ამ ყველაფრის უკან უკრაინელი ექსპერტები რუსეთის მონდომებით აგორებულ, მიზანმიმართულ ანტიუკრაინულ კამპანიას ხედავენ და ამასვე უკავშირებენ - „სპეის-იქსისა“ და „ტესლას“ დამფუძნებლის, ილონ მასკის „სამშვიდობო ინიციატივას“.
აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების უსახელო წარმომადგენელთა ვარაუდები თავდაპირველად New York Times-მა გამოაქვეყნა. შემდეგ კი, ასევე ინკოგნიტო წყაროებზე დაყრდნობით, მსგავსი ინფორმაცია CNN-მაც გაავრცელა.
რუსი ულტრანაციონალისტი იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის შვილის, დარია დუგინას ავტომანქანა, მოსკოვის გარეუბანში, 20 აგვისტოს, ღამით აფეთქდა. რუსეთმა ეს ამბავი მაშინვე უკრაინას დააბრალა. პუტინმა დუგინა, სიკვდილის შემდეგ, სიმამაცის ორდენით დააჯილდოვა.
თავიდანვე გაჩნდა ვერსია, რომ, შესაძლოა, არა დარიას, არამედ მამამისის მკვლელობა იყო ჩაფიქრებული. ამ ვერსიას New York Times-ის რესპონდენტებიც იზიარებენ.
აშშ-ის ხელისუფლების წამომადგენლები New York Times-თან ინკოგნიტოდ ლაპარაკობენ და მათი ვინაობა არ სახელდება. ასევე არ არის ახსნილი, როგორ, რა ეტაპზე და უკრაინის ხელისუფლების რომელი სტრუქტურები იყვნენ ჩართული დუგინას აფეთქების მომზადებასა თუ შესრულებაში. აშშ-ში ოფიციალური განცხადებები უკრაინული კვალის შესახებ არ გაკეთებულა.
მაგრამ ეს საკმარისი აღმოჩნდა სოციალურ ქსელებში ძირითადად გაურკვეველი სახელებით დარეგისტრირებული მომხმარებლებისთვის, რომ კიევისთვის "განაჩენი" გამოეტანათ.
აშკარაა სიძულვილის ტალღის აგორებისა და უკრაინის ტერორიზმში დადანაშაულების მცდელობები. წერენ იმასაც, რომ დუგინას მკვლელობა პირადად ზელენსკიმ დაუკვეთა და ახლა, ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ აშშ-მა არა რუსეთი, არამედ უკრაინა უნდა გამოაცხადოს.
„უკრაინა შეუერთდა ალ-ყაიდას და სხვა ტერორისტულ ჯგუფებს სამოქალაქო სამიზნეების წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული აქტებით“, - წერს ტვიტერის ერთ-ერთი მომხმარებელი; სხვები კი პირდაპირ ითხოვენ, რომ აშშ და დასავლეთი აღარ დაეხმარონ უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომში.
გერმანიაში საეჭვო რეპუტაციის მქონე იურისტმა, მარკუს ჰაინცმა, რომელიც თავის იუთუბარხზე ხშირად ლაპარაკობს რუსეთისა და პუტინის სიდიადის შესახებ და ხშირად არის "პუტინის თაობად" მიჩნეული რუსი ახალგაზრდების მადლობების ადრესატი, ტვიტერზე დაწერა:
„ალექსანდრ დუგინის ქალიშვილი, დარია დუგინა ჯარისკაცი არ იყო. ამრიგად, ეს იყო მხდალი მკვლელობა სამოქალაქო პირისა, ჩადენილი უპრინციპო მკვლელების მიერ უკრაინის ხელისუფლებიდან. ეს ხელისუფლება თითქოს წარმოადგენს და იცავს ჩვენს დასავლურ "ფასეულობებს"“.
რას ფიქრობენ უკრაინაში?
New York Times-ში გამოთქმულია მოსაზრება, რომ თუკი ვარაუდები დამტკიცდა, დუგინას აფეთქება იქნება ყველაზე უფრო „გაბედული ოპერაცია“ იმის საჩვენებლად, თუ რამდენად ახლოს შეიძლება მივიდნენ უკრაინის სპეცსამსახურები გამოჩენილ რუს მოღვაწეებთან.
უკრაინელი ექსპერტები ფიქრობენ, რომ, შექმნილ ვითარებაში, ტყუილზე დაფუძნებული ასეთი ფორმულირება ვერ ჩაითვლება რაიმენაირ კომპლიმენტად მათი ძალოვანი უწყებებისთვის.
ვიქტორ იაგუნი, უკრაინის უშიშროების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, დარწმუნებულია, რომ დუგინა რუსეთის სპეცსამსახურებმა მოკლეს და ახლაც „ყველაფერს აკეთებენ, რომ უკრაინასა და ამერიკას შორის განხეთქილება ჩამოაგდონ“ და კიევმა საჭირო დახმარება ვეღარ მიიღოს.
იაგუნი იმაშიც დარწმუნებულია, რომ „რუსეთის მიერ მიჩენილი“ ადამიანი „ყურში რაღაცებს ეუბნება“ „სპეის-იქსისა“ და „ტესლას“ დამფუძნებელს, ილონ მასკსაც, რომელმაც, ბოლო დროს, ბევრისთვის მოულოდნელად, „მშვიდობის მიღწევაში“ ჩარევა გადაწყვიტა და უკრაინის ინტერესებთან შეუსაბამო გამოკითხვა მოაწყო ტვიტერზე. მასკს გამოკითხვის 2 748 378 მონაწილიდან 59.1% არ დაეთანხმა.
„დუგინა ჩვენებს არ მოუკლავთ, მე ეს ზუსტად ვიცი... და გარდა ამისა, უკრაინის ხელისუფლებას ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საქმეები აქვს გასაკეთებელი აქ, უკრაინაში... რას წარმოადგენს ჩვენთვის ალექსანდრ დუგინი? რატომ უნდა სდომოდათ დუგინის, ან მისი შვილის მკვლელობა უკრაინელებს? დუგინს გარეთ გამოაქვს მთელი ის იდეოლოგიური უაზრობა, რასაც დღეს რუსეთის პროპაგანდა ეყრდნობა და პირიქით, ის სასარგებლო იდიოტია უკრაინისთვის“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას უკრაინის უშიშროების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, ვიქტორ იაგუნი. ის ფიქრობს, რომ რუსეთი „წყლის წვეთებით ქვის გახვრეტას“ ცდილობს, მაგრამ უკრაინასა და აშშ-ს შორის „იმდენად მჭიდრო ურთიერთობებია“ და „იმდენი მწყობრი ამოცანა სრულდება“, რომ რუსეთი ჩანაფიქრს ვერ მიაღწევს.
New York Times-ს თანახმად, აშშ-ის ხელისუფლებაში თვლიან, რომ ამგვარი თავდასხმა ომის დასასრულთან დაახლოებას არ უწყობს ხელს და მას შეიძლება მოჰყვეს ესკალაცია, კერძოდ, რუსეთის მხრიდან უკრაინის ლიდერებზე თავდასხმა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი, ალექსანდრ სკიპალსკი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, არ გამორიცხავს, რომ უკრაინის დისკრედიტაციისთვის „უკრაინის მტერი - რუსეთი, თავისი ხაზებით სერიოზულ ფინანსებსაც ხარჯავს“, რადგან ფრონტზე მას საქმე კარგად არ მისდის და ყველა გზას ეძებს. სკიპალსკი გვეუბნება, რომ „რუსეთს უკრაინის იზოლაცია სურს“, მაგრამ, საბოლოოდ „ძაღლი ყეფს და ქარავანი მიდის“, და „ახლა უკრაინას ასეთი ყეფისთვის არ სცალია“.
New York Times-ს მოჰყავს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის სიტვები, სადაც ის ამბობს, რომ უკრაინას დარია დუგინას მოკვლისთვის არანაირი მოტივაცია არ ჰქონდა.
დარია დუგინას ავტომობილის აფეთქება, მომხდარიდან 48 საათში, კრემლმა 43 წლის უკრაინელ ქალს დააბრალა, რომელმაც, რუსეთის ფედერაციული საგამოძიებო სამსახურის გამოძიების ვერსიით, მკვლელობა წარმატებით დაგეგმა, აღასრულა და ასევე წარმატებით, თავის 12 წლის შვილთან ერთად, ფსკოვის გავლით, დატოვა რუსეთი და ესტონეთში გადავიდა.
მოგვიანებით, 29 აგვისტოს, რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა ბრალდებულად „უკრაინული დივერსიულ-ტერორისტული ჯგუფის“ კიდევ ერთი წევრი გამოაცხადა - 1978 წელს დაბადებული ბოგდან ციგანენკო, რომელმაც, თითქოს, დარია დუგინას „მკვლელობა მოამზადა“. ითქვა ისიც, რომ ციგანენკო რუსეთში ესტონეთიდან 30 ივლისს ჩავიდა და ქვეყნის ტერიტორია დუგინას აფეთქებამდე ერთი დღით ადრე დატოვა. მანამდე კი, ის, თითქოს, ნატალია ვოვკს უზრუნველყოფდა ავტომობილის ყალბი სანომრე ნიშნებით, დოკუმენტებით და ასაფეთქებელი მოწყობილობაც, მასთან ერთად, მოსკოვში, დაქირავებულ გარაჟში დაამზადა.
კრემლთან დაკავშირებული იდეოლოგის, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთ მთავარ არქიტექტორად მიჩნეული ალექსანდრ დუგინის ქალიშვილი, 30 წლის დარია დუგინა იყო „საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობის“ პოლიტიკური კომენტატორი და მამის მარჯვენა ხელი.