Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრევენციული ღონისძიებები გორში


თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში ამჟამად 4 პაციენტი ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება, აქედან სამი სამხედრო მოსამსახურეა, ერთი კი სამოქალაქო პირი. ოთხივე იტალიიდან ჩამოვიდა. სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორის, დავით ბარლიანის, ინფორმაციით, ლაბორატორიული კვლევის შედეგად არც ერთ მათგანს ახალი კორონავირუსი არ უდასტურდება, მაგრამ ისინი გარკვეული დროის განმავლობაში მაინც საკარანტინო სივრცეში დარჩებიან.

„ჩვენ გვყავს სამი სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც იმყოფებიან დაკვირვების ქვეშ, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ, ანალიზებიდან გამომდინარე, მათ არ უდასტურდებათ აღნიშნული ვირუსი. გვყავს ერთი სამოქალაქო პირიც, რომელსაც აგრეთვე არ დაუდასტურდა. რეალურად სამხედრო ჰოსპიტალში დადასტურების ფაქტი არ გვაქვს, თუმცა მზად ვართ ყველაფრისთვის“.

ჩვენ მივიღებთ მხოლოდ რისკჯგუფში შემავალ პაციენტებს, რომლებსაც მოვათავსებთ იზოლირებულ პალატებში, ბოქსებში და ნახევრად ბოქსირებულ პალატებში.
დავით ბარლიანი

გორის სამხედრო ჰოსპიტალში საკარანტინო სივრცე პირველი მარტიდან მოეწყო. სამხედრო ჰოსპიტალში მოთავსებული პაციენტების ნაწილის რეფერირება გორში, კლინიკა „გორმედში“, განხორციელდა. „გორმედის“ ქსელის დირექტორი ვასილ ჭეიშვილი აცხადებს, რომ შექმნილია სტრატეგიის მართვის კომიტეტი, შემუშავებულია კონკრეტული სქემები და ყველა ექიმი შესაბამისი რეკომენდაციების მიხედვით მოქმედებს. სამხედრო ჰოსპიტლიდან „გორმედში“ სხვადასხვა დაავადების 19 პაციენტი გადაიყვანეს, აქედან 9 პაციენტი მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში , დანარჩენები კი მკურნალობას სხვადასხვა განყოფილებაში აგრძელებენ.

ჰოსპიტლის დირექტორმა დავით ბარლიანმა თქვა, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში საკარანტინო სივრცე პირველი მარტიდან მოეწყო და მასში, საჭიროების შემთხვევაში, 180 პაციენტის მიღებაა შესაძლებელი.

მისივე თქმით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში ბოქსირებული და ნახევრად ბოქსირებული პალატები რამდენიმე კორპუსშია განლაგებული, რაც, საჭიროების შემთხვევაში, პაციენტების იზოლირების ეფექტური საშუალება იქნება.

„ჩვენ მივიღებთ მხოლოდ რისკჯგუფში შემავალ პაციენტებს, რომლებსაც მოვათავსებთ იზოლირებულ პალატებში, ბოქსებში და ნახევრად ბოქსირებულ პალატებში. დავიცავთ მთელ რეგულაციებს, რაც ჯანდაცვის სამინისტროს აქვს მოწოდებული”.

ორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი გადაიდო 2020 წლის 9 მარტამდე.


გორის საჯარო სკოლებში კი, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. პირველი ასეთი ღონისძიება ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ გორის N 9 საჯარო სკოლაში დაიწყო.

სადეზინფექციო სამუშაოები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციით ტარდება. სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს დეზინფექცირება 10-მდე დასახელების სხვადასხვა სადეზინფექციო საშუალების გამოყენებით უტარდება. გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელ ნანა ტერმაკოზაშვილის თქმით, მუნიციპალიტეტის ყველა სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ორი კვირის განმავლობაში ინტენსიურად ჩატარდება.

პრევენციული ღონისძიების მიზნით, გორის სასწავლო უნივერსიტეტმა სწავლა შეაჩერა. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ცნობით, სასწავლო პროცესი 9 მარტს განახლდება.

"საქართველოში ვირუსული ინფექციების შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების საფუძველზე, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი გადაიდო 2020 წლის 9 მარტამდე", - ნათქვამია უნივერსიტეტის განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ ვადებში უნივერსიტეტში დაგეგმილია ვირუსული დაავადებების გავრცელების აღკვეთის მიზნით გათვალისწინებული საპრევენციო სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება.

გორელების ნაწილი პრეტენზიას იმის გამო გამოთქვამს, რომ აფთიაქებში პირბადეების დეფიციტია.

ქუჩაში გამოკითხული მოქალაქეების დიდი ნაწილი კარგადაა ინფორმირებული ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ პრევენციული ზომების შესახებ. მათი აზრით, აუცილებელია ჰიგიენის და სანიტარიული ნორმების დაცვა.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გორში 3 და 8 მარტს დედისა და ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები აღარ გაიმართება. ეს გადაწყვეტილება მერიამ ქვეყანაში ვირუსული ინფექციის გავრცელების საფრთხის გამო მიიღო. ამავე მიზეზით სასწავლო პროცესი შეჩერდა სკოლებში, უნივერსიტეტებსა და სააღმზრდელო დაწესებულებებში.

XS
SM
MD
LG