Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილონ მასკი „ტვიტერზე" უკრაინის საკითხზე გამოკითხვას ატარებს


ილონ მასკი
ილონ მასკი

„სპეის-იქსისა“ და „ტესლას“ დამფუძნებელმა ილონ მასკმა გადაწყვიტა, რუსეთ-უკრაინას შორის მშვიდობის მიღწევის საკუთარი გეგმა მოეფიქრებინა და ხმის მისაცემადაც დაედო "ტვიტერზე".

„მშვიდობა უკრაინა-რუსეთს შორის:

  • განმეორებით, გაეროს ზედამხედველობით, ჩატარდეს არჩევნები ანექსირებულ რეგიონებში. რუსეთი დატოვებს ამ რეგიონებს, თუკი ასეთი იქნება ხალხის ნება;
  • ყირიმი ოფიციალურად რუსეთის ნაწილია, როგორც იყო 1783 წლიდან (ხრუშჩოვის მიერ შეცდომის დაშვებამდე);
  • ყირიმის წყალმომარაგება უზრუნველყოფილია;
  • უკრაინა რჩება ნეიტრალური“.

ილონ მასკს მალევე გამოეხმაურა, ასევე ტვიტერზე, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი და მას მიმართა: „უკეთესი სამშვიდობო გეგმა არსებობს“. პოდოლიაკმა თავისი სამპუნქტიანი ვერსია დადო, ასევე გვერდის მომხმარებელთა კენჭისყრაზე:

  1. „უკრაინა ათავისუფლებს თავის ტერიტორიებს, ანექსირებული ყირიმის ჩათვლით;
  2. ხდება რუსეთის დემილიტარიზაცია და სავალდებულო დენუკლეარიზაცია, რომ ვეღარ შეძლოს სხვების დაშინება;
  3. ომის დამნაშავეები წარდგებიან საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე".

ცოტა მოგვიანებით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაწერა „ტვიტერზე" თავისი შეკითხვა მომხმარებლებისთვის:

"რომელი ილონ მასკი უფრო მოგწონთ?

  1. რომელიც უკრაინას უჭერს მხარს;
  2. რომელიც რუსეთს უჭერს მხარს".

რუსეთის სახელმწიფო დუმამ 3 ოქტომბერს რიგგარეშე პლენარულ სესიაზე უკრაინის ოლქების - დონეცკის, ზაპოროჟიეს, ლუგანსკის, ხერსონისა და ნიკოლაევის ოლქის ნაწილის - რუსეთის მიერ ანექსიის დოკუმენტის რატიფიცირება მოახდინა. ე.წ. საერთაშორისო შეთანხმებების რატიფიცირების შემდეგ, დოკუმენტს უნდა დაეთანხმოს ფედერაციის საბჭო და ხელი მოაწეროს პრეზიდენტმა.

შეთანხმებების მიხედვით, მოსკოვი რუსეთის მოქალაქეებად განიხილავს უკრაინის ტერიტორიაზე მცხოვრებლებს, თუ ისინი ერთი თვის განმავლობაში არ განაცხადებენ უარს რუსეთის მოქალაქის პასპორტის მიღებაზე.

კიევმა და დასავლეთის ქვეყნებმა წინასწარვე თქვეს, რომ არცერთ შემთხვევაში არ აღიარებენ უკრაინის ტერიტორიების ანექსიას. რუსეთის კანონმდებლობის თანახმად კი, ახლა ქვეყნის შემადგენლობაში 89 ფედერალური სუბიექტია. მათ შორისაა 2014 წელს ანექსირებული ყირიმი და სევასტოპოლიც.

უკრაინის არმია აცხადებს, რომ მისი ძალები განაგრძობენ წინსვლას დონეცკის რეგიონში, მას შემდეგ, რაც მათ სრულად დაამყარეს კონტროლი აღმოსავლეთის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქ ლიმანზე, პარალელურად იზრდება რუსეთის მხარის დანაკარგები.

უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის ჯგუფის პრესმდივნის, სერჰი ჩერევატის თქმით, უკრაინის ძალებმა 2 ოქტომბერს გაათავისუფლეს ლიმანთან ახლოს მდებარე ტორსკეს დასახლება და "ცეცხლით" უტევენ რუსეთის სამხედრო დანაყოფებს კრემინაში, ლუგანსკის რეგიონში.

პარალელურად, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი 3 ოქტომბერს აცხადებს, რომ რუსეთმა წინა დღეს დაკარგა 320 ჯარისკაცი, მათი უმრავლესობა კრამატორსკისა და ბახმუტის არეალებში.

უკრაინის თანახმად, თებერვალში უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთმა, საერთო ჯამში, დაკარგა 60 400 სამხედრო. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ გასულ თვეში გამოაცხადა, რომ რუსეთის დანაკარგები იმ დროისთვის უტოლდებოდა 5937 ჯარისკაცს. არცერთი ამ მონაცემის დამოუკიდებლად გადამოწმება არ ხერხდება.

3 ოქტომბერს ასევე ვრცელდება ცნობები, რომ უკრაინის ძალები იბრუნებენ ქალაქებს დნეპრის დასავლეთ სანაპიროზე, ქვეყნის სამხრეთში. უკრაინის წინსვლის მასშტაბი დადასტურებული არ არის, კიევი ჯერჯერობით სიჩუმეს ინარჩუნებს ამ არეალში არსებულ ვითარებაზე. თუმცა, რუსი სამხედრო ბლოგერები აღწერენ უკრაინის სატანკო წინსვლას ათობით კილომეტრით, სანაპიროს გასწვრივ.

XS
SM
MD
LG