კრემლის პრესსამსახურის ცნობით, 3 მაისის ღამით „კიევის რეჟიმს“ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის კრემლის რეზიდენციაზე უპილოტო საფრენი აპარატებით დარტყმის მცდელობა ჰქონდა.
„ორი უპილოტო საფრენი აპარატი მიმართული იყო კრემლისკენ. სამხედრო და სპეცსამსახურების მიერ სარადარო საბრძოლო სისტემების გამოყენებით დროული მოქმედებების შედეგად, აპარატები მწყობრიდან გამოიყვანეს. მათ ჩამოვარდნას და კრემლის ტერიტორიაზე ფრაგმენტების მიმოფანტვას მსხვერპლი და მატერიალური ზიანი არ მოჰყოლია“, - ნათქვამია კრემლის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კრემლი მომხდარს „ტერორისტულ აქციად“ და „პრეზიდენტზე თავდასხმად“ აფასებს. კრემლის პრესსამსახურის თანახმად, ვლადიმირ პუტინი არ დაშავებულა და მისი სამუშაო გრაფიკი არ შეცვლილა. „რუსული მხარე იტოვებს უფლებას, მიიღოს საპასუხო ზომები იქ და მაშინ, როცა საჭიროდ ჩათვლის“, - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინული მხარე კრემლის პრესცენტრის განცხადებას ჯერ არ გამოხმაურებია.*
ინციდენტის შემდეგ მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ დღეიდან რუსეთის დედაქალაქში აკრძალულია დრონების გაშვება. გადაწყვეტილება მიღებულია დრონების არასანქცირებული გამოყენების თავიდან ასაცილებლად, რამაც შესაძლოა შეაფერხოს სამართალდამცავების მუშაობა. მისი თქმით, გამონაკლისი შეეხება მხოლოდ ხელისუფლების გადაწყვეტილებით დრონების გამოყენებას.
*განახლება:
უკრაინის პრეზიდენტის პრესსპიკერმა სერგეი ნიკიფოროვმა განაცხადა, რომ უკრაინა არ ფლობს ინფორმაციას კრემლზე ე.წ.ღამის შეტევის შესახებ.