Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოკლეს ილია


„ილიას ბერდანკის ტყვია ჰქონდა მოხვედრილი მარცხენა სუკში და გამოსულიყო მარცხენა ძუძუში. ალბათ მკლავიც ამ დროს შეიქნია, რადგან ძუძუდან გამოსულ ტყვიას მარჯვენა მაჯის ძარღვები გადაეჭრა. გარდა ამისა ილიას ჩამტვრეული ჰქონდა მარჯვენა წარბის თვალი. როცა ექიმები სჭრიდნენ, მე ვაბრუნებდი ორივე მიცვალებულს“.

მეორე მიცვალებული ილიას ლაქია იაკობაა, ამბავს კი საგურამოელი სანდრო თარაშვილი უყვება ლიტერატურის მუზეუმის თანამშრომლებს შორეულ 1937 წელს, - „ილიას, როცა ურმით მოასვენეს, გახდილი ჰქონდა ტუფლები, იაკობასაც წაღები. დანარჩენი ყველაფერი ზედა ჰქონდათ. ილია ტანზე ძალიან მსუქნათ იყო. ექიმებმა გასჭრეს ზალაში, სადაც ხალხს იღებდა ხოლმე ილია“.

ექიმი, რომლის შესახებაც სანდრო თარაშვილი ლაპარაკობს, დუშეთის მაზრის ექიმი იაშვილია. მასვე შეუდგენია „ილია ჭავჭავაძის განკვეთის აქტი“:

„მკერდზე მარჯვენა ძუძუსთან შიგნით მოხვედრილი ტყვია გასულა უკან მარცხენა ხელის იღლიასთან. ამ ტყვიას დაუფლეთია გული და მარცხენა ფილტვი; შუბლზე ოვალური ფორმის ჭრილობა ძვლამდე, სიღრმით 4 სანტიმეტრი. აქ ძვალი გამტვრეულია 1,5 ვერშოკზე; მარჯვენა წარბზედაც ასეთივე ჭრილობა. პირველი ორი ჭრილობა სასიკვდილოა, მესამე - არა“.

ეტლი, რომელშიც მოკლეს ილია
ეტლი, რომელშიც მოკლეს ილია

დასკვნის მიხედვით, ილიას გული და ფილტვები ისედაც დაზიანებული ყოფილა ავადმყოფობით და ეს დაზიანებები ექიმ იაშვილს იმდენად სერიოზულად მიუჩნევია, რომ გვამის განკვეთის აქტისათვის დართულ „მოსაზრებაში“ შეუნიშნავს:

„ისედაც არ დარჩენოდა დიდი დრო სიცოცხლისა სამოცდაათწლიან მხცოვან პოეტს, მისი ავადმყოფი გული განგმირულია მტრის ტყვიით. მისი (გულის) ცემა იქნებ გაგრძელებულიყო კიდევ რამდენიმე თვე, ანდა წელიწადი“.

ილიას ავადმყოფობა შეუმჩნეველი არ დარჩენია არტურ ლაისტსაც, რომელიც მკვლელობამდე ერთი კვირით ადრე 3-9 სექტემბერს (ძვ. სტილით 21-27 აგვისტოს) სტუმრობდა ილიას საგურამოში:

„ილია დაღონებული იყო. ჯანის სისუსტეს უჩიოდა. შევნიშნე აგრეთვე, სხვასთან ყოფნის და ლაპარაკის წინანდებური ხალისი აღარ ჰქონდა. ხანდახან საღამოობით აივანზე დიდხანს იჯდა გაჩუმებული. უწინ ჩემი ერთი მხიარული სიტყვა გაართობდა ხოლმე, ახლა კი ამაო იყო ყოველი ცდა. ჩემი უკანასაკნელი ყოფნისას მთელი ექვსი დღის განმავლობაში ვეღარ ვნახე ღიმილი მის სახეზე. ცოტა გავისეირნოთ, - ვუთხარი ერთ საღამოს, - მოციონი ძალიან სასარგებლოა-მეთქი. „რაღა უნდა იყოს სასარგებლო, როცა ორიოდე წლის სიცოცხლეღა დამრჩენიაო“, - მიპასუხა ილიამ ჩაფიქრებით“.

არტურ ლაისტი
არტურ ლაისტი

სინამდვილეში ორიოდე წლის კი არა, ორიოდე დღის სიცოცხლეღა ჰქონდა დარჩენილი. 1907 წლის 14 სექტემბერს (ძვ. სტილით 1 სექტემბერს) ტფილისის გუბერნატორი დეპეშას უგზავნის რუსეთის იმპერატორის კანცელარიას პეტერბურგში:

„30 აგვისტოს (ახ. სტილით 12 სექტემბერს) დაახლოებით დღის 12 საათზე, 4 ვერსში საგურამოდან (დუშეთის მაზრა) ოთხი ბოროტმოქმედის მიერ გასროლებით მოკლული იქნა სახელმწიფო სათათბიროს წევრი თავადი ილია ჭავჭავაძე და მისი ლაქია. კონდახებით თავის არეში დაჭრილია თავადის მეუღლე. ყველანი გაძარცვულია. მიღებულია ექსტერნული ზომები. ვვარაუდობთ, რომ თავადი მოკლულია ადგილობრივი გლეხების მიერ სოციალ-დემოკრატების წაქეზებით. ძარცვა სიმულირებულია”.

მკვლელობის დღესვე გაზეთმა „ისარმა“ საგურამოში მიავლინა თანამშრომელი, რომლის ცნობები გამოქვეყნდა გაზეთის 1907 წლის 191-ე ნომერში.

„საგურამოს რომ მივუახლოვდით, წინ შემოგვეყარა ეტლი: ტფილისში მოჰყავდათ თოფის კონდახებით ნაცემი და დაბეგვილი მეუღლე ილია ჭავჭავაძისა: მხეცებს მოხუცი დედაკაციც კი არ დაუნდვიათ და პირის სახის ძვლები თოფის კონდახებით დაუმტვრევიათ. <…> ჭავჭავაძის მეუღლეს არაფერი არ ახსოვს, გარდა იმისა, რომ ილიას დაუძახნია ქართულად - რას სჩადიხართ და რევოლველიც ამოუღია. საბრალო ქალმა ჯერაც არ იცის, რომ ილია მოკლულია... მოკლულები სულ გაძარცვულები იყვნენ: არა სჩანს ილიას პალტო, პიჯაკი, ჟილეტი, ოქროს საათი, ოქროს სათვალე და პატარა ბოხჩა, სადაც საბუთის ქაღალდებს ინახავდა ხოლმე. აღარც საფულე ქისაა. არ სჩანს აგრეთვე რევოლვერები, რომლებიც ილიასა და მის მხლებლებს ჰქონიათ თან. <...> საკვირველია სტრაჟნიკებისა და ადგილობრივ პოლიციის მოქმედება: როგორც გადმოგვცეს, სწორედ 15-20 წამის შემდეგ შეიტყვეს მკვლელობის ამბავი და დროზედ არავითარი ღონისძიება არ მიუღიათ; ურიადნიკმა სთქვა - поскакал туда, поскакал сюда-ო. იქვე კი სამ ვერსის მანძილზე ყაზახების პოსტია და პირველ ხანებში მეტი არფერი არ გაუკეთებიათ”.

ილია ჭავჭავაძე და ოლღა გურამიშვილი
ილია ჭავჭავაძე და ოლღა გურამიშვილი

ვინ მოკლა ილია ჭავჭავაძე - მეფის „ოხრანკამ“ თუ სოციალ-დემოკრატებმა?

ერთ-ერთი მკვლელი ივ. ინაშვილი სოციალ-დემოკრატი იყო, ასევე ბოლშევიკი იყო მკვლელობის მონაწილე „ვიღაც იმერელი“, ხოლო გიგლა ბერბიჭაშვილი დუშეთის მხარეში წითელი პარტიზანი და „ტყის ძმა“ იყო, რომელიც ექვემდებარებოდა სოცდეკების თბილისის კომიტეტს. ისტორიკოსების ნაწილი ამტკიცებს, რომ მკვლელობა, რომელიც ძარცვისა და უკმაყოფილო გლეხების შურისძიების იმიტაცია უნდა ყოფილიყო, უშუალოდ ფილიპე მახარაძისა და სერგო ორჯონიკიძის ხელმძვანელობით მოხდა.

1908 წლის 28-29 ნოემბერს შედგა კავკასიის საოლქო-სამხედრო სასამართლო, რომელმაც ილიას მკვლელებს - თედო ლაბაურს, გიგოლა მოძღვრიშვილს და გიგლა (ლომა) ხიზანაშვილს ჩამოხრჩობა მიუსაჯა. დანარჩენი მკვლელები - პავლე ფშავლიშვილი (აფციაური) და ივანე ინაშვილი მოგვიანებით დაიჭირეს. ნამამასახლისარი ივ. ინაშვილი, დაკითხვის შემდეგ ციხეში რომ მიჰყავდათ, გაქცევის მცდელობისას მოკლეს, მკვლელობის ორგანიზატორი დ. ჯაში, რომელიც 1907 წელს საკმარისი სამხილების არარსებობის გამო გაათავისუფლეს, „ყოფითი კონფლიქტის“ დროს მოკლა ცოლისძმამ 1922 წელს. გიგლა ბერბიჭაშვილი ციხეში გარდაიცვალა 1942 წელს.

ილია მოკლეს ბოლშევიკებმა - ამგვარი ვარაუდის ერთ-ერთი არგუმენტი ისიც შეიძლება იყოს, რომ მკვლელობის უკანასკნელი ცოცხალი მონაწილე გიგლა ბერბიჭაშვილი იმალებოდა როგორც მეფის, ასევე მენშევიკების დროს და მხოლოდ ბოლშევიკების მმართველობის დროს აღზევდა. „მოგეხსენებათ, რომ ვარ ძველი პარტიის წევრი და რევოლუციონერი...“ - ასე იწყებს გიგლა ბერბიჭაშვილი 1938 წელს დაწერილ განცხადებას, რომელშიც საბჭოთა ხელისუფლებას პენსიის მომატებას სთხოვს.

„1941 წელს, როცა ბერბიჭაშვილს ასამართლებდნენ, ერთი შეხედვით გაჩნდა უნიკალური შესაძლებლობა, განსასჯელის საშუალებით შეეტყოთ და დაეფიქსირებინათ სიმართლე, თუ ვისი ბრძანებით გადაწყდა ილიას სიკვდილი, მაგრამ საბჭოთა სასამართლოს მსვლელობამ აჩვენა, რომ ყველაფერი კეთდებოდა სოციალ-დემოკრატების დანაშაულის კვალის დასაფარად. ბერბიჭაშვილი გამოყენებულ იქნა როგორც ცოცხალი მოწმე, რომელსაც უნდა დაედასტურებინა ოხრანკის დანაშაული და ამით შეუბღალავად შეენახა ბოლშევიკები, სოციალ-დემოკრატების სახელი“, - წერს ისტორიკოსი შოთა ბადრიძე.

სასამართლო პროცესზე მიიყვანეს ყარამან ფაღავა - 1907 წელს დუშეთის მაზრის უფროსი, რომელსაც ათქმევინეს, რომ მკვლელობის ორგანიზატორი დიმიტრი ჯაში ოხრანკის აგენტი იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ ილია მეფის ოხრანკის დავალებით მოკლეს და, რომ ბერბიჭაშვილიც ოხრანკის აგენტი გამოდიოდა. ბერბიჭაშვილმა სასამართლოს უთხრა, რომ მკვლელობის ადგილზე იყო, თუმცა ჰაერში გაისროლა:

„შენ რას უყურებო, მითხრეს. რო არ მიმხვდარიყვნენ, მეც ავიღე და ვისროლე ზევით. ეს მოხდა. მერე გადაცვივდნენ ტყეში. ხიზანიშვილმა დაავლო ხელი ჩემოდანს და მითხრა, ეს რა არისო. ვნახე კარობკა. კარობკაში იყო რაღაც ღილები და ბეჭდები. სათვალეებიც ავიღე და მივაწოდე. ინაშვილმა თქვა არაფერი დაიკარგოსო. ყველაფერი გამომართვა.

- ხელიდან ვინ დააძრო ბეჭდები?

ამის შესახებ არაფერი ვიცი. როდესაც ამოვიმარჯვეთ, ინაშვილმა გვითხრა, ყველაფერი დააწყვეთ აქ, ახლა შეგიძლიათ წახვიდეთ-წამოხვიდეთ. ყველაფერ ამას ჯაშს ჩავაბარებ. ყველა თავის ადგილას წავიდესო. მე როგორც კი ეს გავიგე, როგორც იყო გავეცალე, დავეთესე, რომ ვუშველო თავს. ამის შემდეგ რა იყო, ვინ სად წავიდა, არ ვიცი. ...მე ვლაპარაკობ, მაგრამ კალამს როგორ უსვამენ, არ ვიცი“.

გიგლა ბერბიჭაშვილი
გიგლა ბერბიჭაშვილი

ბერბიჭაშვილს დანაშაული განესაზღვრა სისხლის სამართლის კოდექსის 58 (13)-ე მუხლით - „აქტიური მოქმედება ან აქტიური ბრძოლა მუშათა კლასისა და რევოლუციური მოძრაობის წინააღმდეგ, რაც გამოუჩენია პასუხსაგებ ან საიდუმლო (აგენტურა) თანამდებობაზე მყოფ პირს მეფის დროს...“

ბერბიჭაშვილს მიესაჯა დახვრეტა, რაც მალევე, რატომღაც, 10-წლიანი პატიმრობით შეუცვალეს, თუმცა 1 წელიწადში გარდაიცვალა ციხეში.

ოხრანკის დანაშაულის (ვერსიის) კანონიზაციის შემდეგ ბოლშევიკური იდეოლოგია სისტემატურად ამკვიდრებდა იმ აზრს, რომ ილია ჭავჭავაძე მეფის სპეცსამსახურებმა მოკლეს მისი ეროვნულ-პოლიტიკური მრწამსის გამო. შემდეგ კი დაიწყო ილიას გამოყვანა ლამის რევოლუციონერად.

„ილია ჭავჭავაძის მემკვიდრეობა და სოციალისტური ეპოქა“ - ასეთი სათაურით იბეჭდება სტატია „ლიტერატურულ საქართველოში“:

„თავისუფალი და ბედნიერი საბჭოთა ხალხი მთლიანად იუფლებს დიდი ქართველი მწერლის მემკვიდრეობას, გაწმენდილს ბურჟუაზიული, თავადაზნაურული ლიტერატურადმცოდნეობის და „მემარცხენე“ ვულგარიზატორობის ფალსიფიკაციისგან. ი. ჭავჭავაძე სოციალისტურ ქვეყანაში გახდა ყველსთვის საყვარელი მწერალი, მას ფართო მასებისთვის მოაქვს დიდი სიხარული და ესთეტიკური სიტკბოება“.

ილია ჭავჭავაძე, "ნაციონალ-რევოლუციონერი"
ილია ჭავჭავაძე, "ნაციონალ-რევოლუციონერი"

არადა, სულ ცოტა ხნის წინ ქართულ საბჭოთა პრესაში ილია რეაქციონერი და ფეოდალი, მონარქისტი და ექსპლუატატორი, ბურჟუაზიული ლიბერალიზმის წარმომადგენელი იყო, ხოლო ავტორები, მათ შორის მწერლები და კრიტიკოსები, აქტიურად ციტირებდნენ ფილიპე მახარაძეს, რომელიც წერდა:

„თქვენ ხედავთ, თუ როგორი მჭერმეტყველებით და თავგამოდებით იცავს ი. ჭავჭავაძე პატრიარქალურ-ფეოდალურ წეს-წყობილებას, ე.ი. არსებითად თავად-აზნაურობას და მის ინტერესებს. მართალია, ისტორიული განვითარების ლოღიკა დაუნდობლად აქარწყლებდა ყველა მის წამოყენებულ დებულებას, მაგრამ ამას იგი თითქოს ვერც კი ამჩნევდა“.

პროლეტარმა მწერალმა ფრიდონ ნაროუშვილმა „ახალგაზრდა კომუნისტში“ გამოაქვეყნა პოემა „თავადი ი. ჭავჭავაძე“, რომელშიც ყველა ცოდვაში ამხილა პოტი და, ფაქტობრივად, ნიშნის მოგებით უთხრა, მოსაკლავი იყავიო. ამ პუბლიკაციის პასუხად გაზეთ „მუშაში” დაიბეჭდა პროლეტარულ მწერალთა ერთი ჯგუფის კოლექტიური წერილი, რომელსაც ხელს აწერდნენ: ბ. ბუაჩიძე, ა. მაშაშვილი, კ. ლორთქიფანიძე, პ. საყვარელიძე. წერილის ავტორებმა კიდევ უფრო გააღრმავეს პოემაში გამოთქმული აზრები და ახალ-ახალი ბრალდებები შეთხზეს ილიას წინააღმდეგ.

"წამოდგა ნოე, როგორ ილია,/ ფოილოს გაღმა მიწა-წყლის მდომი,/ დემოკრატიულ კავკასიაში,/ ჭავჭავაძური ატეხა ომი". ფრ. ნაროუშვილის პოემის ამ ფრაგმენტში ილია ჭავჭავაძე და ნოე ჟორდანია ომის მოსურნე აგრესორებად არიან გამოყვანილი.
"წამოდგა ნოე, როგორ ილია,/ ფოილოს გაღმა მიწა-წყლის მდომი,/ დემოკრატიულ კავკასიაში,/ ჭავჭავაძური ატეხა ომი". ფრ. ნაროუშვილის პოემის ამ ფრაგმენტში ილია ჭავჭავაძე და ნოე ჟორდანია ომის მოსურნე აგრესორებად არიან გამოყვანილი.

„ილია ჭავჭავაძე, როგორც მწერალი, პუბლიცისტი, სახელმწიფო მოღვაწე, მემამულე, თავადაზნაურობის იდეოლოგი იყო, მისი მოწინავე, საუკეთესო, ჭკვიანი და მოხერხებული მებრძოლი. ეს კი ნიშნავს, რომ ის მძაფრი რეაქციონერი იყო”.

მთავარი ბრალდება, რაც პროლეტარულ მწერალთა ჯგუფმა წამოუყენა ფრ. ნაროუშვილს, იყო ის, რომ იგი „შეუგნებლად იმეორებს მებრძოლი შოვინისტური პარტიების გესლიან პროვოკაციას. სწორედ ფედერალისტები, ნაციონალ- დემოკრატები, პროლეტარიატისადმი კლასიკური ზიზღით აღსავსენი ამტკიცებენ, რომ „ერის ბელადი” ილია ჭავჭავაძე მოკლეს მარქსისტებმა, მშიერი კლასის ბელადებმა”.

რა შეიძლება ყოფილიყო მკვლელობის მოტივი?

1906 წელს სახელმწფო სათათბიროში არჩეული ილია ჭავჭავაძე ენერგიულად შედგა საქართველოს ავტონომიისათვის ბრძოლას და საამისოდ ძალთა გაერთიანებას. ასევე იბრძოდა აგრარული რეფორმისთვის, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისთვის; სახელმწიფო სათათბიროში ეძებდა თანამოაზრეებს, რისთვისაც დაუკავშირდა კადეტთა პარტიის ლიდერებს, რომლებიც მცირე ერებს სამომავლოდ ავტონომიას ჰპირდებოდნენ; დაუახლოვდა ავტონომისტ-ფედერალისტთა ჯგუფს...

ქართველ ისტორიკოსთა ნაწილი სვამს კითხვას, „ხომ არ გამოუტანეს სოციალ-დემოკრატებმა ილიას სასიკვდილო განაჩენი ავტონომიის იდეის წარმატების გამო?“

ალბათ, ძალაუფლებისთვის მებრძოლ სოციალ-დემოკრატებს ილია ავტონომიური საქართველოს პოლიტიკურ მესვეურად ეჩვენებოდათ და მისი ცოცხლად დარჩენა სახიფათოდ ჩათვალეს.

როგორც უნდა ყოფილიყო, იაკობ გოგებაშვილს რომ დავესესხოთ, 1907 წლის 12 სექტემბერს (ძვ. სტილით 30 აგვისტოს) „ბნელეთის ნაბიჭვრებმა, უსულგულო და უტვინო ორფეხა მხეცებმა“ ვერაგულად მოკლეს საუკეთესო შვილი საქართველოსი იმ განზრახვით, რომ დაემცირებინათ მისი დიდებული სახელი და მისი გავლენა ქართველობაზე“.

იაკობ გოგებაშვილი
იაკობ გოგებაშვილი

„მაგრამ თავისივე უგუნურის და წყეულის თვალებით იხილავენ სრულიად წინააღმდეგს ნაყოფს თავიანთ საზიზღარ მკვლელობისას. ამ ვერაგულის მოკვლის შემდეგ ილიას სახელი მოიცვის დიდებულ მოწამის შარავანდედით, ერთი ასად იმატებს ის ღრმა პატივისცემა, ის თაყვანება, რომლითაც ყოველი ჭკუითა მყოფელი ქართველი გამსჭვალული იყო მისდამი; ერთი ასად გაიზრდება ის დიდი მნიშვნელობა, რომელიც იმის ქმნილებებს ჰქონდა და ქართველობა ამ მის ქმნილებებს დაეწაფება სრულის გაუმაძღრობით“.

მაინც რა იყო ილიას ქმნილებები?

ილიასადმი მიძღვნილ წერილში (გაზეთი „ბახტრიონი“, 1937 წ.) ტიციან ტაბიძე წერდა, რომ ილია იყო პოეტი, ბელეტრისტი, დრამატურგი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, მეცნიერი, რეჟისორი, ფინანსისტი, ორატორი, ისტორიკოსი, აგრონომი და კიდევ ვინ არა. XIX საუკუნე საქართველოში ილიამ კიდეც მოიგონა, კიდეც შეჰქმნა და კიდეც თავის სისხლით დაჰკირაო:

„ილია ჭავჭავაძე იდგა როგორც გიგანტი, ყოველი მოზღვავებული ტალღა, უცხო თუ შინაური, იმას დაეტაკებოდა და ილიაც მოიგერიებდა...“

ამიტომაც იყო, ვაჟა-ფშაველამ რომ თქვა, ილიას მკვლელებს რომ შეეძლოთ, საქართველოსაც მოჰკლავდნენო.

აკი, სცადეს კიდეც 1921-ში...

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG