16-გვერდიანი გაზეთის ბოლო გვერდზე გრძელი ჩამონათვალია, თუ რა სტატიების დაბეჭდვას აპირებს „ივერია“. სია მაშინდელი ჟურნალისტიკის თითქმის ყველა ჟანრს მოიცავს. მითითებაცაა, რომ წერილებს რედაქციაში მხოლოდ ქართულ და რუსულ ენებზე იღებენ, თანაც მათ, „თუ საჭიროება მოითხოვს“, შეამოკლებენ და გაასწორებენ.
„ივერიას“ თავისი ეთიკის კოდექსიც აქვს, ადამიანების პატივისცემა - „სხვა რით არის ადამიანი სხვა ცხოველზედ წინ წამომდგარი, თუ არ ამ ზნეობის კანონით, რომ მეც კაცი ვარ, შენც კაცი ხარ, ერთმანეთის პატივის-ცემა გმართებთო?“
პირდაპირი, უბრალო, მარილიანი იუმორითა და კარგი ქართულით „მოლაპარაკე“ „ივერია“ შემდეგი 29 წელიწადი ინტელიგენციის ყველა ოჯახში შევა, ეპოქაზეც დიდ გავლენას მოახდენს, ადამიანებზეც და ჟურნალისტიკაზეც. უმეტესობა, ვისაც კი ქვეყანამ შემდეგ „გამოჩენილი“ და „დიდი მამულიშვილი“ უწოდა, „ივერიის“ ჟურნალისტიც იყო და თავის ნაფიქრალს სწორედ იქ ბეჭდავდა. ცალკე ამბავია ის, რომ გაზეთს თავად ილია ჭავჭავაძე რედაქტორობდა.
თუმცა, პირველ ნომერში ავტორები ჯერ არ ჩანან. რამდენიმე საკმაოდ ვრცელი სტატია ჟურნალისტის სახელის გარეშეა დაბეჭდილი. მხოლოდ ერთს - „ქალაქის სცენები“ - აწერს ხელს „ანჩისხატელი“. ეს პუბლიცისტ დავით პავლიაშვილის ფსევდონიმია.
პირველი ნომერი „ივერიამ“ საკუთარი თავის გაცნობით დაიწყო. წინასიტყვაობაში რედაქცია წერს, ახლა ყველას აინტერესებს, რა მიმართულების, მიმდინარეობის იქნება ეს გაზეთი, რას დაწერს და რა საკითხებს შეეხება, მაგრამ ამაზე ბევრს ვერაფერს ვიტყვით, რადგან: „ამ შემთხვევაში ხომ პასუხი ცარიელი სიტყვა უნდა იყოს და ცარიელი სიტყვა რა თამასუქია, ნამეტნავად ამისთანა ეჭვით სავსე დროშიო“. ფუჭად ლაპარაკს გვირჩევნია, მკითხველს ის ავუხსნათ, „გაზეთ-ჟურნალობა რა ღონეა, რა ძალა, რა ფარ-ხმალია ადამიანისთვის ცალკე და საზოგადოებისთვის საერთოდო“.
რადგან ჟურნალისტიკა მაშინ მაინც ახალი ხილია, რედაქცია მკითხველს განუმარტავს, რატომ სჭირდება გაზეთი ყოველდღიურობას, იმ ჰაერს, „რომლითაც დღეს ვსუნთქამთ, ვცხოვრობთ და ვაი ვვაგლახობთ“. იქვე წერს, რომ სხვადასხვა ქვეყნებსა და დროში გაზეთს სხვადასხვა დანიშნულება აქვს. მაშინდელი საქართველოსთვის კი „ივერიას“ ყველაზე საჭირო საქმედ ქართული და უცხო ქვეყნების საზოგადოებების გამოცდილებაზე დაკვირვება, გაზიარება და დისკუსია მიაჩნია - „სამეცნიერო ცნობათა გადმოტანა და გავრცელება საზოგადოებაში“.
ამ თემაზე გაზეთში კიდევ ერთ სტატიაა „მოკლე მოთხრობა სხვა და სხვა სახელმწიფოთათვის“. აქ ავტორი კარჩაკეტილობაზე ლაპარაკობს, ანუ დღევანდელი ტერმინებით რომ ვთქვათ, ქვეყნის იზოლაციაზე. ავტორი ამბობს, რომ დღევანდელ ეპოქაში სრულიად წარმოუდგენელია, საქართველო მხოლოდ საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობდეს და სხვა ქვეყნებთან ურთიერთობა არ გააჩნდეს. ამ სხვა ქვეყნების, მათი პოლიტიკისა და მთავარი შტრიხების ხალხისთვის გაცნობა „ივერიამ“ საკუთარ თავს ამოცანად დაუსახა. დაიწყო ოსმალეთით, რა ქვეყანაა, რამდენი კაცი ცხოვრობს, მისი ეკონომიკური მდგომარეობა როგორია... თუმცა, სანამ შორეულ თუ ახლო აღმოსავლეთზე გადავიდოდნენ, „ივერია“ საკუთარი ქვეყნის ეკონომიკით დაინტერესდა. გაარკვია, რა მოსავალი მოჰყავდათ გლეხებს თბილისის გუბერნიაში.
რედაქცია წერს, თბილისის ეკონომიკურ პოტენციალზე აქამდე ან არაფერი ვიცოდით, ან მხოლოდ რუსული წყაროებიდანო. „ივერიამ“ თბილისის გუბერნიის დებულების ოქმებიდან ამოკრეფილი ციფრები დაიანგარიშა და განსაზღვრა, რამდენ კომლს რამდენი ვენახი და მიწა ჰქონდა იმ წლებში - სახნავი და სათიბი, სარწყავი თუ ურწყავი მიწები. რამდენი ქერი, ფეტვი, სიმინდი მოჰყავდათ, რამდენ ლიტრ ღვინოს წურავდნენ. სტატიის ბოლოს გაზეთი თავის შედეგებს რუსულ მონაცემებს ადარებს და სხვაობით გაოცებული ამბობს, „ამას რომ დავუჯეროთ, გამოვა, რომ ჩვენის გუბერნიის ხალხი თუ წყურვილით არა, შიმშილით მაინც აქამდინ უნდა ამოწყვეტილიყოო“.
„რაც სხვისაა - ჩემი მოვალეობაა, რაც ჩემია - ეგ ჩემი უფლებაა“ - ეს სიტყვები ერთგვარ დევიზად მიჰყვება მესამე სტატიას, რომელიც კანონს ეხება. ავტორი მკითხველს შოტლანდიელებისა და სპარსელების მაგალითზე უხსნის, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ცხოვრებაში წესრიგსა და კერძო საკუთრებას. შოტლანდიელი, რომელიც ტიტველ მთებში ცხოვრობს, უფრო ახერხებს დოვლათის დაგროვებას, ვიდრე ნოყიერ ნიადაგზე დასახლებული სპარსელი, რადგან „ბედნიერმა შოტლანდიელმა იცის, ჩემი აქ თავდებაო და სხვისი აქ იწყებაო და უბედურს სპარსელს არც თავისი გაეგება და არც სხვისა“.
აქვეა განხილული მაშინდელი ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე საჭირბოროტო საკითხი - კერძოდ ის, რომ 1864 წლიდან, მას შემდეგ, რაც გლეხობა გათავისუფლდა, თავადაზნაურობა და მისი ყოფილი ქვეშევრდომები ქონებას ვერ იყოფდნენ. „დიდი ლაპარაკი და ყაყანი იყო თუ როგორ უნდა გააშველო ბატონი ყმასა, ყმა ბატონსა“, წერს ავტორი და ამ „გაშორების“ ანუ მორიგების სხვადასხვა გზას მიმოიხილავს.
გაზეთის ბოლოში საინტერესო რუბრიკაა „ქალაქის სცენები“, აი, ის, რომელსაც „ანჩისხატელი“ აწერს ხელს. ამ სათაურს ქვესათაურიც აქვს - „ერთის დღის აღწერა, 1876 წელი“. ამ მხატვრულ-დოკუმენტურ წერილში ორი ქალის საუბარია მოცემული. ეს დიალოგი ერთგვარი მხატვრული ხერხია იმისთვის, რომ უბრალო ხალხს მათთვის საჭირო საკითხები მარტივ ენაზე აუხსნან. ერთ-ერთი პერსონაჟი მოსალოდნელ მობილიზაციაზე დარდობს, ეშინია, რომ მის შვილს „სალდათად გაიწვევენ“, თან რაღაც დავთარი და აღწერა შემოუღიათო, განიცდის.
„-დავთარი უნდა ჩამოატარონ და ძუძუ-მწოვარიდამ მოყოლებული საპყარ-მოხუცებულამდინ სულ უნდა ჩასწერონო, სულ წვრილად უნდა ჩასწერონო: ქალი იყოს, თუნდა კაცი, რა ხელობისაა, რა ქონება აქვს, დედ-მამა ჰყავს თუ დედამთილ-მამამთილი, სიდედრ-სიმამრი, ქვისლი - ერთის სიტყვით, მეშვიდე თაობამდის რაც ნათესაობა ჰყავს, ისიც კი უნდა ჩასწერონ!
-ახლა მითომ ეგ რაღა საჭიროაო, რომ მეშვიდე თაობამდინ ყველა უნდა ჩასწერონო?
-ღმერთმა ნუ იცის ეხლანდელის დროსა და ჟამის ამბავი! ზოგს ცოლი ჰყავს გაქცეული, ზოგს ქმარი, ზოგს შვილი და მითომ ეგენი სულ უნდა გამოჩნდეს და გამოცხადდესო“.
დიალოგი გრძელდება და ერთი მეორეს უხსნის, რომ სინამდვილეში სულ სხვა აღწერაზეა საუბარი, მოსახლეობაში ვის რა საჩივარი აქვს დაწერილი და რაზე დავობს, იმას იკვლევენ.
ჩანს, მაშინდელ საზოგადოებაში ბევრი სხვა რამეც არასწორადაა გავრცელებული, რადგან სტატია ამ ნომერში არ თავდება და ბოლოში უწერია: „შემდგომი იქნება“.
ამის შემდეგ რამდენიმე პატარა ცნობაა რუბრიკაში „წვრილი ამბები“, საიდანაც მკითხველი იგებს, რომ მალე ქართულ ენაზე შექსპირის „მეფე ლირს“ გამოსცემენ.
„დრომ გამოაჩინოს, რამდენად შევძლებთ იმ საქმეს, რომლის კისრად აღება ჩვენ დღეს გავბედეთ“, - წერს „ივერია“ თავის პირველ ნომერში.
1877 წლიდან მოყოლებული „ივერია“ ჯერ კვირაში ერთხელ, ხუთშაბათობით გამოდიოდა. შემდეგ ჟურნალად გადაკეთდა, მერე - ყოველდღიურ გაზეთად.
„ივერია“ დაიხურა 1906 წელს, ერთი წლით ადრე ილია ჭავჭავაძის გარდაცვალებამდე.
ფორუმი