ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმისთვის ბრალდებულმა ბადრი ესებუამ უარი განაცხადა თავისი ინტერესების ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის მიერ დაცვაზე.
ბადრი ესებუას სახელით სასამართლოში შესული განცხადება მოსამართლე ეკატერინე ბებიამ წაიკითხა და თქვა, რომ ბადრი ესებუას არ სურს მისი ინტერესები დაიცვას ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ და უნდა, რომ ეს გააკეთონ ადვოკატებმა იოსებ ჯანაშიამ და ხათუნა ჯანაშიამ.
ბადრი ესებუამ მოსამართლის მიმართვის საპასუხოდ დაადასტურა, რომ ეთანხმება წაკითხულის შინაარსს. ალექსანდრე კობაიძემ სასამართლოს სხდომათა დარბაზი ბადრი ესებუასთან დამშვიდობების შემდეგ დატოვა.
დარბაზიდან გასვლის შემდეგ მედიასთან კომენტარში ალექსანდრე კობაიძემ თავისი აცილების გადაწყვეტილება ესებუაზე განხორციელებულ ზეწოლას დაუკავშირა.
"როგორც ვვარაუდობდი, დადასტურდა დღეს პროცესზე, რომ ბადრი ესებუაზე მიმდინარეობს კოლოსალური ზეწოლა და მას დღეს ათქმევინეს, რომ ერთ-ერთ ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე აეცილებინა. რომ ვემშვიდობებოდი, ბოდიში მომიხადა და მითხრა, რომ ეს მისი სურვილი არ იყო და მას ეს გააკეთებინეს“, - თქვა კობაიძემ.
მას თავისი ვარაუდის არგუმენტები არ განუმარტავს. თქვა, რომ ბადრი ესებუას იზოლატორში შეხვდება და მისგან მოისმენს პასუხებს.
ალექსანდრე კობაიძე ბადრი ესებუას საქმეში 20 თებერვლიდან ჩაერთო. მანამდე და ახლაც ბრალდებულის ინტერესებს იცავენ ადვოკატები იოსებ ჯანაშია და ხათუნა ჯანაშია.
20 თებერვალს ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისთვის მოულოდნელი იყო საქმეში ალექსანდრე კობაიძის ჩართვა, შესაბამისად ის ამ საკითხზე ბადრი ესებუასთან კონსულტაციას გეგმავდა. თავად ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ სასამართლო სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ საქმეში ბრალდებულის მოთხოვნით ჩაერთო და მისი მთავარი მიზანი ბადრი ესებუას ძმის, ბიძინა ესებუას გათავისუფლებაა, რომელიც, მისივე სიტყვებით, მძევლად არის აყვანილი.
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ბადრი ესებუას საქმეზე სხდომა დაზარალებულთა გამოკითხვით გრძელდება.
2-წლიანი ძებნის შემდეგ ბადრი ესებუას დაკავება შსს-მ 8 თებერვალს, დილით დაადასტურა. იგი ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარში, ნათესავის სახლში დააკავეს. ბადრი ესებუა ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებითაა დაკავებული.
"საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებულ ბადრი ესებუას დაკავების შემდეგ, 9 თებერვალს, პროკურატურამ კიდევ ერთი ბრალი წარუდგინა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვის მუხლით. ის არც ამ მუხლით წარდგენილ ბრალს აღიარებს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.
შეიარაღებული, ნიღბიანი პირი ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალში, 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა და მძევლად აიყვანა 43 ადამიანი. ის 500 ათას დოლარს და უსაფრთხოდ გადაადგილებას მოითხოვდა. სამართალდამცავებთან მოლაპარაკების შედეგად, მოთხოვნებზე თანხმობის მიღების შემდეგ, ესებუამ მძევლების უმრავლესობა გაათავისუფლა და სამ მძევალსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან ერთად დატოვა ბანკის შენობა.