Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ნიშნავს აშშ-ში პოლიციისთვის დაფინანსების შემცირება?


პოლიციის მიერ დაკავების შედეგად 46 აფრიკელი ამერიკელის, ჯორჯ ფლოიდის სიკვდილმა აშშ-ში მთელ რიგ პროცესებს მისცა დასაბამი - მათ შორის მოთხოვნებს პოლიციის რეფორმირების შესახებ.

ერთ-ერთი ასეთი იდეა სწრაფად იძენს პოპულარობას. ეს არის „Defund the Police“ („პოლიციას დაფინანსება შეუწყდეს“)

მისი მთავარი ინიციატორია მოძრაობა Black Lives Matter („შავების სიცოცხლე მნიშვნელოვანია“), რომელიც ამ დღეებში წამყვან როლს თამაშობს ფართო მასშტაბის ანტირასისტულ გამოსვლებში.

„Defund the Police“-მა უკვე მიიპყრო ყურადღება მინეაპოლისში, სადაც გარდაიცვალა ფლოიდი, როცა ის ყალბი ფულის გამოყენებაში ეჭვის გამო დააკავეს და დაკავების დროს არაადამიანურად მოექცნენ. ეს ლოზუნგი აიტაცეს აშშ-ის სხვა ქალაქებშიც. ის პოპულარობას იძენს პოლიტიკოსთა შორისაც.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელიც 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ოთხწლიანი ვადით არჩევისთვის იბრძვის, უკვე გამოვიდა საპროტესტო მოძრაობის ამ ახალი ლოზუნგის წინააღმდეგ.

„წელს ჩვენს ქვეყანაში ისტორიულად დაბალი იყო დანაშაულებათა რიცხვი. და ახლა რადიკალური მემარცხენე დემოკრატები ჩვენი პოლიციისთვის დაფინანსების შეჩერებას და მასზე უარის თქმას მოითხოვენ. უკაცრავად, მაგრამ მე კანონი და წესრიგი მინდა!“ დაწერა ტრამპმა 8 ივნისს ტვიტერში თავისი კონსერვატორი ამომრჩევლების გულის მოსაგებად.

საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის დემოკრატი მეტოქე ჯო ბაიდენი ასევე ეწინააღმდეგება პოლიციის დეპარტამენტებისთვის დაფინანსების შეწყვეტას, მაგრამ მხარს უჭერს „სასწრაფოდ ჩასატარებელ“ რეფორმებს. ამის თაობაზე 8 ივნისს განაცხადა მისი საარჩევნო კამპანიის პრესსპიკერმა.

რას ნიშნავს „პოლიციას დაფინანსება შეუწყდეს“?

როცა საპროტესტო გამოსვლების მონაწილეები და სამოქალაქო აქტივისტთა ლიდერები „პოლიციისთვის დაფინანსების შეწყვეტას“ მოითხოვენ, ისინი, როგორც წესი, არ გულისხმობენ პოლიციაზე „უარის თქმას“, როგორც ამას ტრამპი ამბობს.

მათ სურთ, რომ იმ თანხის ნაწილი, რასაც დღესდღეობით იღებენ სამართალდამცავი ორგანოები, გამოყენებულ იქნეს სკოლების, პროფესიული კვალიფიკაციის ცენტრების, ფსიქიატრიული დაწესებულებებისა და ხელმისაწვდომი ბინების დასაფინანსებლად.

ბევრი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე ამბობს, რომ სიღატაკე, არასათანადო დასაქმება და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები არის დამნაშავეობის ძირეული მიზეზები და ამ პრობლემების ადეკვატური გადაჭრა უფრო მეტ შედეგს მოიტანდა, ვიდრე ქუჩაში პოლიციელთა რიცხვის გაზრდა.

„გვჭირდება საფუძვლიანი ინვესტიციები განათლებაში, დასაქმების პროგრამებში, ნამდვილი, საზრისის მქონე და სამართლიანი საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა და ნაკლები პოლიციელის პატრულირება ჩვენს ქუჩებში,“ განაცხადა 5 ივნისს Black Lives Matter Global Network Foundation-ის მმართველმა დირექტორმა კეილი სკეილსმა.

გამოიწვევს თუ არა დაფინანსების შემცირება დამნაშავეობის მკვეთრ ზრდას?

ამას ამბობს პოლიციის ზოგიერთი ხელმძღვანელი, პოლიციის პროფკავშირების ლიდერი, პოლიტიკოსი - ძირითადად რესპუბლიკელები. მათი თქმით, ნაკლები რესურსი დარჩებოდა დამნაშავეობის წინააღმდეგ საბრძოლველად.

კრიტიკოსები ამბობენ, რომ ამერიკის ქუჩებში უკვე საჭიროზე მეტი პოლიციელია ფერადკანიანთა ღატაკ უბნებში და მათ ამოცანებს ბევრად უკეთ ართმევენ თავს სოცმუშაკები და ფსიქიატრები.

„პოლიციელების პატარა უმცირესობამ, რომელიც საკუთარ უფლებამოსილებებს ბოროტად იყენებს, პასუხი უნდა აგოს. წერტილი. მაგრამ პოლიციისთვის დაფინანსების მოხსნა ან მისი გაუქმება სახიფათო ნაბიჯია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დანაშაულის ზრდა და ზიანის მიყენება მეტი უდანაშაულო ჰიუსტონელისთვის,“ განაცხადა 8 ივნისს კონგრესის რესპუბლიკელმა წარმომადგენელმა ტეხასის შტატიდან, შავკანიანმა უესლი ჰანტმა ჰიუსტონში, სადაც ჯორჯ ფლოიდის ხსოვნისადმი მიძღვნილი ცერემონია გაიმართა და სადაც გაატარა ფლოიდმა ბავშვობა.

თუმცა კრიტიკოსები ამბობენ, რომ ამერიკის ქუჩებში უკვე საჭიროზე მეტი პოლიციელია ფერადკანიანთა ღატაკ უბნებში, და რომ იმ სიტუაციებს, რომლებზეც ისინი რეაგირებენ, ბევრად უკეთ ართმევენ თავს სხვა სპეციალისტები, მაგალითად, სოცმუშაკები და ფსიქიატრები.

ბრუკლინის კოლეჯის პროფესორი, სოციოლოგი ალექს ვიტალე, რომელიც ავტორია წიგნისა „პოლიციური ზედამხედველობის დასასრული“ (The End of Policing), ამბობს, რომ აშშ-ში მოკლული ადამიანების 25-50%-ს ფსიქიკური პრობლემები აქვს.

მისი თქმით, პოლიციელებს არა აქვთ ასეთ ადამიანებთან ურთიერთობის „სათანადო ინსტრუმენტები“.

„უნდა აღვადგინოთ ფსიქიატრიული დაწესებულებების ინფრასტრუქტურა, შევქმნათ კრიზისებზე რეაგირების 24-საათიანი პოტენციალი და პოლიციას მოვაშოროთ ეს ამოცანა“, განუცხადა ვიტალემ რადიო თავისუფლებას.

ვიტალეს თქმით, პოლიცია ასევე უნდა გაყვანილ იქნეს სკოლებიდან, ვინაიდან მისი იქ ყოფნა მოსწავლეთა „კრიმინალიზაციას“ და „დეგრადირებას“ იწვევს, თანაც არავითარი გავლენა არა აქვს დანაშაულზე.

ნიუ-იორკის სკოლებში 5000 პოლიციელი მუშაობს, რაც სკოლის კონსულტანტთა რაოდენობას აღემატება, დასძენს ვიტალე.

ყოფილა თუ არა პოლიციის რეფორმირების სხვა მცდელობები?

უკანასკნელ წლებში იზრდება აღშფოთება პოლიციელთა მიერ ფერადკანიანთა მიმართ უფლებამოსილებების გადაჭარბების გამო. ამ პროცესს პოლიცია გამოეხმაურა მთელი ქვეყნის მასშტაბით რიგი რეფორმების გატარებით.

პოლიციის დეპარტამენტებმა დაიწყეს სწავლების პროცესი, რომლის მიზანია მიკერძოებულობისა და წინასწარგანწყობის შემცირება ეთნიკური ან სხვა ფაქტორების საფუძველზე. სამსახურში აიყვანეს მეტი ფერადკანიანი, პოლიციელები ვალდებული არიან, სხეულზე დამაგრებული ვიდეოკამერები ატარონ. მაგრამ, ექსპერტები ამბობენ, რომ ვითარება არ შეცვლილა.

ვიტალეს თქმით, „ამათგან არაფერი არ მუშაობს.“

არის თუ არა პრობლემის ნაწილი აშშ-ის პოლიციის მილიტარიზაცია?

ფლოიდის სიკვდილის შემდეგ ხშირად შეხვდებით სურათებს და ვიდეოებს, რომლებზეც ჩანს, როგორ ცდილობენ მძიმედ შეიარაღებული პოლიციელები დემონსტრანტებისა და მაროდიორების შეჩერებას. ამ სურათებმა კიდევ ერთხელ შთაბერა სული დისკუსიას სამართალდამცავი ორგანოების ე.წ. „მილიტარიზაციაზე“ და იმაზე, თუ რა გავლენა აქვს ამას ფერადკანიანთა ჯგუფებთან ურთიერთობაზე.

სპეცდანიშნულების ჯგუფები ახლა სულ უფრო ხშირად გამოიყენებიან რუტინული პრობლემების გადასაჭრელად.

მრავალი წლის განმავლობაში პოლიციის არსენალს ემატებოდა სამხედრო შეიარაღება. მაგალითად, გამაყრუებელი ხელყუმბარები და სნაიპერული შაშხანები. პოლიციელთა მომზადების ნაწილი გახდა სამხედრო წვრთნის პროგრამები. გარდა ამისა, „მილიტარიზაციას“ ხელი შეუწყო პოლიციის რიგების შევსებამ ერაყიდან და ავღანეთიდან დაბრუნებული ათასობით სამხედრო ვეტერანით.

სპეცდანიშნულების ჯგუფები, რომლებიც წინათ მონაწილეობდნენ მძევალთა აყვანის ან ცეცხლსასროლი იარაღით აქტიური სროლის ინციდენტებში, ახლა სულ უფრო და უფრო ხშირად გამოიყენებიან რუტინული პრობლემების გადასაჭრელად, მაგალითად, ნარკოტიკების გამოსავლენად ჩხრეკისას, რაც არასაჭირო საფრთხეს უქმნის მოქალაქეებს, ნათქვამია American Civil Liberties Union-ის (ACLU) 2014 წლის ანგარიშში.

„ჩვენი საცხოვრებელი რაიონები არაა საომარი ზონები და პოლიციელები ისე არ უნდა გვექცეოდნენ, როგორც ომის პერიოდის მოწინააღმდეგეებს,“ ამბობს ACLU. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ნარკოტიკების წინააღმდეგ ომმა ვერ ამოძირკვა ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება, სამაგიეროდ წარმოუდგენელი ზარალი მიაყენა დასახლებებს, განსაკუთრებით ფერადკანიანთა თემებს.

ACLU-ს ანგარიშის შემდეგ, როგორც ჩანს, ბევრი არაფერი შეცვლილა.


CIA-ის კონტრტერორიზმის დეპარტამენტის ყოფილმა აგენტმა ფილიპ სკინერმა, რომელიც ახლა პოლიციელია და ჯორჯიის შტატის ქალაქ სავანის უბნებში პატრულირებს, ივნისის დამდეგს Washington Post-ში გამოქვეყნებულ სტატიაში დაწერა, რომ აშშ-ის პოლიციის დეპარტამენტები „საოკუპაციო სამხედრო ძალებს“ მოგვაგონებენ. მისი თქმით, პოლიციაში ტრენინგების ყურადღების ცენტრშია პოლიციელთა დაცვა სამოქალაქო პირებისგან.

პოლიციაში ტრენინგების ყურადღების ცენტრშია პოლიციელთა დაცვა სამოქალაქო პირებისგან.

„აღმოვაჩინე, რომ რაც უფრო ახლოს ვარ ჩემს მეზობლებთან, მით უფრო დაცული ვართ ყველანი. მას შემდეგ, რაც ჩვენს აზროვნებას შევცვლით, შევძლებთ შესაბამისად შევცვალოთ პოლიციელთა მომზადება,“ წერს სკინერი და დასძენს, რომ ის ცხოვრობს უბანში, რომლის პატრულირებასაც ეწევა.

რა წინადადება წამოაყენეს კონგრესში?

საპროტესტო გამოსვლების საპასუხოდ წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატები გამოვიდნენ უკანასკნელი წლების განმავლობაში ყველაზე დიდი რეფორმების წინადადებით, რათა აილაგმოს პოლიციის მხრიდან ძალადობა და დისკრიმინაცია.

კანონპროექტი „სამართალი პოლიციურ ზედამხედველობაში“ 8 ივნისს შევიდა კონგრესში. ის კრძალავს მოგუდვის ილეთს და წესებს, რომელთა მიხედით დღეს ფედერალური სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს ბინებში შესვლის უფლება აქვთ მაცხოვრებლების წინასწარ გაუფრთხილებლად. კანონი ითვალისწინებს ასევე სახელმწიფო და ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოებისთვის საომარი აღჭურვილობის გადაცემის აკრძალვას.

ეს კანონპროექტი დაბლა წევს თამასას, რომლის გადალახვის და უფლებამოსილებების გადაჭარბების შემთხვევაში სასამართლო საქმე აღიძრება პოლიციის თანამშრომლების წინააღმდეგ. ასევე ის ითვალისწინებს მონაცემთა ბანკის შექმნას, რომელიც ცუდ პოლიციელებს ხელს შეუშლის სხვა სამართალდამცავ ორგანიზაციაში სამსახურის მოპოვებაში.

კანონპროექტის მიზანია ასევე, გამოავლინოს პოლიციის დისკრიმინაციული ქმედებების პრაქტიკა.

ქალაქები რას აკეთებენ?

ლოს-ანჯელესის მერმა ერიკ გარსეტიმ 3 ივნისს გამოაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია ქალაქის პოლიციის ბიუჯეტს 150 მილიონი დოლარით შეამცირებს და ამ თანხას ფერადკანიან თემთა დასახმარებლად გამოიყენებს.

ნიუ-იორკის მერმა ბილ დე ბლასიომ 7 ივნისს განაცხადა, რომ პოლიციისთვის განკუთვნილ ფინანსებს სოციალური სამსახურებისთვის გამოიყენებს.


მინეაპოლისში, სადაც მოკლეს ფლოიდი, ქალაქის საბჭოს უმრავლესობამ 7 ივნისს ვალდებულება იკისრა, დაშალოს პოლიციის ძალები, რაც საპროტესტო გამოსვლების შემდეგ მიღებული ყველაზე რადიკალური გადაწყვეტილებაა.

მინეაპოლისის ქალაქის საბჭოს თავმჯდომარემ, ლიზა ბენდერმა თქვა, რომ პოლიციურ ძალებს შეცვლის საზოგადოებრივი უსაფრთხოების პროგრამები, რომლებსაც თემი უხელმძღვანელებს. ამ სიახლის დეტალების დასაზუსტებლად დიალოგის წარმოებას აპირებენ მოსახლეობასთან.

ჩვენ მინეაპოლისის პოლიციის დეპარტამენტის დემონტაჟი გვაქვს გადაწყვეტილი.

„ჩვენ მინეაპოლისის პოლიციის დეპარტამენტის დემონტაჟი გვაქვს გადაწყვეტილი. და როცა ამას მოვრჩებით, უბრალოდ მის ხელახლა შეკოწიწებას არ ვაპირებთ. ჩვენ კარდინალურად უნდა შევცვალოთ საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საგანგებო ვითარებებისადმი მიდგომა. ეს მართლაც უკვე დიდი ხანია, გასაკეთებელი იყო,“ დაწერა 4 ივნისს ტვიტერში ქალაქის საბჭოს წევრმა, ჯერემია ელისონმა.

კიდევ რა წინადადებები არსებობს?

დაფინანსების შეჩერებას შეიძლება ემსხვერპლოს აშშ-ის ხანგრძლივი ომი ნარკოტიკების წინააღმდეგ, რომელიც, კრიტიკოსთა აზრით, მარცხით დასრულდა.

ACLU-ს თანახმად, სამართალდამცავ ორგანოებში ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმიანობას ქვეყნის მასშტაბით ხმარდება პოლიციის მთელი რესურსების ნახევარზე მეტი. თუმცა ეს ხელს ვერ უშლის საზოგადოებაში ნარკოტიკების შეღწევას.

ნარკოტიკების წინააღმდეგ ომი განსაკუთრებით გამანადგურებელი აღმოჩნდა უმცირესობებით დასახლებულ თემთათვის. უფლებადამცველთა თანახმად, კანონდარღვევისთვის აფრიკელ ამერიკელებს პროცენტულად ბევრად უფრო ხშირად აპატიმრებენ, ვიდრე თეთრკანიანებს.

როგორც ალექს ვიტალემ უთხრა რადიო თავისუფლებას, აშშ-მა ნარკოტიკებისა და სექსით კომერციის დეკრიმინალიზაცია უნდა მოახდინოს. ამის წარმატებულ მაგალითად ის ევროპულ ქვეყნებს ასახელებს.

ამ მიმართულებით აშშ-ის ბევრმა შტატმაც გადადგა პატარა ნაბიჯები, როცა რეკრეაციული მარიხუანის დეკრიმინალიზაცია მოხდა. თუმცა ფედერალურ დონეზე მარიხუანა კვლავაც არ არის ნებადართული.

ფლოიდის მოკვლის შემდეგ მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების პროცესში ვირჯინიის შტატის გუბერნატორმა რალფ ნორტჰემმა განაცხადა, რომ მარიხუანის ლეგალიზება არის ნაბიჯი რასობრივი უთანასწორობის დაძლევისკენ.

ვირჯინიაში მარიხუანის დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონი 1 ივლისიდან შედის ძალაში.

XS
SM
MD
LG