Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დუმამ უკრაინის ტერიტორიების ანექსიის შესახებ დოკუმენტების რატიფიცირება მოახდინა


რუსეთის სახელმწიფო სათათბირო
რუსეთის სახელმწიფო სათათბირო

რუსეთის სახელმწიფო დუმამ 3 ოქტომბერს რიგგარეშე პლენარულ სესიაზე უკრაინის ოლქების - დონეცკის, ზაპოროჟიეს, ლუგანსკის, ხერსონისა და ნიკოლაევის ოლქის ნაწილის - რუსეთის მიერ ანექსიის დოკუმენტის რატიფიცირება მოახდინა. ე.წ. საერთაშორისო შეთანხმებების რატიფიცირების შემდეგ, დოკუმენტს უნდა დაეთანხმოს ფედერაციის საბჭო და ხელი მოაწეროს პრეზიდენტმა.

კენჭისყრას არ ესწრებოდა 41 დეპუტატი. დონეცკის ანექსიას მხარი დაუჭრია 413-მა დეპუტატმა, ლუგანსკისას - 412-მა, ზაპოროჟიეს - 409-მა, ხერსონისას კი - 411-მა.

პრეზიდენტმა პუტინმა დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქების ანექსირების გადაწყვეტილება 30 სექტემბერს გამოაცხადა და ხელი მოაწერა მათთან შეთანხმებებს, რომელთა ზოგადი ჩანაწერის მიხედვით, რუსეთის შემადგენლობაში შედიან დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკები, 2014 წლის ადმინისტრაციულ საზღვრებში, და ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქები, რომელთა ფარგლები განისაზღვრება მათი შექმნის და რუსეთის შემადგენლობაში მიღების დღეს არსებული საზღვრებით. ნიკოლაევის ოლქის ნაწილი ხერსონის ოლქის შემადგენლობაში შევიდა.

2023 წლის 1 ივნისამდე რეგიონებში ფედერალური ხელისუფლების ქვედანაყოფების შექმნა იგეგმება, ექვსი თვის განმავლობაში კი - საქალაქო და მუნიციპალური ოლქების ჩამოყალიბება. "სეპარატისტებისა ან საოკუპაციო ხელისუფლების მიერ შექმნილი შეიარაღებული ძალებისა და სამხედრო ფორმირებების შეყვანა იგეგმება რუსეთის არმიასა და სხვა სახის სამხედრო ძალების შემადგენლობაში", - იუწყება დუმის ვებსაიტი.

შეთანხმებების მიხედვით, მოსკოვი რუსეთის მოქალაქეებად განიხილავს უკრაინის ტერიტორიაზე მცხოვრებელს, თუ ისინი ერთი თვის განმავლობაში არ განაცხადებენ უარს რუსეთის მოქალაქის პასპორტის მიღებაზე.

კიევმა და დასავლეთის ქვეყნებმა წინასწარვე თქვეს, რომ არცერთ შემთხვევაში არ აღიარებენ უკრაინის ტერიტორიების ანექსიას. რუსეთის კანონმდებლობის თანახმად კი, ახლა ქვეყნის შემადგენლობაში 89 ფედერალური სუბიექტია. მათ შორისაა 2014 წელს ანექსირებული ყირიმი და სევასტოპოლიც.

XS
SM
MD
LG