ყველა სამხედრო მოსამსახურე, ვისაც ინფექციის ნიშნები ექნება, მკურნალობას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გაივლის, - განაცხადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორმა, დავით ბარლიანმა.
მისი ინფორმაციით, 26 მარტისთვის გორის სამხედრო ჰოსპიტალში ახალი კორონავირუსის დიაგნოზით სამ პაციენტს მკურნალობენ. ერთი მათგანი 25 მარტს ჰოსპიტალში რესპუბლიკური საავადმყოფოდან გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა შედარებით მძიმეა:
“ჩვენთან არის სამი პაციენტი. აქედან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება მესამე პაციენტს, იგი გუშინ რესპუბლიკური საავადმყოფოდან გადმოიყვანეს, მისი მდგომარეობა შედარებით რთულად მიმდინარეობს და იმყოფება ინტენსიური დაკვირვების ქვეშ".
26 მარტის მდგომარეობით, სამხედრო ჰოსპიტალში 46 პაციენტი იმყოფება. აქედან 34 სამხედროა, 12 კი სამოქალაქო პირი.
ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით, გორში პრევენციული ღონისძიებები მიმდინარეობს. ჩატარდა ქალაქის ცენტრალური ქუჩების, სკვერებისა და სხვა თავშეყრის ადგილების სადეზინფექციო სამუშაოები. ქუჩები და ხალხმრავალი ადგილები სპეციალური ხსნარით დამუშავდა. ამ პროცესს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც აკვირდებოდნენ. რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ხოჯევანიშვილის თქმით, განსაკუთრებული ყურადღება იმ ადგილებს ექცევა, სადაც ხშირად ბავშვები იმყოფებიან.
გორის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი, მოქალაქეებს მოუწოდებს საქართველოს მთავრობის რეკომენდაციები გაითვალისწინონ და სახლში დარჩნენ.
გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელი, ბაჩანა გვიანიშვილი, ამბობს, რომ მომდევნო დღეებში ცენტრალური ქუჩებიდან ქალაქის გარეუბნებშიც გადაინაცვლებენ და სადეზინფექციო სამუშაოები ყველა ქუჩასა და სკვერში ჩატარდება. გარდა ამისა, სადეზინფექციო ხსნარით ნაგვის ურნებიც მუშავდება.
ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩაუტარდა საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებს.