Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი, რომელსაც გონებით უნდა ჩავწვდეთ


“მოქალაქე ხ.” (აშშ.2019. “Citizen K” რეჟისორი ალექს გიბნი)

ალექს გიბნის ფილმები იმ შემთხვევაშიც დაგაინტერესებთ, თუკი დოკუმენტური კინო მაინცდამაინც არ გიზიდავთ. უნდა გამოვტყდე, რომ დოკუმენტალისტიკის დიდი მოყვარული არც მე ვარ, უფრო სწორად, ხშირ შემთხვევაში ვერ ვხედავ განსხვავებას დოკუმენტურ ფილმსა და ტელეგადაცემას შორის, მაგრამ გიბნი ერთ-ერთი გამონაკლისია: ამ რეჟისორს შეუძლია ისე ააგოს დოკუმენტური თხრობა, რომ ფილმის მსვლელობის პროცესში საერთოდ დაგავიწყოთ რას უყურებთ - რეალურ თუ გამოგონილ ისტორიას. სწორედ ამბის ვირტუოზული აწყობა, მოვლენისგან მაქსიმალური დისტანცირება და მაყურებლის მიმართ ნდობაა ის, რაც გიბნის სხვა ამერიკელი დოკუმენტალისტებისგან გამოარჩევს. იმავე მაიკლ მურისგან განსხვავებით, პუბლიცისტიკა და მწვავე პრობლემები მისი თვითმიზანი არასდროს არაა. უფრო მეტიც, ხშირ შემთხვევაში ავტორის პოზიცია ფილმის ბოლომდე არაა ხოლმე გამოკვეთილი.

“მოქალაქე ხ.” რუსი ბიზნესმენის, ვლადიმირ პუტინის პირადი მტრის, მიხაილ ხოდორკოვსკის პორტრეტია. ფილმის პრემიერა გასულ წელს მოეწყო ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე, სადაც ხოდორკოვსკიმ კიდევ ერთხელ გაიმეორა, პუტინის ხელისუფლებაში დარჩენა მეოთხე ვადის გასვლის შემდეგ სურს არა იმდენად პუტინს, რამდენადაც მის პოლიტიკურ და ბიზნესგარემოცვასო. პუტინის გარემოცვას, ხოდორკოვსკის აზრით, პირველ რიგში, საკუთარი უსაფრთხოება აღელვებს. “მოქალაქე ხ”-ს როცა ნახავთ, შეიძლება გაგიჩნდეთ აზრი, რომ “მარადიულ პუტინზე” თანახმაა რუსული საზოგადოების ერთი დიდი ნაწილი, შესაძლებელია, უმრავლესობაც კი... ის ხალხი, ვინც ამ დღეებში, “კოვიდ-19”-ით დაინფიცირების საშიშროების მიუხედავად, მაინც ჩადგა რიგში და ხმა მისცა ცვლილებებს კონსტიტუციაში, ხმა მისცა პუტინის ხელისუფლებაში დარჩენას - არც მეტი, არც ნაკლები - 2036 წლამდე.

მიხეილ ხოდორკოვსკის აზრით, 20 წლის წინ, როცა ხელისუფლების სათავეში მოდიოდა, პუტინმა კარგად იგრძნო რუსეთის მაშინდელი საზოგადოების განწყობა - ეს იყო საზოგადოება, რომელიც დაიღალა რევოლუციებით, გადატრიალებებით, ომებით, ჩეჩნეთიდან გამოგზავნილი რუსი ჯარისკაცების ცინკის კუბოებით... ეს იყო საზოგადოება, რომელიც დაღალა სიღარიბემ და ოლიგარქების თავგასულობამ. პუტინმა მაშინვე ისარგებლა ამ განწყობით და დაიწყო საზოგადოების ამ ნაწილის მოსყიდვა. კი, ქვეყანაში ახალი ოლიგარქები იბადებოდნენ, მაგრამ ხალხი მათ ნაკლებად აქცევდა ყურადღებას - “მტრის ხატს”, რომელსაც დაეყრდნო პუტინის პოლიტიკა, ქმნიდნენ ისინი, ძველი ოლიგარქები, მათ შორის მიხაილ ხოდორკოვსკი. ეს უკანასკნელი “ძველი” მაშინ გახდა, როცა პოლიტიკური პოზიციის გამოხატვა დაიწყო და ვლადიმირ პუტინს დაუპირისპირდა. მანამდე კი იმ კლასის წარმომადგენელი იყო, რომელმაც ისარგებლა პოსტსაბჭოთა რუსეთში შექმნილი ქაოსით, სამართლებრივი ვაკუუმით და დიდძალი ქონება დააგროვა.

“მოქალაქე ხ.” არაა პირველი ფილმი მიხეილ ხოდორკოვსკის შესახებ. სამი თუ ოთხი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური სურათია უკვე გადაღებული რუს ოლიგარქზე, რომელიც პუტინის რეჟიმს დაუპირისპირდა. თუმცა “მოქალაქე ხ.” აშკარად გამორჩეული ფილმია: გადაღებებისა და მონტაჟის პროცესში ალექს გიბნის ასისტენტობა თავად ხოდორკოვსკიმ გაუწია - ოღონდ არა იმისთვის, რომ ფილმის გმირისგან ტანჯული, უსამართლოდ დასჯილი პოლიტიკოსის სახე შეექმნათ. ხოდორკოვსკის თქმით, პირიქით, მას სურდა რაც შეიძლება ობიექტურად ასახულიყო ეკრანზე მისი კონფლიქტი რუსეთის ხელისუფლებასთან.

ობიექტურის რა მოგახსენოთ (დოკუმენტურ კინოში ყველაზე მეტად ეს მაღიზიანებს ხოლმე - პრეტენზია ობიექტურობასა და სიმართლეზე), მაგრამ ალექს გიბნის მართვა, როგორც ჩანს, ადვილი არ აღმოჩნდა. “მოქალაქე ხ.” შეიძლება მართლაც არაა ძალიან კრიტიკული ხადორკოვსკის პერსონის მიმართ, მაგრამ, არსებითად, არც პუტინის მიმართაა განსაკუთრებით კრიტიკული - ეს არაა ჟურნალისტის, პუბლიცისტის თუ პოლიტიკურად ანგაჟირებული რეჟისორის (როგორიც, თუნდაც, იგივე მაიკლ მურია) ფილმი. “მოქალაქე ხ.”, პირველ რიგში, ისტორიკოსის ფილმია. ალექს გიბნი მხოლოდ და მხოლოდ შეგვახსენებს რუსეთის უახლესი ისტორიის ეპიზოდებს და გვაძლევს საშუალებას (როგორც თავის სხვა ფილმებში) თავად “ავკინძოთ” ნანახი ჩვენს გონებაში.

20 წელია უკვე, დასავლეთი ითმენს პუტინის რეჟიმს და, რაც მთავარია, თანამშრომლობს მასთან. იმიტომ ხომ არა, რომ დასავლეთშიც და სხვაგანაც (საქართველოშიც!) უკვე კარგა მაგრად დამკვიდრდა ეს “«Умом Россию не понять»… თუკი გონებით ვერ ჩასწვდები რუსეთის უახლესი ისტორიის არსს, მაშინ ქვეცნობიერს უნდა მიმართო? ემოციები მოიშველიო? რა არის ამაზე უფრო მეტად მიმზიდველი? რა არის რუსეთზე უფრო მიმზიდველი?

სწორედ ეს განწყობებია უარყოფილი ალექს გიბნის ფილმში. შემთხვევით არ დაასათაურა რეჟისორმა სურათი ასე - “მოქალაქე ხ.”, ე.ი. “მოქალაქე ხოდორკოვსკი”. პარალელი ორსონ უელსის “მოქალაქე კეინთან” ავტორის მნიშვნელოვანი გზავნილია. “კეინი”, მოგეხსენებათ, ფილმი-თავსატეხია, ერთგვარი რებუსი, უმდიდრესი ადამიანის ცხოვრების ნაჭრებია, რომლებიც ჩვენ, მაყურებელმა, უნდა ავაწყოთ. ეს პროცესი სიამოვნებას გვანიჭებს, შემოქმედება და აზროვნება მოგვწონს და გვახარებს (რამდენი წელია, “მოქალაქე კეინს” ყველა დროისა და ხალხის საუკეთესო ფილმად ასახელებენ). ასევეა აქ, გიბნის ფილმში. ჩვენ, დიახაც, გონებით უნდა ჩავწვდეთ რუსეთის უახლეს ისტორიას - გავიხსენოთ 2003 წელი, როცა კრემლმა ხელში ჩაიგდო ნავთობკომპანია “იუკოსის” ქონება და პოლიტიკურ არენას ჩამოაშორა ვლადიმირ პუტინის აქტიური კრიტიკოსი, მიხაილ ხოდორკოვსკი. ეს მოხდა მაშინ, როდესაც პუტინს საპრეზიდენტო მმართველობა “გაუნულეს”. თუმცა ვინ წარმოიდგენდა, აბა, რომ 17 წლის შემდეგ, გაგანია პანდემიის ფონზე, რუსეთი მარადიულად დასვამდა ტახტზე ადამიანს, რომელმაც სუსტი, ქაოსური, “ველური”, ღარიბი რუსეთისგან ფაქტობრივი მონარქია შექმნა.

გიბნის ფილმის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ეპიზოდია ორი მოვლენის პარალელი: ხოდორკოვსკი, რომელიც მაიდანზე შეკრებილ ხალხს უცხადებს სოლიდარობას, და პუტინი, რომელიც მანეჟის მოედანზე ჩნდება მოსკოვში ხელმეორედ არჩევის შემდეგ. პირველი სცენა მოძრაობის, განვითარების პერსპექტივას ქმნის, მეორე -უძრაობის და გაყინულობის. არსებითად, “მოქალაქე ხ.” სწორედ უძრაობისა და პროცესის კონფლიქტს ასახავს. კონფლიქტი იმდენად დაძაბულია, რომ მაყურებელს მოწყენის, ყურადღების გაფანტვის, ფილმის მსვლელობის დროს ტელეფონით საუბრის უფლება ერთმევა. ალექს გიბნი დოკუმენტური კადრებით ქმნის პოლიტიკურ ბლოგბასტერს, რომელსაც აქტუალურობა რუსეთში ჩატარებულმა რეფერენდუმმა შემატა.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG