აშშ-ში თავისუფლების ქანდაკებას ვხედავთ ეკრანზე ოდნავ ღრუბლიანი ცის ფონზე. მისი ზემოთ აღმართული ხელი და გვირგვინიანი თავი ამერიკელი პოლიციელის ტანს ადგას. პოლიციელს მუხლი მაგრად აქვს მიჭერილი შავკანიანი მამაკაცის ყელზე. მამაკაცი ძირს პირქვე გდია და ძლივსღა სუნთქავს.
ამ ტლანქი მონტაჟით, რომელიც 31 მაისს გაუშვეს ეთერში, რუსეთის სახელმწიფო არხ "როსსიას" წამყვანი „ახალი ამბების“ გადაცემაში "ვესტი ნედელი" (კვირის ამბები), რუს მაყურებელს წარუდგინეს როგორც მკაფიო წინააღმდეგობა ამერიკული დემოკრატიის მდგრად სიმბოლოსა და იმას შორის, რასაც ბევრი აღიქვამს, როგორც ინციდენტს, რომელიც მისი ნაკლოვანების სიმბოლოა: შეუიარაღებელი აფროამერიკელი მამაკაცის, ჯორჯ ფლოიდის, სიკვდილი პოლიციელის ხელით ქალაქ მინეაპოლისში 25 მაისს.
"აი, ეს არის ამერიკა და შავკანიანების მიმართ ასეთი მოპყრობა მიღებული პრაქტიკაა", აცხადებს კვირის საღამოს ეთერში წამყვანი დმიტრი კისელიოვი თავის გესლიან მონოლოგში რასობრივი უთანასწორობისა და პოლიციის ძალადობის შესახებ შეერთებულ შტატებში. "და ეს არის ის ამერიკა, რომელიც მუდმივად ცდილობს ასწავლოს პლანეტას, როგორ უნდა იცხოვროს?".
ძარცვისა და პოლიციის ძალადობის კადრებმა ათობით ამერიკულ ქალაქში მთელი მსოფლიოს ავტორიტარულ ხელისუფლებებს მიზეზი მისცა, ახალი ბრალდებები წაუყენონ შეერთებული შტატებს, რომ იმას, რასაც აშშ ქადაგებს საზღვარგარეთ, შინ არ ახორციელებს.
არც რუსეთის სახელმწიფოა გამონაკლისი. პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მთავრობა ახშობს საპროტესტო გამოსვლებს თავის ქვეყანაში, ხანდახან ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით, რასაც მოჰყვება ხოლმე გაკიცხვა ვაშინგტონისა და დასავლეთის მხრიდან და მოწოდება, პატივი სცენ ადამიანის უფლებებს. ახლა, შეერთებულ შტატებში არეულობისა და პოლიციის ძალადობის ფონზე, რუსეთი წამოსწევს პასუხისმგებლობის მოთხოვნებს, რომლებიც ეხმიანება იმას, რასაც ვაშინგტონი აკეთებს ხოლმე რუსეთის მიმართ.
"მოვუწოდებთ ამერიკის შეერთებულ შტატებს, მიიღონ რეალური და ქმედითი ზომები არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად", ნათქვამია კრემლის საგარეო საქმეთა სამინისტროს 29 მაისის განცხადებაში, "კვლავაც კეთილსინდისიერად შეასრულონ საერთაშორისო ვალდებულებები და ქვეყნის კანონმდებლობა მოიყვანონ შესაბამისობაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ძირითად პრინციპებთან - სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ. და, ცხადია, გულმოდგინედ გამოიძიონ ჯორჯ ფლოიდის მკვლელობა“.
შეერთებული შტატების მიმართ ფარისევლობაში ბრალდება კრემლისა და მის მიერ კონტროლირებადი მედიისთვის ახალი არ არის - ეს კარგა ხნის წინანდელი, ცივი ომის დროინდელია. კისელიოვმა, რომელიც საყოველთაოდ ცნობილია, როგორც კრემლის მთავარი სატელევიზიო პროპაგანდისტი, ერთხელ განუცხადა ტელემაყურებლებს, რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც "შეუძლია შეერთებული შტატები რადიოაქტიურ ნარჩენად აქციოსო".
"ვესტი ნედელიზე" წამქეზებლური ანტიამერიკული რიტორიკა ჩვეულებრივი ამბავია.
და მაინც, როცა კრემლის მომხრე ექსპერტები და სახელმწიფო სატელევიზიო პროგრამები აძლიერებენ ანტიამერიკულ ღვარძლიან კრიტიკას, რაც მათ მთავარ პროდუქციას წარმოადგენს, ზოგიერთი ანალიტიკოსი მიჩნევს, რომ მოსკოვი იძულებულია ბეწვის ხიდზე იაროს, რათა აშშ-ის ქუჩებში არეულობის კადრების განმეორებით ჩვენებით თავის წინააღმდეგ არ წააქეზოს საკუთარი ხალხი.
არ არის პოლიტიკის ადგილი?
"კრემლი ძალიან ამრეზით უყურებს ყველაფერს, რაც რევოლუციასთანაა დაკავშირებული", - ამბობს მარინა სნეგოვაია, ვაშინგტონის ანალიტიკური ცენტრის, ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის თანამშრომელი, - "ასეთი დამოკიდებულების მიზეზია კრემლის მტკივნეული გამოცდილება "ფერადი რევოლუციებისა" უკრაინაში, საქართველოსა და ყირგიზეთში და შიში იმისა, რომ მსგავსი განწყობა, შესაძლოა, ქვეყნის შიგნითაც გაჩნდეს, რაც უეჭველად შეუქმნის საფრთხეს პუტინის ხელისუფლებას“.
წლების განმავლობაში მოსკოვი შეერთებული შტატების წინააღმდეგ იდეოლოგიური შეტევის ავანგარდში იყო და მას აბრალებდა საპროტესტო მოძრაობების გაღვივებას ყოფილ რესპუბლიკებში, სადაც ე.წ. ფერადი რევოლუციებით მოიშორეს ფესვგამდგარი მმართველობა.
2011 წელს პუტინმა ბრალად დასდო აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ჰილარი კლინტონს, რომ მან ხელი შეუწყო საპროტესტო გამოსვლების დიდ ტალღას არჩევნების წინ, როცა კრემლში ის მესამე ვადით ბრუნდებოდა.
2014 წელს კიევში ევრომაიდნის საპროტესტო გამოსვლები, რასაც უკრაინის, მოსკოვის მიმართ კეთილგანწყობილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის, ჩამოგდება მოჰყვა, არასწორად იქნა წარმოდგენილი, როგორც ვაშინგტონის მიერ მართული გადატრიალება დასავლეთისკენ კიევის ორიენტაციის შესაცვლელად.
ასე რომ, დაშვება იმისა, რომ ქუჩის პროტესტი, ამბოხება ან რევოლუცია პოლიტიკაზე ზეგავლენის ლეგალური გზაა, ტაბუს წარმოადგენს მათთვის, ვინც რუსეთში რადიოტალღებს აკონტროლებს.
„ეს არის ფართო და თანმიმდევრული გზავნილი, რომ ქუჩაში არ არის პოლიტიკის ადგილი. მეტიც, ხალხის აქტიურობა პოლიტიკაში მხოლოდ დესტაბილიზაციისა და თვით ძალადობის გამომწვევია“, ფიქრობს სემ გრინი, ლონდონის კინგის კოლეჯის დირექტორი, და დასძენს, „ასე იყო ევრომაიდნის დროს და ამ კონტექსტში სურთ ახლა დაინახოს ხალხმა ამერიკის მოვლენებიო“.
ზოგიერთი რუსი სატელევიზიო კომენტატორი ხუმრობდა, ქვეყანამ, რომელიც უცხოეთში უწყობდა არეულობებს ხელს, ახლა თვითონ იგემა საკუთარი წამლის გემოო. „შეიძლება ამერიკამ, უბრალოდ, დაიწყო იმ სამყაროში არსებობა, რომელსაც წლების განმავლობაში გულმოდგინედ ქმნიდა თავის გარშემო“, ამბობს ევგენი პოპოვი, ერთსაათიანი ტოქშოუს წამყვანი.
მაგრამ გადაცემების უმრავლესობის მიზანი ერთია - უჩვენონ შინ მჯდომ მაყურებელს, როგორი სახიფათოა მასობრივი არეულობა.
სახელმწიფო ტელევიზიების რეპორტიორებს არავითარი პრობლემა არ ჰქონდათ, წარმოედგინათ ამერიკელი დემონსტრანტები მოძალადეებად, წერდა კრიზისის საერთაშორისო ჯგუფის უფროსი ანალიტიკოსი რუსეთის საკითხებში, ანა ართუნიანი ტვიტერში.
ართუნიანის თანახმად, ამგვარი გაშუქება ავლენს იმას, რაც აწუხებთ რუსეთის პოლიტიკურ მიმომხილველებს: ესაა შიში სახალხო, ძალადობრივი არეულობის მიმართ.
რუსეთის, პოპოვისა და კისელიოვის მსგავსი, მოლაპარაკე თავების ტრიუმფალიზმის გვერდით, რუსეთის „ახალი ამბების“ რეპორტაჟების ავტორები თავს იკავებენ წამქეზებლური რიტორიკისაგან და, ამის ნაცვლად, აჩვენებენ აშშ-ის ქალაქების ქუჩებს, ხანძრისა და პოლიციის ძალადობის ამსახველ ვიდეოჩანაწერებს, რომლებიც ბოლო დღეებში უკვე შეფასდა, როგორც ვირუსული. ალბათ, ეს იმაზეა გათვლილი, რომ მასალა განმარტებას არ საჭიროებს. „როცა საქმე ეხება იმას, თუ რა ხდება აშშ-ში, მესიჯი თავისით იგზავნება“, ამბობს გრინი. „კრემლის პროპაგანდისტებს არ სჭირდებათ რამის შექმნა ან ამბის შეფუთვა“, ამბობს ლონდონელი ექსპერტი.
პრობლემა, ამტკიცებს გრინი, რომელიც კრემლმა შეიძლება საკუთარ თავს შეუქმნას, როცა ცეცხლს აღვივებს და გადასცემს აშშ-ში საპროტესტო გამოსვლების გრაფიკულ მასალებს, ისაა, რომ, დემონსტრაციები, ფაქტობრივად, აჩვენებენ, რომ ქუჩაა სწორედ ლეგიტიმური პლატფორმა ხალხისთვის, რომელიც კორუფციას, უსამართლო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს წააწყდა და ცვლილებებს მოითხოვს.
შედეგად, კრემლს უჩნდება ბევრად დიდი სტიმული, დაგმოს ძალადობა ისე, რომ ნათელი არ მოჰფინოს რთულ პრობლემებს, რომლებიც მის უკან დგას, და ხალხის მობილიზებას, რაც ამ პრობლემებმა გამოიწვია.
„სხვაგვარად რომ მოიქცეს“, განაგრძობს მსჯელობას გრინი, „იმის საფრთხე გაჩნდებოდა, რომ გავლებულიყო არაკომფორტული პარალელები აშშ-სა დ რუსეთს შორის და რუს მაყურებელს მისცემოდა შესაძლო მისაბაძი მაგალითი. და ეს იმ დროს, როცა პუტინის პოპულარობა ეცემა ეკონომიკური პრობლემებისა და კორონავირუსის პანდემიის გავლენით“. „რუსეთში რომ აშშ-ში მიმდინარე მოვლენების პატიოსანი გაშუქება დაიწყონ, გამოჩნდება, თუ რამდენად იზოლირებულია ტრამპი და როგორ გაერთიანდნენ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები იმისთვის, რომ მოითხოვონ სამართლიანობა და რეფორმები“, ამბობს გრინი. და ეს კი, „ალბათ, არ არის ის გზავნილი, რომელიც კრემლს სურს, რომ ხალხმა მიიღოს“.