბესიკის ქუჩაზე, ვიღაცებს იტაცებდნენ, და ისევ ზემოთ ადიოდნენ - რუსთაველზე მაგ დროს მშვიდობა იყო.
ბარიკადებისკენ ვაპირებდი წასვლას, რომელიც ოპერასთან იყო და ზურგიდან ჩამავლო ხელი ამ შავებში ჩაცმულმა კაცმა - ეგრევე ვუთხარი, მოვდივარ, წინააღმდეგობას არ გიწევთ-თქო, ეგრევე გაჩნდა მეორე მხარეს მეორე კაცი და წამათრიეს კორდონისკენ. ჩემმა მეგობარმა - რას შვრებით, სად მიგყავთო და ისიც წამოიყვანეს“, - უყვება გიორგი რადიო თავისუფლებას.
სპეცრაზმის კორდონის გავლის შემდეგ გიორგი და ნიკა ორ სხვადასხვა ავტომობილში ჩასვეს. გიორგის უნიღბო პოლიციელები დახვდნენ, მათ მისთვის ხელი არ დაუკარებიათ. ისინი ჯერ სამმართველოში მის დამკავებელ პოლიციელებად გაფორმდნენ, შემდეგ კი სასამართლოში ამტკიცებდნენ მოწმის სტატუსით, რომ გიორგი დაკავებისას იყო აგრესიული, არ ემორჩილებოდა პოლიციას და ილანძღებოდაო.
“პიკაპის ტიპის მანქანებში ჩაგვსვეს. მე უნიღბოები დამხვდნენ, პირდაპირ სახელი და გვარი ვკითხე და მერე აღარც მცემეს და აღარ მლანძღავდნენ, კარგი პოლიციელების როლს თამაშობდნენ იმის მიუხედავად რომ ტყუილად დამაკავეს და სასამართლოზეც უნამუსოდ მოიტყუეს, რომ აგრესიულები ვიყავით, პოლიციელს არ დავემორჩილეთ.
ეს მანქანა, სადაც მე ჩამსვეს, ყველაზე ცოტა, 150 მეტრის დაშორებით იდგა იმ ადგილიდან, სადაც დამაკავეს. ჩემი დაკავების ოქმი შეადგინა გივი ხეჩიაშვილმა, მაგრამ აზრზე არ იყო არაფრის, რა უნდა გაეკეთებინა, როგორ უნდა გაეკეთებინა. იქ დაგვხვდა დეტექტივი სოსო დიღმელიშვილი, ის უკარნახებდა, აგერ არის სხვა დაკავებულის ოქმი და ეს გადაწერეო. ზუსტად გადაწერა, რაც იქ ეწერა, რომ დაზიანებები მივიღე დაკავებამდე, არ დავემორჩილე პოლიციელებს და ა.შ.
ეს ოქმი რო გადაწერა, ვითხოვე, მანახე, რა დაწერე-თქო, იქ ეწერა ამ გივის, რომ იყო მოწმე იმის, როგორი აგრესიული ვიყავი, მერე ვკითხე, იქ საერთოდ არ იყავი, როგორ ხარ მოწმე-თქო და მიმტკიცებდა, როგორ არ ვიყავი, მე ვარ ის ნიღბიანი, ვინც დაგაკავაო. რაღაც დაზეპირებული სცენარები აქვთ და რაც არ უნდა კითხო, იმას ამბობენ და ვოთსაფის რაღაც ჩათი აქვთ, სადაც ვიღაც იურისტი კარნახობს რა უნდა ქნან. 9-ჯერ დაურეკა, სანამ ჩემ საბუთებს ავსებდნენ. მე არც ამ ოქმზე და არც სხვა დოკუმენტზე ხელი არ მომიწერია.
დილის 5-ზე ხო დამაკავეს, 9-მდე ვიყავი სამმართველოში, ზაჰესის იზოლატორში მიმიყვანეს დაახლოებით 10 საათზე”, - იხსენებს გიორგი, რომელმაც იზოლატორში ერთი დღე გაატარა და მეორე დღის დილის 11 საათზე უკვე სასამართლოში იყო, რომლის სარდაფშიც დილის 5 საათამდე ელოდებოდა საქმის განხილვის დაწყებას.
5 საათზე სხდომა სულ 5 წუთით გაიხსნა, რათა მოსამართლეს ეთქვა, რომ სასამართლო დღის 12 საათისთვის გადაიდო. ახალგაზრდა კაცი სახლში წავიდა და რამდენიმე საათში უკან საქალაქო სასამართლოში დაბრუნდა, მისი და კიდევ 7 ადამიანის საქმე ერთად განიხილეს.
„სადისტები არიან მოსამართლეც, პოლიციელებიც. არაფერს აზრი არ ქონდა იმ სასამართლოზე - არც იმას, რა მტკიცებულებები გქონდა, არც იმას, ვინ იყო შენი ადვოკატი. ჩემთან ერთად ბიჭი გაასამართლეს, მოწმე ჰყავდა მოყვანილი სასამართლოზე, რომელიც ამბობდა, უბრალოდ ვიდექი ამასთან ერთად, როცა შეათრიესო, ვიდეოებიც ქონდათ მტკიცებულებებად მოტანილი, არაფერს აზრი არ ქონდა. სხდომა გაგრძელდა 9 საათი, შუადღის 12-დან საღამოს 10 საათამდე, არცერთი დაკავებული არ გაუმართლებიათ და არცერთ მტკიცებულებას აზრი არ ქონდა. უნდოდათ გვეღიარებინა, თითქოს ქვები გვედო ჯიბეში“, - ამბობს გიორგი, რომელიც მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 2300 ლარით დააჯარიმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის.
პოლიციელები ანტონ ძიძიკაშვილი და ვახტანგ ქვლივიძე ავთანდილ ტიტვინიძის წინააღმდეგ
“თურმე სპეცრაზმის წევრებს ჩემზე მიუთითეს, რომ ეს პიროვნება უნდა დაეკავებინათ. არც ის ახსოვდათ, რა მეცვა, არც ის, რა ფერის ზურგჩანთა მეკეთა - ყველა კადრში ჩანს, რომ მწვანე ზურგჩანთა მეკეთა, [სასამართლო] სხდომაზე ერთმა თქვა, რო ეს ჩანთა წითელი იყო, მეორემ - მწვანე.
ამდენი ხანია მათ აქვთ ეს ჩანთა, ისიც ვერ ნახეს, რა უნდა ეთქვათ. როგორ მიუთითეს ჩემზე, ეგეც ვერ ახსნეს, მაგრამ იქ უკვე მომზადებული მივედი, ვიცოდი, რო თამაში იქნებოდა - მოსამართლე [მოწმე პოლიციელებს] დედასავით უსწორებდა, რამეს რო ვერ ამბობდნენ. “ასე იყო, ხო?”, “ასე კი არა, ასე თქვა” - ეგრე ეხმარებოდა“, - ასე იხსენებს რადიო თავისუფლებასთან ანტონ ძიძიკაშვილი პოლიციელების - ვახტანგ ქვლივიძის და ავთანდილ ტიტვინიძის ჩვენებებს. ის 30 ნოემბრის დილით, დაახლოებით 7 საათზე დააკავეს სასტუმრო „მარიოტის“ წინ, რუსთაველის გამზირზე, დაკავებისას ნიღბიანებმა სცემეს, შემდეგ ე.წ. საწამებელ მარშუტკაში ჩასვეს, პოლიციის სამმართველოში კი სრულად გააშიშვლეს.
“სამმართველოში ხელი არ მოვაწერე არაფერზე, იმიტომ, რომ არც ადვოკატი მომიყვანეს, არც ექიმი, არც დარეკვის უფლება არ მომცეს - იდგა 6 პოლიციელი და მეჩალიჩებოდა, რომ ხელი მომეწერა. მერე ჩამომიყვანეს ეზოში, ჩამსვეს მანქანაში და მაყურყუტეს დაახლოებით 4 საათი მაინც.
ხელსახოცი მქონდა ისეთი სისხლიანი, სისხლით სისხლს ვიწმენდდი, სულ წითელი იყო - არც გამაყუჩებელს გაძლევენ, არც წყალს, არაფერს“, - ამბობს ავთანდილი და ჰყვება, როგორ ემუქრებოდნენ და გააშიშვლეს ექიმის ოთახში.
კლინიკაში ის სასამართლო დარბაზიდან წაიყვანეს, სადაც სხდომის დაწყებისას ცუდად გახდა - მანამდე იყო დიღმის სამმართველოში დაკავების გაფორმების გრძელი პროცესი, ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში გატარებული 26 და სასამართლოს სარდაფში ყოფნის 7 საათი. მთელი ამ ხნის განმავლობაში ის ექიმის დახმარებას უშედეგოდ ითხოვდა. იმ პოლიციელების გარდა, ვინც მის წინააღმდეგ სასამართლოში ჩვენება მისცა, სხვების გვარები და სახელები არ ახსოვს.
პოლიციელები ნიკოლოზ მერმანიშვილი და გურამ მჭედლიშვილი ნიკა ბერიძის წინააღმდეგ
“ჩემი კურსელის ახლობელი აღმოჩნდა ის, ვინც ჩემს დამკავებელ პოლიციელად გაფორმდა, ნიკოლოზ მერმანიშვილი - აშკარად ახალი იყო და მგონი, ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვისაც ბორკილები დაადო. არ იცოდა, როგორ რა უნდა ექნა, ვიღაც კარნახობდა, ოქმი როგორ შეევსო - 19-20 წლის ბიჭები ბლომად იყვნენ საპატრულო პოლიციაში”, - უყვება რადიო თავისუფლებას ასევე 19 წლის ნიკა ბერიძე, რომელიც 7 დეკემბრის ღამეს დააკავეს რესპუბლიკის მოედანთან სპეცრაზმელებმა, რომლებსაც ხელებაწეული გაჰყვა, როგორც მერე გაირკვა, დაკავების მანქანისკენ, სადაც გაუმართლა და პატრულის თანამშრომლები დახვდნენ.
“სასამართლოზე ჩვენ ვთქვით, მეც და ადვოკატმაც, რომ ამ ადამიანებს არ დავუკავებივართ, მეორე მოწმედ გურამ მჭედლიშვილი იყო, ეგეც ახალგაზრდა - იქ ახსნეს, რომ ეს ასეთი პროცედურაა, სპეცრაზმელი გაკავებს და მერე გადაგცემს საპატრულო პოლიციას.
ძალიან საინტერესოდ დაიწყო ეგ პროცესი. ჩემი დამკავებელი პოლიციელი რომ მოვიდა, ისიც კი არ იცოდა, რომ სასამართლო პროცესზე ბორკილები არ უნდა მკეთებოდა.
ამბის მოყოლა დაიწყო იმით, რომ 29 ნოემბერს დავაკავეთო - მე და ჩემმა ადვოკატმა გადავხედეთ ერთმანეთს, მოსამართლემაც უთხრა, 48 საათია მაქსიმუმი დაკავების სასამართლოში მოყვანამდეო და მერე ვუთხარი, ალბათ, 7 დეკემბერს გულისხმობთ-თქო და მერე გადაასწორა.
მერე თქვა, რომ უშვერი სიტყვებით ვილანძღებოდი. როცა ვკითხეთ, რა უშვერ სიტყვებს გულისხმობდა, თქვა - იძახდა “მთავრობა გადადგესო”. შეიძლება ეს უშვერი სიტყვაა და გავითვალისწინებ, მაგრამ ასევე ძალიან სასაცილო იყო, როცა ჰყვებოდა, რომ თვითონ იდგა რესპუბლიკის მოედანზე, რობოკოპების უკან და მხედავდა, მე, რომელიც ოპერასთან ვიდექი, ბოთლებს ვისროდი და ვილანძღებოდი.
მეორე პოლიციელმა თქვა, ხესთან დავაკავეთო - რამდენიმე წუთი მაგას ვარკვევდით, რა ხესთან დამაკავეს. მერე შეცვალა, გვერდით მედგაო. ეს ახალი აბსურდი იყო - გვერდზე თუ ვიდექი, რაღად უნდოდათ ნიღბიანების დახმარება ჩემს დაკავებაში. მე მგონი, რაღაც ტექსტებს აზეპირებდნენ და მერე ერევათ ეს ტექსტები“, - ჰყვება ნიკა და სასამართლო პროცესს "ცირკს" ადარებს. საბოლოოდ მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა ნიკა სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა ჯარიმა ან პატიმრობა არ შეუფარდა და სიტყვიერ გაფრთხილებას დასჯერდა.
პოლიციელები ლაშა მაკარაშვილი და მიხეილ სულაძე რატი ბოქოლიშვილის წინააღმდეგ
“ლაშა მაკარაშვილი იყო უფროსი და მიხეილ სულაძე იყო ის 19 წლის ბიჭი, რომელიც განყოფილებაში დამხვდა. 100%-ით შემიძლია ვთქვა, რომ ის რუსთაველზე არ ყოფილა. სასამართლოზე რომ შევედი, ის გოგოებიც იყვნენ მოსულები, ვინც ესწრებოდნენ ჩემს დაკავებას, მოწმეებად და სანამ გამოიძახებდნენ, ეს ჩემი მეგობარი გოგო აღმოჩნდა ამ 19 წლის პოლიციელის კარის მეზობელი.
ამ ბიჭმა რომ დაინახა ეს გოგო, რომელიც ძალიან აქტიური და უშიშარია, მივიდა და დაიწყო იმის მტკიცება, მე არც იქ ვყოფილვარ, არც მიცემიაო და ამის მერე შემოვიდა სასამართლოზე და დაიწყო მოყოლა, რომ მაგან დაავალა გდდ-ს ჩემი დაჭერა იმის გამო, რომ 100 აგრესიულ მოქალაქეს შორის ვიდექი და ხელით ისეთ ჟესტებს ვაკეთებდი, რაც გინებად აღიქმებოდა”, - უყვება რადიო თავისუფლებას რატი ბოქოლიშვილი, რომელიც სპეცრაზმმა 1 დეკემბრის დილას, დაახლოებით 7 საათისთვის დააკავა რუსთაველის გამზირზე, კაფე “გალერის“ სიახლოვეს - ამ დროს ის ცოლთან და მეგობართან ერთად აქციიდან სახლში ბრუნდებოდა.
მისი ისტორია სადაც ის ჰყვება, ნიღბიანები როგორ ემუქრებოდნენ, აგინებდნენ, ამცირებდნენ, დაუნდობლად სცემეს და გაძარცვეს, ამ სტატიაში შეგიძლიათ წაიკითხოთ.
ავტომანქანაში რამდენიმეეპიზოდიანი ცემის შემდეგ ის კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟმა გადაიბარა სამმართველოში წასაყვანად - სამმართველოში ჩხრეკის, დაზიანებების აღწერისა და დაკავების ოქმის შედგენის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ სასწრაფო დახმარება გამოეძახათ.
“ფურცელი რომ გამომიწოდეს, ეწერა, რომ მე ვძალადობდი, არ ვემორჩილებოდი პოლიციას, არ მქონდა არცერთი პირადი ნივთი დაკავებისას, - ამეებზე ხელი არ მომიწერია, მარტო იმაზე მოვაწერე ხელი, რომ სასამართლოში გამოვცხადდებოდი, როცა დამიბარებდნენ და მერე წამიყვანეს კლინიკაში. სასაცილო ის იყო, რომ ამ კლინიკაში შედგენილი “ფორმა 100” იწყებოდა ასე: პაციენტის მოყოლის მიხედვით, პოლიციასთან ჩხუბის შედეგად მას აღენიშნება შემდეგი სახის დაზიანებები და მერე უკვე სამედიცინო ენით გრძელდებოდა დაზიანებების ჩამონათვალი“, - რატი ერთი კვირა ლოგინიდან ვერ დგებოდა. მოსამართლე ლელა მილდენბერგერმა ის სასამართლოზე სამართალდამრღვევად ცნო, მაგრამ არ დაუჯარიმებია, მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.
პოლიციელები გიორგი აფციაური და თენგო ჩიტაური ალექს მაჭავარიანის წინააღმდეგ
“გიორგი აფციაური პირველად ვნახე პოლიციის სამმართველოში დაკავების შემდეგ, თენგო ჩიტაური კი - სასამართლოზე. მათი ცრუ ჩვენებები ერთმანეთს არ დაემთხვა”, - ამბობს 47 წლის ალექს (ლექსო) მაჭავარიანი, რომელიც 30 ნოემბერს გამთენიისას რუსთაველის თეატრთან დააკავეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ნიღბიანმა თანამშრომლებმა. ალექსის დაკავებისას სხვა არაერთი დემონსტრანტის მსგავსად სცემეს, დაკავების წინ კი, როგორც იხსენებს, აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად ალყაში მოაქციეს.
დაკავების შემდეგ ლექსო მაჭავარიანი ჯერ კახეთის გზატკეცილზე მიიყვანეს პოლიციის სამმართველოში დაკავების ოქმის შესადგენად, შემდეგ კი გურჯაანის იზოლატორში გადაიყვანეს, რადგან თბილისში ადგილი აღარ იყო. ის იხსენებს, რომ დაკავების შემდეგ, პოლიციის იმ მანქანაში, სადაც სხვა დაკავებულ დემონსტრანტებთან ერთად შეაგდეს, იყვნენ სასტიკად ნაცემი ადამიანები, არასრულწლოვანები და ერთიც ბელარუსის მოქალაქე.
“სულ ბოლოს ამ დაახლოებით 30-40 დაკავებულიდან დავრჩით მე და “ბახუტა” [მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი - რ.თ.] და უცბად მოვიდა ორი ახალგაღვიძებული პატრული, ჩვენ ვიქნებით თქვენი დამკავებლებიო. საკმაოდ ტანმორჩილი იყო ორივე და გამეცინა, ჩემი ნამდვილი დამკავებლები ჩემ სიმაღლე და ერთი სამი ჩემ სიგანე ტიპები იყვნენ. მერე გაგვინაწილეს, ერთმა მე გამაფორმა, მეორემ ბახუტა.
სასამართლოზე ეს გიორგი აფციაური ამბობდა, რომ ვიდექი "ბარიკადის" მეორე მხარეს. მისგან მყოფდა გდდ-ს თანამშრომლების რამდენიმე ხაზი, შემდეგ ქუჩა, მერე ბარიკადები, მერე პროტესტანტები და მერე ვიდექი მე. ამ დროს ისროდნენ პიროტექნიკას, იდგა კვამლი. მაგრამ ის მხედავდა და ესმოდა, როგორ ვიგინებოდი, ნიღბიანებს უთხრა რომ დავეკავებინე, ისინიც მოვიდნენ და დამაკავეს.
მე ვიკითხე, რას გაგინებდით-თქო და არა, კი არ იგინებოდი, დაგვცინოდი, “მწვანე კაცმაცუნებს” გვეძახდიო. გამიკვირდა, რა “მწვანე კაცმაცუნებს-თქო” და რატომ-მეთქი, ფორმა გვაქვს მწვანე და ალბათ იმიტომო. პატრულის ფორმა მწვანე არა, ლურჯია, მაგრამ მანდ საინტერესო ისაა, რომ “მწვანე კაცუნები” მე არსად არ მითქვამს, ადვოკატმა ახსენა მოწმის შემოსვლამდე “შავნიღბიანების თარეში ქვეყანაში მწვანე კაცუნებით სრულდებაო” და, როგორც ჩანს, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, თინათინ კაჭკაჭიშვილმა, მიწერა მოწმეს და იმანაც გაიმეორა.
მეორე ცრუმოწმე ამბობდა, რომ მე ბარიკადის აქეთ, ანუ გდდ-ს მხარეს ვიდექი, ბარიკადის წინ და იქ ვიგინებოდი”, - უყვება რადიო თავისუფლებას ლექსო.
მოსამართლე ნინო ენუქიძემ გადაწყვიტა, რომ ის წვრილმანი ხულიგანიც იყო, პოლიციელებსაც გაუწია წინააღმდეგობა და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
პოლიციელები თორნიკე ჯაფარიძე & ზურაბ ხარატიშვილი ნიკო მანაგაძის წინააღმდეგ
აქტივისტი ნიკო მანაგაძე აქციაზე არ დაუკავებიათ, თუმცა ის მაინც ნიღბიანი პოლიციელების ხელში აღმოჩნდა პოლიციის სამმართველოში მიყვანამდე.
მანაგაძე და ის ორი პოლიციელი, ვინც მის წინააღმდეგ ჩვენება მისცა სასამართლოში 16 ნოემბერს, თორნიკე ჯაფარიძე და ზვიად ხარატიშვილი, დაკავების ორ სხვადასხვა ვერსიას ჰყვებიან. ამ ორ ვერსიაში ერთმანეთს არ ემთხვევა არც დაკავების ფორმა და მიზეზი და არც ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, როგორიცაა, მაგალითად, დაკავების დრო და ადგილი.
მანაგაძე თვლის, რომ 14 დეკემბერს სახლისკენ მიმავალ გზაზე სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილმა რამდენიმე ნიღბიანმა კაცმა გაიტაცა, - პოლიციელები ამბობენ, რომ ახალგაზრდა კაცი არ დაემორჩილა პოლიციას, - არ აჩვენა საბუთები და უარი თქვა გამოკითხვაზე, რის გამოც იძულებულები გახდნენ, დაეკავებინათ. თორნიკე ჯაფარიძისა და ზურაბ ხარატიშვილის მტკიცებით, მათ ნიკო მანაგაძე 14 დეკემბერს, 22:27 საათზე დააკავეს.
სასამართლო სხდომაზე ნიკო მანაგაძემ თქვა, რომ პოლიციელების ჩვენებები ტყუილია. ის ფიზიკურად არ შეხვედრია პატრულის თანამშრომლებს. ტელეფონზე დაურეკეს და გამოკითხვაზე დაიბარეს, მან უარი თქვა მისვლაზე და საქმის კურსში ჩააყენა, რომ გამოკითხვაზე მაგისტრ მოსამართლესთან გამოცხადდებოდა.
„ამავე დღეს აქციიდან ვბრუნდებოდი სახლში, კოსტავას ქუჩაზე. უცებ ვხედავ კედლად ჩამდგარ პოლიციელს, წამიერად მაჩვენებს პოლიციელის საბუთს, მაშინვე მკიდებს ხელს და მეუბნება, წამოდიო. ამ ბატონებს არ ეცვათ პოლიციის ფორმა, არ ჰქონდათ რაიმე საიდენტიფიკაციო ნიშანი.
ჩამტენეს მანქანაში, მიუხედავად იმისა, რომ წინააღმდეგობა არ გამიწევია. არც აუხსნიათ, რა საქმეზე უნდა წავყოლოდი მოწმედ... ეს არ იყო დაკავება, ეს იყო გატაცება. მანქანაში ჩხრეკა დამიწყეს, ამომიბრუნეს ჯიბეები“.
მოსამართლე ლელა მილდენბერგერმა მანაგაძეს 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ნიკო მანაგაძესთან ერთად დაკავებული იყო მისი მეგობარიც, ნიკოლოზ კალანდაძე.
“ორივე პოლიციელი სასამართლოზე ყვებოდა იდენტურ ამბავს, სიტყვასიტყვით, რაც ოქმში დაუწერეს განყოფილებაში მისვლის შემდგომ.
ერთ-ერთი მათგანი, თორნიკე ჯაფარიძე, განყოფილებაში ყოფნისას ჩემთან ერთად იჯდა ოთახში, ოქმი აბსოლუტურად სხვა ადამიანმა შემოიტანა, ჩემ დამკავებლად გაფორმებულ ამ პოლიციელს (ჯაფარიძეს) წაკითხულიც კი არ ჰქონდა, ჩემთან ერთად გაეცნო “სხვის” ნაწერს. სასამართლოზე მოწმედ გამოყვანილი მეორე პოლიციელი (ზურაბ ხარატიშვილი) სასამართლომდე თვალითაც არ მინახავს, საერთოდ არ ვიცი, მონაწილეობდა თუ არა ის ჩემ დაკავებაში, რადგან დაკავების პროცესში რამდენიმე მათგანს სახეზე ნიღაბი ეკეთა.
სასამართლოზე ორივეს ვკითხე, რომ ამტკიცებდნენ, რომ აგრესიული ვიყავი და იმიტომ დამაკავეს, დაახლოებით რამდენი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა ჩვენ შორის კომუნიკაცია, ან რა დრო გავიდა შეჩერების მომენტიდან ჩემი დაკავების გადაწყვეტილებამდე. ჯაფარიძემ თქვა, რომ არ ახსოვდა, მეორეს წამოსცდა, დაახლოებით 5 წუთის განმავლობაშიო. რეალურად, რაიმე ტიპის ვერბალური კომუნიკაციაც კი არ გვქონია. ქუჩაში წინ კედლად ჩამდგარი შავებში ჩაცმული ადამიანები დამხვდნენ, ერთ-ერთმა მითხრა, რომ პოლიციიდან იყვნენ და ბალაკლავა ჩამომეწია. მკითხა ერთადერთი რამ - “ნიკო ხარ, ხომ?”, დიახ-მეთქი, დავუდასტურე და ეგრევე მეცნენ, ჩამტენეს მანქანაში და გამიტაცეს. არც განუმარტავთ, რა მიზნით მივყავდი განყოფილებაში. მით უმეტეს, ის, რომ დაკავებული ვიყავი.
ეს პოლიციელი (ხარატიშვილი) იმდენად აზრზე არ იყო, რა პირობებში მოხდა ჩემი დაკავება, რომ სასამართლოზე თქვა, სამი პოლიციელი ვიყავით იმ პერიმეტრზე ჯამშიო, როცა მხოლოდ ჩემთან ერთად დაკავების შემდგომ მანქანაში 4 პოლიციელი ჩაჯდა და, ამას გარდა, მათთან ერთად მყოფმა კიდევ რამდენიმე სხვა პოლიციელმა ჩემი თანმხლები პირიც დააკავა. ესეც ყალბი ჩვენების მეორე ნაწილი იყო”, - უყვება რადიო თავისუფლებას ნიკო მანაგაძე. მისი თხოვნა სასტუმრო “სტამბასთან“, ამოეღოთ კამერის ჩანაწერები, სადაც მისი დაკავება უნდა ჩანდეს, ამ დრომდე არ შესრულებულა. მოსამართლემ შუამდგომლობა კამერების ჩანაწერების ამოღების შესახებ, რომლებიც გამოააშკარავებდა, სტუდენტის დაკავების რომელი ვერსია შეესაბამება სიმართლეს, მისი თუ პოლიციელების, სასამართლო სხდომაზე არ დააკმაყოფილა.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ბოლო 4 თვის განმავლობაში იყავით დაკავებული, გქონდათ სასამართლო, პოლიცია გედავებოდათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენას, გთხოვთ დაგვეხმაროთ დაკავებულთა შესახებ მონაცემების შეგროვებაში და შეავსოთ ჩვენი მარტივი კითხვარი.