Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გამოიყენეს ხმაურისთვის, მითქმა-მოთქმისთვის“ - რას ჰყვებიან კომპანია „კონცენტრიქსის“ თანამშრომლები იქ ჩატარებულ ჩხრეკაზე


სანდრო ცხადაძე იმ სახლთან, რომელიც 24 ოქტომბერს გაჩხრიკეს ფინანსური პოლიციის თანამშრომლებმა
სანდრო ცხადაძე იმ სახლთან, რომელიც 24 ოქტომბერს გაჩხრიკეს ფინანსური პოლიციის თანამშრომლებმა

ამერიკული კომპანია Concentrix Georgia, სადაც 24 ოქტომბერს ფინანსური პოლიციის გამომძიებლებმა ჩხრეკა ჩაატარეს, საქართველოში მუშაობას აგრძელებს, თუმცა ამ ეტაპზე სამუშაო პროცესი ფაქტობრივად პარალიზებულია.

ფინანსურმა პოლიციამ “ქოლცენტრების” საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამ კომპანიიდან კომპიუტერული ტექნიკა თითქმის სრულად წაიღო. გამომძიებლებმა გაჩხრიკეს კომპანიის 5 თანამშრომლის სახლიც, საიდანაც სამსახურებრივი ტექნიკის გარდა, წაღებულია მათი პირადი მობილური ტელეფონები და პერსონალური კომპიუტერებიც. გამომძიებლები საცხოვრებელ სახლებში ასევე ეძებდნენ დიდი ოდენობით ნაღდ ფულს. სახლებში ჩატარებულ ჩხრეკას და Concentrix Georgia-ს თანამშრომლების გამოკითხვას საგამოძიებო ორგანოში ადვოკატი არ დასწრებია - ყველა გამოკითხულს მოწმის სტატუსი აქვს. ამ დროისთვის უცნობია, ჰყავს თუ არა გამოძიებას ამ საქმეზე გამოკვეთილი ბრალდებული ან დაზარალებული.

“ჩვენი ზოგიერთი ტექნიკური აღჭურვილობა წაღებულია, ამიტომ ამჟამად მათი ჩანაცვლების პროცესში ვართ. პოლიცია ჩვეულებრივ გამოძიებას ატარებს. ჩვენ მათ მივაწოდეთ ყველაფერი, რაც გვთხოვეს და მომავალშიც ყველაფერს მივაწვდით, რაც დასჭირდებათ. სამართალდამცველებთან სრული გამჭვირვალობით ვთანამშრომლობთ“, - უთხრა კომპანიის დირექტორმა ალფერ ალთენმა მის კომპანიაში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების მეორე დღეს, 25 თებერვალს, ჟურნალისტებს. მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ამერიკული კომპანია ასობით გლობალურ ბრენდს ემსახურება 70-ზე მეტ ქვეყანაში და 450 ათასზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს მსოფლიოს მასშტაბით. საქართველოში კომპანია 2021 წლიდან მუშაობს და ამ დროისთვის 500-მდე თანამშრომელი ჰყავს.

კომპანია საქართველოს ბაზარზე 2021 წელს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციების მიმართულების მხარდაჭერით შემოვიდა. მისი თანამშრომლები აქედან მსოფლიოს წამყვან ბრენდებს დისტანციურად აწვდიან სხვადასხვა სერვისს - ტურიზმის, ტელეკომუნიკაციების, ელექტრონული ვაჭრობის, საბანკო და სხვა სექტორებში.

Concentrix Georgia-ს ოფისში, რომელიც თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ბიზნესცენტრ „ვაკე პლაზაში“ მდებარეობს, ფინანსური პოლიციის თანამშრომლები 24 ოქტომბერს დილის 9 საათიდან სამუშაო დღის დასრულებამდე მუშაობდნენ. ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი მედიასაშუალებები ამავე საღამოს მომზადებულ მასალებში საუბრობდნენ ამ შენობის მფლობელს, ალექსანდრე ნინუასა და ყოფილი თავდაცვის მინისტრს, დავით კეზერაშვილს შორის კავშირებზე შთაბეჭდილების შესაქმნელად, - რომ კომპანია, რომლითაც გამოძიება დაინტერესდა, არალეგალურ საქმიანობას ეწევა. ალექსანდრე ნინუა თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი იყო იმ დროს, როცა კეზერაშვილი მინისტრის პოსტს იკავებდა. დავით კეზერაშვილთან დაკავშირებული „ქოლცენტრების“ საქართველოში ფუნქციონირების შესახებ 2023 წელს ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნა BBC-მ. 2023 წლის მაისში „ქოლცენტრების“ საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო ჯგუფის შექმნას ითხოვდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“. ხელისუფლებამ მაშინ ამ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა.

Concentrix Georgia-ს თანამშრომლებისთვის, რომლებიც 24 ოქტომბერს გამოიკითხნენ ფინანსურ პოლიციაში, უცნობია, როდის დაიწყო ის გამოძიება მათი კომპანიის წინააღმდეგ. მათ იციან მხოლოდ ის, რომ გამოძიება, რომლის ფარგლებშიც გაიჩხრიკა ამერიკული ორგანიზაციის ოფისი და მისი თანამშრომლების სახლები, სამი მუხლით მიმდინარეობს. თაღლითობა, ფულის გათეთრება და გადასახადებისგან თავის არიდება - გამოძიება ამ დანაშაულების კვალს ეძებს.

“ყველა კომპიუტერში ერთი და იგივე მონაცემები ინახება, ქსელური კომპიუტერებია, ერთის გახსნითაც შეიძლება ყველაფრის გარკვევა. იქ ჩემს გარდა იყვნენ HR, რეკრუტერი და ორი თიმ ლიდერი”, - უყვება რადიო თავისუფლებას კომპანია „კონცენტრიქსის“ თანამშრომელი, სანდრო ცხადაძე. მასთან გამომძიებლები 23 ოქტომბრის დილის 8 საათზე შევიდნენ - ნაქირავებ სახლს, სადაც ის ძმასთან ერთად ცხოვრობს, გარედან მისამართის მანიშნებელი აბრა არ აქვს. ამ საცხოვრებელში შესასვლელი ავტოფარეხის კარიდანაა - შენობა საბურთალოზე, ზემო ვეძისში მდებარეობს. სანდრო ამბობს, რომ ამ სახლთან თითქმის არასოდეს მიდიან ტაქსები მასთან მისასვლელი აღმართების გამო და მას ვერასოდეს პოულობენ კურიერები - ეს გარემოებები მას ეჭვს უჩენს, რომ გამომძიებლები, რომლებმაც ის ძალიან მარტივად იპოვეს მისამართზე, რომელიც არცერთ ოფიციალურ დოკუმენტში დაფიქსირებული არ არის და რის შესახებაც ინფორმაცია არ ჰქონდათ მის დამსაქმებლებსაც კი, სახლის გასაჩხრეკად მისვლამდე მას ან ფიზიკურად უთვალთვალებდნენ, ან ტელეფონის ჯი-პი-ესის გამოყენებით აკონტროლებდნენ.

სანდროსთვისაც და „კონცენტრიქსის“ იმ თანამშრომლებისთვისაც, რომლებსაც რადიო თავისუფლება ანონიმურობის პირობის დაცვით ელაპარაკა, გაუგებარია როგორც ის, რატომ დაინტერესდა სახელმწიფო მათი კომპანიით, ასევე ის, რა კავშირია მათთან ჩატარებულ და ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის, „ატლანტიკური საბჭოს“ მკვლევრების სახლებში ჩატარებულ ჩხრეკასთან.

24 ოქტომბერს, „კონცენტრიქსის“ ოფისის ჩხრეკის პარალელურად, ფინანსური პოლიცია შესული იყო რუსული საინფორმაციო ომის მკვლევრებთან, ეთო ბუზიაშვილსა და სოფო გელავასთან - ორივენი „ატლანტიკური საბჭოს“ თანამშრომლები არიან და საქართველოდან წლების განმავლობაში დისტანციურად მუშაობენ ამ ორგანიზაციისთვის.

„ატლანტიკური საბჭო მოვლენების მსგავსი განვითარებით და საქართველოში არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე მისი გავლენით ჩვენი თანამშრომლების მუშაობაზე, ღრმად შეშფოთებულია. ჩვენი ქართველი კოლეგები, სოფო გელავა და ეთო ბუზიაშვილი, ეწევიან დამოუკიდებელ, უპარტიო საქმიანობას, რომელიც მიზნად ისახავს დემოკრატიის დაცვას და განმტკიცებას მათგან, ვინც ძირს უთხრის მას ონლაინსივრცეებში. ეს მოიცავს უცხოური გავლენის მცდელობებთან დაკავშირებულ კვლევას, მარგინალიზებულ თემებზე ტარგეტირებასა და სხვა ონლაინსაფრთხეებს“, - წერია განცხადებაში, რომელიც „ატლანტიკურმა საბჭომ“ 24 ოქტომბერს გამოაქვეყნა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG