Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ექიმთა საქმე" და დავა გემოვნებაზე


“ბარბარა” (“Barbara” გერმანია, რეჟისორი კრისტიან პეტცოლდი)

ამ დღეებში პანდემიასთან წარმატებით მებრძოლი ქართველი ექიმები მმართველი პარტიის ღონისძიებაზე, თანაც, სრულიად მოსაწყენ ღონისძიებაზე, ვიხილეთ. გემოვნების საკითხია, შეიძლება სულაც არ მოსწყინდათ. პირიქით, მოეწონათ მზის გულზე უცნობი ხალხის ქება-დიდების მოსმენა. ბოლოს და ბოლოს, ბიძინა ივანიშვილის ხილვაც ბევრს ანიჭებს ნეტარების შეგრძნებას. ჰოდა, არაა გამორიცხული, რომ ჩვენი წარმატებული ექიმები, ჩვენი “მუშკეტერებიც” ქვეყნის არაფორმალური დირექტორის სანახავად მივიდნენ. ანდა, უბრალოდ, ხათრი ვერ გაუტეხეს დირექტორს.

მე პირადად განებივრებული კაცი ვარ, მთელი ცხოვრება გემოვნებიან ექიმებთან მქონდა საქმე, იმ ხალხთან, რომელიც, უბრალოდ, არ იკადრებდა პროპაგანდისტულ ღონისძიებაზე მისვლას თუნდაც იმის გამო, რომ არასდროს ჰქონდა დრო ასეთი თავყრილობებისთვის. ჩვენს “მუშკეტერებს”, ეტყობა, სცალიათ და არ ეთაკილებათ “ორნამენტის” როლში ყოფნა (ნებისმიერი პოლიტიკური ორგანიზაცია, თანაც, არჩევნების წინ, სიამოვნებით დაიმშვენებდა გვერდს ჩვენი წარმატებული ექიმებით). რას იზამ? მაგათ ხელშია ჩვენი ჯანმრთელობა. ამიტომ, ჯობია დავუყვავოთ, ვაქოთ და ვადიდოთ. მაგრამ იმის იმედი არც მათ და არც მათ მასპინძლებს არ უნდა ჰქონდეთ, რომ საბჭოთა წარსულში დაბრუნებას მივესალმებით. ამას, როგორც ეროვნული მოძრაობის აქტივისტებს უყვარდათ ხოლმე თქმა 90-იანებში, “ვერ ეღირსებით, ბატონებო!”

სწორედაც რომ ეს ღონისძიება და, რაც მთავარია, ამავე ღონისძიებაზე მაჟორიტარებად დასახელებული სახეები ადასტურებენ, რომ ქართული საბჭოთა (!) წარსული ნელ-ნელა უბრუნდება ჩვენს ცხოვრებას. საგანგაშო არა მგონია ის, რომ ახალგაზრდები ამას ხანდახან ვერ ხედავენ. უფრო მეტიც, ზოგი, საერთოდ, მიესალმება კიდეც ამ პროცესს. უცნაური სხვა რამეა: ჩემი თაობა, ჩემზე უფროსები და ცოტა უმცროსები, ის ხალხი, ვინც კარგად იცის, რა არის საბჭოთა რეჟიმი, ისევ ნატრობს “წითელი დირექტორების” ეპოქას, “წითელი დირექტორების” და, როგორც ირკვევა, უკვე “წითელი ექიმების” ეპოქას.

“ბარბარა” ახალი გერმანული კინოს ლიდერის, კრისტიან პეტცოლდის, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფილმია. ვფიქრობ, სურათის წარმატება, პირველ რიგში, მთავარი როლის შემსრულებელმა ნინა ჰოსმა განაპირობა. მიუხედავად იმისა, რო პეტცოლდი თავის სტილს არ ღალატობს და კვლავაც საინტერესოდ ცდილობს ე.წ. “კლასიკური ნუარის” (ჰოვარდ ჰოუქსი მისი საყვარელი რეჟისორია) და ყოფითი ფსიქილოგიური დრამის ელემენტების გაერთიანებას, “ბარბარა” დროდადრო სცოდავს დღევანდელი გერმანული კინოსთვის დამახასიათებელი სწორხაზოვნებით და სახიერების სიღარიბით. გერმანული კინოსგან მე პირადად ნიუანსებს და განსაკუთრებულ სიღრმეს, დიდი ხანია, არ ველი, მაგრამ ატმოსფეროს და ეპოქის გამოხატვა ნამდვილად კარგად იციან გერმანელმა რეჟისორებმა, განსაკუთრებით სწორედ კრისტიან პეტცოლდმა.

ორად გაყოფილი გერმანია არაერთხელ გვინახავს პოსტკომუნისტური გერმანიის კინოში, კინოს მოყვარულებს ახსოვთ, ალბათ, “გუდბაი, ლენინ!” და “სხვისი ცხოვრება”, - ორი კარგი ფილმი, რომელიც კომუნისტური გერმანიის ეპოქას აღადგენს, - მაგრამ “ბარბარა” სრულიად განსხვავებულად წარმოგვიდგენს იმ წლებს. პეტცოლდისთვის მთავარი არა “რეტრო-დეტალებია”, არამედ იმ დროის ატმოსფეროს შექმნა, შიშის, თვალთვალის, ადამიანის მუდმივი დამცირების ატმოსფეროს გამოხატვა. როგორ უნდა იცხოვროს მან ასეთ გარემოში? როგორ უნდა შეათავსოს პირადი ცხოვრება და პროფესიული მოვალეობა? შეუძლია თუ არა ადამიანს დარჩეს თავისუფალი იქ, სადაც თავისუფლების წინააღმდეგ მთელი სისტემა მოქმედებს?

ბერლინის კინოფესტივალზე, სადაც “ბარბარა” “ვერცხლის დათვით” აღინიშნა, კრისტიან პეტცოლდს ჰკითხეს, რატომ დაუბრუნდა კომუნისტური გერმანიის ეპოქას, როცა თანამედროვე გერმანიას არაერთი პრობლემა აქვს გადასაწყვეტი. პეტცოლდს გაუკვირდა და კითხვას მკვახედ უპასუხა, ბევრი ეგ პრობლემა სწორედ კომუნისტური გერმანიის მიმართ ნოსტალგიიდან მოდისო... თუმცა აღარ დააკონკრეტა, რომელი პრობლემა იგულისხმა. პასუხს ამ კითხვაზე მისი ფილმი იძლევა.

“ბარბარას” მოქმედება 1980 წელს ხდება. ფილმის გმირი ახალგაზრდა ბერლინელი ექიმია, რომელიც ხელისუფლებამ დასაჯა მას შემდეგ, რაც ბარბარამ დასავლეთში ცხოვრების სურვილი ოფიციალურად განაცხადა. ბარბარას, შეიძლება ითქვას, გადაასახლებენ - გზავნიან პატარა ქალაქში, სადაც ექიმად მუშაობის უფლებას კი აძლევენ, მაგრამ განუწყვეტლივ უთვალთავლებენ და მის კონტაქტებს აკვირდებიან. კომუნისტურ ხელისუფლებას სურს გამოიყენოს ბარბარას ნიჭი, უნარები და მზადაა ქალი რთული არჩევანის წინაშე დააყენოს. ჩაკეტილ სივრცეში ადამიანებზე კონტროლი და მათი მანიპულაცია უფრო ადვილი ხდება, მათ შორის ხელისუფლების სამსახურში მყოფი, არსებითად უკვე სრულიად დატყვევებული ექიმებისა.

პეტცოლდის ფილმებში მთავარი გმირი (როგორც წესი, ქალი) მნიშვნელოვან განსაცდელს გადის ხოლმე თავისუფლების და, პირველ რიგში, საკუთარი იდენტობის მოსაპოვებლად. პეტცოლდის პერსონაჟებს ამისათვის “სხვაში შესვლის” რთული გზა ელით ხოლმე - ისინი სხვისი ცხოვრებით იწყებენ ცხოვრებას, რათა მიაგნონ საკუთარს, ყველასგან განსხვავებულს. მაგრამ “ბარბარაში” პრობლემას ის ქმნის, რომ კომუნისტური ტოტალიტარიზმი თავისი კლაუსტროფობური გარემოთი უკეტავს ადამიანს ყველა გზას არა მარტო პირადი თავისუფლებისთვის, არამედ სხვების დახმარებისთვის, სოლიდარობისთვის. სისტემას, იდეოლოგიას, რომელიც სოლიდარობის და თანასწორობის იდეაზე შეიქმნა, ყველაზე მეტად სწორედ სოლიდარობისა და ადამიანთა ერთობის ეშინია. ამ სისტემას სურს ჰყავდეს მორჩილი მოქალაქეები, მათ შორის მორჩილი ექიმები, რომლებიც ვალდებულები ხდებიან, პირველ რიგში, სისტემის მსახურებს დაეხმარონ.

საინტერესო სახეა ფილმში ექიმი ანდრე, ბარბარას კოლეგა, რომელიც, როგორც ირკვევა, არა დასავლეთში გაქცევის სურვილის, არამედ სამედიცინო შეცდომის გამო გადაასახლეს. ბარბარა შენიშნავს, რომ ანდრე მორფის ინექციას უკეთებს შტაზის იმ ოფიცრის ცოლს, რომელსაც ბარბარას თვალთვალი ევალება. “ნაძირლებს ხშირად ეხმარებით?” - ეკითხება ბარბარა. ანდრეს პასუხი მოულოდნელია: “კი, როცა ისინი ავად არიან, ვეხმარები”... დიახ, ეხმარება არა იმიტომ, რომ ეშინია შტაზის, ეხმარება იმიტომ, რომ ექიმია, ეხმარება იმას, ვისაც უჭირს. ანდრესთვის არ არსებობს კარგი და ცუდი პაციენტები, ნაძირლები და გმირები, ჩინიანები და უჩინონი. სწორედ ანდრეს აქვს ფილმში სოლიდარობის უნარი, რომელსაც ნელ-ნელა სწავლობს ბარბარაც. სისტემისგან განთავისუფლება, თურმე, არც ისე ადვილი ყოფილა. ბოლოს და ბოლოს, შეიძლება გაექცე ამ სისტემას, მოახერხო გადასვლა დასავლეთში, მაგრამ დარჩე ამ სისტემის პროდუქტად. ზოგს წლები სჭირდება იმისთვის, რომ რეალურად გაემიჯნოს არაადამიანურ სისტემას. ამისათვის ბევრი რამის შეცვლა მოუწევს - ხასიათის, პრიორიტეტების, ფასეულობების და, კიდევ, გემოვნების.

მე თუ მკითხავ, გემოვნების, პირველ რიგში.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG