Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა გაიხსენა ესებუას საქმეზე გამოკითხულმა ყოფილმა მძევალმა: მანქანა მდინარეში დაასუფთავა და გვითხრა, თავისუფალი ხართო


ბადრი ესებუა, ზუგდიდის რაიონული სასამართლო. 1 მარტი, 2023 წელი
ბადრი ესებუა, ზუგდიდის რაიონული სასამართლო. 1 მარტი, 2023 წელი

1 მარტს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ბადრი ესებუას საქმეზე 4 დაზარალებული გამოჰკითხა. ისინი, ვინც 2020 წლის 21 ოქტომბერს თავდასხმისას "საქართველოს ბანკში" იმყოფებოდნენ და შეიარაღებულმა პირმა მძევლებად აიყვანა.

მათ შორის იყო მურმან ბულია. ის ერთ-ერთია იმ 4 ყოფილ მძევალს შორის, რომლებიც ბანკზე თავდამსხმელმა შენობის დატოვებისას თან წაიყვანა. მურმან ბულიამ დეტალურად აღწერა, რა გზა გაიარეს ბანკის დატოვების შემდეგ თავდამსხმელთან ერთად მძევლებმა. 2020 წლის 21 ოქტომბერს შუადღის საათებში მურმან ბულია პირად საქმეზე იყო მისული „საქართველოს ბანკში“, როცა თავდასხმა მოხდა:

„როგორც კი შევედი, რიგის ნომერიც არ მქონდა აღებული, ისე შემოვიდა ნიღბიანი კაცი. მას ავტომატი და ხელყუმბარა ეჭირა. იყო ხმაური. როგორც კი ჩამიარა, თქვა: ძარცვაა, დაწექითო. შემდეგ გასროლის ხმა გავიგე… შემდეგ ერთ-ერთი თანამშრომელი გაუშვა, მენეჯერი მოიყვანეო. ერთ-ერთი გოგო ავიდა. მას შემდეგ, რაც ის არ ჩამოვიდა, მეორე თანამშრომელი აუშვა [მეორე სართულზე]. ის გოგო რომ ჩამოვიდა, უთხრა, არავინ არ არის მეორე სართულზეო. შემდეგ ზევით აგვიყვანა. ხელები თავზე დაგვადებინა და ისე ავედით მეორე სართულზე. მახსოვს, ერთ-ერთ პატარა ოთახში შევედით, იქ ვერ ვეტეოდით და ამიტომ გამოვედით. მგონი მესამეზე ავედით. იქ დიდი ოთახი იყო და მანდ გავჩერდით. თვითონ ის [თავდამსხმელი] იღებდა გადაწყვეტილებას. იმ ოთახში კამერები იყო და სთხოვა იქ ვიღაცას, კამერები "გაესკოჩა". ვისაც ტელეფონები ჰქონდა, მათ 112-ზე დაარეკინა და ტელევიზიებშიც… სთხოვდა დარეკვას, რომ ყველას გაეგო მძევლების შესახებ. ის ითხოვდა 500 ათას დოლარს… ამის შემდეგ დარეკა პოლიციის უფროსმა… მე ვარო ავთანდილ გალდავაო. უთხრა, მძევლებს არაფერი დაუშავოო. გალდავამ უთხრა, მე მოვიტან თანხას და ყველაფერს შეგისრულებო. მძარცველმა უთხრა, ვერტმფრენი მინდაო. ეს ვერ მოხერხდებაო. შემდეგ ეგ თქვა, მანქანა მინდაო. საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ მოიყვანდა მანქანას და მოიტანდა ფულს… რამდენჯერმე შედგა მათ შორის კომუნიკაცია, რადგან რა დროც დათქვეს, ამ დროში არ მოვიდა გალდავა. ის ეუბნებოდა, გზაში ვარ და ფული მომაქვსო. მოსაღამოვდა და შემდეგ მოვიდა გალდავა. მოიტანა ფული… მისი მოსვლის შემდეგ მძევლების ნაწილი, მგონი 15 კაცი, გაათავისუფლა. დავრჩით მე, ლაშა [შენგელია], დათო [ხვიბლიანი] და გალდავა. ამის შემდეგ მძარცველმა გალდავას ამოალაგებინა თანხა… როგორც მახსოვს, 5 შეკვრა იყო. დოლარი იყო. ისევ ჩაალაგებინა. ამის შემდეგ ჩვენ - მე, ლაშა [შენგელია] და გალდავა გადაგვაბა ერთმანეთს. დათო არა… შემდეგ ჩვენ ჩამოვედით. ჩვენ წინ მივდიოდით და უკან მოგვყვებოდა მძარცველი… ჩამოვედით პირველ სართულზე, იქ დაგხვდა პატრულის მანქანა. ყველანი შევედით ერთი მხრიდან. ყველა უკან ჩავჯექით დათო ხვიბლიანის გარდა, ის საჭესთან დასვა…

წავედით წალენჯიხისკენ. წალენჯიხის შემდეგ წავედით სქურში. იქ ცოტა ხანი ვიყავით გაჩერებული. იქ ბუნებრივი მოთხოვნილება დაიკმაყოფილა… შემდეგ შენიშნა იქ მანქანის შუქები და რამდენჯერმე გაისროლა. გალდავას უთხრა, არავინ გამოგვყვესო. გალდავამ დარეკა… ამის შემდეგ ვიყავით მუხურში. ჩხოროწყუს სოფლებში დავდიოდით. რამდენიმე საათი დავდიოდით. მერე მუხურში ტელეფონები მიტოვებულ შენობაში დაატოვებინა ხვიბლიანს. შემდეგ ჩხოროწყუში წავედით და ერთ-ერთ ადგილზე, სადღაც მდინარეში მანქანით შეგვიყვანა. იქ ჩამოვიდა მძარცველი. იქ დაასუფთავა მანქანის "სიდენია", "კოვრიკები" და ყველაფერი… ამის შემდეგ გვითხრა, თავისუფალი ხართ, მანქანა არ გააჩეროთ, თორემ გესვრითო… ჩვენ შემდეგ პოლიციის განყოფილებაში მივედით და იქ გაგვიხსნეს ხელები”, - განაცხადა მურმან ბულიამ.

სხდომა ბადრი ესებუას საქმეზე ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, 1 მარტი 2023 წელი
სხდომა ბადრი ესებუას საქმეზე ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, 1 მარტი 2023 წელი

ადვოკატის შეკითხვაზე, დაახლოებით რა სიმაღლის იქნებოდა თავდამსხმელი, დაზარალებულმა აღნიშნა, რომ არ ახსოვს:

“არც ვუყურებდი, მეშინოდა”, - განმარტა მან.

დღეს გამოკითხულმა სხვა დაზარალებულებმაც აღნიშნეს, რომ ვერ შეძლებენ თავდამსხმელის ამოცნობას, რადგან მას სამხედრო ფორმა ეცვა, სახეზე ნიღაბი ჰქონდა, თვალები კი შეღებილი.

დღეს გამოკითხულმა ყველა დაზარალებულმა დაადასტურა, რომ თავდამსხმელი შეიარაღებული იყო, რომ ხელში ეჭირა ავტომატი და ხელყუმბარა.

„ჩვენ მოგვმართავდა, ნუ ტირით, ერთ დღეს მაინც ყველა მოვკვდებითო. მე ვთხოვე, რომ მოეცა უფლება დაგვერეკა ოჯახის წევრებთან. მან უფლება მომცა, რის შემდეგაც დავრეკე ჩემს მეუღლესთან და ვუთხარი, რომ ვიყავით მძევლად აყვანილი“, - გაიხსენა 2020 წლის 21 ოქტომბერს დაზარალებულმა თეა მალანიამ.

მოწმეებისა და დაზარალებულების გამოკითხვა მომდევნო სხდომებზეც გაგრძელდება. პროკურორ მირანდა წერეთლის განცხადებით, ბრალდების მხარეს ათობით მოწმე ჰყავს წარმოდგენილი, რომლებიც უშუალოდ შეესწრნენ თავდასხმას.

დაზარალებულების გამოკითხვამდე ცნობილი გახდა, რომ ბრალდებულ ბადრი ესებუას მოთხოვნით, საქმეს ააცილეს ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე.

სხდომის დასაწყისში მოსამართლე ეკატერინე ბებიამ განმარტა, რომ სასამართლოს შესაბამისი განცხადებით ბრალდებულმა მიმართა, სადაც ამბობს, რომ არ სურს მისი უფლებები დაიცვას ალექსანდრე კობაიძემ.

ბადრი ესებუას მოთხოვნითვე, მისი წარმომადგენლები პროცესებზე დარჩებიან ადვოკატები, იოსებ ჯანაშია და ხათუნა ჯანაშია.

სხდომათა დარბაზის დატოვების შემდეგ ალექსანდრე კობაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ესებუაზე მიმდინარეობს ზეწოლა.

ადვოკატის სიტყვებით, ძალოვანი უწყებები, როგორც უნდათ, ისე მართავენ ამ პროცესს, ბადრი ესებუა და მისი ოჯახი კი ეწირება ვიღაცის მიზნებს:

„დღეს დადასტურდა, რომ მას ათქმევინეს, რომ ერთ-ერთი ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე უნდა აეცილებინა. ეს არის არნახული ზეწოლა, რომელიც ამ შემთხვევაში ხორციელდება მასზე. რომ ვემშვიდობებოდი, ბოდიში მომიხადა და მითხრა, რომ ეს მისი სურვილი არ იყო და ეს გააკეთებინეს. მე მომეცემა იმის შესაძლებლობა, რომ ბადრი თავად მოვინახულო მესამე დაწესებულებაში და, შესაბამისად, გავისაუბროთ აღნიშნულთან დაკავშირებით, რადგან ერთი არის, თუ როგორ მოქმედებს ბრალდებული და მეორე არის რეალობა, თუ რამ განაპირობა აღნიშნული ქმედების განხორციელება", - განაცხადა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ.

სხდომის დასრულების შემდეგ ამ საკითხის შეფასებისას ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ თქვა, რომ ალექსანდრე კობაიძე საკუთარი ინიციატივით მივიდა პენიტენციარულ დაწესებულებაში ბრალდებულთან. უთხრა, თითქოს არასამთავრობო ორგანიზაციას წარმოადგენდა და სურდა მისი დაცვა.

ადვოკატის სიტყვებით, რეალურად კობაიძის მიზანი ბადრი ესებუას დისკრედიტაციაა. ჯანაშიამ აღნიშნა, რომ კობაიძემ კიდევ ერთ ადვოკატთან ერთად მედიით გაავრცელა არასწორი ინფორმაცია:

„რაც შეეხება ადვოკატს, ცოტა რთული საკითხია. ამასთან დაკავშირებით მე ორი პროცესია კომენტარი არ გამიკეთებია, თუმცა ეს გაუგებარი მდგომარეობა გრძელდებოდა. გუშინ, როცა საექსპერტო კვლევისთვის ნიმუშებს იღებდნენ, ვიყავით ესებუასთან და ბუნებრივია გვქონდა ამაზე საუბარი. ანუ ის გავრცელებული სიუჟეტი, რაც ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ და ასევე, ჩემთვის უცნობმა მეორე ადვოკატმა, რომელიც უცნობი იყო ბადრი ესებუასთვის, გაავრცელეს ინფორმაცია, რაც რეალობას არ შეესაბამებოდა. არანაირი წერილი ბადრი ესებუას ადვოკატისთვის არ გადაუცია და ის გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს შეყვარებული ჰყავდა და შეყვარებულის გამო იყო გადმოსული აფხაზეთიდან და უნდოდა დაქორწინება, შემდეგ მისი დაკავება სხვა ადგილას მოხდა, თითქოს ბათუმსა და თბილისში იყო, ასეთი ინფორმაცია, როგორც გავიგეთ, ბადრი ესებუას არ მიუცია, არც იმის უფლება მიუცია ადვოკატისთვის... ადვოკატი ჭორაობით კი არ უნდა იყოს დაკავებული, არამედ თავის მოვალეობას უნდა ასრულებდეს და უნდა იცავდეს პირის ინტერესებს“, - განაცხადა იოსებ ჯანაშიამ.

მან დღეს დაადასტურა, რომ ბრალდებულისგან ხმისა და სუნის ნიმუშები აიღეს. პროკურატურის შუამდგომლობით ნიმუშები საქმეს მტკიცებულებების სახით დაერთო.

მანამდე 22 თებერვალს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში „საქართველოს ბანკის“ 8 თანამშრომელი გამოიკითხა. 7 დაზარალებულისა და 1 მოწმის სტატუსით.

2-წლიანი ძებნის შემდეგ ბადრი ესებუას დაკავება შსს-მ 8 თებერვალს, დილით დაადასტურა. იგი ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარში, ნათესავის სახლში დააკავეს. ბადრი ესებუა დაკავებულია ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით. "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებულ ბადრი ესებუას, დაკავების შემდეგ, 9 თებერვალს პროკურატურამ კიდევ ერთი ბრალი, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა და შენახვის მუხლით წარუდგინა. ის არ აღიარებს არც ამ მუხლით წარდგენილ ბრალს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. შეიარაღებული, ნიღბიანი პირი ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა და მძევლად აიყვანა 43 ადამიანი. ის 500 ათას დოლარს და უსაფრთხოდ გადაადგილებას მოითხოვდა. სამართალდამცავებთან მოლაპარაკების შედეგად, მოთხოვნებზე თანხმობის მიღების შემდეგ, ესებუამ მძევლების უმრავლესობა გაათავისუფლა და სამ მძევალსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან ერთად დატოვა ბანკის შენობა.

XS
SM
MD
LG