Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინის 9 მაისი: ეული ტანკითა და "მძევლების" გარემოცვით


პუტინი გამარჯვების დღის აღლუმზე, მოსკოვში. 9 მაისი, 2023 წელი.
პუტინი გამარჯვების დღის აღლუმზე, მოსკოვში. 9 მაისი, 2023 წელი.

2023 წლის 9 მაისს, წითელ მოედანზე, გამარჯვების დღის 78-ე წლისთავისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმზე ჩაატარეს ერთადერთი, ისიც ძველი ტანკი - Т-34. მძიმე ტექნიკის გარეშე აღლუმი წითელ მოედანზე 2007 წლის შემდეგ პირველად ჩატარდა და საბრძოლო ძლიერების დემონსტრირებას 10 წუთიც არ დასჭირდა.

უკვე მეორე წელია, აღლუმები მოსკოვში საავიაციო შოუს გარეშე ტარდება.

უკრაინის მასშტაბური კონტრშეტევის მოლოდინში, რამდენიმე დღის წინ აფეთქებული კრემლის გუმბათის ფონზე, პუტინის წლევანდელი აღლუმი, სულ მცირე, მოკრძალებული იყო.

პარალელურად, კერძო სამხედრო დაჯგუფების „ვაგნერის“ მეთაურმა, ევგენი პრიგოჟინმა, რუსეთის ხელისუფლებას ულტიმატუმებით მიმართა, ხალხის სახელით დაემუქრა და ბრძოლის ველიდან რუსი სამხედროების გაქცევის შესახებაც ილაპარაკა.

ერთი ძველი ტანკით

„დიდი სამამულო ომის საუკეთესო საშუალო ტანკი და წითელი არმიის ყველაზე მასიური ტანკი“, - ასე წარადგინა აღლუმის კომენტატორმა Т-34, რომელმაც ამ დროს წითელ მოედანზე ჩაიარა, ტრიბუნებთან, სადაც ვლადიმირ პუტინი ვეტერანებს შორის იჯდა და, ტუჩების გაურკვეველი მოძრაობით, ხშირ-ხშირად იყურებოდა აქეთ-იქით.

1980-იან წლებში გამოშვებული Т-34 აღლუმზე წარმოდგენილი ერთადერთი ტანკი იყო. აღარსად ჩანდა წინა წლებში დემონსტრირებული ტანკი „არმატა“ (Армата - Т-14) ან სხვა ტექნიკა, რომლითაც რუსეთი მანამდე ამაყობდა.

უკრაინაში ომმა ბევრ სამხედრო ექსპერტს უჩვენა, რომ რუსული ტექნიკა, რომელსაც თითქოს „მსოფლიოში ანალოგი არ მოეძებნებოდა“, ფრონტზე ან ძალიან შეზღუდულად, ან თითქმის საერთოდ არ ჩანდა.

„უკრაინას არ სჭირდება, რომ რაიმე მოიმოქმედოს ამ აღლუმზე. რუს სამხედროებს თავადაც შეუძლიათ საკუთარი თავის სამარცხვინო მდგომარეობაში ჩაყენება. გაოცებული ვარ, რომ მათ ვერ შეძლეს აღლუმზე თუნდაც ერთი Т-14-ის [ტანკი] გამოყვანა“, - დაწერა ტვიტერზე უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტმა, ანალიტიკოსმა ოლივერ ალექსანდერმა.

ალექსანდერმა დაითვალა, რომ წითელ მოედანზე გამოყვანილი სამხედრო ტექნიკის საერთო რაოდენობა 51 ერთეული იყო, რაც თითქმის სამჯერ ნაკლებია შარშანდელთან (131) და ოთხჯერ - შარშანწინდელთან (197) შედარებით. ამასთან, ექსპერტი შენიშნავს, რომ წითელ მოედანზე გამოყვანილი იყო ის საბრძოლო მანქანებიც (Remdiesel Ahmat Z-STS), რომლებსაც დღეს მხოლოდ ჩეჩნეთი ფლობს და, სავარაუდოდ, მოსკოვმა კადიროვისგან „ითხოვა“.

რუსეთის ხელისუფლების ოფიციალური მონაცემებით, წელს აღლუმზე 125 ერთეული სამხედრო ტექნიკა იყო გამოყვანილი.

ერთადერთ ტანკს თანდათან მიჰყვნენ: მსუბუქი საბრძოლო მანქანები „ტიგრი“" (Тигр), „ურალი“ (Урал) და ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ბუმერანგი“ (Бумеранг). შემდეგ ჩაატარეს „ისკანდერის“ ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსები და С-400-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები. როგორც იუწყებიან - წარმოდგენილი იყო ასევე სამი ერთეული ბალისტიკური სარაკეტო სისტემა - იარსი (Ярс).

რაც შეეხება ცოცხალ ძალას, აღლუმის კომენტატორის ინფორმაციით, წითელ მოედანზე 8000-ზე მეტმა სამხედრომ და მათ შორის 530-მა უკრაინაში მებრძოლმა ჩაიარა.

მონაწილეთა ეს რიცხვი მინიმალურია 2008 წლის შემდეგ. შარშან, ოფიციალური ინფორმაციით, აღლუმში 11 ათასი სამხედრო მონაწილეობდა; ხოლო, მაგალითად, 2015 წელს - 15 ათასი.

ექსპერტების ნაწილის ვერსიაა, რომ აღლუმის პროგრამა პუტინის შიშის გამო შეამოკლეს. სწორედ შიშს უკავშირებენ ექსპერტები, აღლუმის მსვლელობისას პუტინის ქცევას - ტუჩების მოძრაობებსა და თავის აქეთ-იქით ტრიალს.

აღლუმისთვის მოსკოვში 7 ქვეყნის ლიდერები ჩავიდნენ და მათ შორის იყო სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი. ასევე ყირგიზეთის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის, თურქმენეთისა და ბელარუსის პრეზიდენტები.

უკრაინელი პოლიტტექნოლოგი, მიხაილ შეიტელმანი ცენტრალური აზიის ქვეყნების პრეზიდენტებს უწოდებს „მძევლებს“, რომლებიც მოსკოვში საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, „პუტინის პირად მცველებად“ ჩაიყვანეს. ექსპერტი თითქმის დარწმუნებულია, რომ პუტინთან მეტწილად დაპირისპირებული პრეზიდენტების ამ ნაბიჯზე დაყოლიება მხოლოდ ჩინეთს შეეძლო. „რუსეთმა სთხოვა ჩინეთს, ჩინეთმა - ამ ხალხს [რომ ჩასულიყვნენ მოსკოვში]“, - ვარაუდობს შეიტელმანი.

მას ცუდად ენიშნა, რომ პროკრემლისტურ ტელეარხებზე, მოსკოვში ჩასულ ლიდერებს „ძმური რესპუბლიკების“ ლიდერები უწოდეს.

„ვიცით, ეს „ძმური“ რასაც ნიშნავს რუსეთისგან... ალბათ, დროა, რომ ჩინეთს მათ [ცენტრალური აზიის ქვეყნებმა] იარაღი მოსთხოვონ და სასწრაფოდ დანაღმონ საზღვრები რუსეთთან, რომლებსაც აქვთ. რადგან „ძმური რესპუბლიკები“ უწოდეს, ე.ი. თავდასხმასაც გეგმავენ“, - ამბობს ექსპერტი უკრაინულ ტელეარხზე.

პუტინზე თავდასხმის საფრთხეზე მოსკოვში მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც 3 მაისს, ღამით, კრემლის გუმბათს ცეცხლი წაეკიდა, უპილოტო საფრენი აპარატის დაცემის შედეგად. უკრაინა აცხადებს, რომ ეს მისი გაკეთებული არ არის.

აღლუმებსა და სხვა მასობრივ ღონისძიებებთან დაკავშირებული გეგმები რუსეთის 20-ზე მეტ რეგიონსა და ანექსირებულ ყირიმში გააუქმეს. მიზეზად უსაფრთხოების რისკები დასახელდა.

უკრაინა, წელს პირველად, ევროპელ პარტნიორებთან ერთად, 9 მაისს ევროკავშირის დაბადების დღეს აღნიშნავს.
მეორე მსოფლიო ომში ნაციზმზე გამარჯვების დღედ ევროპაში 8 მაისია აღიარებული, რადგან 1945 წელს, გერმანული სამხედრო ძალების აქტივობა ოფიციალურად შეწყვეტილი იყო 8 მაისს, ღამის 23:01 წუთზე. მოსკოვის დროით კი, მაშინ უკვე 9 მაისის 01:01 საათი იყო.
საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკები გამარჯვების დღეს 9 მაისს აღნიშნავდნენ, რაც, უკვე წლებია, სადავო საკითხია. ამ თემამ მეტი სიმწვავე და პრინციპულობა შეიძინა უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის ფონზე.

რა თქვა პუტინმა?

პუტინს ახალი თითქმის არაფერი უთქვამს.

მისი გამოსვლა წარსულის დიდებითა და რუსეთის განსაკუთრებულობის ხაზგასმით იყო გაჯერებული. გაიმეორა, რომ რუსეთი არა მოძალადე და დამპყრობელი, არამედ მსხვერპლია, რომლის წინააღმდეგაც „ომი გააჩაღეს“ „დასავლეთის გლობალისტურმა ელიტებმა“, „ნაცისტებმა“; თავად რუსეთს კი მხოლოდ მრავალპოლუსიანი „სამართლიანი და მშვიდობიანი მსოფლიო“ სურს.

პუტინი ამბობს, რომ დასავლეთს რუსეთის „დაშლა და განადგურება“ უნდა“, მაგრამ მისი რწმენაა, რომ - რუსეთი შეძლებს „დონბასის დაცვასა და საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფას“.

„დასავლეთის პროვოცირებულია სისხლიანი კონფლიქტები და გადატრიალებები. ის თესავს სიძულვილს, რუსოფობიას, აგრესიულ ნაციონალიზმს, ანადგურებს ოჯახურ, ტრადიციულ ფასეულობებს, რაც ადამიანს ადამიანად აქცევს“, - თქვა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის მიერ წაკითხულ ტექსტში ექსპერტებმა ყურადღება მიაქციეს ერთ ახალ ფრაზას, რომ „დასავლეთი სუვერენული განვითარების ნებისმიერი ცენტრის მოგუდვას ცდილობს“.

ე.წ. სუვერენული დემოკრატიის კონცეფცია რუსეთის თავისებურებებზე, ისტორიულ გამოცდილებასა და განვითარების პრიორიტეტებზე დემოკრატიის „მორგებას” გულისხმობს. ზოგადად სუვერენული განვითარების, სუვერენული ეკონომიკის შესახებ ულტრანაციონალისტი იდეოლოგი, ანტიგლობალისტი ალექსანდრ დუგინი ლაპარაკობდა. ეს თეორია, თავის მხრივ, პატარა ქვეყნების რუსეთის ორბიტაზე შეკრებას გულისხმობს. ტერმინი „სუვერენული ეკონომიკა“ გაისმა თბილისშიც, 30 აპრილს, „უცნობის კიდობანში“ დაგეგმილ აქციაზე.

უკრაინაში მისი განკარგულებით დაწყებულ ფართომასშტაბიან ომს, რომელმაც სამხედროების გარდა, ათიათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა, რუსეთის პრეზიდენტმა კვლავ „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ უწოდა.

ახლახან, უკრაინის უმაღლესმა რადამ დააკანონა ტერმინი „რაშიზმი“, როგორც „ვლადიმირ პუტინის პოლიტიკური რეჟიმის - ნეოიმპერიული და ტოტალიტარული დიქტატურის არსი“, რომელიც „ხორცს ასხამს ფაშიზმისა და ნაციონალ-სოციალიზმის იდეებს რუსული ფაშიზმის (რაშიზმის) თანამედროვე ვერსიაში“.

„უწოდო სხვას ფაშისტი, როცა შენ თვითონ ხარ ფაშისტი - პუტინის მთავარი პრაქტიკაა. მე ამას შიზოფაშიზმი ვუწოდე. უკრაინელებს უფრო ელეგანტური ფორმულირება აქვთ: რაშიზმი“, - წერდა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, ამერიკელი ისტორიკოსი, იელის უნივერსიტეტის პროფესორი, ტიმოთი სნაიდერი, რომელმაც „რაშიზმის“ შესახებ რამდენიმე სტატია გამოაქვეყნა. „ჩვენ ეს უნდა ვთქვათ ხმამაღლა: რუსეთი ფაშისტური სახელმწიფოა“, - ამბობს სნაიდერი.

რუსეთის მედიამ „აგრესიულად განწყობილი ბრბო“ უწოდა აქტივისტებს, რომლებმაც დღეს, 9 მაისს, ვარშავაში, რუს დიპლომატებს საშუალება არ მისცეს, რომ გვირგვინი დაედოთ მეორე მსოფლიო ომის მსხვერპლთა მემორიალთან. ხალხი რუსეთის ელჩისგან მოითხოვდა, რომ - „რუსული სამყაროს“ სიმბოლო - „გეორგიევსკის ბაფთა“ მოეხსნა.

რუსეთს რა ეაღლუმება

9 მაისს, დილიდან არ გაჩერებულა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მეთაური, ევგენი პრიგოჟინი, რომელიც ბოლო დროს მუდმივად შეიარაღებას ითხოვს, ამბობს, რომ მოატყუეს და პერიოდულად ფრონტის ხაზის დატოვებითაც იმუქრება.

„გამარჯვების დღე [9 მაისი] ეს ჩვენი წინაპრების გამარჯვებაა. ჩვენ მილიმეტრითაც კი არ დაგვიმსახურებია ეს გამარჯვება“, - 9 მაისს გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ვიდეოში პრიგოჟინი ამბობს, რომ წითელ მოედანზე აღლუმის გამართვა სრულიად ზედმეტია მაშინ, როცა ფრონტი ჩამოშლის პირასაა.

„სამხედროები სანგრებიდან გარბიან“, - პრიგოჟინის თქმით, თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთმა შენაერთმა 9 მაისს პოზიციები დატოვა და „ფრონტის 2-კილომეტრიანი მონაკვეთი, 500 მეტრის სიღრმეზე მოაშიშვლა“.

„ჯარისკაცი არ უნდა მოკვდეს თავისი სულელი მეთაურების გამო“, - ამბობს პრიგოჟინი, რომლის მთავარი სამიზნე თავდაცვის მინისტრი - სერგეი შოიგუა, რადგან, როგორც ამბობს, მოთხოვნილი საბრძოლო მასალის მხოლოდ 10% დაუმტკიცა.

თავდაცვის სამინისტროს ის „ინტრიგების სამინისტროს“ უწოდებს და ხელისუფლებას ემუქრება, რომ ომის წაგების შემთხვევაში, განრისხებული ხალხი გაუსწორდება.

მოთხოვნილი შეიარაღების მისაწოდებლად, პრიგოჟინი ხელისუფლებას სულ რამდენიმე დღეს აძლევს და ამბობს, რომ უკრაინას აქვს საკმაო ძალა და შესაძლებლობები წარმატებული კონტრშეტევისთვის, რომელიც „მალე დაიწყება“.

9 მაისს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურზულა ფონ დერ ლაიენთან ერთად, კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინას „აგრესორი რუსეთის დამარცხება შეუძლია“.

პრეზიდენტი ამბობს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები თავიანთ „ეფექტიანობასა და გამძლეობას“ ყოველდღიურად აჩვენებენ; თუმცა საბოლოო გამარჯვებისთვის, საერთაშორისო პარტნიორებისგან კვლავ მეტი შეიარაღების მიღებაა საჭირო.

„უსაფრთხოებისა და მშვიდობისთვის ჩვენ უნდა ვიყოთ ისეთივე ძლიერი, როგორც რუსეთის სურვილი, გაანადგუროს ევროპა. მაშინ ევროპელების ახალი თაობები, მომავალში, შეძლებენ ევროპის დღის მშვიდობიანად აღნიშვნას“, - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

8 მაისის ღამის 10 საათიდან, 9 მაისის 04:00 საათამდე, რუსეთმა უკრაინას 25 ფრთოსანი რაკეტა ესროლა, საიდანაც, უკრაინული მხარის ინფორმაციით, მოგერიებულია - 23 და მათ შორის „კალიბრის“ კლასის 8 რაკეტა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG