ამაზე მკაფიო პასუხი არ არსებობს. მთავრობის საჯარო რიტორიკა წინააღმდეგობებითაა აღსავსე და ერთიან ლოგიკას არ ექვემდებარება. შეიძლება სამართლიანად შეგვეპაროს ეჭვი, საერთოდ არსებობს თუ არა რაიმე ზოგადი ხედვა ტაქტიკური პიარტექნოლოგიის მიღმა.
მაგრამ ისიც ფაქტია, რომ საზოგადოების ნაწილი „ოცნებას“ მხარს უჭერს და არა მხოლოდ იმიტომ, რომ პირადი ხეირი აქვს. ამის უკან რაღაც განწყობები, შეხედულებები და წარმოდგენები დგას. შევეცდები, ნაწილობრივ მაინც გავერკვე, რა წარმოდგენებია ეს.
ქოცობა როგორც ანტინაცობა
ადამიანის პოზიცია ყველაზე კარგად იმაში ვლინდება, რას უპირისპირდება ის. ამ მხრივ სიცხადე გვაქვს: ქოცობა არის „ანტინაცობა“. მაგრამ „ნაცობა“ რაღაა?
ამის გასაგებად აღარ გამოდგება ლაპარაკი პარტია „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ან მისი მმართველობის პერიოდზე. რაც დრო გადის, „ქოცებიც“ სულ უფრო ნაკლებად უკავშირებენ „ნაცობას“ კონკრეტულ პარტიას. მათთვის ის მოიცავს ზოგად ხედვას, რომელსაც ლიბერალური მოდერნიზმი შეიძლება ვუწოდოთ, თუმცა, უფრო ხშირად, მას საქართველოს პროდასავლურ ორიენტაციას ვეძახით.
ამ კონცეფციაში სამი ძირითადი კომპონენტი გამოიყოფა: სამოქალაქო ნაციონალიზმი ("ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს"), დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ნორმები და პოლიტიკური ინტეგრაცია დასავლეთთან, ანუ სამყაროს იმ ნაწილთან, რომელიც ლიბერალური მოდერნიზმის ხედვას და რეალობას განასახიერებს.
ამ ზოგადი ხედვის შიგნით განსხვავებებს ე.წ. მემარჯვენეებსა და მემარცხენეებს შორის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ასევე მნიშვნელობა არა აქვს, ვის რა დამოკიდებულება აქვს (ან წარსულში ჰქონდა) „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ. ძახილს: „რანაირად ვარ ნაცი, მიშა მძულს“ ყურადღებას აღარავინ აქცევს.
სამყაროს „ქოცურ სურათში“ ყველანი, ვინც დღეს პროდასავლურ, ანუ ლიბერალური მოდერნიზმის გზას ემხრობა, „ნაცები“ არიან.
ამავე ლოგიკით, „ნაცები“ იყვნენ ილია ჭავჭავაძე, ნიკო ნიკოლაძე, არჩილ ჯორჯაძე, ნოე ჟორდანია და მიხეილ ჯავახიშვილიც; ქოცები ამას ან ვერ იაზრებენ, ან ხმამაღლა ამის თქმა არ აწყობთ.
ქოცობის თვისება მიმიკრიაა
როგორც ვთქვი, „ქოცობის“ განსაზღვრება რთულია, რადგან ისინი თავის მრწამსს დალაგებულად ვერ ან არ გამოთქვამენ. მაგრამ ეს სიმართლის მხოლოდ ნაწილია.
ქოცობის უმნიშვნელოვანესი ნიშანია მიმიკრია. ეს ტერმინი ბიოლოგიიდან მოდის: ზოგი ცხოველი თუ მცენარე ფორმით ან ფერით ემსგავსება გარემო საგნებს ან სხვა სახეობებს, რათა მტაცებელთა ლუკმა არ გახდეს. ადამიანებსაც გვაქვს მიზეზები, იმად წარმოვაჩინოთ თავი, რაც არ ვართ.
ქოცობისთვის მიმიკრია არ არის ტაქტიკური ხერხი, რომელსაც ხანდახან მიმართავენ: ეს მათი არსებითი თვისებაა.
ისინი ე.წ. პოსტსიმართლის წესებით ცხოვრობენ. სამყაროს ამ ხედვით, არ არსებობენ ადამიანები, ვინც საკუთარი მრწამსით მოქმედებს, ანუ თავისი სიმართლის სჯერა. ობიექტურად მართალი არავინაა: სიმართლე ისაა, რაც მაწყობს. აშკარად აბსურდული და ურთიერთსაწინააღმდეგო აზრების დაცვა ნორმალურია.
თუ ვინმე ასეთ არსებობას აპროტესტებს, ესე იგი, ქოცების აზრით, მას არ ესმის, სამყარო როგორაა მოწყობილი. თუმცა, სინამდვილეში გულწრფელი ადამიანები არ არსებობენ: ყველა ვიღაცის მარიონეტია.
მეორე მხრივ, ადამიანთა უმრავლესობა ან ბრიყვია, ან სიმართლე არ აინტერესებს. ისინი ადვილად ტყუვდებიან ან უნდათ, მოტყუვდნენ. ამიტომ ტყუილი ცოდვა არ არის.
ქოცური მსოფლმხედველობის დეკონსტრუქციის ნებისმიერი მცდელობა არის მიმიკრიის მხილება. ამაზე მათი პასუხია შეცხადება: როგორ გეკადრებათ, როდის ვთქვით უარი დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე, დასავლეთთან ინტეგრაციაზე! თუ ვინმე იბრძვის იმისთვის, რომ ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს - ეს ჩვენ ვართ.
„ოცნების“ ხელისუფლების პირველ წლებში მიმიკრიამ კარგად იმუშავა: ლიბერალური დასავლეთიც და ჩვენი პროდასავლური საზოგადოების დიდი ნაწილიც სიამოვნებით მოტყუვდა. მათ დაიჯერეს, რომ თუმცა ქოცები იდეალურები არ არიან, ზოგადად მაინც სწორი მიმართულებით მიჰყავთ ქვეყანა.
ბოლო წლებში, განსაკუთრებით რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მიმიკრია გართულდა. რეჟიმის ბელადმა, ბიძინა ივანიშვილმა თავის 29 აპრილის საპროგრამო სიტყვაში მკაფიოდ თქვა: დასავლეთი, რომელსაც „გლობალური ომის პარტია“ მართავს, საქართველოს მტერია, ხოლო პროდასავლელი ქართველები - მტრის აგენტები.
მაგრამ მიმიკრია ისევ გაგრძელდა: ის ქოცობის ორგანული ნაწილია. როგორც ვთქვი, აშკარა აბსურდი და არათანმიმდევრულობა შემაკავებელი ფაქტორი არ არის. იმავე სიტყვის ბოლოს ბიძინა დაგვპირდა, რომ სულ მალე, 2030 წელს, ევროკავშირს შევუერთდებით, ხოლო მისი ერთგული პრემიერი ცოტა ხანში „გლობალური ომის პარტიის“ მორიგ შეხვედრაზე გაემგზავრა უკრაინის დახმარების განსახილველად.
შეიძლება ამგვარი ქცევის რაციონალური ახსნაც ვცადოთ: ივანიშვილი თან დასავლეთს ებრძვის (რაც პრაგმატული მიზეზებით აიხსნება), მაგრამ მანევრის სივრცესაც იტოვებს (მაგალითად, იმის გამო, რომ სანქციების ეშინია). შესაძლოა.
მაგრამ აბსურდი და არათანმიმდევრულობა იმდენად თვალშისაცემია, რომ მარტივ რაციონალისტურ სქემებში დარჩენა ძნელია.
პრობლემაა არა იმდენად ხელისუფლების მიდრეკილებაა წინააღმდეგობრივი რიტორიკისკენ და ქმედებისკენ, არამედ მრავალი ადამიანის მზაობა, პოსტსიმართლის სამყაროს წესები მიიღოს.
პაიკების თავმოწონება
ადამიანის გონების ერთ-ერთი ფუნქციაა, ნებისმიერი ბოდვის რაციონალიზაცია მოახდინოს. ეს „გლობალური ომის პარტიის“ თეორიასაც ეხება.
ამ დღეებში ამის მცდელობა ჰქონდა ერთ რიგით, მაგრამ აქტიურ ქოც-იდეოლოგს, რომელმაც გეოპოლიტიკა ჭადრაკს შეადარა. ამ საკმაოდ გაცვეთილი შედარებით საქართველო პაიკია დიდი მოთამაშეების ხელში.
მოთამაშემ შეიძლება, რაღაც კომბინაციისას შეგწიროს ან ლაზიერად გაგიყვანოს. მაგრამ შენ ამაზე ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენ.
იგივე ეხება უფრო ძლიერ ფიგურებსაც, ლაზიერის ჩათვლით: მათაც ვიღაცა ათამაშებს. მეტიც, თავად მოთამაშის უკანაც კიდევ ვიღაც სუპერმოთამაშეა, ვინც სვლებს უკარნახებს.
კონკრეტულად „გლობალური ომის პარტია“ ნახსენები არ იყო, მაგრამ აქ აღწერილია ის წარმოსახვითი სამყარო, რომელშიც ქოცები ცხოვრობენ და რომელიც ასეთი თეორიების დაჯერებას შესაძლებელს ხდის.
ამის საპირისპიროდ, ნაცებს ჰგონიათ, რომ ქვეყნის ბედი თვით მასზეა დამოკიდებული და რაღაცებს უშნოდ ფაფხურობენ. ამით თავსაც იღუპავენ და ჩვენც გვღუპავენ. კიდევ კარგი, გვყავს მმართველი, რომელმაც მთლიანი პარტიის არსი განჭვრიტა და მოთმინებით აღვსილი პაიკის სიდინჯით იქცევა.
მარიონეტის სტატუსი უსიამოვნოა, ამიტომ მას პერიოდული კომპენსაცია სჭირდება: მაგალითად, შეხსენება, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ, ქრისტეს მეორედ მოსვლის შემდეგ საშინელი სამსჯავრო ქართულ ენაზე ჩატარდება, ან ქართველებმა იმდენი ვიჩალიჩეთ, რომ ღმერთს მეორედ მოსვლა გადავადებინეთ. მთელი ერის პაიკობა ასე უფრო ასატანი ხდება.
მეტაფორები ლამაზი, მაგრამ სახიფათოა: ადვილად შეიძლება, წინააღმდეგობებში გაიხლართო. პაიკი ვერ აირჩევს, ვისი პაიკობა უნდა, ბიძინა ივანიშვილი კი, მისი აპოლოგეტების აზრით, სწორედ ამას ცდილობს. მან ბრძნულად განჭვრიტა, რომ „გლობალური ომის პარტია“ ჩვენს შეწირვას აპირებდა, დროულად იცვალა ფერი და საწინააღმდეგო ბანაკს შეაფარა თავი.
მაგრამ, ისევ და ისევ, წინააღმდეგობები და აბსურდულობა ამ მსოფლმხედველობისთვის პრობლემა არაა. „გლობალური ომის პარტიის“ თეორიის მომხრეები ვერ დაასახელებენ ვერცერთ წყაროს ან ფაქტს, საიდანაც მისი არსებობა ან გეგმები გაიგეს. ამას მათთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს.
მთავარია ადამიანების მზაობა, შეთქმულების თეორიები დაიჯერონ, ეს კი სწორედ იმ შეგნებიდან მოდის, რომ პაიკი ხარ ვიღაცის თამაშში. ეს მზაობა კი ბევრ ადამიანს ახასიათებს (მათ შორის ზოგ იმათგანს, ვინც „ნაცების“ ბანაკში მოიაზრებს თავს).
თუმცა შეთქმულების თეორიებით გატაცება უნივერსალურია, ჩვენ ორი დამატებითი მიზეზი გვაქვს, ისინი მოგვწონდეს. ერთი, რომ პატარა ერი ვართ და რეალურად, ჩვენი ბედი დიდწილად მართლაც დიდ მოთამაშეებზეა დამოკიდებული (ოღონდ ეს არავითარ შემთხვევაში არ გამორიცხავს, რომ ჩვენს არჩევანს და ნაბიჯებს დიდი მნიშვნელობა აქვს).
მეორე მხრივ, საბჭოთა კავშირში ცხოვრების გამოცდილებამ გვასწავლა (უფროს თაობას მაინც), რომ შენი ადგილი უნდა იცოდე და თავი ყოველთვის იმად წარმოაჩინო, რაც არ ხარ. ასე უფრო უსაფრთხოა.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.
ფორუმი