“ფანტასტიკური ქალის” გამარჯვება ამერიკელი კინოაკადემიკოსების ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური გადაწყვეტილებაა “ოსკარის” ისტორიაში. რა თქმა უნდა, ამ გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მოდამ ლათინური ამერიკის კინოზე; რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია თემის აქტუალურობაც - ფილმის მთავარი გმირი ტრანსგენდერი ქალია. მაგრამ, აბა, ვინ წარმოიდგენდა, რომ საშუალო ნიჭის რეჟისორის, სებასტიან ლელიოს, სურათი “ოსკარს” მოუგებდა კანის კინოფესტივალის “ოქროს პალმით” აღნიშნულ შვედურ “კვადრატს” (რეჟისორი რუბენ ესტლუნდი) და სერგეი ზვიაგინცევის შედევრს “უსიყვარულო”? ასეთ ტრიუმფს ის კრიტიკოსებიც ვერ იწინასწარმეტყველებდნენ, ვინც “ფანტასტიკური ქალით” აღფრთოვანდა 2017 წლის ბერლინის კინოფესტივალზე, სადაც ლელიოს სურათის პრემიერა შედგა. მიუხედავად ბერლინის მაშინდელი კინოფორუმის სუსტი პროგრამისა, “ფანტასტიკური ქალი” მთავარი პრიზების გარეშე დარჩა.
სექსუალურ უმცირესობათა ცხოვრების ამსახველ ფილმებს სხვა დროსაც მოუგიათ “ოსკარები”, თუმცა თითქმის ყველა იმ სურათში აქცენტი კეთდებოდა ლგბტ-ადამიანების მიმართ შეუწყნარებლობაზე, ზოგადად, ჰომოფობიაზე და განსხვავებულის მიუღებლობაზე. შეუწყნარებლობა და ზიზღი უხვადაა “ფანტასტიკურ ქალშიც”, თუმცა ეს არაა მთავარი ლელიოს ფილმში. ტრანსგენდერი ქალის ცხოვრება დანახულია არა გარედან, არა უმრავლესობის პოზიციიდან, არც, როგორც დღეს უყვართ თქმა, “ ლიბერალური რაკურსიდან”, არამედ თავად გმირის, თავად ტრანსგენდერი ქალის მზერით. შესაბამისად, ფილმის ავტორი ახერხებს იმას, რის მიღწევასაც ოსტატობასთან ერთად განსაკუთრებული მგრძნობიარობა სჭირდება - ფილმის მსვლელობის პროცესში მაყურებელი თანაუგრძნობს მთავარ გმირს, მაგრამ არაიმიტომ, რომ ებრალება. მაყურებელი თანაუგრძნობს ტრანსგენდერ ქალს, რადგან ეცნობა მისი პრობლემები - უმრავლესობას ეცნობა უმცირესობის პრობლემები!
ძალიან რთულია ამის გაკეთება კინოში, ძალიან რთულია ის ადამიანი, რომელიც საზოგადოებისთვის “ეგზოტიკად” აღიქმება, წარმოადგინო სრულიად ჩვეულებრივ ქალად, რომელიც თითქმის იმასვე განიცდის, რასაც ყველა სხვა ადამიანი.
მეორე მხრივ, იმის გაგება, რომ “ფანტასტიკური ქალის” გმირი, მარინა, ოდესღაც არა ქალი, არამედ კაცი იყო, იმ გარემოსთვის, რომელშიც მას უხდება ცხოვრება, მაინც შოკია. ბერლინის კინოფესტივალზე გამართულ პრესკონფერენციაზე ფილმის რეჟისორმა აღნიშნა, რომ ჩილეში, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანამ წარსულში რამდენჯერმე გამოსცადა დიქტატურის სიმწარე, საზოგადოება კვლავაც ძალიან მაჩისტურია, ამიტომ ტრანსგენდერ ადამიანებს აქ ჯერ კიდევ სიძულვილით უყურებენ - მახინჯებად, პათოლოგიურებად აღიქვამენ. “ფანტასტიკური ქალის” ორიგინალურობა სწორედ ისაა, რომ სურათის მთავარი გმირისთვის, მარინასთვის, რომელიც დღისით მიმტანად მუშაობს, საღამოობით კი რესტორანში მღერის, სექსუალური იდენტობა პრობლემა საერთოდ არაა. ეს პრობლემაა უფრო საზოგადოებისთვის, მათ შორის ლიბერალებისთვის... და კიდევ, პრობლემას ქმნის კანონი - მარინას უკვდება საყვარელი ადამიანი, მაგრამ არა აქვს უფლება ერქვას “ქვრივი”; უფრო მეტიც, საყვარელი ადამიანის გასვენებაში მისვლის უფლებაც კი არა აქვს. ტრანსგენდერი ქალი თითქოს არ არსებობს არც საზოგადოებისთვის და არც კანონისთვის. მას, უბრალოდ, არსებობის უფლება წაართვეს მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ერთ მშვენიერ დღეს მარინამ გადაწყვიტა იცხოვროს თავისი ცხოვრებით და არ მოიტყუოს.
ფილმის ერთ ეპიზოდში მარინა გენიტალიებს შესცქერის. იქმნება მოლოდინი, რომ კამერა მთლიანად გაჰყვება ტრანსგენდერი ქალის სხეულს და ჩვენც “დაგვათვალიერებინებს” მას. ეს მოლოდინი ბუნებრივია ფილმისგან, რომლის მთავარი მხატვრული სახეები სარკე და ადამიანის სხეული, ადამიანის ტანია. თუმცა ფილმის ბოლომდე ვერ ვიგებთ, კონკრეტულად რა სახის ოპერაცია გაიკეთა მარინამ. არსებითად ესაა ერთგვარი თამაში ჩვენს ცნობისმოყვარეობაზე და ავტორის ირონიაც, - მე ვიტყოდი, დაცინვაც კი: აი, ხომ ელოდებოდით მორიგ “ლგბტ-ფილმს”, რომელსაც საფესტივალოდ იღებენ ხოლმე, ფილმს საწყალ, გაუბედურებულ, დამცირებულ ტრანსგენდერზე, რომელიც შეუწყნარებელმა საზოგადოებამ ქუჩაში გამოიყვანა და სექსმუშაკად აქცია? ასეთი ფილმების აბსოლუტური უმრავლესობისგან განსხვავებით, მარინა არ ბადებს არანაირ სიბრალულს, ასე ძალიან რომ უყვართ, თუნდაც, ჰოლივუდში (გაგახსენებთ, რომ “ოსკარის” პირველი ტრიუმფატორი, რომლის მთავარი გმირი გეია, არის ჯონატან დემეს ფილმი “ფილადელფია”). სიბრალულს კი არა, მარინათი აღფრთოვანება ფილმის ბოლომდე გაგყვებათ. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ესაა ადამიანი, რომელმაც ყველაფერი საუკეთესო მიიღო ქალისა და მამაკაცისგან, მართლაც რომ, გააერთიანა თავის თავში ქალური და მამაკაცური საწყისები. ფილმის ნახვის შემდეგ შეუძლებელია დაგავიწყდეთ შესანიშნავი “სცენა ქარით”, როცა მარინა იძულებულია “გადალახოს” ნაგავი, რომელიც მოაქვს ქარს, და მისი მიმართულების საწინააღმდეგოდ იმოძრაოს. მარინა დინების საწინააღმდეგოდ მოძრაობს. მარტო იბრძვის. მაგრამ ფილმის ავტორისთვის ის არაა წამებული წმინდანი. მარინა, უბრალოდ, ადამიანია.
“ფანტასტიკური ქალის” კიდევ ერთი სიახლე ისაა, რომ ფილმში ტრანსგენდერი ქალის როლს ასრულებს ტრანსგენდერი ქალი, კოლუმბიელი მსახიობი დანიელა ვეგა. თამაშობს შესანიშნავად, ყოველგვარი ისტერიკის გარეშე და, რაც მთავარია, “შიგნიდან” ქმნის სახეს, არ აძლევს მაყურებელს გმირის შეცოდების უფლებას. დანიელა ვეგა ჩვენს თვალწინ ანგრევს სტერეოტიპს ტრანსგენდერზე, რომელსაც ვითომ არა აქვს სურვილი ჰქონდეს ოჯახი, იყოს საყვარელი ადამიანის ერთგული… რომელსაც თითქოს მხოლოდ სხეულის გაყიდვა შეუძლია. მარინას ურთიერთობა საყვარელ მამაკაცთან ესაა ზუსტად ისეთი ურთიერთობა, როგორიც ჰეტეროსექსუალ ადამიანებს აქვთ. ამიტომაცაა, რომ ამ ქალში უამრავი მაყურებელი საკუთარ თავს დაინახავს. ჩვენ ხომ იმდენად განვსხვავდებით ერთმანეთისგან, რამდენადაც ერთნაირები ვართ. ესეც “მაგიური რეალიზმის” ერთ-ერთი მხარეა, რომელიც ძალიან საინტერესოდ გამოხატა სებასტიან ლელიომ - “ბევრი მზით” განათებულ სივრცეში, სრულიად დაუვიწყარი მუსიკით და, რა თქმა უნდა, მთავარი გმირით, ფანტასტიკური ქალით.