უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღო რეზოლუცია, რომლის სრული სათაურია „რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური რეჟიმის მიერ რაშიზმის იდეოლოგიის გამოყენების, რაშიზმის ტოტალიტარული და კაცთმოძულეობის პრინციპებისა და პრაქტიკის დაგმობის შესახებ“.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ „რუსეთის სასტიკმა, არაპროვოცირებულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ მთელ მსოფლიოს დაანახვა ვლადიმირ პუტინის პოლიტიკური რეჟიმის - ნეოიმპერიული და ტოტალიტარული დიქტატურის არსი, რომელიც ჰბაძავს წარსულის ყველაზე უარეს პრაქტიკებს და ხორცს ასხამს ფაშიზმისა და ნაციონალ-სოციალიზმის იდეებს რუსული ფაშიზმის (რაშიზმის) თანამედროვე ვერსიაში“.
უკრაინის პარლამენტმა ამ გადაწყვეტილებით სამართლებრივ სივრცეში შეიტანა ტერმინი „რაშიზმი“, რაც მნიშვნელოვანია როგორც პოლიტიკური, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისთ.
უკრაინელმა დეპუტატებმა დოკუმენტში თავი მოუყარეს რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებებისა და ქმედებების ანალიტიკურ კომენტარებსა და განმარტებებს, პუტინის რუსეთის ფენომენის მეცნიერულ კვლევებს, რომელთა ავტორების (როგორც უკრაინელი, ისე დასავლელი ისტორიკოსების, პუბლიცისტებისა და კულტუროლოგების) დასკვნით, რაშიზმი თანამედროვე რუსული ფაშიზმია.
რეზოლუციით, უკრაინის პარლამენტი მიმართავს გაეროს, ევროპარლამენტს, ევროსაბჭოს, ეუთოსა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეებს, ასევე მსოფლიოს ქვეყნების მთავრობებსა და პარლამენტებს მოწოდებით „მხარი დაუჭირონ რაშიზმის იდეოლოგიის, პოლიტიკისა და პრაქტიკის დაგმობას". უმაღლესმა რადამ ასევე მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას მიიღოს ზომები, რომლებიც შესაძლებელს გახდის რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის პასუხისგებაში მიცემას უკრაინისა და მისი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის. უკრაინელი დეპუტატები იმედოვნებენ, რომ მათი დოკუმენტი საბოლოოდ ჩამოაყალიბებს საერთაშორისო ინსტიტუტების ერთიან მიდგომას რუსული პოლიტიკის მიმართ, რაც გახდა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის საფუძველი.
- რა არის „რაშიზმი“ უკრაინის პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის მიხედვით?
უკრაინის რადაში მიღებული დოკუმენტის ავტორებმა სცადეს ჩამოეყალიბებინათ რაშიზმის მაქსიმალურად ინსტრუმენტული დეფინიცია, რომელიც მაქსიმალურად მოსახერხებელი იქნება ამ ტერმინის პოლიტიკური გამოყენებისთვის, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციისას.
რეზოლუციის მიხედვით, „რაშიზმის“ იდეოლოგიის ერთ-ერთი პირველი ნიშანია ადამიანის უფლებების მასობრივი და სისტემატური დარღვევა როგორც რუსეთის ფედერაციის შიგნით, ასევე უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე; მოქალაქეთა დევნა განსხვავებული აზრის ოდნავი გამოვლინებისთვის, რაც თანამედროვე რუსეთის ფედერაციაში „ეროვნული ინტერესების“ ღალატად განიხილება.
რაშიზმის კიდევ ერთი ძირითადი ნიშანია სახელმწიფო იდეოლოგიის დაშენება რუსული ნაციონალიზმის - „რუსული სამყაროს“ იდეაზე, რაც იწვევს რუსეთისა და რუსების თვითგანდიდებას ძალადობრივი ჩაგვრის გზით, ერების თვითგამორკვევის უფლების უარყოფას ან, ზოგადად, სხვა ხალხების არსებობის უფლების უარყოფას. ეს იდეები აგრესიულად ვრცელდება უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც ფაქტობრივად აკრძალულია ყველაფერი უკრაინული.
რაშიზმის იდეოლოგიის მნიშვნელოვანი მახასიათებლებია როგორც ძალაუფლებისა და მილიტარიზმის, ასევე პუტინის პიროვნების კულტი. რაშიზმის ერთ-ერთი ნიშანია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გამოყენება ექსპანსიისთვის.
რაშიზმის ნაწილია სხვა სახელმწიფოების აღიარებული საზღვრების დარღვევა, სხვა ქვეყნებში არალეგალური შეიარაღებული ფორმირებებისა და სეპარატისტული მოძრაობების შექმნა.
რაშიზმი ასევე გულისხმობს ომის აკრძალული მეთოდების გამოყენებას, ომის დანაშაულების ჩადენას, მასობრივ ხოცვა-ჟლეტას, სიკვდილით დასჯას, წამებასა და დეპორტაციას.
„რაშიზმი გვესმის, როგორც ახალი სახის ტოტალიტარული იდეოლოგია და პრაქტიკა, რომელიც საფუძვლად უდევს რუსეთის ფედერაციაში პრეზიდენტ პუტინის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბებულ რეჟიმს და ეფუძნება რუსული შოვინიზმისა და იმპერიალიზმის ტრადიციებს, საბჭოთა კომუნისტური რეჟიმისა და ნაციონალ-სოციალიზმის პრაქტიკებს“, - ნათქვამია უკრაინის რადის ოფიციალურ განცხადებაში, რომლის მიხედვითაც, „უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომი „რაშიზმის“ პოლიტიკის პირდაპირი შედეგია“.
უკრაინელი ჟურნალისტის სვიატოსლავ ხომენკოს თქმით, უკრაინულ საზოგადოებას სჭირდება იმის დადგენა, თუ რა ძალის წინააღმდეგ ომობს, რა ემუქრება უკრაინისა და უკრაინელი ხალხის არსებობას.
„სიტყვები, როგორიცაა „რუსული არმია“ ან „პუტინი“, არცთუ ისე სწორად ასახავს ამ ომის არსს. ეს ტერმინები, მაგალითად, არ ითვალისწინებს იმავე რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელიც აკურთხებს აგრესიულ ომს, ასევე უგულებელყოფს მილიონობით რუსს, რომელიც ტელევიზორთან გორაობს სავარძელში, მაგრამ მხარს უჭერს ომს. უკრაინის მტერს უბრალოდ "რუსები" უწოდო, უსამართლო იქნება, სულ მცირე, იმ რუსებთან მიმართებით, რომლებიც უკრაინას იარაღით ხელში იცავენ. უკრაინელი კანონმდებლების აზრით, ამ ვითარებაში ყველაზე კორექტულად მოჩანს ტერმინი „რაშიზმი“. 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, მისი მოხმარების ფარგლები სწრაფად გაიზარდა და, საბოლოოდ, გასცდა სამზარეულოებსა და სოციალურ ქსელებს“, - ამბობს სვიატოსლავ ხომენკო.
2022 წლის აპრილში ვოლოდიმირ ზელენსკიმ ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „რაშიზმი, როგორც თანამედროვე რუსეთის იდეოლოგია, თავის კუთვნილ ადგილს დაიკავებს ისტორიის წიგნებშიო“. დაახლოებით ამავე პერიოდში „რაშიზმზე“ რამდენიმე სტატია გამოაქვეყნა ამერიკელმა ისტორიკოსმა, იელის უნივერსიტეტის პროფესორმა ტიმოთი სნაიდერმა, რომლის თქმითაც, პუტინის რუსეთში გაბატონებული იდეოლოგია, რომელმაც მოსკოვი მიიყვანა დეუკრაინიზაციის იდეის პრაქტიულ განხორციელებამდე, სხვა არაფერია, თუ არა ფაშიზმი.
ტიმოთი სნაიდერი ტოლობის ნიშანს არ სვამს გერმანულ და რუსულ ფაშიზმებს შორის. მისი თქმით, ფაშისტები, რომლებიც სხვა ადამიანებს უწოდებენ ფაშისტებს - ესაა ფაშიზმი მიყვანილი ალოგიკურ უკიდურესობამდე, ფაშიზმი, როგორც გონების უარყოფის კულტი.
„ესაა ბოლო წერტილი, სადაც სიძულვილის ენა ამახინჯებს რეალობას. ესაა აზროვნებაზე ნების ტრიუმფის აპოგეა. უწოდო სხვას ფაშისტი, როცა შენ თვითონ ხარ ფაშისტი - პუტინის მთავარი პრაქტიკაა. მე ამას შიზოფაშიზმი ვუწოდე. უკრაინელებს უფრო ელეგანტური ფორმულირება აქვთ: რაშიზმი“.
ისტორიკოსის თქმით, „რაშიზმი“ - ეს სიტყვა ყველაზე უკეთ აღეწერს რუსეთში გაბატონებულ იდეოლოგიას, რომელსაც აქვს ფაშიზმის დამახასიათებელი ნიშნები - პიროვნების კულტი, სიკვდილის კულტი, წარსულის მითოლოგიზაცია, ყოვლისმომცველი ცენზურა და ტოტალური ომი, როგორც მათი მიზნების მიღწევის საშუალება. უზენაესი რადის მიერ რაშიზმის შესახებ დადგენილების მიღებამ მოახდინა ამ ტერმინის ოფიციალურად გამოყენების კონსტატირება, ტერმინისა, რომელიც შეიქმნა როგორც უკრაინაში, ასევე - ნაწილობრივ - მსოფლიო სამეცნიერო დისკურსში.
უკრაინელი ჟურნალისტის, სვიატოსლავ ხომენკოს თქმით, „რაშიზმის“ შესახებ რეზოლუციის მიღება, გარდა იმისა, რომ გააძლიერებს საერთაშორისო ყურადღებას უკრაინის მოვლენებზე, ხელს შეუწყობს სიტყვა "რაშიზმის" დამკვიდრებას მსოფლიო ხალხების ენებში, რათა ამ ტერმინმა ფართო გამოყენება ჰპოვოს პოლიტიკურ, ჟურნალისტურ, კულტურულ პროცესებში და ყველა დაარწმუნოს, რომ რუსეთი სინამდვილეში აქტიურად იყენებს ფაშისტური რეჟიმის პრაქტიკას.
„თუ სამართლებრივ მხარეს შევხედავთ, მაშინ გავიხსენოთ, რომ უკრაინა აქტიურად ცდილობს რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოს შექმნას. მის ფორმატზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ შეიძლება წაფილოსოფოსება: რა შეიძლება იყოს ასეთი ტრიბუნალის ობიექტი? ცხადია, ნებისმიერი ისტორიული პარალელი ბოლომდე კორექტული ვერ იქნება, მაგრამ თუ ნიურნბერგის ტრიბუნალს ვახსენებთ, მაშინ შეგვიძლია ისიც ვთქვათ, რომ მასზე გაასამართლეს არა გერმანია და გერმანელები, როგორც ასეთი, არამედ ნაციზმის იდეოლოგია და მისი ლიდერები. დღესაც: ჰიპოთეტური სამომავლო განაჩენი შეიძლება იყოს არა რუსეთის, როგორც ასეთის, არამედ რაშიზმის იდეოლოგიის და მისი ლიდერებისა და მქადაგებლების მიმართ“, - ამბობს უკრაინელი ჟურნალისტი.