Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო პრესა აშშ-ის დემონსტრაციებზე: რამდენად ღრმა ფესვები აქვს რასიზმს?


საპროტესტო აქცია ლოს-ანჯელესში. 3 ივნისი, 2020 წ.
საპროტესტო აქცია ლოს-ანჯელესში. 3 ივნისი, 2020 წ.

შეერთებულ შტატებში გრძელდება მასობრივი საპროტესტო დემონსტრაციები მას შემდეგ, რაც აფროამერიკელი კაცი, ჯორჯ ფლოიდი, პოლიციელმა მოკლა. აქციათა უმრავლესობა მშვიდობიანია, თუმცა ზოგიერთი დემონსტრანტი ვანდალიზმსა და მაროდიორობას მიმართავს. რეაქციის სახით, ხელისუფლებამ ჯარს მოუხმო. ევროპის პრესა იკვლევს რასიზმის იმ სტრუქტურულ მიზეზებს, რომლებმაც დემონსტრანტები ქუჩაში გამოიყვანა.

აშშ-ის საზოგადოება დაყოფილი საზოგადოებაა და კიდევ უფრო მეტად ასეთი გახდა პანდემიის პირობებშიო, - წერს პოლიტოლოგი ნადია ურბინატი იტალიაში გამომავალ მემარცხენე-ცენტრისტულ La Repubblica-ში 2 ივნისს: სიღარიბემ და უმუშევრობამ მიაღწია დონეებს, რომლის მსგავსი 1930-იანი წლების დიდი დეპრესიის შემდეგ აღარ ყოფილა. ეს დაყოფილი ამერიკა რასიზმის ვირუსს კვებავს. მას თეთრკანიანთა უპირატესობის რწმენის სამოსი მოსავს - იდეოლოგიათა კვანძის, რომელშიც ჩაქსოვილია ღირსეული სამუშაოს არარსებობით გამოწვეული სიბრაზე. ... სამუშაოს გარეშე დარჩენილი თეთრკანიანები თავს მიიჩნევენ უსამართლობის მსხვერპლად და ამაში ადანაშაულებენ ათწლეულების განმავლობაში მოქმედ სუბსიდირების სისტემას, რომელიც, თეთრკანიანთა უპირატესობის ამ იდეოლოგიის მიხედვით, სამუშაოს პოვნაში აფროამერიკელებს და სხვა ეთნიკურ უმცირესობებს ეხმარება, ხოლო თეთრკანიანებს სჯის. ... ამგვარი პროპაგანდა, როგორც წესი, ვითარებას გადაფარავს და საშუალებას არ იძლევა ეს კრიზისი და სიღარიბე კლასობრივ პერსპექტივაში იქნეს აღქმული“.

ძალადობრივი დემონსტრაციების ფონზე არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ აფროამერიკელთა ცხოვრების პირობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ბოლო ხუთ ათწლეულშიო, წერს ბრიტანეთში გამომავალი ლიბერალური ორიენტაციის Financial Times-ი 2 ივნისს: „‘ჯიმ ქროუსპერიოდის სამხრეთის ინსტიტუციონალიზებული სეგრეგაცია ახლა მხოლოდ სამარცხვინო მოგონებაა. 1968 წელს შავკანიან ამერიკელთა მხოლოდ 54 პროცენტი ამთავრებდა სკოლას, დღეს კი ეს მონაცემი 90 პროცენტს აჭარბებს. აფროამერიკელთა სიღარიბის მაჩვენებელი, რომელიც მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობის პერიოდში თითქმის 35 პროცენტი იყო, 2016-ში - დონალდ ტრამპის არჩევის წელს - 22 პროცენტამდე იყო შემცირებული. და მას შემდეგ შემცირების ტენდენცია კიდევ გაგრძელდა, თუმცა კორონავირუსით გამოწვეულმა რეცესიამ, შესაძლოა, ამ მიღწევათა ნაწილი გააუქმოს“.

საპროტესტო აქცია ნიუ-იორკში. 3 ივნისი, 2020 წ.
საპროტესტო აქცია ნიუ-იორკში. 3 ივნისი, 2020 წ.

ამერიკის საზოგადოებამ თვალი უნდა გაუსწოროს იმ გარემოებას, რომ პოლიციაში ქსენოფობიის პრობლემა არსებობსო, წერდა ჰოლანდიაში გამომავალი ლიბერალური ორიენტაციის NRC Handelsblad-ი 31 მაისს:ამ დისკუსიის გამართვა ტრამპის პირობებში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. მოძრაობამშავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია’, რომელიც 2013 წელს შეიქმნა, გადამწყვეტი როლი შეასრულა სტრუქტურული რასიზმის გამომზეურებაში. ამ მოძრაობამ წარმოშვა ლიდერები და ინტელექტუალები, რომლებიც დისკუსიას განაგრძობენ. და ის ფაქტი, რომ ადამიანები ძალადობას ვიდეოზე იღებენ, კიდევ უფრო მეტად ართულებს პოლიციელთა დაუსჯელობას. სტრუქტურული რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლა იწყება მისი სააშკარაოზე გამოტანით. თეთრკანიანი ამერიკელები, რომლებსაც პოლიციასთან ბევრად ნაკლები შეხება აქვთ, ვეღარ უარყოფენ იმ გარემოებას, რომ რაღაც ფუნდამენტური პრობლემა არსებობს“.

აშშ-ის საზოგადოებიდან რასიზმის აღმოფხვრას სულიერი რევოლუცია დასჭირდებაო, წერს პოლიტოლოგი სამი ნაირი ესპანეთში გამომავალ მემარცხენე-ცენტრისტულ El País-ში 3 ივნისს: ეს ეხება ქვეყნის ისტორიულ ფორმირებას, რომელიც დაეფუძნა ევროპელი დამპყრობლების მიერ მკვიდრი ამერიკელების ჯგუფების გენოციდს და, შემდეგ, აფრიკიდან შემოყვანილი მონების ტრეფიკინგს. დაფუძნების პერიოდში ამ ეთნიკური და კულტურული წინააღმდეგობების მახსოვრობა ჩრდილოეთ ამერიკის სოციალური სისტემის ყველა დონეზეა კონსოლიდირებული - ინსტიტუციებშიც და ყოველდღიურ ცხოვრებაშიც. ... ესაა საზოგადოება, რომელიც თეთრკანიანებმა თეთრკანიანებისთვის შექმნეს, თეთრკანიანთა პერსპექტივიდან. ამ აღქმის შეცვლას მენტალური რევოლუცია დასჭირდება“.

შავკანიანთა მიმართ პოლიციის ძალადობა ამ დემონსტრაციებისთვის ბიძგია, მაგრამ არა მთავარი მიზეზიო, წერს ბულგარეთში გამომავალი 24 Chasa 1 ივნისს: აშშ-ში სოციალური უთანასწორობა ახლა უფრო დიდია, ვიდრე 1933 წელს, როცა მსგავსი სოციალური მღელვარება იყო, თუმცა განსხვავებული იდეოლოგიური ლოზუნგებით. სწორედ მაშინ მოვიდა ხელისუფლებაში ფრანკლინ რუზველტი თავისიახალი გარიგებით’, ანუ ეპოქით, როცა ამერიკული ოცნება გაჩნდა. 1933 წელს ამერიკის მოსახლეობის უმდიდრესი 10 პროცენტი მთელი ეროვნული სიმდიდრის 47 პროცენტს ფლობდა. 1970 წელს ეს მონაცემი 34 პროცენტამდე იყო შემცირებული. ეს იყო ამერიკული ოცნების ოქროს წლები. ... დღეს მდიდრები მთელი სიმდიდრის 50 პროცენტს ფლობენ. დღევანდელობას და 1933 წელს შორის განსხვავება ისაა, რომ იდეოლოგთა კლასმა შეძლო სოციალური უთანასწორობა გადაექცია რასობრივ სიძულვილად“.

ამჟამინდელ ვითარებაში მხოლოდ ტრამპის ადამინისტრაციას ვერ დავადანაშაულებთო, წერს სლოვენიაში გამომავალი მემარცხენე-ცენტრისტული Dnevnik-ი 2 ივნისს: პირველი შავკანიანი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას, დროს სულ მცირე სამი ამგვარი მასობრივი დემონსტრაცია იყო, რომლებმაც ასევე სწრაფად განიცადა ესკალაცია. პრობლემების საფუძველში არსებული მიზეზები სწრაფად გადაჭრას არ ექვემდებარება. ... ქუჩებში გამოცხადებულ მოთხოვნებს ყოველთვის მოსდევს პოლიტიკური დაპირებები, მაგრამ შემდეგ ისინი სწრაფად ეძლევა დავიწყებას. არადა, ამ დაპირებათა შესრულება უფრო ადვილი იქნებოდა, ვიდრე რასიზმისა და მისგან გამომდინარე უსამართლობის აღმოფხვრა“.

პრესის მიმოხილვა მომზადებულია eurotopics.net-ის დაიჯესტის მიხედვით.

XS
SM
MD
LG