ცირკის ჭიშკარში გაჭედილი კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" ტანკი - საუკეთესო მეტაფორაა იმ ფეერიული ატრაქციონისა, რომელიც 10 დღის წინ მოაწყო თანამედროვე რუსეთის მთავარმა შოუმენმა ევგენი პრიგოჟინმა, რომელმაც მასტერკლასი ჩაუტარა თავის მოგვარე პროდიუსერს, იოსიფ პრიგოჟინს.
მსგავსი სანახაობა რუსეთს არ უნახავს 1991 წლის აგვისტოს შემდეგ. ჯერ კიდევ გაურკვეველია, ეს იყო სამხედრო გადატრიალების დაგეგმილი მცდელობა, რომლის შესახებაც წინასწარ იცოდნენ სერგეი სუროვიკინმა (მომავალმა სამხედრო დიქტატორმა?) და უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ФСБ) ნაწილმა, ბლატნოი ტიპის კარგად დადგმული ისტერია თუ კლასიკური კრიმინალური გარჩევა თავისი პრეტენზიების წაყენებით, სტრელკის დანიშვნით და მოწინააღმდეგეზე მიწოლით.
შესაძლოა, რომ ყველაფერი ერთად აღებული იყო (რუსეთი შევიდა კვანტურ მდგომარეობაში, როცა ურთიერთგამომრიცხავი ინტერპრეტაციები ერთნაირად მართებულია: შრედინგერის კატა ერთდროულად ცოცხალიც არის და მკვდარიც), მაგრამ ეს არც არის მთავარი.
პრიგოჟინის ძალისმიერმა შოუმ, როგორიც არ უნდა ყოფილიყო ის და რითაც არ უნდა დასრულებულიყო, ძლიერი დარტყმა მიაყენა პუტინის ხელისუფლებას - ეს ჯერ არაა ნოკაუტი, მაგრამ ნოკდაუნი ნამდვილადაა.
წლების განმავლობაში ექსპერტები და ჟურნალისტები თავს არ ზოგავდნენ სისტემაში პრიგოჟინის როლის დასადგენად. „პუტინის მზარეულსაც“ უწოდებდნენ, საიდუმლო დავალებების შემსრულებელსაც და „ბახმუტის ჯალათსაც“, ხოლო მის კერძო სამხედრო კომპანიას ხან ოპრიჩნინის ჯარს ადარებდნენ, ხანაც რენესანსის იტალიის კონდოტიერებს - მაგალითად, ცნობილ სადისტსა და მკვლელს Braccio da Montone-ს, რომელმაც ერთხელ რომიც კი დაიპყრო და შემდეგ დატბორა კიდეც.
თუმცა, რუსეთისთვის დამახასიათებელი ძალაუფლების შუასაუკუნეობრივი პარადიგმის გათვალისწინებით, ყველაზე ზუსტი იქნება, თუკი მას მეფის მასხარას შეადარებენ. მასხარებს არ ჰქონდათ ფორმალური სტატუსი მეფის კარზე, მაგრამ მათ მნიშვნელოვანი ადგილი ეკავათ ძალაუფლების სისტემაში, როგორც, მაგალითად, ივან ბალაკირევს პეტრესა და ანა იოანოვნას დროს.
უპირველეს ყოვლისა, მასხარები ფლობდნენ პრივილეგიას ეთქვათ სიმართლე და გაეკრიტიკებინათ სუვერენი, რასაც, ფაქტობრივად, აკეთებდა კიდეც პრიგოჟინი მთელი 2023 წლის განმავლობაში: ლამის ყოველდღიურად ავრცელებდა „სანგრების სიმართლეს“ სოციალურ ქსელებსა და მედიაში, სიმართლეს ვოევოდებისა და ბოიარების ქურდობაზე, სამხედრო მეთაურობის სიმხდალესა და ყოველდღიურად ათასობით დაღუპულ რუს ჯარისკაცზე, ჭკუიდან გადასულ „ბაბუასა“ და მთელი „სპეციალური სამხედრო კამპანიის“ სტრატეგიულ ჩავარდნაზე, რითაც დაიმსახურა რუსეთის მთავარი პოპულისტის სახელი და დიდება.
მისი მძაფრი მონოლოგები, რომლებიც თითქოს ოპოზიციური მედიის ფურცლებიდან იყო გადაწერილი, მყისიერად გამოუტანდა საპატიმრო განაჩენს ნებისმიერ სხვა ადამიანს არმიის „დისკრედიტაციისთვის“, მაგრამ პრიგოჟინის შემთხვევაში ეს მონოლოგები კრემლისა და ძალოვანი სტრუქტურების სრული დუმილის ფონზე კეთდებოდა.
გარდა ამ აშკარა ჭეშმარიტებებისა, რომლებსაც რუსეთში უსაფრთხოებისა თუ ეტიკეტის გამო ვერ ლაპარაკობენ, მან ასევე გათქვა პუტინის რუსეთის მთავარი საიდუმლო - სიცარიელე ხელისუფლების და სახელმწიფოს ადგილზე.
პრიგოჟინის ორდღიან აჯანყებაში ყველაზე გასაკვირი ის იყო, რომ მას პრაქტიკულად არსად შეხვდა წინააღმდეგობა. წინააღმდეგობის გარეშე დაძრა თავისი ჯარი (თუმცა მისი მოძრაობები შენიშნა ამერიკულმა დაზვერვამ ამბოხებამდე ორი დღით ადრე), წინააღმდეგობის გარეშე დაიკავა მილიონიანი როსტოვი და დაატყვევა თავდაცვის მინისტრის მოადგილეები იუნუს-ბეკ ევკუროვი და ვლადიმირ ალექსეევი, რომლებიც კამერების წინ ცელქი მოსწავლეებივით დატუქსა;
წინააღმდეგობის გარეშე დაიკავა კიდევ ერთი მილიონიანი ქალაქი ვორონეჟი, წინააღმდეგობის გარეშე ერთ დღე-ღამეში გაიარა ათასი კილომეტრი კაშირამდე და გააჩერდა მოსკოვიდან 200 კილომეტრში.
პოლიცია, როსგვარდია, ФСБ-ს სპეცრაზმი სადღაც დაიმალნენ; დაბნეულები იყვნენ გუბერნატორები, რომლებმაც რამდენიმე ადგილას გზა გადათხარეს და ანეკდოტური წინაღობები დადგეს კომუნალური სატვირთო მანქანების ხერგილების სახით.
სამხედრო ავიაცია, რომელიც ახლომახლო გამოჩნდა, მაშინვე გაანადგურეს, მათ შორის გაანადგურეს რამდენიმე ვერტმფრენი, თვითმფრინავი „ილ-22“ - სამეთაურო პუნქტი (ე.წ. მფრინავი ციხესიმაგრე) და მინიმუმ 13 მფრინავი, რომლებიც რუსეთის ხელისუფლებამ ჩუმად, უპრობლემოდ ჩამოწერა, როგორც სახარჯო მასალა.
მოქალაქეების მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის მცდელობაც კი არ ყოფილა, შედარებისთვის: თურქეთში 2016 წლის ივლისში სამხედრო გადატრიალების დროს ასობით ათასი მოქალაქე გამოვიდა ქუჩაში საპროტესტო აქციებზე, ხალხი პუტჩისტების ტანკებს უვარდებოდა, პოლიციამ და ჯარის უმეტესმა ნაწილმა რეჯეპ ტაიპ ერდოანის ერთგულება შეინარჩუნა - როსტოვში კი მოსახლეობა „მუსიკოსებს“ („ვაგნერის“ წევრებს ასეც მოიხსენიებენ) ყვავილებით შეხვდა: საჭმელი და სიგარეტი დაურიგეს, მათთან ერთად სელფები გადაიღეს და წასვლისას აპლოდისმენტებით გააცილეს.
თვითმხილველების თქმით, ეს ყველაფერი ძალიან ჰგავდა ქალაქის ფესტივალს, რომელიც ღამის ფეიერვერკით დასრულდა. პარალელურად მოსკოვში იყო პანიკა, კონკოვოსა და ტროპარევოში მოაწყვეს ბლოკპოსტები, პრეზიდენტის ორივე თვითმფრინავი გაფრინდა ვალდაიში, უფროსობა გაიქცა, რკინიგზის სადგურებსა და აეროპორტებში შეინიშნებოდა ზედახორა, ავიაბილეთის ფასები რამდენჯერმე გაიზარდა.
ამის მნახველს უნებურად მოაგონდებოდა 1941 წლის ოქტომბრის მოსკოვის პანიკა, როდესაც ყოველდღე მოსალოდნელი იყო გერმანიის ჯარების შესვლა ქალაქში, სამინისტროები წვავდნენ დოკუმენტებს, ბრბო ძარცვავდა მაღაზიებს.
როგორც ჩანს, თავად პრიგოჟინიც შეწუხებული იყო ზესახელმწიფოს ასეთი კაპიტულაციით ხუთი ათასი ხიშტიანი ჯარისკაცის წინაშე (უხეში შეფასებაა, მაგრამ აშკარაა, რომ 25 ათასი მებრძოლი, რომელზეც პრიგოჟინი საუბრობდა, ლაშქრობაში არ მონაწილეობდა). არ ეგონა, რომ მისი მარში ასე შორს შეტოპავდა. კედელი ქაღალდის აღმოჩნდა, მუშტმა სიცარიელე გაანგრია.
ურდოს მსგავსად, როგორც 600 წლის წინ, პრიგოჟინიც ოკაზე გაჩერდა. აშკარაა, მის გეგმებში არ შედიოდა კრემლის აღება. მოუწია მაშველი გვერდითი მანევრის გამოგონება - ბელარუსში გადასვლა, მაგრამ მთავარი მაინც გაკეთდა: მისმა რეიდმა გამოავლინა სახელმწიფოს დაშლის საფრთხე და პირდაფჩენილი სიცარიელე გადაწყვეტილების მიღების ცენტრში.
კრემლის შემდგომი ნაბიჯები: ვლადიმირ პუტინის უსუსური გამოსვლა, იურიდიულად წარმოუდგენელი უარი მეამბოხეების სამართლებრივ დევნაზე, „რადგან მონაწილეებმა შეწყვიტეს ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავდა დანაშაულის ჩადენას“ (რაზეც პოლიტოლოგმა ბორის პასტუხოვმა იკითხა, რა ეტაპზე უნდა შეჩერდეს გაუპატიურების პროცესი, რომ გაუპატიურების საქმე დაიხუროს დანაშაულის ჩადენისკენ მიმართული ქმედებების შეწყვეტის გამო?), პირფერობა უშიშროების ძალების წინაშე და როსგვარდიისთვის ტანკებისა და სხვა მძიმე შეიარაღების გადაცემის გამოცხადება - ეს ყველაფერი მხოლოდ ადასტურებს პუტინის საჯარო დამცირებას, რომელსაც ვეღარ უშველის ვერანაირი რეპრესიები, სიკვდილით დასჯა და უსაფრთხოების ზომების გაძლიერება.
მეფე აღმოჩნდა შიშველი და მხდალი. ქურდული გაგებით, რომლითაც იმართება რუსული პოლიტიკა, პუტინმა გვირგვინი, კურთხევა დაკარგა. ჩვენ ვიხილეთ პელევინის სიუჟეტი სახელწოდებით „პრიგოჟინი და სიცარიელე“.
თუმცა, ეს ამბავი უფრო მეტად ჰგავს ვიქტორ პელევინის ადრეულ მოთხრობას „გოსპლანის პრინცს“, რომელშიც სატირულადაა აღწერილი სსრკ-ის დაშლის გვიანი პერიოდი, სადაც ძლევამოსილი უწყებების ჩინოვნიკები დაკავებული არიან ძირითადად კომპიუტერული თამაშებით, რომელთა დეტალები დროდადრო რეალურ ცხოვრებაში იჭრება, მაგალითად, უწყების ხელმძღვანელის კაბინეტში დგას Abrams-ის ტანკი World of Tanks-დან, პენზიდან სამსახურებრივი მივლინებით ჩამოსული კაცი შეიარაღებულია „გალაქტიკის მცველების“ ლაზერული ქვემეხით, ტვერის ქუჩაზე კი შეიძლება მოულოდნელად გაჩნდეს „შუაზე გადამჭრელი“, რომელსაც ოსტატურად უნდა აუქციო გვერდი.
მთავარი გმირი, პროგრამისტი გოსპლანიდან, ცდილობს გავიდეს უმაღლეს, მე-12 დონეზე, სადაც პრინცესაა დატყვევებული. მართლაც წარმატებით გაივლის ყველა დონეს და აღმოჩნდება ოთახში, რომელიც ჰგავს ცარიელ საკუჭნაოს (გაზეთების შეკვრითა და სააფთიაქო შუშებით), რომელშიც პრინცესაა - ჭინჭებით გამოტენილი თოჯინა გოგრის თავით.
იმედგაცრუებული პროგრამისტი წიხლებს დაუშენს პრინცესას და სულ ნაფლეთებად აქცევს მას... როცა (თუ) განმათავისუფლებელთა არმია მოსკოვში შევა, არ აქვს მნიშვნელობა, იქნებიან ისინი ვაგნერელები, კადიროველები, РДК-ს (რუსეთის მოხალისეთა კორპუსის) ბატალიონები, ნატოს ჯარისკაცები იმავე აბრამსის ტანკებით თუ ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმია ZTZ-99 ტანკებით - პუტინის ადგილზე, შესაძლოა, მათ დახვდეთ ასეთივე ჭინჭებით დატენილი თოჯინა, ხოლო დინამიკებიდან ისმოდეს ნეიროქსელის მიერ ჩეთ-ბოტ „ჟირინოვსკის“ მიხედვით გენერირებული ლოზუნგების უაზრო ნაკრები.
შერისხულმა პრიგოჟინმა გათქვა პოლიშინელის საიდუმლო: რუსეთი ესაა ფეიკ-ქვეყანა, ქვეყანა-ტყუილი, ქვეყანა-გაუგებრობა, მსგავსი „ვაგნერის“ ტანკისა, რომელიც ცირკის ჭიშკარში გაიჭედა.
სერგეი მედვედევი - ისტორიკოსი, რადიო თავისუფლების გადაცემის ციკლის „არქეოლოგიის“ წამყვანი.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის შეხედულებებს